Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-267(2კ-22) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ონის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მოპასუხე) - გ. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ჩ-ე

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 24 ოქტომბერს ვ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისა და გ. ლ-ეის მიმართ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, ვ. ჩ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, ვ. ჩ-ეის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; გ. ლ-ეს აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებად აღრიცხული ს/კ N... დაუზუსტებელი ფართობის - 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან - 1 508.60 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე: ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...) გასხვისება, იპოთეკით ან ნებისმიერი სხვა ვალდებულებით დატვირთვა.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება ვ. ჩ-ეის სარჩელზე, მოპასუხეების - ონის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გ. ლ-ეის მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 აპრილის განჩინებით, ვ. ჩ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ვ. ჩ-ეის შუამდგომლობა; საქმეზე განცხადებულ იქნა თვითაცილება და ვ. ჩ-ეის სარჩელი აცილებულ იქნა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გ. გ-ეზე; ვ. ჩ-ეის სარჩელი, საქმის მასალებთან ერთად, სხვა სასამართლოსათვის გადაცემის მიზნით, გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საქმე N3/27-2020 (მოსარჩელე - ვ. ჩ-ე; მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ონის მუნიციპალიტეტის მერია, გ. ლ-ე; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება), განსახილველად გადაეგზავნა ცაგერის რაიონულ სასამართლოს.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ჩ-ეის სარჩელი, მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გ. ლ-ეისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას ვ. ჩ-ემ საბოლოოდ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა: 1) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტის N158 არარად აღიარება; 2) გ. ლ-ეის სახელზე 2000 წლის 20 ივნისს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ონის რაიონის ზონის რეგისტრატორის ნ. ს-ის მიერ გაცემული N... მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ნაწილობრივ (ონის რაიონის სოფელ ...ში არსებული, დაუზუსტებელი ფართობის 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) 1 508.60 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად ცნობა; 3) ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის - პ. ჯ-ეის მიერ შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 31 ოქტომბრის N03986 ოქმისა და ონის მუნიციპალიტეტის მერის - ე. ს-ეის 2019 წლის 26 ნოემბრის N2578 ბრძანების ნაწილობრივ (საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი, ს/კ ...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და შპს „მ...“-ის მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (1 560 კვ.მ.-დან 1 508.60 კვ.მ.) იდენტურობის დადგენის ნაწილში) ბათილად ცნობა; 4) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებული 1 560 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) 1 508.60 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად ცნობა; 5) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი გადაწყვეტილების გამოცემის დავალება, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1 508.60 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, კანონით დადგენილი წესით.

მოსარჩელის განმარტებით, ვ. ჩ-ეის მშობლები - გე. ლ-ე (ჩ-ე) და რ. ჩ-ე, რომლებიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ამჟამად გარდაცვლილები არიან. რ. ჩ-ეის გარდაცვალებით (20.12.2014წ.) გაიხსნა სამკვიდრო, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა - ვ. ჩ-ემ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ რ. ჩ-ეს ონის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ში, როგორც კომლის უფროსს და ერთადერთ წევრს, მფლობელობაში გააჩნდა 1 508.60 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ მამა-შვილი რ. და ვ. ჩ-ეები საქართველოში ხშირად არ იმყოფებოდნენ, მუშაობდნენ საზღვარგარეთ და რ. ჩ-ე ცხოვრობდა ყაზახეთში, ხოლო ვ. ჩ-ე - გერმანიაში, სოფელ ...ში არსებულ რ. ჩ-ეის საცხოვრებელ სახლსა და შესაბამის მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაეუფლა მოპასუხე გ. ლ-ე, რომელიც ამჟამადაც იქ ცხოვრობს და რომელმაც ჩ-ეებს უარი განუცხადა სახლში შეშვებაზე.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გ. ლ-ეს საჯარო რეესტრში 20.06.2000 წლიდან, უკანონოდ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, დაუზუსტებელი სახით დარეგისტრირებული აღმოაჩნდა საკუთრების უფლება რ. ჩ-ეის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე (ს/კ №...). შესაბამის ამონაწერში საჯარო რეესტრიდან უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №158, რომელიც საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ აღმოჩნდა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ლ-ეის წინასწარი შეთანხმებით, უძრავ ნივთზე სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე, რომელიც არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის 31 ოქტომბერს შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №03986 ოქმით, ხოლო ამავე ოქმის საფუძველზე გამოცემული 2019 წლის 26 ნოემბრის №2578 ბრძანებით ონის მუნიციპალიტეტის მერმა, უკანონოდ დაადასტურეს სააღრიცხვო ბარათით (№...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და შპს „მ...“-ის მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს (ფართობი - 1 560 კვ.მ.) შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. თავის მხრივ კი, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 31.10.2019წ. №03986 უკანონო ოქმის საფუძველზე, 2019 წლის 29 ნოემბრის №... უკანონო გადაწყვეტილებით გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, 1 560 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული, ვ. ჩ-ეის საცხოვრებელი სახლით (შენობა-ნაგებობა №1) და უძრავ ნივთს მიანიჭა ახალი საკადასტრო კოდი №....

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ვ. ჩ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“, ,,კ“, ,,ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ 2019 წლის 29 ნოემბერს, მოპასუხე გ. ლ-ეის განცხადების საფუძველზე, სსიპ საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობი - 1 560.00 კვ.მ.) და შენობა-ნაგებობაზე (N01) განხორციელდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საკადასტრო კოდი N..., ნაკვეთის წინა N.... მარეგისტრირებელი ორგანო დაეყრდნო უფლების დამდგენ დოკუმენტებს: მიწის მიღება-ჩაბარების აქტს N158, საარქივო ცნობას, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმს N03986, რომლის თანახმადაც, დასტურდება იდენტურობა უფლების დამდგენი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათით) წარმოდგენილ მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილ მიწის ნაკვეთებს შორის. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დადგენილია, რომ N... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია მოპასუხე გ. ლ-ეის სახელზე (საფუძველი - მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N158). რაც შეეხება მიწის მიღება-ჩაბარების აქტს, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით, საქართველოში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა, რომელიც შეეხო როგორც საკომლო, ისე სოფლად და ქალაქად მცხოვრებ პირთა სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. მიწის რეფორმის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1992-1993 წლებში მიღებულ დადგენილებათა შესაბამისად, რესპუბლიკის მოქალაქეთათვის მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი საბუთების გაცემის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილებით დაამტკიცა მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა. მიწის მიღება-ჩაბარების აქტებს აღნიშნული დადგენილების თანახმად, გამოსცემდნენ და ადგენდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მტკიცებულების სახით აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოუდგენია.

ცაგერის რაიონული სასამართლოს განმარტებით, სისტემური რეგისტრაციის შედეგად, მოპასუხე გ. ლ-ეის სახელზე შედგენილი სააღრიცხვო ბარათი (განაცხადის რეგისტრაციის N..., თარიღი 20.06.2000წ.) სრულად შეესაბამება იმ დროს მოქმედი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებასა და ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი განმარტებულია, როგორც თითოეულ მიწის ნაკვეთზე არსებული სარეგისტრაციო ფურცელი, რომელზეც მოცემული ჩანაწერები წარმოადგენს ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითად იურიდიულ საფუძველს. სააღრიცხვო ბარათი მოიცავს მესაკუთრის განყოფილებას, რომელშიც მითითებულია მესაკუთრის სახელი, გვარი, მამის სახელი და მისამართი, ჩანაწერი მესაკუთრის უფლების რაიმე შეზღუდვის შესახებ. აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე, უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა. ამდენად, რაიონული სასამართლოს განმარტებით, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაცია განხორციელდა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს აღნიშნული მონაცემების გაუქმების საფუძველი.

ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას სადავო ქონების მის კუთვნილებასთან დაკავშირებით, აღნიშნულთან მიმართებით ცაგერის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გააბათილოს მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული არგუმენტაცია და ამტკიცოს მისი კანონშესაბამისობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მათ მიერ განხორციელდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს სამკვიდრო მოწმობაზე და იმ გარემოებაზე, რომ რ. ჩ-ეის გარდაცვალებით, 2014 წლის 20 დეკემბერს, გაიხსნა სამკვიდრო. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, მაშინ მემკვიდრემ/დაინტერესებულმა პირმა ასევე უნდა წარმოადგინოს იმ უფლების დამდგენი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომლის საფუძველზეც მამკვიდრებელს წარმოშობილი ჰქონდა საკუთრების/სარგებლობის უფლება. ცაგერის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1 328-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ ქონების სამკვიდრო ქონებად მიჩნევის აუცილებელი წინაპირობაა, რომ ეს ქონება გარდაცვალების მომენტისათვის წარმოადგენდეს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) საკუთრებას. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ. ჩ-ეისათვის მითითებული კანონებისა და სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მიზომილი (ხოლო შემდგომ მოსარჩელის მიერ მიღებულ სამკვიდრო) მიწის ნაკვეთისა და მოპასუხის სახელზე აღრიცხული სადავო ნაკვეთის იდენტურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევისა და მოპასუხის საკუთრებაში სადავო ნაკვეთის კანონდარღვევით აღრიცხვის ფაქტი ვერ დადგინდა. აღნიშნული კი გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 1. ვ. ჩ-ეის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. ვ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 3.1. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი გ. ლ-ეის სახელზე 2000 წლის 20 ივნისს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ონის რაიონის ზონის რეგისტრატორის ნ.ს-ის მიერ გაცემული №...0 მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი. კერძოდ, იგი ბათილად იქნა ცნობილი ონის რაიონის სოფელ ...ში არსებული, დაუზუსტებელი ფართობის 1 560 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 1 508.60 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში (ს/კ №..., ნაკვეთის წინა № ...); 3.2. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ პ. ჯ-ეის მიერ შედგენილი 2019 წლის 31 ოქტომბრის №03986 ოქმი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ და ონის მუნიციპალიტეტის მერის - ე. ს-ეის 2019 წლის 26 ნოემბრის №257 ბრძანება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი, ს/კ №...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და შპს ,,მ...“-ის მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს შესრულებულ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის 1 560 კვ. მეტრიდან 1508.60 კვ.მ მეტრის იდენტურობის ნაწილში; 3.3. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის № ... გადაწყვეტილება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. კერძოდ, იგი ბათილად იქნა ცნობილი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებული დაზუსტებული ფართობის 1 560.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 1508.60 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში (ს/კ №..., ნაკვეთის წინა №...); 3.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1 508. 60 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; 4. დანარჩენ ნაწილში ვ. ჩ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჩ-ეის მშობლები იყვნენ: დედა - გე. ლ-ე (ჩ-ე) და მამა - რ. ჩ-ე, რომლებიც იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ამჟამად გარდაცვლილები არიან. რ. ჩ-ეის გარდაცვალებით, 2014 წლის 20 დეკემბერს გაიხსნა მისი სამკვიდრო, რაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა ვ. ჩ-ემ. რ. ი.-ს ძე ჩ-ე წარმოადგენდა ონის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებ ი. ჩ-ეისა და ო. ჩ-ეის შვილს. რ. ი.-ს ძე ჩ-ე და რ. ი.-ს ძე ჩ-ე არის ერთი და იგივე პიროვნება. აღნიშნულის შესაბამისად, საარქივო დოკუმენტები, გაცემული რ. ი.-ს ძე ჩ-ეზე, წარმოადგენს ვ. ჩ-ეის მამის - რ. ი.-ს ძე ჩ-ეის კუთვნილებას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელ რ. ჩ-ეს ონის რაიონის ...ის საკრებულოს სოფ. ...ში, როგორც კომლის უფროსს და ერთადერთ წევრს, მფლობელობაში გააჩნდა 1 508.60 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი, აგებული 1918 წელს, რაც თავის მხრივ, საკუთრებაში ერიცხებოდა რ. ჩ-ეის მშობლების: მამა - ი. ს.-ს ძე ჩ-ეის (ჩ-ეის) და დედა - ო. შ.-ს ასულ ჩ-ეის (ჩ-ეის) კომლს, მოსარჩელე ვ. ჩ-ეის ბაბუას და ბებიას. თავდაპირველად მათ კომლში ირიცხებოდნენ მათივე შვილები - რ. და გუ. ჩ-ეები (ჩ-ეები), ამ უკანასკნელის მეუღლე და შვილები - გრ. და თ. ჩ-ეები. ი. ჩ-ეე (ჩ-ე) გარდაიცვალა 26.05.1971 წელს, ხოლო ო. შ.-ს ასული ჩ-ე (ჩ-ე) - 31.10.1975 წელს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, კომლის წევრი გახდა და მათ უძრავ-მოძრავ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა შვილი - რ. ჩ-ე, რასაც მოწმობს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ გაცემულ AA2019018124-05 საარქივო ცნობაში გუ. ჩ-ესთან და მისი ოჯახის წევრებთან მიმართებაში მონაცემები აღარ ფიქსირდება, განსხვავებით მისი ძმის - რ.-ისაგან, რომელიც ფიქსირდება ონის რაიონის, ...ის საკრებულოს, სოფ. ...ს კომლის წევრად და უფროსად. კერძოდ, ქუთაისის ცენტრალურ არქივში ონის რაიონის, ...ის საკრებულოს, სოფ. ...ს საკომლო წიგნები 1992-1996 წლის მდგომარეობით დაცული და შენახული არ არის, ხოლო 1997-2001 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად აღრიცხულია რ. ი.-ს ძე ჩ-ე (დაბ. ... წელს), 2001-2005 წლებიდან კი, ანუ იმ პერიოდიდან, რაც 2000 წლიდან რ. ჩ-ეის (ჩ-ეის) კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა გ. ლ-ეზე, საკომლო წიგნიდან რ. ჩ-ე ამოღებულია ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მამა-შვილი რ. და ვ. ჩ-ეები საქართველოში ხშირად არ იმყოფებოდნენ, მუშაობდნენ საზღვარგარეთ და რ. ჩ-ე ცხოვრობდა ყაზახეთში, ხოლო ვ. ჩ-ე - გერმანიაში, სოფ. ...ში არსებულ რ. ჩ-ეის საცხოვრებელ სახლსა და შესაბამის მიწის ნაკვეთს არაუფლებამოსილ პირთან, რ. ჩ-ეის ძმისშვილ - თ. ჩ-ესთან ფორმადაუცველი ზეპირი გარიგების (ბათილი გარიგება) საფუძველზე, ამ უკანასკნელზე 700 აშშ დოლარის გადაცემის სანაცვლოდ, დაეუფლა ქ. თბილისში მცხოვრები გ. ლ-ე. კერძოდ, სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემული ფაქტობრივი გარემოება დგინდება საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს შსს ონის რაიონული სამმართველოს უფროსის ვ. ჩ-ეის წარმომადგენლისადმი გაგზავნილი 2019 წლის 26 სექტემბრით დათარიღებული MIA71902557706 პასუხით, რომლითაც დადგენილია, რომ როგორც მოკვლეული მასალებით ირკვევა, ონის რაიონის სოფ. ...ში აწ გარდაცვლილ ძმებს - რ. ჩ-ეს, გუ. ჩ-ეს და გა. ჩ-ეს ჰქონდათ მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც 2000 წელს გაყიდა გუ. ჩ-ეის შვილმა თ. ჩ-ემ 700 დოლარად და მიჰყიდა ქ. თბილისში მცხოვრებ გ. ლ-ეს, რომელსაც გააჩნია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა №.... ამავე წერილში განმარტებულ იქნა, რომ მოცემული ფაქტი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს. ასევე, მოწმის სახით დაკითხული პირის, ...ს საკრებულოში ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის - პ. ჯ-ეის განმარტებით დადგენილია, რომ იგი არ იცნობს რ. და ვ. ჩ-ეებს, სადავო სახლში დადიოდა ამბროლაურში მცხოვრები თ. ჩ-ე, რომელმაც აღნიშნული სახლი მეოცე საუკუნის ბოლოს მიჰყიდა ქ. თბილისში მცხოვრებ გ. ლ-ეს, რომლის დედა ....მ-ი წარმოშობით არის სოფელ ...იდან. მისივე განმარტებით, ვინაიდან მან რ. ჩ-ე მიიჩნია სოფელთან კავშირგაწყვეტილ კომლად, იგი ამოიღო 2001-2005 წლების სოფლის კომლთა წევრთა სიიდან. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ. ლ-ეის მიერ სააპელაციო სასამართლო სხდომის დროს მოსამართლის შეკითხვაზე დადასტურებული იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან სადავო უძრავი ქონება ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებით ,,შეიძინა“ გუ. ჩ-ეის შვილის - თ. ჩ-ეისგან. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გუ. ჩ-ეისა და თ. ჩ-ეის სახელზე ონის რაიონის სოფ. ...ში რაიმე უძრავი ქონების მფლობელობის ან საკუთრების უფლებით არსებობა არ დასტურდება, საცხოვრებელი სახლის ან მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ გუ. ჩ-ეის შვილს - თ. ჩ-ესა და გ. ლ-ეს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, ასეთი ხელშეკრულება საჯარო რეესტრში წარდგენილი არ ყოფილა და შესაბამისი მტკიცებულება არც მოპასუხე გ. ლ-ეს წარმოუდგენია ადმინისტრაციულ საქმეში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 18 ოქტომბერს რ. ჩ-ეის მემკვიდრე ვ. ჩ-ეის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იქნა საკუთრების უფლებას დაქვემდებარებული უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, რაც ვერ განხორციელდა, რადგან დაფიქსირდა ზედდება საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ნივთთან. კერძოდ, საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, რ. ჩ-ეის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე (ს/კ №...) დაუზუსტებელი სახით, საკუთრების უფლება დარეგისტრირებული აღმოაჩნდა გ. ლ-ეს, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იქნა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №158, რაც საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ინახება. ამასთან, ასეთი არ ინახება არც გ. ლ-ესთან, არც ონის რაიონის მერიაში და არც საქართველოს ცენტრალურ არქივში. უფრო მეტიც, მოწმის სახით დაკითხული პირის -პ. ჯ-ეის განმარტებით, რომელიც 1989 წლიდან მუშაობდა ონის რაიონის სოფელ ...ში, სადაც იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარე, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას წარმოადგენდა ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, დადგენილია, რომ გ. ლ-ე სოფელ ...ში კომლის წევრი არ ყოფილა, მის მიმართ პრივატიზაციის პერიოდში (1992-1998 წლები) მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გამოყოფილა, სარეფორმო კომისიას გ. ლ-ეის სახელზე მიწის მიღება-ჩაბარების №158 აქტი არ გაუცია და ასეთის არსებობის შესახებ მან არაფერი იცის.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტის №158 არარსებობისა და მხოლოდ უძრავ ნივთზე სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათის საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში - პ. ჯ-ეემ, რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარეფორმო კომისიას გ. ლ-ეის სახელზე მიწის მიღება-ჩაბარების №158 აქტი არ გაუცია, 2019 წლის 31 ოქტომბერს შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №03986 ოქმით, ხოლო ამავე ოქმის საფუძველზე გამოცემული 2019 წლის 26 ნოემბრის №2578 ბრძანებით, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ე. ს-ეემ დაადასტურეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი ს/კ №...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და შპს „მ...“-ის მიერ 18.09.2019 წელს (ფართობი - 1 560 კვ.მ.) შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რომელიც ზემოხსენებული სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტების შედგენის დროისათვის, მართალია, იმყოფებოდა გ. ლ-ეის მფლობელობაში, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა რ. ჩ-ეის მემკვიდრე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლებას განკუთვნილ უძრავ ქონებას. აღნიშნულ საკითხზე მერიის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმარტებულ იქნა, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონება ადრე ეკუთვნოდა ჩ-ეებს, რაც შემდგომ შეძენილ იქნა გ. ლ-ეის მიერ და რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვისთან იყო ეს გარიგება დადებული, გარიგების ფორმა დაცული იყო თუ არა, რადგან მხარეთა სამოქალაქო ურთიერთობაში ჩარევა არ განეკუთვნებოდა მათ კომპეტენციას და იმდენად, რამდენადაც 2000 წლის სარეგისტრაციო ბარათით მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო გ. ლ-ეის საკუთრებად, მერია დაეყრდნო სწორედ სარეგისტრაციო ბარათს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 31.10.2019წ. №03986 უკანონო ოქმის საფუძველზე, 29.11.2019წ. №... უკანონო გადაწყვეტილებით გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე, დაზუსტებული ფართობის 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული, ვ. ჩ-ეის საცხოვრებელი სახლით (შენობა-ნაგებობა №1) და უძრავ ნივთს მიანიჭა ახალი საკადასტრო კოდი №.... მოცემული რეგისტრაციის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მიეთითა შემდეგი დოკუმენტები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №158; ქუთაისის ცენტრალური არქივის 16.10.2019წ. №13/115725 საარქივო ცნობა; სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №03986, დამოწმების თარიღი 31.10.2019წ., ონის მუნიციპალიტეტის მერია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორის მიერ გაცემული 16.10.2019წ. №13/115725 პასუხით, რომელიც უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია გ. ლ-ეის სახელზე გაცემულ 2019 წლის 29 ნოემბრის ამონაწერში საჯარო რეესტრიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა იმის შესახებ, რომ არქივში დაცულ, ონის რაიონის ...ის საკრებულოს სოფ. ...ს 1997-2001, 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში გ. გი-ს ძე ლ-ე/ლო-ე (დაბ. ... წელს) რეგისტრირებული არ არის. ამავე ცნობის თანახმად, ...ის საკრებულოს 1992-1996, 2006-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, ქუთაისის ცენტრალურ არქივში შესანახად არ მიღებულა. ამდენად, დადგენილია, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს გ. ლ-ეის სახელზე განხორციელებული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული საარქივო ცნობა №13/115725 კი არ ადასტურებს, პირიქით უარყოფს უფლების არსებობის ფაქტს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის წარმომადგენლის 09.12.2019წ. განცხადების მიღების ბარათით და განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა №... განცხადებაზე სააგენტოს მიერ 2000 წელს მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა, ონის რაიონის სოფ. ...ში მდებარე, დაუზუსტებელი ფართობის 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე გ. ლ-ეის (მისი ოჯახის) საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის შესახებ (ს/კ №...), ასევე, №... განცხადებაზე მიღებული 29.11.2019წ. გადაწყვეტილების გადაცემა, უძრავ ნივთზე გ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ №..., ნაკვეთის წინა №...). აღნიშნულის პასუხად, რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.12.2019წ. №... გადაწყვეტილებით, გადაცემულ იქნა მხოლოდ 29.11.2019წ. №... გადაწყვეტილება, ხოლო №... განცხადებაზე 2000 წელს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ იმ დროს მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცემას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ელ.ვერსიით გ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 29.11.2019წ. №... გადაწყვეტილების მიღებამდე 4 დღით ადრე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო 25.11.2019წ. №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვ. ჩ-ეის 18.10.2019წ. №... განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხსენებული 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 1 508.60 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ მამისეულ სამკვიდრო საცხოვრებელ სახლზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის 06.12.2019წ. განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა განმცხადებლისთვის ეცნობებინა გ. ლ-ეის №... განცხადებაზე თანდართულ, 2019 წლის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული 1 560 კვ.მ. და 2000 წლის საკადასტრო რუკაზე ასახული 1 560 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები არის თუ არა იდენტური (ერთი და იგივე), აგრეთვე, რა მიზეზის გამო არ ინახება (იძებნება) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს/კ №... უძრავ ქონებაზე გ. ლ-ეის ოჯახის სახელზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №158 და სავალდებულოა თუ არა, რომ აღნიშნული აქტი, როგორც უფლების დამდგენი საბუთი, დაცული იყოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.12.2019წ. №... პასუხით კითხვის პირველ ნაწილზე მოსარჩელეს ეცნობა, რომ დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით ს/კ №... უძრავი ნივთის რეგისტრაცია გულისხმობს, რომ საჯარო რეესტრში მისი საკადასტრო მონაცემები (მიწის ნაკვეთის საზღვრები და ადგილმდებარეობა სახელმწიფო კოორდინატთა სისტემის მიხედვით, ფართობი, კონფიგურაცია და სხვ.) რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დაუდგენელია და აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა ინფორმაცია მითითებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის იდენტურობის შესახებ. კითხვის მეორე ნაწილს კი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილი პასუხი არ გასცა და კვლავ გაიმეორა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №158 მასთან არ იძებნება, მასთან მომზადებული და დაცულია მხოლოდ სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა, რომელზეც საცხოვრებელი სახლი ფიქსირებული არ არის. კითხვაზე კი, თუ რატომ არ იძებნება და არ ინახება №158 აქტი, სააგენტომ პასუხს თავი აარიდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 29.01.2020წ. - 18.02.2020წ. №000955820 დასკვნით დადგენილია, რომ 2000 წლის 20 ივნისს მომზადებულ ს/კ №... მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე, რომელიც შედგენილია გ. ლ-ეის სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის და მიწის მიღება-ჩაბარების №158 აქტის საფუძველზე, ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და საზღვრების ზომები არ შეესაბამება ექსპერტიზისათვის წარდგენილ იმ ნახაზებზე ასახულ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და საზღვრების ზომებს, რომელთა გამოყენებით, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 31.10.2019წ. №03986 ოქმის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2019წ. გადაწყვეტილებით, გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა დაზუსტებული ფართობის 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, შენობა-ნაგებობა №01-ით და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №.... საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №000955820 დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზისათვის წარდგენილ ორ ნახაზზე (დანართი №2 და №3) დატანილი შენობა-ნაგებობა 01/2, ე.ი. საცხოვრებელი სახლი, 20.06.2000 წლის ს/კ №... მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე მითითებული არ არის. ამდენად, მოცემული დასკვნით, ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მხოლოდ უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათზე დაყრდნობით, რომელიც საჯარო რეესტრის თანამშრომელთა მიერ შედგენილი, უძრავ ნივთზე სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი საბუთია და არა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში პ. ჯ-ეემ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.1.„ა“ მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, 13.10.2019წ. შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №03986 ოქმით, ხოლო ამავე ოქმის საფუძველზე გამოცემული 26.11.2019წ. №2578 ბრძანებით ონის მუნიციპალიტეტის მერმა ე. ს-ეემ, უკანონოდ დაადასტურეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და შპს „მ...“-ის მიერ 19.09.2019წ. შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №000955820 დასკვნა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.12.2019წ. №429832 წერილი, რომლითაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, განიმარტა, რომ მათთან დაცული მონაცემებით აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდგომარეობა დაუდგენელია.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის, მოწმე გ. მ-იის განმარტებებით და ადმინისტრაციულ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით დადგენილია, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში არსებული, სადავო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (ეზო) არის ნაწილობრივ ხის, ნაწილობრივ მავთულბადის ღობით შემოკავებული და საცხოვრებელი სახლი დახურულია თუნუქის სახურავით, როგორც ეს იყო რ. და ვ. ჩ-ეის ხელში. სახლს არ განუცდია რაიმე არსებითი ცვლილება, მეორე სართული კვლავ ხის ოდა სახლია, მხოლოდ ქვედა სართულის ნაწილია გამოშენებული ქვიშა-ბლოკით და ჩასმულია მეტალოპლასტმასის ფანჯრები. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული პირის - გ. მ-იის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი დაახლოებით 20 წელია მუშაობს საკადასტრო-აზომვით საკითხებზე და არის ამ საქმის სპეციალისტი, კარგად იცნობს ჩ-ეების ოჯახს, როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მცხოვრებთ, რომლებიც მისი მეზობლები არიან. თავადაც წარმოშობით ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ... და იცის, რომ მოსარჩელე ვ. ჩ-ეის აწ გარდაცვლილი ბებია - ო. ჩ-ე, რომლის ქალიშვილობის გვარია მ-ი და ვ. ჩ-ეის აწ გარდაცვლილი მამა - რ. ჩ-ე, იყვნენ კომლის წევრები ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ბავშვობიდან მოყოლებული რამდენჯერმე არის ნამყოფი მათთან ოჯახში და იცის, რომ მათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი გააჩნდათ ამავე სოფელში, მდინარე ...ის პირას. სახლი არის იმავე მდგომარეობაში, როგორც იყო მისი ბავშვობისას, იგივე აქვს კედლები, როგორც ოდა სახლს, სახურავი და შესასვლელი კიბე, გამოშენებულია მხოლოდ ქვედა სართული, იგივეა მავთულბადის ღობე, რომლითაც ეზო ადრე იყო შემორაგვული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არარსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების №158 აქტის საფუძველზე განხორციელებული იქნა 2000 წელს, თუმცა საქმეზე არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც ამავე პერიოდიდან მის მიერ აღნიშნული ქონების ფაქტობრივ მფლობელობას დაადასტურებდა. პირიქით, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა (მოსარჩელე ვ. ჩ-ეის ახსნა-განმარტება, მოწმე გ. მ-იის ჩვენება, რ. ჩ-ეის კომლის არსებობის შესახებ საარქივო ცნობა, სს „ე...ს“ ცნობა, საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩეველთა სიიდან ამონაწერი, საინფორმაციო (სამისამართო) ბარათი გ. ლ-ეის დაბადებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ და ა.შ.) ურთიერთშეჯერებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს თვემდე რ. და ვ. ჩ-ეები ახორციელებდნენ მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობას. ამავე თვეში რ. ჩ-ეის თხოვნით გ. მ-ის, როგორც სპეციალისტს, ადგილზე უნდა ჩაეტარებინა შესაბამისი უძრავი ქონების საკადასტრო-აზომვითი სამუშაოები, რასაც ხელი შეუშალა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამ. სს „ე...ს“ 19.02.2020წ. №5110734 წერილით კი დადგენილია, რომ სს „ე...“ ფუნქციონირებს 2007 წლის ივნისიდან. შესაბამისად, წინა პერიოდის ინფორმაცია არ მოეპოვებათ, ხოლო გ. ლ-ე (პ/ნ ...) მათ აბონენტად რეგისტრირებულია 2012 წლის 26 მარტიდან. აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2012 წლამდე გ. ლ-ე ვ. ჩ-ეის საცხოვრებელ სახლში ელ.ენერგიას არ მოიხმარდა და შესაბამისად, იქ ფაქტიურად არ ცხოვრობდა. ამასთან, გ. ლ-ეის დაბადებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციითა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩეველთა სიიდან ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ მოპასუხე გ. ლ-ე დაბადებულია ქ. თბილისში და ამომრჩევლად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ..., ... მკრ., კორპუსი ..., ბინა ..., მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2000 წლის საკადასტრო გეგმით და სააღრიცხვო ბარათით (ს/კ №...) გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე რაიმე შენობა-ნაგებობის, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის არსებობა არ ფიქსირდება, ასეთის ფიქსაცია განხორციელდა მხოლოდ შპს „მ...“-ის მიერ 2019 წლის 19 სექტემბერს შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ასევე ის გარემოებაც, რომ 2000 წლის 20 ივნისს მომზადებულ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამება შპს „მ...“-ის მიერ 2019 წლის 19 სექტემბერს შედგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და ასევე, მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები არ შეესაბამება წარდგენილ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია ვ. ჩ-ეის განმარტება და მოწმე გ. მ-იის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ვ. ჩ-ემ სადავო ქონებაზე გ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და უძრავი ქონების გადაფარვის შესახებ მისგან შეიტყო 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჩ-ეის წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე 2020 წლის 06 იანვრიდან საქართველოს შსს ონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ. მ-ეის წარმოებაშია სისხლის სამართლის №059060120001 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში არსებული, აწ გარდაცვლილ რ. ჩ-ეის კუთვნილი და ამჟამად მისი შვილის, ვ. ჩ-ეის სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის თაღლითობის გზით დაუფლების ფაქტზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისადმი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც მამკვიდრებელ რ. ჩ-ეის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ მოახდინოს მამკვიდრებლის სამკვიდრო აქტივს განკუთვნილი საკუთრების უფლების რეალიზაცია, კერძოდ, მოახდინოს საკუთრების უფლებას დაქვემდებარებულ, ონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მამაპაპისეულ სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დავა ეხება სამკვიდრო ქონებას და მისი მიღების წესს კომლში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ვ. ჩ-ე არის 2014 წლის 20 დეკემბერს გარდაცვლილი რ. ჩ-ეის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი, რომელმაც გარდაცვლილი მამის სამკვიდრო მიიღო როგორც ფაქტობრივი ფლობისა და მართვის, ისე სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. კერძოდ, 2019 წლის 22 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად დადგენილია, რომ „ვ. ჩ-ე (პ/ნ ...) არის 2014 წლის 20 დეკემბერს გარდაცვლილი რ. ჩ-ეის (პ/ნ ...) პირველი რიგის მემკვიდრე შვილი. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი მთელი ქონება სრულად, მათ შორის, უძრავ-მოძრავი სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებით, პასივებით, ვალდებულებებით და უფლებებით, ასევე მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ, მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში“.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარეთა (მოპასუხეთა) პოზიცია იმის შესახებ, რომ რადგან რ. ჩ-ეის მემკვიდრე ვ. ჩ-ემ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო ბაღდათის რაიონის სოფელ ...ში, იგი პრეტენზიას ვერ განაცხადებდა ონის რაიონის სოფელ ...ში რ. ჩ-ეის დანაშთ ქონებაზე და ამასთან, რადგან ვ. ჩ-ეის სამკვიდრო მოწმობა ზოგადი ხასიათისაა და მასში მითითებული არ არის კონკრეტული უძრავი ქონება, ასეთი არ ადასტურებს მის უფლებას ონის რაიონის სოფელ ...ში არსებულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე მუხლებზე, 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 1433-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჩ-ეს მამკვიდრებლისგან სამკვიდრო აქტივის სახით მთლიანად აქვს მიღებული ნებისმიერი სახის ქონება, მათ შორის უფლებები, რომელსაც უპირველესად განეკუთვნება საკუთრების უფლება. მამკვიდრებელი რ. ჩ-ე გარდაიცვალა 2014 წლის 20 დეკემბერს. შესაბამისად, რ. ჩ-ეის სამკვიდრო გაიხსნა მითითებული თარიღით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილების პირველ პუნქტზე, ,,მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების მე-6 პუნქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჩ-ე წარმოადგენდა ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში არსებული კომლის უკანასკნელ და ერთადერთ წევრს, კომლის უფროსს, რაც დასტურდება საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 09 სექტემბრის №AA2019018124-05 საარქივო ცნობით. აღნიშნული ცნობის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ონის რაიონის, ...ის საკრებულოს, სოფ. ...ს 1997-2001 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია რ. ი.-ს (ასეა დოკუმენტში) ძე ჩ-ე, რომელიც იყო ვ. ჩ-ეის მამა. მომდევნო პერიოდის, ამავე სოფლის 2001-2005 წლების საკომლო წიგნიდან რ. ჩ-ე ამოღებულია, ხოლო უკანა პერიოდის 1992-1996 წლების საკომლო წიგნები არ არსებობს და განადგურებულია. სააპელაციო პალატის განმარტებით, 1997-2001 წლების საკომლო წიგნში რ. ჩ-ეის დაფიქსირების მიუხედავად, საკომლო წიგნის ჩანაწერებში, მართალია, შეტანილი არ არის ინფორმაცია კომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის შესახებ (ქონებრივი მონაცემები), თუმცა ერთმნიშვნელოვნად ნათელია, რომ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა საცხოვრებელი სახლი, რაც არაუფლებამოსილ პირთან ფორმადაუცველი გარიგებით შეიძინა ქ. თბილისში დაბადებულმა და მცხოვრებმა გ. ლ-ემ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უმიწო და უსახლკარო კომლი ყოვლად წარმოუდგენელია და როგორც ზემოთ მოხმობილი ნორმებიც ცხადჰყოფს, რ. ჩ-ეს, როგორც ,,სეზონურ“ ,,სოფელთან კავშირგაწყვეტილ კომლს“, როგორადაც ის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოხსენიებულ იქნა სოფ. ...ს ყოფილი გამგებლის, შემდგომში, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის პ. ჯ-ეის მიერ, კანონისმიერი საფუძვლით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სახით მინიმუმ 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი გააჩნდა, ხოლო რაც შეეხება ინფორმაციას საცხოვრებელი სახლის შესახებ, ასეთი მოცემულია რ. ჩ-ეის დედისა და მამის კომლის მონაცემებში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე (აპელანტი) ვ. ჩ-ეის ახსნა-განმარტება ონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და იმ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, (1 508.60 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი), რომელზედაც საცხოვრებელი სახლია განთავსებული, მისი აწ გარდაცვლილი მამის - რ. ჩ-ეის საკუთრების უფლების არსებობაზე და აღნიშნა, რომ ეს საკუთრების უფლება უთუოდ შედის სამკვიდრო მასაში.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის №4851 კანონით საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან ამოღებული იქნა 1323-ე მუხლი (სამკვიდროს გახსნა კომლში), რომლის თანახმად, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო იხსნებოდა კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. 2019 წლის 01 აგვისტოდან ამოქმედებული 15131 მუხლის (კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნა) თანახმად: 1. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გარდაცვლილია. 2. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრის 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო მის წილ ქონებაზე გაიხსნება, მიუხედავად იმისა, იგი კომლის ბოლო წევრი იყო თუ არა. 3. კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მოცემულ შემთხვევაში არაფერს ცვლის, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში რ. ჩ-ეის კომლი შედგებოდა მხოლოდ ერთი წევრისაგან, თავად რ. ჩ-ეისაგან და მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლის შემდეგ იგი თვითნებურად ამოღებული იქნა საკომლო წიგნიდან ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის პ. ჯ-ეის მიერ და კომლის უძრავი ქონება - საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ამ უძრავ ქონებებზე არანაირი უფლებები არ არსებობს და ისინი გადაცემადი არ არის. სამკვიდრო აქტივად წოდებული ქონებრივი უფლება მოიაზრებს პირის ყველა სამოქალაქო უფლებას, მათ შორის მფლობელობის, სარგებლობის, საკუთრების უფლებას. ამდენად, 2014 წლის 20 დეკემბერს რ. ჩ-ეის გარდაცვალებით, მისი სამკვიდრო გაიხსნა კომლის უძრავ ქონებაზე, რომელიც ამ დროისათვის არაუფლებამოსილ პირთან ფორმადაუცველი გარიგების გზით დარეგისტრირებული ჰქონდა გ. ლ-ეს.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საქართველოში მიწის რეფორმა განხორციელდა 1992-1998 წლებში და ამ პერიოდში, როგორც აწ გარდაცვლილი რ. ჩ-ე სიცოცხლეში აცხადებდა, მას ადგილობრივი კომისიიდან მიღებული ჰქონდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი, მაგრამ იგი ვ. ჩ-ეის მიერ ოჯახში ვერ იქნა მოძიებული, ხოლო იმ სახელმწიფო ორგანოებში, რომლებსაც ამგვარი აქტების შენახვა და დაცვა სამსახურებრივად ევალებოდათ, სოფ. ...ს მიწებზე აქტები საერთოდ არ აღმოჩნდა, თუმცა უდავო ფაქტია, რომ შესაბამის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლი რ. ჩ-ეის საკუთრებას წარმოადგენდა. ამდენად, 1997 წლის 25 ნოემბრიდან საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც რ. ჩ-ეის მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი იყო განთავსებული, კანონის ძალით ჩაითვალა მის საკუთრებად, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე აღნიშნა, რომ თუკი სოფ. ...ს საკომლო წიგნში რ. ჩ-ე და მის შესახებ ქონებრივი ინფორმაცია სწორად იქნებოდა რეგისტრირებული და ეს დაცული იქნებოდა სათანადო წესით უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებში და არა იმგვარად, როგორც ეს მოწმე პ. ჯ-ეის მიერ განიმარტა (მხოლოდ ძირითად, მოზამთრე კომლებზე ივსებოდა სრულყოფილად მონაცემები მათი ქონებების შესახებ, ხოლო სეზონურად მაცხოვრებელ კომლებზე კი ასეთის აღრიცხვას არ აწარმოებდნენ, რადგან სავალდებულოდ არ მიიჩნეოდა, (იხ. 2020 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი 15:48:32-15:50:10)), ამასთან, ყველა მონაცემი შესანახად გადაცემული იქნებოდა სახელმწიფო არქივში, ცხადია, რ. ჩ-ეის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი ვ. ჩ-ე, როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (სანოტარო სამკვიდრო მოწმობა) და მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის (საკომლო წიგნიდან ამონაწერი) საფუძველზე, თავისუფლად დაირეგისტრირებდა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებას სოფ. ...ში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე („სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, ვ. ჩ-ეის სახელზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა ზოგადი ხასიათისაა, მაგრამ მამკვიდრებლის სახელზე საკომლო წიგნიდან ამონაწერთან და საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, იგი სავსებით საკმარის სამართლებრივ საფუძველს იძლევა სამკვიდრო უძრავ ქონებაზე მემკვიდრის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად.

ასევე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვ. ჩ-ეის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკით, „საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, მესაკუთრის უფლება, მოთხოვნის ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება იყოს ხანდაზმული. უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვებაც და დაკარგვაც დაკავშირებულია საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან. აღნიშნულის გამო, მესაკუთრის სტატუსის დარღვეულად მიჩნევის საფუძველს საჯარო რეესტრის ჩანაწერი უნდა იძლეოდეს, ანუ მესაკუთრედ სხვა პირი უნდა იყოს დარეგისტრირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთრების უფლება შელახულად არ ჩაითვლება. ამასთან, საკუთრების, როგორც აბსოლუტური უფლების, მიმართ ხანდაზმულობის გავრცელება არ დაიშვება“ (საქმე №ას0395-374-2013, 23.09.2013წ.).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. ჩ-ე 2014 წლის 20 დეკემბერს გარდაცვლილ მამასთან, მამკვიდრებელ რ. ჩ-ესთან (რომელიც იყო კომლის უფროსი და ერთადერთი წევრი) და ოჯახის წევრებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 2008 წლამდე ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა 1 508.60 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული საცხოვრებელი (ხის ოდა) სახლით. მოპასუხე გ. ლ-ემ, რომელიც ოჯახთან ერთად მუდმივად და უწყვეტად ცხოვრობს და მუშაობს ქ. თბილისში, 2000 წელს საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის ფორმით, დაუზუსტებელი სახით, არარსებული დოკუმენტის (მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №158), შესაბამისად სათანადო საფუძვლის გარეშე შექმნილი სარეგისტრაციო ბარათის და რეალურ ფაქტობრივ გარემოებას (სინამდვილე) შეუსაბამო ნახაზის საფუძველზე, საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის დაფიქსირების გარეშე. აღნიშნულ 1 560 კვ.მ. მიწის ნაკვეთში შედის თუ არა და იგი მოიცავს (ფარავს) თუ არა რ. ჩ-ეის 1 508.60 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომელზეც დგას საცხოვრებელი სახლი, სადავო გახდა 2019 წლის 23 ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ, როდესაც ვ. ჩ-ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებიდან შეიტყო, რომ მის განცხადებაზე წარმოება შეჩერდა გ. ლ-ეის მიერ წარდგენილი ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ელექტრონული ვერსიის მიხედვით, ზედდების გამო. აღნიშნული ზედდება არსებობს მას შემდეგ, რაც გ. ლ-ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაზუსტებული მონაცემებით, უკანონოდ დაირეგისტრირა საკუთრების უფლება 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე, უფრო ზუსტად, ამ მიწის ძირითად ნაწილზე და მასზე განთავსებულ, აწ გარდაცვლილ მამკვიდრებელ რ. ჩ-ეის საცხოვრებელ (ხის ოდა) სახლზე. 2019 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში კი არსებობდა თუ არა ზედდება 1 508.60 კვ.მ. და 1 560 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს შორის, დაუდგენელია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის (აპელანტი) - ვ. ჩ-ეის განმარტება იმის შესახებ, რომ 2000 წელს პირველადი რეგისტრაციის დროს, ვისი უძრავი ქონება აღირიცხა გ. ლ-ეის სახელზე და ეს ქონება ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა აწ გარდაცვლილ რ. ჩ-ეის და ამჟამად მისი მემკვიდრის (შვილის) ვ. ჩ-ეის კუთვნილებას, არც რ. ჩ-ემ (გარდაცვალებამდე) და არც ვ. ჩ-ემ 2019 წლის ოქტომბრის თვემდე არ იცოდნენ და არც შეიძლება სცოდნოდათ იმდენად, რამდენადაც საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია უძრავ ნივთზე პირველადი, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ, არ იძლეოდა ამავე უძრავი ნივთის იდენტიფიცირების და შესაბამისად, ჩ-ეების საკუთრების უფლების დარღვეულად მიჩნევის შესაძლებლობას, მით უმეტეს, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი აღნიშნული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვ. ჩ-ეის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2019 წლის 23 ოქტომბრიდან, როცა მან შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ, აღნიშნულ პერიოდამდე კი იგი ობიექტურად მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო ინფორმაცია დარღვეული უფლების შესახებ, თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკუთრების, როგორც აბსოლუტური უფლების მიმართ ხანდაზმულობის გავრცელება არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეები აპელირებენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას მათზე, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემული შემთხვევა სახეზე არ არის, რადგან გ. ლ-ეის მიერ აწ გარდაცვლილ რ. ჩ-ეის საცხოვრებელ (ხის ოდა) სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა არა 2000 წელს, არამედ 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით. მოცემულ საკითხთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ მიწაზე, ან სხვა უძრავ ქონებაზე ხანდაზმულობით საკუთრების შეძენისათვის გარდა იმისა, რომ აუცილებელია საკუთრადმფლობელი რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაცია სამართლებრივად ცხადი იყოს. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 29.01.2020წ.-18.02.2020წ. №000955820 დასკვნით დადგენილია, რომ 2000 წლის 20 ივნისს მომზადებულ ს/კ №... მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე, რომელიც შედგენილია გ. ლ-ეის სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის და მიწის მიღება-ჩაბარების №158 აქტის საფუძველზე, ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და საზღვრების ზომები არ შეესაბამება ექსპერტიზისათვის წარდგენილ იმ ნახაზებზე ასახულ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და საზღვრების ზომებს, რომელთა გამოყენებით, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 31.10.2019წ. №03986 ოქმის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2019წ. გადაწყვეტილებით, გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა დაზუსტებული ფართობის 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, შენობა-ნაგებობა №01-ით და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №.... საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №000955820 დასკვნით ასევე დასტურდება, რომ ექსპერტიზისათვის წარდგენილ ორ ნახაზზე (დანართი №2 და №3) დატანილი შენობა-ნაგებობა 01/2, ე.ი. საცხოვრებელი სახლი, 20.06.2000 წლის ს/კ №... მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე მითითებული არ არის.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დოქტრინით და სასამართლო პრაქტიკით აღიარებულია, რომ რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე უძრავ ნივთს უნდა ფლობდეს, როგორც საკუთარს. მხოლოდ ასეთი მფლობელის სასარგებლოდ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამასთან, უძრავი ნივთის მფლობელობა და მფლობელის მესაკუთრედ რეგისტრაცია უნდა არსებობდეს უწყვეტად 15 წლის განმავლობაში. მფლობელობის ვადის დენის შეჩერება კანონით რეგულირებული არ არის. მფლობელობის მოკლე დროით შეწყვეტაც კი სავსებით საკმარისია სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლის სამართლებრივი შედეგების უარსაყოფად. იმისათვის, რომ ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების შეძენა მოხდეს, საჭიროა ნივთის მფლობელმა ამტკიცოს, რომ იგი ნივთს ფლობდა უწყვეტად. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-ეის მხრიდან უძრავი ნივთის მფლობელობა უწყვეტად არსებობს 2012 წლიდან, რაც ასევე გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლით დადგენილი 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატის მითითებით, ყველა სადავო აქტი (უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, იდენტურობის დადგენის ოქმი, ონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება), რომელთა არარად ან მთლიანად თუ ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოთხოვნილია ვ. ჩ-ეის სარჩელით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთი აქტის, როგორც ტერმინის (ცნების) განმარტება კი მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. „დ“ მუხლში, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2000 წელს გ. ლ-ეის სახელზე 1 560 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ონის ზონალურ რეგისტრატურაში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მიწის მიღება-ჩაბარების №158 აქტის საფუძველზე, რომელიც რეალურად არ არსებობს და ვერც იარსებებდა, რადგან გ. ლ-ე არ ყოფილა ონის რაიონის სოფელ ...ს მკვიდრი, მას 1992-1998 წლებში განხორციელებულ მიწის რეფორმაში მონაწილეობა არ მიუღია და ამასთან, როგორც თავადვე განმარტავს და საგამოძიებო ორგანოების მიერ მოკვლეული მასალებითაც დასტურდება, უძრავ ნივთს (სახლი, მიწის ნაკვეთი) დაეუფლა არაუფლებამოსილ პირთან ზეპირსიტყვიერი, ფორმადაუცველი გარიგების დადების გზით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა გ. ლ-ესთან მიმართებით მიწის სააღრიცხვო ბარათის შედგენის უფლებადამდგენი დოკუმენტი და შესაბამისად, 2000 წლის 20 ივნისს გ. ლ-ეზე უკანონოდ გაიცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა №....

სააპელაციო პალატამ მიუთითა „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-7, მე-17 და მე-19 მუხლების პირველ პუნქტებზე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-3 პუნქტზე, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე ბრძანებულების მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მიწის რეფორმის კომისიის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას და გაცემას აწესრიგებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 23 ივნისის №503 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“. მითითებული დადგენილებით დამტკიცდა მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა, შესაბამისი დანართის თანახმად. მიღება-ჩაბარების აქტის ზოგადი ფორმის თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტს ადგენდნენ კომისიის წევრები, კომისიას კი თავმჯდომარეობდა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე, რომელსაც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენდა მოწმის სახით დაკითხული პირი პ. ჯ-ეე. აღნიშნული პირის განმარტებით, დადგენილია, რომ გ. ლ-ე სოფელ ...ში კომლის წევრი არ ყოფილა, მის მიმართ პრივატიზაციის პერიოდში (1992-1998 წლები) მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გამოყოფილა, სარეფორმო კომისიას გ. ლ-ეის სახელზე მიწის მიღება-ჩაბარების №158 აქტი არ გაუცია და ასეთის არსებობის შესახებ მან არაფერი იცის.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის“ №1 დანართის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. ლ-ეის საკუთრების უფლების დამდგენი (დამადასტურებელი) ძირითადი დოკუმენტი - მიწის მიღება-ჩაბარების აქტი არ არსებობს და ასეთის გამოცემას უარყოფს თავად უფლებამოსილი პირი, მის საფუძველზე შედგენილი სააღრიცხვო ბარათიც და გაცემული სარეგისტრაციო მოწმობაც იურიდიული ძალის არმქონეა. შესაბამისად, ყოველი მომდევნო სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ეყრდნობა ზემოხსენებულ დოკუმენტებს და ადასტურებს იმავე უძრავ ნივთზე გ. ლ-ეის საკუთრების უფლებას, ერთმნიშვნელოვნად კანონსაწინააღმდეგოა და ბათილია.

ზემოხსენებულთან ერთად, სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელე (აპელანტი) ვ. ჩ-ეის მოთხოვნა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათსა და საჯარო რეესტრის ამონაწერებში მითითებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტის №158 (ს/კ ..., ნაკვეთის წინა №...) არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამდენად, როგორც მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადჰყოფს, იმისათვის, რომ აქტი არარად იქნეს ცნობილი, პირველ რიგში უნდა დგინდებოდეს ასეთის გამოცემა, მისი არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა.

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათზე დაყრდნობით, რომელიც საჯარო რეესტრის თანამშრომელთა მიერაა შედგენილი, უძრავ ნივთზე სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი საბუთია და არა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში პ. ჯ-ეემ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.1. „ა“ მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, 13.10.2019წ. შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №03986 ოქმით, ხოლო ამავე ოქმის საფუძველზე გამოცემული 26.11.2019წ. №2578 ბრძანებით ონის მუნიციპალიტეტის მერმა ე. ს-ეემ, უკანონოდ დაადასტურეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და შპს „მ...“-ის მიერ 19.09.2019წ. შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №000955820 დასკვნა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.12.2019წ. №429832 წერილი, რომლითაც განიმარტა, რომ მათთან დაცული მონაცემებით აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდგომარეობა დაუდგენელია.

სააპელაციო პალატის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2019წ. №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა გ. ლ-ეის 2019 წლის 26 სექტემბრის №... განცხადება, მის სახელზე, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა დაზუსტებული ფართობის 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული №01 შენობა-ნაგებობით, მდებარე ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში (ნაკვეთის წინა №...). 2019 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ შესაბამის ამონაწერში საჯარო რეესტრიდან უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად კი მიეთითა, ფაქტობრივად არარსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №158, საარქივო ცნობა №13/115725, დამოწმების თარიღი: 16.10.2019, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს ეცნობა იმის შესახებ, რომ არქივში დაცულ, ონის რაიონის ...ის საკრებულოს სოფ. ...ს 1997-2001, 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში გ. გი-ს ძე ლ-ე/ლო-ე (დაბ. ... წელს) რეგისტრირებული არ არის (ამდენად, აღნიშნული კი არ ადასტურებს, პირიქით - უარყოფს უფლების არსებობის ფაქტს) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 31 ოქტომბრის №03986 კანონსაწინააღმდეგო ოქმი, დამოწმების თარიღი: 31.10.2019, ონის მუნიციპალიტეტის მერია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხე გ. ლ-ეის საკუთრების უფლება მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა არა საქართველოს კანონმდებლობების შესაბამისად შედგენილი, არამედ არარსებული, უფლების არდამდგენი და უკანონო სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 მუხლზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2 მუხლებზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,დ“ ,,თ“, ,,ნ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ, სასამართლოსათვის შინაგანი რწმენის შემქმნელ ფაქტობრივ გარემოებათა და ასეთის სამტკიცებლად მოსარჩელე ვ. ჩ-ეის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბათილად იქნება ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოსარჩელე ვ. ჩ-ე შეძლებს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება დაირეგისტრიროს სადავო საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე. კერძოდ, საქმეში არსებული საარქივო ცნობები, საკომლო წიგნიდან ამონაწერები აწ გარდაცვლილ რ. ჩ-ეის და მისი მშობლების მიმართ, ვ. ჩ-ეის სანოტარო სამკვიდრო მოწმობასთან ერთად, წარმოადგენს საკმარის და ლეგიტიმურ საფუძველს ხსენებულ უძრავ ქონებაზე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად, ცხადია, იმ პირობით, რომ ახალი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზით უნდა აღმოიფხვრას ზედდება ამჟამად მოპასუხე გ. ლ-ეის საკუთრებაში რიცხული 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 1 508.60 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, სადაც დგას ჩ-ეების მამაპაპისეული საგვარეულო ხის ოდა სახლი.

სააპელაციო სასამართლომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე მითითებით, მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ნორმის ეს დებულება გამომდინარეობს კანონისმიერი დათქმის პრინციპიდან, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით განისაზღვრება. აღმჭურველი ხასიათის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც არ ზღუდავს, როგორც ადრესატს, ასევე მესამე პირების უფლებებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მისი განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა გასცდეს თავისი უფლებამოსილების საზღვრებს, თუმცა მან წარმოების პროცესში კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს არა ფორმალურად, არამედ მიზნობრივად, რათა არ მოახდინოს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-ემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ონის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორი - გ. ლ-ე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1328-ე, 15131 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მხოლოდ კომლის წევრად რეგისტრაციის ფაქტი ან კანონისმიერ მემკვიდრედ ყოფნა არ არის საკმარისი მემკვიდრეობის მისაღებად, მით უფრო, რომ 2000 წლიდან რ. ჩ-ე არ არის სოფელ ...ში კომლის წევრი. იგი გარდაიცვალა 2014 წელს, ხოლო სამკვიდრო გაიხსნა ასევე კომლში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის (რაიონი) სოფელ ...ში მიიღო მისმა შვილმა - ვ. ჩ-ემ. კასატორის განმარტებით, შეუძლებელია ფიზიკური პირი კომლის წევრად რეგისტრირებული ყოფილიყო როგორც ონის რაიონის სოფელ ...ში, ასევე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვ. ჩ-ემ სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით, რადგან ის და რ. ჩ-ე რეგისტრირებულნი იყვნენ ერთი და იგივე მისამართზე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ აწ გარდაცვლილ მამკვიდრებელ რ. ჩ-ეს რაიმე ქონება ეკუთვნოდა სოფელ ...ში. რ. და ვ. ჩ-ეები მინიმუმ 20 წელია არ ჩასულან სოფელ ...ში და სადავო ქონებასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. შესაბამისად, გაუგებარია რა ქონების მემკვიდრეობით მიღება სურს ვ. ჩ-ეს, მაშინ როცა მამკვიდრებელს სოფელ ...ში ქონება არ გააჩნდა. მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით ბაღდათის მუნიციპალიტეტში და დავობს იმ ქონებაზე, რომელიც სამკვიდრო აქტივში არ შედიოდა.

კასატორი - გ. ლ-ე ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიწის ნაკვეთი 2000 წლიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გ. ლ-ეის სახელზე და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს, თუმცა აქვე აღნიშნულის საპირისპიროდ განმარტავს, რომ გ. ლ-ეს უძრავი ნივთის უწყვეტად ფლობა წარმოეშვა 2012 წლიდან, რითაც უგულებელყოფს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლს. კასატორის მითითებით, საგულისხმოა, რომ აღნიშნული ნორმა არ მიუთითებს საკუთრების უწყვეტობაზე. რაც შეეხება მფლობელობის უწყვეტობას, ეს წინაპირობა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე, 166-ე და 167-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც. თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.

კასატორი - გ. ლ-ე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ თუ პირი კომლში იყო რეგისტრირებული, მასზე უპირობოდ უნდა იყოს ქონება აღრიცხული. კასატორის განმარტებით, თუ მაგალითად კარმიდამო დაიმეწყრა და განადგურდა, აღნიშნულით იკარგება ქონება და კომლი რჩება ქონების გარეშე, მაგრამ მისი რეგისტრაცია არ უქმდება და კომლს (კომლის წევრს) ეძლევა უფლება მიმართოს თემს, რათა გამოუყონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო პ. ჯ-ეისა და გ. ლ-ეის ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ გ. ლ-ემ თ. ჩ-ეისგან (რომელიც ვ. ჩ-ეისგან განსხვავებით, იყო კომლის წევრი) შეიძინა სახლი 700 დოლარად, მაგრამ მას არ შეუძენია მიწის ნაკვეთი, როგორც უძრავი ქონება, ხოლო სახლი იყო ხის, რომელიც სავსებით შესაძლებელია დაიშალოს და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მოხდეს მისი გადატანა. ასეთ შემთხვევაში კი არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება.

კასატორი - ონის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ გ. ლ-ეის სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათი არ წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს. კასატორის განმარტებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაადასტურა იდენტურობა და უფლებამოსილმა პირმა შეადგინა ადგილზე დათვალიერების ოქმი (რომელსაც ასევე ხელს აწერს 3 მოწმე), რის საფუძველზეც გამოიცა ონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 ნოემბრის N257 ბრძანება. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სს ,,...ს“ მიერ გაცემული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად, ვინაიდან გამრიცხველიანება ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2012 წლამდე არ არსებობდა, შესაბამისად, მანამდე გ. ლ-ე აბონენტად ვერ იქნებოდა აყვანილი. კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ვ. ჩ-ეის სახელზე გაცემულია ზოგადი სამკვიდრო მოწმობა და მას უფლების დამდგენი არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კი, კასატორი განმარტავს, რომ იგი წარმოადგენს კერძოსამართლებრივი დავის საგანს და მასში ონის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც მხარე, ვერ იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ლ-ეის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ლ-ეის საკასაციო საჩივრები, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1, 3.2, 3.3 და 3.4 ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი გ. ლ-ეის სახელზე 2000 წლის 20 ივნისს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ონის რაიონის ზონის რეგისტრატორის ნ.ს-ის მიერ გაცემული №...0 მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი. კერძოდ, იგი ბათილად იქნა ცნობილი ონის რაიონის სოფელ ...ში არსებული, დაუზუსტებელი ფართობის 1 560 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 1 508.60 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში (ს/კ №..., ნაკვეთის წინა № ...); ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ პ. ჯ-ეის მიერ შედგენილი 2019 წლის 31 ოქტომბრის №03986 ოქმი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ და ონის მუნიციპალიტეტის მერის - ე. ს-ეის 2019 წლის 26 ნოემბრის №257 ბრძანება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი, ს/კ №...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და შპს ,,მ...“-ის მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს შესრულებულ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის 1 560 კვ. მეტრიდან 1508.60 კვ.მ მეტრის იდენტურობის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის № ... გადაწყვეტილება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. კერძოდ, იგი ბათილად იქნა ცნობილი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებული დაზუსტებული ფართობის 1 560.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 1508.60 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში (ს/კ №..., ნაკვეთის წინა №...); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1 508. 60 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს გ. ლ-ეის სახელზე 2000 წლის 20 ივნისს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ონის რაიონის ზონის რეგისტრატორის ნ. ს-ის მიერ გაცემული N... მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ნაწილობრივ (ონის რაიონის სოფელ ...ში არსებული, დაუზუსტებელი ფართობის 1 560 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) 1 508.60 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში); ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის - პ. ჯ-ეის მიერ შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 31 ოქტომბრის N03986 ოქმისა და ონის მუნიციპალიტეტის მერის - ე. ს-ეის 2019 წლის 26 ნოემბრის N2578 ბრძანების ნაწილობრივ (საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი, ს/კ ...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და შპს „მ...“-ის მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (1 560 კვ.მ.-დან 1 508.60 კვ.მ.) იდენტურობის დადგენის ნაწილში) და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებული 1 560 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) 1 508.60 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში) კანონიერება; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1 508.60 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, კანონით დადგენილი წესით, ახალი გადაწყვეტილების გამოცემის დავალება. ამასთან, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და იგი საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ მოპასუხეების: გ. ლ-ეის და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ვ. ჩ-ეის მშობლები იყვნენ: დედა - გ. ჩ-ე (ლ-ე) და მამა - რ. ჩ-ე, რომლებიც იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ამჟამად გარდაცვლილები არიან.

დადგენილია, რომ რ. ჩ-ე გარდაიცვალა 2014 წლის 20 დეკემბერს. 2019 წლის 22 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, რ. ჩ-ეის გარდაცვალებით, 2014 წლის 20 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო, სამკვიდროს გახსნის ადგილია მაიაკოვსკი, ს. .... ამავე სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ვ. ჩ-ე არის რ. ჩ-ეის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი მთელი ქონება სრულად, მათ შორის უძრავ-მოძრავი სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებით, პასივებით, ვალდებულებებით და უფლებებით, ასევე, მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ, მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში. ამავე სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო ფაქტიური ფლობით, რაც დასტურდება N... საინფორმაციო ბარათით, გაცემული სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 15.10.2019 წელს და NAA2019020773-03 საარქივო ცნობით, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ 16.10.2019 წელს. მემკვიდრე და მამკვიდრებელი რეგისტრირებული არიან ერთ კომლში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 24 ოქტომბრის N AA2019021105-04 საარქივო ცნობის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ონის რაიონის, ...ის სასოფლო საბჭოს, სოფელ ...ს 1954-1956 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი. ს.-ს ძე ჩ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ს.-ს ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი, ო. შ.-ს ასული ჩ-ე - ცოლი, გუ. ი.-ს ძე ჩ-ე - შვილი, პ. ფ.-ს ასული ჩ-ე - რძალი, რ. ი.-ს ძე ჩ-ე - შვილი, გრ. გუ.-ის ძე ჩ-ე - შვილიშვილი, თ. გუ.-ის ძე ჩ-ე - შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1918 წელს (საერთო სასარგებლო ფართი მითითებული არ არის) და მიწის ნაკვეთის ფართობი 6 390 (რთულად იკითხება), 1954 წლის ჩანაწერით. 1955-1956 წლებში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული.

ამავე საარქივო ცნობის თანახმად, ...ის სასოფლო საბჭოს, სოფელ ...ს 1958-1960 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი. ს.-ს ძე ჩ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ს.-ს ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი, ო. შ.-ს ასული ჩ-ე - ცოლი, გრ. გუ.-ის ძე ჩ-ე - შვილიშვილი, თ. გუ.-ის ძე ჩ-ე - შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1918 წელს (საერთო სასარგებლო ფართი მითითებული არ არის) და მიწის ნაკვეთის ფართობი 0.56 ჰა, 1958 და 1960 წლების ჩანაწერით. 1959 წელს მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ არის ჩაწერილი.

ასევე, მითითებული საარქივო ცნობის თანახმად, ...ის სასოფლო საბჭოს, სოფელ ...ს 1967-1969 წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 1970 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი. ს.-ს ძე ჩ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ს.-ს ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი, ო. შ.-ს ასული ჩ-ე - ცოლი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1918 წელს და მიწის ნაკვეთის ფართობი 0.41 ჰა, 1967-1970 წლების ჩანაწერების მიხედვით (1970 წლის ჩანაწერი რთულად იკითხება).

ამასთან, აღნიშნული საარქივო ცნობის თანახმად, ...ის სასოფლო საბჭოს, სოფელ ...ს 1971-1973 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი ი. ს.-ს ძე ჩ-ე გადახაზულია და მითითებულია ო. შ.-ს ასული ჩ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ს.-ს ძე ჩ-ე - ოჯახის უფროსი, გადახაზულია, გარდაიცვალა 26/V 1971 წელს, ო. შ.-ს ასული ჩ-ე - ცოლი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1918 წელს და მიწის ნაკვეთის ფართობი 0.41 ჰა, 1971 წლის ჩანაწერით და 0.4 ჰა 1972 წლის მიხედვით. 1973 წელს მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ არის ჩაწერილი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 25 ოქტომბრის N AA2019020759-04 საარქივო ცნობის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ონის რაიონის, ...ის სასოფლო საბჭოს, სოფელ ...ს 1973-1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი ო. შ.-ს ასული ჩ-ე გადახაზულია, გარდაიცვალა 1975 წლის 31/X (რთულად იკითხება). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1918 წელს (საერთო სასარგებლო ფართი მითითებული არ არის) და მიწის ნაკვეთის ფართობი 0.4 ჰა, 1973-1975 წლების ჩანაწერით. ...ის სასოფლო საბჭოს, სოფელ ...ს 1976-1979 წლების საკომლო წიგნებში კომლი, რომლის უფროსია ი.- (ი.) ს.-ს ძე ჩ-ე/ჩ-ე და ო. შ.-ს ასული ჩ-ე, რეგისტრირებული არ არის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 9 სექტემბრის N AA2019018124-05 საარქივო ცნობის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ონის რაიონის, ...ის საკრებულოს, სოფელ ...ს 1997-2001 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია რ. ი.-ს (ასეა დოკუმენტში) ძე ჩ-ე. ...ის საკრებულოს, სოფელ ...ს 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში კომლი, რომლის უფროსია რ. იოსების/ი.-ს ძე ჩ-ე/ჩ-ე (დაბ. ... წელს), ჩაწერილი არ არის. ...ის საკრებულოს, სოფელ ...ს 1992-1996 წლების საკომლო წიგნები ქუთაისის ცენტრალურ არქივში შესანახად არ შემოსულა.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 31 დეკემბრის N AA2019025941-03 საარქივო ცნობის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ონის რაიონის, ...ის საკრებულოს, სოფელ ...ს 1997-2001 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია რ. ი.-ს ძე ჩ-ე. კომლზე რიცხული ქონება ჩაწერილი არ არის. ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს, სოფელ ...ს 1986-1990, 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში კომლი, რომლის უფროსია რ. ი.-ს ძე ჩ-ე/ჩ-ე, ჩაწერილი არ არის. ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული არ არის.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს უფროსის 2019 წლის 26 სექტემბრის MIA 7 19 02557706 წერილის თანახმად, ონის რაიონული სამმართველოს მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ ონის რაიონის სოფელ ...ში აწ გარდაცვლილ ძმებს: რ. ჩ-ეს, გუ. ჩ-ეს და გა. ჩ-ეს ჰქონდათ მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც 2000 წელს გაყიდა გუ. ჩ-ეის შვილმა - თ. ჩ-ემ 700 დოლარად და მიყიდა ქალაქ თბილისში მცხოვრებ გ. ლ-ეს, რომელსაც გააჩნია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა N.... მოკვლეული მასალებიდან დგინდება, რომ აღნიშნული ფაქტი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის დავის საგანს.

დადგენილია, რომ 2000 წლის 20 ივნისს გ. ლ-ეის (ოჯახის) სახელზე გაიცა ონის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 0.156 ჰა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა N.... ამავე დღეს შედგა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი N..., სადაც ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე გ. ლ-ეის (ოჯახის) საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N158. ამასთან, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2000 წლის 20 ივნისს განხორციელდა უძრავ ნივთზე, მდებარე: ონის რაიონი, ..., დაუზუსტებელი ფართობი 1 560 კვ.მ. (ს/კ ...), გ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2019 წლის 26 სექტემბერს, გ. ლ-ემ N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა შპს ,,მ...“-ის მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე, მდებარე: ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... (1 560 კვ.მ.) ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება, რომლის ფარგლებშიც, 2019 წლის 31 ოქტომბერს, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა განახორციელა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის, მდებარე: ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... (უძრავი ნივთის მესაკუთრე/მოსარგებლე: გ. ლ-ე) ადგილზე დათვალიერება (სამი მოწმის (მეზობლის) თანდასწრებით) და შეადგინა ადგილზე დათვალიერების ოქმი N03986. ოქმში მითითებულია, რომ დასტურდება იდენტობა უფლების დამდგენი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი) წარმოდგენილ მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვითი ნახაზით (შესრულებული შპს ,,მ...“-ის მიერ, 18.09.2019 წელს) წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს შორის, 1 560 მ2-ის ოდენობით. ამასთან, ონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 ნოემბრის N2578 ბრძანებით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დადასტურდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი ს/კ ...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და შპს ,,მ...“-ის მიერ 18.09.2019 წელს (ფართობი - 1 560 მ2) შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

ასევე დადგენილია, რომ ამავე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 16 ოქტომბრის N13/115725 წერილით ეცნობა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ონის რაიონის, ...ის საკრებულოს, სოფელ ...ს 1997-2001, 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში გ. გი-ს ძე ლ-ე/ლო-ე (დაბ. ... წელს), რეგისტრირებული არ არის. ...ის საკრებულოს 1992-1996, 2006-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, ქუთაისის ცენტრალურ არქივში შესანახად არ შემოსულა.

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, გ. ლ-ეის 2019 წლის 26 სექტემბრის განცხადება დაკმაყოფილდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი: 1 560 კვ.მ., ს/კ ..., დარეგისტრირდა გ. ლ-ეის საკუთრების უფლება. ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მიეთითა: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N158; საარქივო ცნობა N13/115725, დამოწმების თარიღი: 16.10.2019 წელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივი; სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N03986, დამოწმების თარიღი: 31.10.2019 წელი, ონის მუნიციპალიტეტის მერია.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 დეკემბრის N429832 წერილის თანახმად, N... განცხადებაზე თანდართული აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის მიხედვით წარმოდგენილ ტერიტორიაზე, სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზის მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული არ არის. ამასთან, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავი ნივთი, მდებარე: ონის რაიონი, ..., საკადასტრო კოდით N..., რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, რაც გულისხმობს, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები (მიწის ნაკვეთის საზღვრები და ადგილმდებარეობა სახელმწიფო კოორდინატთა სისტემის მიხედვით, ფართობი, კონფიგურაცია და სხვა) რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დაუდგენელია. ამდენად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს ინფორმაცია N... განცხადებაზე თანდართული აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის მიხედვით წარმოდგენილი უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთისა) და N... საკადასტრო კოდით სისტემურად, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის იდენტურობის შესახებ. ამავე წერილში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურში დაცულ მიღება-ჩაბარების აქტების მასალებში ონის რაიონის სოფელ ...ში გ. ლ-ეის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N158 არ იძებნება. ამასთან, წერილში განმარტებულია, რომ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით N..., გ. ლ-ეის ოჯახის თანასაკუთრების უფლება დარეგისტრირდა სისტემურად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე, მომზადებული და დაცულია მხოლოდ სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა.

საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 18 თებერვლის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ, 2000 წლის 20 ივნისს მომზადებულ ს/კ N... მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამება მომდევნო ორ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციას. ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ, 2000 წლის 20 ივნისს მომზადებულ ს/კ N... მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე ასახული მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები არ შეესაბამება წარმოდგენილ ნახაზზე (დანართი N2) ასახული მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომებს. წარმოდგენილ ნახაზებზე (დანართები N2 და N3) არ არის მითითებული მიწის ნაკვეთების ფართობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს/კ N... მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე მითითებული ფართობის შედარება, წარმოდგენილ ორ ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის ფართობებთან ტექნიკურად შეუძლებელია. ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ ორ ნახაზზე (დანართები N2 და N3) დატანილი შენობა-ნაგებობა 01/2, 20.06.2000 წლის ს/კ N... მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე მითითებული არ არის.

ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილია სს ,,ე...ს“ 2020 წლის 19 თებერვლის წერილი, რომლის თანახმად, სს ,,ე...“ ფუნქციონირებს 2007 წლის ივნისიდან. შესაბამისად, წინა პერიოდის ინფორმაცია კომპანიას არ მოეპოვება. რაც შეეხება 2007 წლის შემდეგ პერიოდს, როგორც ვ. ჩ-ე, ასევე რ. ჩ-ე, ონის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ში აბონენტად ფიქსირებული არ არის, ხოლო გ. ლ-ე რეგისტრირებულია 2012 წლის 26 მარტიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გ. ლ-ეის დაბადების ადგილია ქ. თბილისი, ხოლო რეგისტრაციის მისამართი (რეგისტრაციის თარიღი: 28.10.1999წ.) - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ....

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებითად სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, თუ ვის ეკუთვნის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ონის რაიონი, სოფელი .... ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე გ. ლ-ეის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები და შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება იყო უკანონო და სააგენტოს დაავალა ახალი გადაწყვეტილების მიღება, მითითებულ უძრავ ნივთზე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მისივე განმარტებით, სადავო ქონებაზე დასტურდებოდა ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლება, გ. ლ-ე კი აღნიშნულ ქონებას ფლობდა არაუფლებამოსილ პირთან დადებული ფორმადაუცველი (ზეპირი) გარიგების, ნასყიდობის საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა არა გ. ლ-ეს, არამედ ვ. ჩ-ეს, როგორც კომლის უფროსის და ერთადერთი წევრის - რ. ჩ-ეის პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილს. აღნიშნული დასკვნა კი საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკმარისად დასაბუთებული არ არის, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული არ არის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიერ განვითარებული სამართლებრივი მსჯელობაც ვერ იქნება მიჩნეული სათანადოდ და დასაბუთებულად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გარდაცვლილია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მშობლების (იო. და ო. ჩ-ეეების) გარდაცვალების შემდეგ, კომლის წევრი გახდა და მათ უძრავ-მოძრავ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა შვილი - რ. ჩ-ე. რ. ჩ-ეს ონის რაიონის ...ის საკრებულოს სოფ. ...ში, როგორც კომლის უფროსს და ერთადერთ წევრს, მფლობელობაში გააჩნდა 1 508.60 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი, აგებული 1918 წელს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საარქივო ცნობებზე, რომლითაც დგინდება, რომ კომლი, რომლის შემადგენლობაშიც (კომლის უფროსი) ბოლო მონაცემებით (1971-1975 წლების ჩანაწერით) შედიოდნენ მხოლოდ რ. ჩ-ეის მშობლები (ი.- და ო. ჩ-ეები) და რომელსაც საკუთრებაში ერიცხებოდა უძრავი ქონება, ი.- და ო. ჩ-ეების გარდაცვალების შემდეგ, 1976-1979 წლების საკომლო წიგნებში რეგისტრირებული არ არის. ამასთან, ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ...ს 1986-1990 საკომლო წიგნებში კომლი, რომლის უფროსია რ. ი.-ს ძე ჩ-ე/ჩ-ე, ჩაწერილი არ არის, 1992-1996 წლების საკომლო წიგნები ქუთაისის ცენტრალურ არქივში შესანახად არ შესულა, 1997-2001 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია რ. ი.-ს ძე ჩ-ე, 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში კი კომლი, რომლის უფროსია რ. ი.-ს/ი.-ს ძე ჩ-ე/ჩ-ე (დაბ. ... წელს), ჩაწერილი არ არის. ამდენად, რ. ჩ-ე კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად დაფიქსირებულია მხოლოდ 1997-2001 წლების საკომლო წიგნში, თუმცა კომლს ქონება არ ერიცხება.

საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 22 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებულ სამკვიდრო მოწმობაზე, რომლის თანახმად, რ. ჩ-ეის გარდაცვალებით, 2014 წლის 20 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო, სამკვიდროს გახსნის ადგილია მაიაკოვსკი, ს. .... ამავე სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ვ. ჩ-ე არის რ. ჩ-ეის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი მთელი ქონება სრულად, მათ შორის უძრავ-მოძრავი სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებით, პასივებით, ვალდებულებებით და უფლებებით, ასევე, მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ, მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში. ამავე სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო ფაქტიური ფლობით, რაც დასტურდება N... საინფორმაციო ბარათით, გაცემული სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 15.10.2019 წელს და NAA2019020773-03 საარქივო ცნობით, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ 16.10.2019 წელს. მემკვიდრე და მამკვიდრებელი რეგისტრირებული არიან ერთ კომლში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ სამკვიდრო მოწმობის გამცემმა ნოტარიუსმა სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 15.10.2019 წლის N... საინფორმაციო ბარათისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 16.10.2019 წლის NAA2019020773-03 საარქივო ცნობის (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის) საფუძველზე დაადგინა, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო ფაქტიური ფლობით და მემკვიდრე და მამკვიდრებელი - რ. და ვ. ჩ-ეები რეგისტრირებულნი იყვნენ ერთ კომლში. ამასთან, სამკვიდრო გაიხსნა სოფელ ...ში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეუძლებელია ერთი და იგივე პიროვნება ერთდროულად ირიცხებოდეს ორ კომლში და მით უფრო, ორივე კომლში ფლობდეს საკუთრებას. შესაბამისად, თუკი რ. და ვ. ჩ-ეები რეგისტრირებულნი იყვნენ ერთ კომლში, სოფელ ...ში, გაურკვეველია როგორ იყო რეგისტრირებული რ. ჩ-ე კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად სოფელ ...ში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია და დაედგინა თუ რომელ წლებში და რომელ კომლში იყო რეგისტრირებული რ. ჩ-ე, ვინაიდან მემკვიდრეს ვერ წარმოეშობა უფლება იმ ქონებაზე, რომელიც მის მამკვიდრებელს სიცოცხლეში არ ეკუთვნოდა. ამასთან, უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ იმ ფაქტის უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევა, რომ აწ გარდაცვლილი რ. ჩ-ე სიცოცხლეში აცხადებდა, რომ მას ადგილობრივი კომისიიდან მიღებული ჰქონდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი, მაგრამ იგი ვ. ჩ-ეის მიერ ოჯახში ვერ იქნა მოძიებული. საკასაციო პალატის განმარტებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ონის რაიონის, ...ის სასოფლო საბჭოს, სოფელ ...ს 1954-1956 წლების საკომლო წიგნში რ. ჩ-ე (ჩ-ე) მშობლებთან, ძმასთან, რძალთან და ძმისშვილებთან ერთად ირიცხებოდა კომლის წევრად და კომლს საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, რ. ჩ-ეს ამ ქონების მესაკუთრედ ავტომატურად არ აქცევს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რ. ჩ-ე მშობლების სიცოცხლეშივე, ჯერ კიდევ 1958-1960 წლებში უკვე აღარ ფიქსირდება ამ კომლის წევრად, ოჯახის სხვა წევრები კი ამ პერიოდში კვლავ ფიქსირდებიან კომლის წევრებად. მეტიც, კომლს, რომლის უფროსად და ერთადერთ წევრად 1997-2001 წლების საკომლო წიგნში დაფიქსირებულია რ. ჩ-ე, ქონება არ ერიცხება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაც შეეხება სადავო უძრავ ქონებაზე გ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მის სახელზე უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაციის (2000 წელს) განხორციელების საფუძველი გახდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №158, რაც მოძიებული ვერ იქნა, ხოლო დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია განხორციელებულია 2019 წელს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურების საფუძველზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც მომზადებული იქნა სადავო უძრავ ნივთზე გ. ლ-ეის პირველადი და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას წარდგენილი/მომზადებული საკადასტრო რუკების შედარების საფუძველზე და მათზე ასახული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია და საზღვრების ზომები არ დაემთხვა ერთმანეთს. მითითებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 დეკემბრის N429832 წერილი, რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავი ნივთი, მდებარე: ონის რაიონი, ..., საკადასტრო კოდით N..., რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, რაც გულისხმობს, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები (მიწის ნაკვეთის საზღვრები და ადგილმდებარეობა სახელმწიფო კოორდინატთა სისტემის მიხედვით, ფართობი, კონფიგურაცია და სხვა) რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დაუდგენელია.

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ თავად განმარტა დაუზუსტებელი რეგისტრაციის მნიშვნელობა და ამგვარი რეგისტრაციისას კონკრეტული მონაცემების (მიწის ნაკვეთის საზღვრები და ადგილმდებარეობა სახელმწიფო კოორდინატთა სისტემის მიხედვით, ფართობი, კონფიგურაცია და სხვა) დაზუსტებული სახით რეგისტრაციის არარსებობის, შესაბამისად, მათი ცდომილების ალბათობის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაედგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. აღნიშნულ უფლებამოსილებას კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ახორციელებდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების საფუძველზე, მოწმეთა, მეზობელთა თანდასწრებით და მესაკუთრის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივი ფლობის გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების №158 აქტის საფუძველზე განხორციელებული იქნა 2000 წელს, თუმცა საქმეზე არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც ამავე პერიოდიდან მის მიერ აღნიშნული ქონების ფაქტობრივ მფლობელობას დაადასტურებდა. პირიქით, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა (მოსარჩელე ვ. ჩ-ეის ახსნა-განმარტება, მოწმე გ. მ-იის ჩვენება, რ. ჩ-ეის კომლის არსებობის შესახებ საარქივო ცნობა, სს „ე...ს“ ცნობა, საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩეველთა სიიდან ამონაწერი, საინფორმაციო (სამისამართო) ბარათი გ. ლ-ეის დაბადებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ და ა.შ.) ურთიერთშეჯერებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს თვემდე რ. და ვ. ჩ-ეები ახორციელებდნენ მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობას. ამავე თვეში რ. ჩ-ეის თხოვნით გ. მ-ის, როგორც სპეციალისტს, ადგილზე უნდა ჩაეტარებინა შესაბამისი უძრავი ქონების საკადასტრო-აზომვითი სამუშაოები, რასაც ხელი შეუშალა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია სს ,,ე...ს“ 2020 წლის 19 თებერვლის წერილი, რომლის თანახმად, სს ,,ე...“ ფუნქციონირებს 2007 წლის ივნისიდან. შესაბამისად, წინა პერიოდის ინფორმაცია კომპანიას არ მოეპოვება. რაც შეეხება 2007 წლის შემდეგ პერიოდს, როგორც ვ. ჩ-ე, ასევე რ. ჩ-ე, ონის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ში აბონენტად ფიქსირებული არ არის, ხოლო გ. ლ-ე რეგისტრირებულია 2012 წლის 26 მარტიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გ. ლ-ეის დაბადების ადგილია ქ. თბილისი, ხოლო რეგისტრაციის მისამართი (რეგისტრაციის თარიღი: 28.10.1999წ.) - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ....

ამდენად, მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-ე სადავო უძრავ ნივთს ფაქტობრივად ფლობდა სს ,,ე...ს“ აბონენტად რეგისტრაციის დღიდან, ანუ 2012 წლის 26 მარტიდან. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ გ. ლ-ე დაბადებული და რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, რაც მის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფაქტობრივი ფლობის დამაბრკოლებელ გარემოებად იქნა მიჩნეული. მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენების საფუძველზე, უდავოდ დადგენილად მიიჩნია სადავო უძრავი ნივთის კონკრეტულ დრომდე, 2008 წლის აგვისტომდე რ. და ვ. ჩ-ეების მიერ ფაქტობრივად ფლობის ფაქტი, იმ პირობებში, როდესაც არც აღნიშნული პირების რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენდა ონის რაიონი, სოფელი ... და ისინი სს ,,ე...ს“ აბონენტებად არასოდეს ყოფილან რეგისტრირებულები. აქვე აღსანიშნავია, რომ კასატორის - ონის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, გამრიცხველიანება ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2012 წლამდე არ არსებობდა, შესაბამისად, მანამდე გ. ლ-ე აბონენტად ვერ იქნებოდა აყვანილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, არ გამომდინარეობს საქმეში არასებული ფაქტობრივი გარემოებებიდან.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია არარსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების №158 აქტის საფუძველზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო აქტების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად არის მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი ვ. ჩ-ეის მიერ გასაჩივრებული იყო მოცემული დავის ფარგლებში, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში აღარ გასაჩივრებულა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ის ფაქტი, რომ მიღება-ჩაბარების აქტი №158 ვერ იქნა მოძიებული, ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული - გ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის უპირობო საფუძველს არ წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სადავო უძრავ ნივთზე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ დაადგინა არსებობდა თუ არა აღნიშნულ უძრავ ნივთზე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოშობს შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი, მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებში მოსარჩელის ან მისი მამკვიდრებლის სახელზე გაცემული ონის რაიონის სოფელ ...ში მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არ მოიპოვება, ამავე სოფლის საკომლო წიგნის ჩანაწერებით ვარლამ ან რ. ჩ-ეს ონის რაიონის სოფელ ...ში უძრავი ქონება არ ერიცხება, მეტიც, საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, რ. და ვ. ჩ-ეები რეგისტრირებულნი არიან ერთ კომლში, ბაღდათის რაიონის სოფელ ...ში, რის გამოც რ. ჩ-ეის სამკვიდრო გაიხსნა ამავე სოფელში და მემკვიდრე - ვ. ჩ-ემ იგი ფაქტობრივი ფლობით მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოიკვლიოს სადავო უძრავ ნივთზე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის საკითხი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21;).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატა არა მარტო უფლებამოსილია შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობა, არამედ თავად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ საქმეზე №ბს-985(კ-20), 2021 წლის 24.11.2021 წ.).

საკასაციო პალატა აქვე საკასაციო საჩივარზე კასატორის - გ. ლ-ეის მიერ დართულ ფოტოსურათებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება (გასაჩივრებულ ნაწილში) არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება, მითითებულ ნაწილში, იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც თავის მხრივ, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ამ ნაწილში საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1, 3.2, 3.3 და 3.4 ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი გ. ლ-ეის სახელზე 2000 წლის 20 ივნისს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ონის რაიონის ზონის რეგისტრატორის ნ.ს-ის მიერ გაცემული №...0 მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი. კერძოდ, იგი ბათილად იქნა ცნობილი ონის რაიონის სოფელ ...ში არსებული, დაუზუსტებელი ფართობის 1 560 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 1 508.60 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში (ს/კ №..., ნაკვეთის წინა № ...); ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ პ. ჯ-ეის მიერ შედგენილი 2019 წლის 31 ოქტომბრის №03986 ოქმი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ და ონის მუნიციპალიტეტის მერის - ე. ს-ეის 2019 წლის 26 ნოემბრის №257 ბრძანება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი, ს/კ №...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და შპს ,,მ...“-ის მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს შესრულებულ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის 1 560 კვ. მეტრიდან 1508.60 კვ.მ მეტრის იდენტურობის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის № ... გადაწყვეტილება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. კერძოდ, იგი ბათილად იქნა ცნობილი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებული დაზუსტებული ფართობის 1 560.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 1508.60 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გ. ლ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში (ს/კ №..., ნაკვეთის წინა №...); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1 508. 60 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე ვ. ჩ-ეის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. სასამართლოს ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა

გენადი მაკარიძე