საქმე №ბს-1157(კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე- ს. ჯ-ი, მესამე პირები - მ., ა., ს., ნ. ფ-ები).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 13 ივლისს ს. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელე ცხოვრობს მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2019 წელს მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ ეტაპზე განსახლების საჭიროების არარსებობის მიზეზით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ოჯახი განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს, რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, საცხოვრისის არქონის გამო დროებით შეფარებულნი არიან ნათესავებს.
ს. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის №03-2726/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის ოჯახის სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნენ მ. ფ-ი (პ/ნ ...), ა. ფ-ი (პ/ნ ...), ს. ფ-ი (პ/ნ ...) და ნ. ფ-ი (პ/ნ ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის №03-2726/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ს. ჯ-ის ოჯახი დაკმაყოფილდება 3 ოთახიანი ბინით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მკაფიოდაა დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზი იძლევა იმ სამართლებრივი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობის დადგენა, რომელიც არ შეესაბამება შესაბამის ნორმატიულ აქტს და არ გამომდინარეობს მისგან, არღვევს კანონიერების პრინციპს და ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ მოცემულობაში არ ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, ქულების განსაზღვრის შემდეგ, დამატებით შეეფასებინა გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემისა და ს. ჯ-ის ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათ არ ჰქონდათ გადაუდებელი განსახლების საჭიროება. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე, როგორც დევნილი დაკმაყოფილებული არ იყო და მასზე ასევე არ იყო გაცემული ფულადი დახმარება. სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონებები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოება ვერ გადაწონიდა მოსარჩელის ოჯახის საჭიროებას, როგორც დევნილი დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით მოცემულ ეტაპზე, მითუფრო, როდესაც ქულათა რაოდენობა იძლეოდა დევნილის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ ასევე "ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე" მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გაითვალისწინა მოსარჩელის სამი არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს რომ "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურის შესაბამისად, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა; იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს ზემოაღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, კასატორის აზრით, დადგება ქაოსური სიტუაცია, დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა და საზოგადოებაში გაჩნდება უსამართლობის განცდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ მოსარჩელესთან მიმართებით კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის №03-2726/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ს. ჯ-ის მოთხოვნის (სამოთახიანი ბინით უზრუნველყოფა) დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ მოცემულობაში არ გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, ქულების განსაზღვრის შემდეგ, დამატებით შეაფასოს გადაუდებელი განსახლების საჭიროების აუცილებლობა (გამონაკლისია მხოლოდ, დევნილის დროებითი განსახლების წესი, რაც სხვა შემთხვევას წარმოადგენს). კონკრეტულ ეტაპზე, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც დაგროვილი აქვს ქულათა ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია კონკრეტულ ეტაპზე, ბინის მისაღებად.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში და მასზე ასევე არაა გაცემული ფულადი კომპენსაცია.
მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა-35910, ოჯახი იღებს შემწეობას 350 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 30 სექტემბერს №51989 განაცხადით მიმართა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებელი ფართის მიღების განაცხადი შეავსო. მან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - ქალაქი ქუთაისი, ...ის ქ.№41. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, 2020 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით ს. ჯ-ის ოჯახი შეფასდა 15 ქულით (1.50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის, ახლობლის ოჯახთან ერთად. 1.00 ქულა 18 წლამდე ასაკის წევრები 2 არასრულწლოვანი, 2.50 ქულა - სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით. 10.00 ქულა - ლ. ჯ-ი - ომში დაღუპული წევრი - გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში).
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, განმცხადებლის ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია ..., ცხოვრობენ ნათესავის ბინაში, ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში. ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით. ს. ჯ-ის ძმა - ლ. ჯ-ი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, რომელიც დაჯილდოების ფურცლით წარდგენილ იქნა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენზე. ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - ქალაქი ქუთაისი, ...ის ქ. №41. ამასთან, გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, 2021 წლის 24 მარტს მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე ქუთაისი, ...ის ქ. №41/22-ში. ადგილზე იმყოფებოდნენ განმცხადებელი, მისი დედა და არასრულწლოვანი შვილები. ს. ჯ-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2015 წლიდან, ფართი ეკუთვნის მის მშობლებს. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 29.03.2021წ. ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ...ს მუნიციპალიტეტის, სოფელ ...აში. მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებლის მეუღლის მამა, ფ. ფ-ი, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან და შვილების - პ. და ა. ფ-ების ოჯახებთან ერთად.
საჯარო რეესტრის ამონაწერით, 2020 წლის 28 ივლისის მდგომარეობით, მ. ფ-ის სახელზე ირიცხებოდა 1/5 წილი უძრავი ქონებაზე, მდებარე ...ში, სოფელ ...აში (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1200 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №01/2, 240.44 კვ.მ №02/1, საკადასტო კოდი ...). საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის 28.07.2020წ. ამონაწერით, ...ში, სოფელ ...აში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3364 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) 1/5 წილის მესაკუთრეა მ. ფ-ი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 ივნისის №35 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ს. ჯ-ს (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის, მშობლების საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 ივნისის №35 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 2 ივლისის №03-2726/ო ბრძანებით ს. ჯ-ის ოჯახს გადაუდებელი საჭიროების არარსებობის, მშობლების საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სზაკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელისთვის ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ს. ჯ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროების არარსებობის შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ ვინაიდან დევნილი ოჯახი ს. ჯ-ის მშობლების საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრობდა, აღნიშნული გულისხმობდა, რომ მათ გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეეძლო შეუზღუდავად ესარგებლა კონკრეტული საცხოვრებელი ფართით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრისით ქირის გარეშე სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის (მშობლების) სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საგულისხმოა, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 15 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ნათესავის/ახლობლის სახლში ქირის გარეშე ცხოვრებას. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ს. ჯ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი იმ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია შეფასების კრიტერიუმში ასახულ ინფორმაციასთან.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით. კასატორის მტკიცება, რომ მოსარჩელეს არ ემუქრება თავშესაფრის გარეშე დარჩენა დაუსაბუთებელია, არ ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მეუღლის სახელზე ...ს რაიონის სოფელ ...აში რეგისტრირებულია ორი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთზე საერთოდ არაა შენობა-ნაგებობა, ხოლო მეორე ნაკვეთზე მართალია განლაგებულია შენობა-ნაგებობა (240 კვ.მ), თუმცა მ. ფ-ის წილი 1/5-ია (48 კვ.მ). საკასაციო სასამართლო ყურადღებს ამახვილებს მ. ფ-ის მამის განმარტებაზე მასზედ, რომ სოფელ ...აში არსებულ საცხოვრებელ სახლში (მოსარჩელის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონების 1/5 წილი) ცხოვრობს მეუღლესთან და შვილების - პ. და ა. ფ-ების ოჯახებთან ერთად. საგულისხმოა, რომ ს. ჯ-ის ოჯახი შედგება 5 წევრისაგან, შესაბამისად საცხოვრებელი ფართიც ოჯახის სულადობის ადეკვატური უნდა იყოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, ზემოაღნიშნული გარემოება ასევე არ ჰქმნის მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფილად მიჩნევის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების მიმართ საფუძვლიან, გულისხმიერ და კანონშესაბამის მიდგომას. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სხვა დევნილებთან შედარებით ს. ჯ-ის ოჯახის ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში, ნათესავის ბინაში ცხოვრება არ წარმოადგენს მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ საქმის მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დევნილი პირის კერძო ინტერესი უზრუნველყოფილ იქნეს გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უპირატესი და გასათვალისწინებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რადგან არ მოხდეს მისი კანონით გარანტირებული უფლებების დარღვევა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ს. ჯ-თან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრუწლოვან შვილებს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანომ ხელახალი წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევა და სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა