Facebook Twitter

საქმე №ბს-1267(კ-23) 21 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ა-ის, ა. შ-ის და ი. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები)- სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მესამე პირი - ი. დ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 12 ოქტომბერს ი. ა-მა, ა. შ-მა და ი. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მოსარჩელეებს დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი ბინის მიღებაზე მათი სარეიტინგო ქულის შესაბამისად, როგორც ერთი ოჯახს. მოსარჩელის (ი. ა-ის) დედის - ი. დ-ის 4.09.2012წ. კომპენსირება ვერ ჩაითვლება მოსარჩელეთა დაკმაყოფილებად, რადგან ი. ა-ი ჯერ კიდევ 2011 წლიდან აღარ წარმოადგენდა დედის ოჯახს. ამასთან, მას არ გამოუთქვამს თანხმობა კომპენსირებასთან დაკავშირებით. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას. ამდენად, კანონმდებლობის მიზნებისათვის ოჯახის ცნების შემადგენლობისთვის მნიშვნელოვანია არა დევნილის საერთო საოჯახო ნომერი, არამედ ერთობლივი შინასამეურნეო საქმიანობის წარმართვის ფაქტი. ამასთან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებას ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას შეიძლება ძალაში შევიდეს მხოლოდ მესამე პირის წერილობითი თანხმობის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულების თაობაზე ცნობილი არ იყო მოსარჩელეებისთვის, შესაბამისად არ არსებობდა მათი სავალდებულო თანხმობაც. სადავო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ იგი შესრულდა ერთ ეგზეპლიარად და მხარეებს არ გადასცემიათ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრატნთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 16.09.2021 წლის №03/15947 აქტის ბათილად ცნობა, საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულების დანართში მითითებული იმ ნაწილის ბათილად ცნობა, სადაც ი. დ-თან ერთად საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად მითითებულია ი. ა-ი; ი. ა-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. დ-ს შორის 2012 წლის 4 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მათ მონაცემთა ბაზაში მოსარჩელეების არაკომპენსირებულად მიჩნევის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხის საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ი. ა-ის, ი. მ-ის, ნ. დ-ის და ს. დ-ის ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების - ი. ა-ის, ა. შ-ის და ი. შ-ის წარმომადგენლის რ. ფ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება ი. დ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის, ა. შ-ის და ი. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს. საქმეში წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულებები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა ი. ა-ის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფაქტს, რაც მისი, როგორც კომპენსირებულ პირად მიჩნევის საფუძველი გახდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი არ იყო სხვა რაიმე სახის მტკიცებულება ან არგუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ა-მა, ა. და ი. შ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ი. ა-ის, ა. შ-ის და ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე დადებული ნებისმიერი გარიგება ექვემდებარება ხანდაზმულობას. ხანდაზმულობის ვადები ატარებს იმპერატიულ ხასიათს და განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე-146-ე მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 22.2 მუხლის საფუძველზე პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის დაწყების მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ი. ა-ი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. დ-ის შორის 2012 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ სადავო განკარგულებითა და ხელშეკრულებით მოხდა მისი ფართით უზრუნველყოფა. აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, რომ ი. ა-ი 2011 წლის 27 თებერვალს დაქორწინდა დ. შ-ზე და 2011 წლიდან აღარ ცხოვრობდა დედასთან ერთად, ის ცალკე ოჯახს წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურების მიზნით აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა ქორწინების მოწმობასა და ბავშვების დაბადების მოწმობებზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის 2013 წლის 6 ნოემბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტაზე, რომლის მიხედვით, ი. ა-ის როგორც რეგისტრირებულ, ისე ფაქტობრივ მისამართად მითითებულია სახელმწიფოს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში გადაცემული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ი, ...ი №36, ობიექტი ,,...’’. ანკეტას ხელს აწერს თავად მოსარჩელე - ი. ა-ი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2013 წლის დევნილის ანკეტის შევსების მომენტისთვის, ი. ა-ს სადავოდ არ გაუხდია და ხელმოწერით დაადასტურა ანკეტაში ასახული მონაცემების სისწორე, მათ შორის, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ბინაში ცხოვრების ფაქტი. ამასთან, ი. ა-ს არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია სხვა მისამართზე ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.

პალატამ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ქარწყლდება სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ხოლო ვალდებულ პირს ეძლევა უფლება უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ვადის არსებობა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს აიძულებთ დროულად მიმართონ დარღვეული უფლებების აღდგენის სამართლებრივ საშუალებებს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უტყუარად დასტურდებოდა რა მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გაშვების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნების - საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა (ი. ა-ის ნაწილში) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. დ-ს შორის 2012 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის (ი. ა-ის ნაწილში) სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ა-მა, ა. შ-მა და ი. შ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაბრუნება. კასატორების მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება უსაფუძვლო და დასაბუთებულია.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში პრივატიზაცია ნებაყოფლობითი პროცესია, რაც მოიცავს დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, თავისუფალ არჩევანს, მათთან დიალოგსა და მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. კასატორები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე, 67-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნევენ, რომ ვინაიდან ი. დ-ს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებითა და პრეზიდენტის განკარგულებით ეზღუდებათ საცხოვრებლის მიღების უფლება, სავალდებულო იყო მათი წერილობითი თანხმობა. კასატორები ვერ ჩაითვლებიან კომპენსირებულად, რადგან 2012 წელს ი. ა-ი უკვე წარმოადგენდა სხვა ოჯახს თავის მეუღლესთან ერთად და იგი აღარ მიეკუთვნებოდა დედის - ი. დ-ის ოჯახს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტი არ დგინდება. ამასთან, ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლიარად, რომელიც სარეგისტრაციოდ გადაეგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. კასატორები საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულება მოსარჩელეებთან არ გაგზავნილა და დაიდო მოსარჩელეების თანხმობის გარეშე. კასატორები ასევე მიუთითებენ საქართველოს მთავრობის 28.05.2009 წლის №403 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ. ადმინისტრაციულ ორგანოს დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უნდა ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნული ინფორმაციით. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ არსებობდა.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო განკარგულების გამოსაცემად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი მნიშვნელოვანი გარემოებები, რისი შესწავლაც და გათვალისწინებაც ევალებოდათ პროგრამის/პრივატიზაციის განხორციელებაში ჩართულ ადმინისტრაციულ ორგანოებს. კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. არსებითი მნიშვნელობის მქონეა საკითხი თუ როდიდან უნდა აითვალოს გასაჩივრების ვადა. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის წარმოშობად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმეში არსებული დევნილის ანკეტა არ წარმოადგენს ი. ა-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ა-ის, ი. შ-ის და ა. შ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის, ი. და ა. შ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულებით ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად დანართში მითითებულ პირებს გადაეცათ. დასახელებული განკარგულების დანართის მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ი. ა-ს, ი. ა-ს, ი. დ-ს, ი. მ-ს, ნ. დ-ს და ს. დ-ს. დასახელებული განკარგულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა საპრივატიზებო პირობები, რომლის მიხედვითაც, დადგინდა მყიდველის ვალდებულება საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ამასთან, მითითებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ მყიდველი ვალდებული იყო ამ განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირები (ოჯახის წევრები) უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; საპრივატიზაციო პირობის მიხედვით, მყიდველი და ან განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირებს (ოჯახის წევრები) ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა ესარგებლათ ან მფლობელობაში ჰქონოდათ რაიმე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, მოპოვებული მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; მყიდველი და ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები (ოჯახის წევრები) არ მოითხოვდნენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. დ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი. დ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, „...ში“, ...ი №36-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონება. დასახელებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტით ი. დ-ს მისთვის გადაცემული ქონებით ი. და ი. ა-ების, ი. მ-ის, ნ. და ს. დ-ების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო 2.4 პუნქტში აღინიშნა, რომ ხელშეკრულებით ბინით დაკმაყოფილებული პირები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღარ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა მოეთხოვათ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ზემოხსენებული ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შესაბამისად, „მყიდველმა“ დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის „მყიდველი“ და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, არ სარგებლობდნენ ან არ ფლობდნენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებიის მიერ სადავოდაა ქცეული ი. ა-ის ნაწილში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულებისა და ი. ა-ის ნაწილში, ქალაქ თბილისში, „...ში“, ...ი №36-ში (ს/კ ...) მდებარე ბინის ნასყიდობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. დ-ს შორის 2012 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერება.

დადგენილია, რომ ი. ა-ი და მისი არასრუწლოვანი შვილი ა. შ-ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი. არასრულწლოვანი ი. შ-ი ასევე არის ი. ა-ის შვილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განახილველი დავის გადაწყვეტისთვის უნდა შეფასდეს ხანდაზმულობის საკითხი. ხანდაზმულობა წარმოადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია საკუთარი უფლების რეალიზება მოახდინოს. ხანდაზმულობის საკითხის თავისებურება სწორად იმაშია, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნის უფლება ქარწყლდება და მისი შესრულება დამოკიდებული ხდება მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის №ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ვადებით ზღუდავს და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით უფლების დაცვის ხანდაზმულობის შესაბამის ვადებს განსაზღვრავს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რის შედეგადაც განსახილველი უფლების ჭრილში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ინარჩუნებს.“

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-312-308(კ-14)), სადაც განიმარტა, რომ „…საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22.2 მუხლის საფუძველზე პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყების მომენტად მიიჩნევს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, მხარეებს ნების ავტონომიიდან გამომდინარე გააჩნიათ შესაძლებლობა განსაზღვრონ მტკიცების საგანი, ამავდროულად მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადანაწილებული. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციული ორგანო არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ იძულებით გადაადგილებული პირის - ი. ა-ის 6.11.2013წ. ანკეტაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ი. ა-ის, როგორც რეგისტრირებული ისე ფაქტობრივი და დროებითი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ...ი, ...ი, ობიექტი „...“. ამავე ანკეტის მე-13 პუნქტში აღნიშნულია, რომ დევნილი ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ სახლში, რომელიც სახელმწიფომ გადასცა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში. დევნილის ანკეტა ხელმოწერილია თავად კასატორის მიერ (ს.ფ 116). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ კასატორმა უტყუარად ვერ დაადასტურა სხვა მისამართზე ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის უფლების დროული განხორციელება ემსახურება ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. თავის მხრივ, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არაჯეროვანი გამოყენება, სასამართლოსთვის ვადის დარღვევით მიმართვა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, კერძოდ, მოთხოვნის უფლება აგრძელებს არსებობას, მაგრამ მისი საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას და დარღვეული უფლების აღდგენა მხოლოდ დამრღვევის მიხედულებაზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მითითებული ვადების მხარეთა მიერ დაცვის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულ 2013 წლის 6 ნოემბრის დევნილის ანკეტაზე არსებული ი. ა-ის ხელმოწერა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას აღქმული/გააზრებული ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად მიჩნევა. შესაბამისად, თუ მოსარჩელე თვლიდა, რომ მისი უფლებები დაირღვა, 2013 წლიდან უნდა აეთვალა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაც. მოსარჩელეების მიერ სარჩელი წარდგენილია 2021 წლის 12 ოქტომბერს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ა-ის, ა. შ-ის და ი. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა