Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-329(კ-22) 19 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროფესიული განვითარების საბჭო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - თ. ღ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ღ-ემ 2018 წლის 28 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხის 2018 წლის 06 დეკემბრის №7 საოქმო გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც თ. ღ-ეის მიმართ გამოყენებული იქნა „წერილობითი გაფრთხილება“.

სარჩელის მიხედვით, პაციენტი ნ. მ-ი შპს „უ...“ ბავშვთა ახალი კლინიკის ემერჯენსში მოთავსდა 2015 წლის 02 მარტს საღამოს 23:08 საათზე. მიმღები განყოფილებიდან იმავე საღამოს 23:43 საათზე, კერძოდ, არასამუშაო დროს, გადაყვანილ იქნა მოსარჩელის დაქვემდებარებაში არსებულ განყოფილებაში, სადაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს ექიმმა პედიატრმა - დ. ჟ-ამ და ნევროლოგმა - ლ. ლ-იმა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ არასამუშაო საათებისას მისი განყოფილებაში ყოფნა არ წარმოადგენდა მის მოვალეობას, ამასთან მისთვის არ იყო ცნობილი აღნიშნული პაციენტის მის დაქვემდებარებაში არსებულ განყოფილებაში გადაყვანის შესახებ. 2015 წლის 3 მარტს პაციენტს ჩაუტარდა კვლევები. ...ა დადგინდა 2015 წლის 4 მარტს, დილის 07:45 საათზე. მონიტორინგი წარმოებდა ...სა და პედიატრის მიერ. რადგანაც 3 მარტი იყო უქმე დღე (დედის დღე), მოსარჩელე სამსახურში გამოცხადდა მომდევნო დღეს - 4 მარტს, რა დროსაც პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის გაცნობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, მიიჩნია, რომ პაციენტის მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო ...ის მიერ მრავალპროფილურ განყოფილებაში, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა პაციენტის გასინჯვის ფურცელში. 2015 წლის 4 მარტს, დილის 11 საათზე, პაციენტი გადაყვანილ იქნა იმ განყოფილებაში, სადაც მის მკურნალობას განაგრძობდა ნევროლოგი. მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, პაციენტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაიწყო გაწეული სამედიცინო მომსახურების შემოწმება. მოსარჩელემ სსიპ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარუდგინა დეტალური ინფორმაცია, თუმცა, მისი გათვალისწინების გარეშე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭომ, 2018 წლის 06 დეკემბრის №7 სხდომაზე მიიღო თ. ღ-ეის „წერილობითი გაფრთხილების“ შესახებ გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ღ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 6 დეკემბრის №7 საოქმო გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ პირველი მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი საერთოა ყველა არსებული სამედიცინო დაწესებულებისათვის, რომელიც ეწევა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას. სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია იწარმოება უნიფიცირებულად ამ ბრძანების შესაბამისად. მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გეგმური პაციენტი უნდა გაისინჯოს მიმღები (მორიგე) ექიმის მიერ სტაციონარში შემოსვლისთანავე და პირველადი გასინჯვის მონაცემები შეიტანება მოკლედ. სასწრაფო ან გადაუდებელი მდგომარეობის დროს პაციენტი ისინჯება მორიგე ექიმის მიერ, მიმღებ განყოფილებაში გამოძახებისთანავე. გეგმური პაციენტის მიღების სტატუსი ბარათში იწერება მიმდინარე სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო სასწრაფო პაციენტის სტატუსი – პირველი გასინჯვის დროს. სტატუსი უნდა იყოს ინფორმატიული და კლინიკური მნიშვნელობის მონაცემები სრულყოფილად ასახული. მე-12 პუნქტის თანახმად, დღიურების წარმოება პაციენტის გასინჯვის ფურცელში უნდა მიმდინარეობდეს არანაკლებ კვირაში სამჯერ, ხოლო მძიმე და საშუალო სიმძიმის ავადმყოფების შემთხვევებში - ყოველდღიურად, განსაკუთრებული სიმძიმის ავადმყოფების შემთხვევაში – დღეში რამდენჯერმე. დღიურებში აისახება პაციენტის მდგომარეობის დინამიკა, ობიექტური გასინჯვის მონაცემები, ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებები. ამასთან, მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, განყოფილების ხელმძღვანელი გეგმურ პაციენტს სინჯავს განყოფილებაში შემოსვლიდან არა უგვიანეს მესამე დღისა, ხოლო მძიმე და საშუალო სიმძიმის ავადმყოფების შემთხვევაში – ჰოსპიტალიზაციის მომენტიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში. განყოფილების ხელმძღვანელის შემოვლები კეთდება არანაკლებ კვირაში ერთხელ. ისტორიაში ფორმდება კლინიკური დიაგნოზი, რეკომენდაციები და დასტურდება მისი ხელმოწერით.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ნორმატიულად არის განსაზღვრული სპეციალისტის მიერ პაციენტის გასინჯვისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების, მათ შორის, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსების წესი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაწესებულებაში შესვლისას პაციენტს სინჯავს მიმღები/მორიგე ექიმი, ხოლო განყოფილებაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა (მძიმე და საშუალო სიმძიმის ავადმყოფის შემთხვევაში - ჰოსპიტალიზაციიდან 1 დღე-ღამის განმავლობაში) - განყოფილების ხელმძღვანელი. ამასთან, ექიმი, რომელიც სინჯავს პაციენტს, აკისრია ვალდებულება დღიურში ასახოს პაციენტის მდგომარეობის დინამიკა, გასინჯვის მონაცემები, კვლევების შედეგები და სხვა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტი, რომელიც შპს „უ...“ - ბავშვთა ახალი კლინიკის შესაბამის განყოფილებაში მოთავსდა 2015 წლის 2 მარტს, 23:53 საათზე, 2015 წლის 4 მარტის 11:00 საათამდე იმყოფებოდა მორიგე ექიმების ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო 2015 წლის 4 მარტს 11:00 საათზე პირადად გასინჯა ექიმმა თ. ღ-ემ, რაც დადასტურებულია სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მისი ხელმოწერით; კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით, „ობიექტური და პარაკლინიკური მონაცემებით დაისვა დიაგნოზი: „...“, საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას ...ს მეთვალყურეობით“. სასამართლომ ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 4 მარტს, 12:00 საათზე, პაციენტი გადაყვანილ იქნა სხვა განყოფილებაში, ... მიმართულებით. აქედან გამომდინარე სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჩანაწერში არ იყო მითითებული „პაციენტის სპეციალიზებულ პროფილურ კლინიკაში (... განყოფილებაში) გადაყვანის თაობაზე“, ვინაიდან ჩანაწერში დაფიქსირდა ... მიმართულებით მკურნალობის საჭიროება და ამ ჩანაწერიდან 1 საათში პაციენტი შესაბამის განყოფილებაში იყო გადაყვანილი, შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ექიმის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ჩანაწერი არ იყო სათანადოდ ფორმულირებული.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, არ იყო დასაბუთებული ჩანაწერის არსებული ფორმით განხორციელებით მოსარჩელემ კანონის რა მოთხოვნა დაარღვია ან/და რა ზიანი მიაყენა თავად პაციენტის მდგომარეობას. ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის პოზიცია კონკრეტული დიაგნოზის დასმასა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასთან, მათ შორის, ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოსარჩელემ განსაზღვრა დიაგნოზი - ,,..., დაუზუსტებელი’’, მკურნალობის მიმართულება და პაციენტი გადაიყვანა შესაბამის, სპეციალიზებული მიმართულების მქონე განყოფილებაში, ამ მიმართულებით რეკომენდაციების ან/და რაიმე სახის დანიშნულების გაცემა კი სცდებოდა მისი, როგორც პედიატრის უფლებამოსილებას, რამდენადაც პაციენტი საჭიროებდა სხვა მიმართულების სპეციალისტის მიერ სპეციალიზებულ კლინიკაში/განყოფილებაში მკურნალობას, შესაბამისად, მიიჩნია, რომ არ არსებობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის - წერილობითი გაფრთხილების გამოყენების საფუძველი, რადგან არ დასტურდებოდა ამავე კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილების მიცემის წინაპირობები, კერძოდ, ასეთი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს, რა გარემოებაც, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესზე“ და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააგენტომ სამედიცინო დოკუმენტაციით შეისწავლა პაციენტ ნ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი და მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი სტაციონარში მოთავსდა დაავადების დაწყებიდან ადრეულ სტადიაში, სრულად იყო გამოხატული მწვავე ...ის-...ის კლინიკური ნიშნები, დაავადება, ისიც მხოლოდ სინდრომულად, ამოცნობილი იყო ჰოსპიტალიზაციიდან 4 დღის შემდეგ, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე დრამატულად იყო გაუარესებული. დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ჰოსპიტალიზაციიდან პირველივე საათებში ეჭვი მიტანილიყო მწვავე ...ის არსებობაზე - ...ზე და დაწყებულიყო შესაბამისი მკურნალობა. დაავადების ეტიოტროპული მკურნალობა დაიწყო დიდი დაგვიანებით, ისიც არა პირველი რიგის ანტივირუსული პრეპარატით. ამრიგად, პაციენტ ნ. მ-ისათვის შპს „უ...“ ბავშვთა ახალ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის პირველ ეტაპზე გაწეული სამედიცინო დახმარება იყო არასრული და არაჯეროვანი. ნევროლოგების (მ. ბ-ე, ო. ს-ა) დასკვნით: „...ზე ეჭვის მიტანის შემდეგ, ლიქვორის აღებისთანავე, სტანდარტული ანალიზის გარდა უნდა ჩატარებულიყო მისი სეროლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევა შესაძლო ეტიოლოგიურ ფაქტორზე (ინფექციის გამომწვევზე). ამავდროულად ...ს დიაგნოსტირებისთვის საჭირო იყო თავის ტვინის მაგნიტური ტომოგრაფია. ამ კვლევას გააჩნდა სპეციფიკური ნეირორადიოლოგიური მარკერები ...ს დროს. ასეთი ტიპის პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა ყოფილიყო მოთავსებული მაღალი კლასის სპეციალიზებულ პროფილურ კლინიკაში (... განყოფილებაში), სადაც შესაძლოა დადგენილიყო ...ის გამომწვევი მიზეზი და დანიშნულიყო სპეციფიკური, უფრო ადეკვატური მკურნალობა. სპეციალისტების დასკვნით, ... ძალიან მძიმე დაავადებაა, არსებობს შესაბამისი გაიდლაინი, სადაც არის მითითებული, რომ „თუ ექიმს აქვს ეჭვი ...ზე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ანტივირუსული თერაპია. ინტრავენურად უნდა იქნას შეყვანილი .... მკურნალობა იწყება დიაგნოზის დადასტურებამდე და არ უნდა დაელოდოს ექიმი დადასტურებას“. ასეთი ტაქტიკით შესაძლებელი გახდა ...ის შედეგად 70%-იანი ლეტალობა შემცირებულიყო 20%-მდე. შესაბამისად, იმის თქმა, რომ პაციენტი გადარჩებოდა, რთულია. თუმცა, მკურნალობის ტაქტიკა თავიდანვე იყო აცდენილი გაიდლაინების რეკომენდაციიდან, ამასთან სწორი იქნებოდა პაციენტის რეფერირება მაღალი კლასის სპეციალიზებულ პროფილურ კლინიკაში (... განყოფილებაში), სადაც შესაძლოა დადგენილიყო ...ის გამომწვევი და დანიშნულიყო სპეციფიკური, უფრო ადეკვატური მკურნალობა. ასევე, არ იქნა რეკომენდებული ...ის კონსულტაცია და არც დამატებითი კვლევა (მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა).

კასატორის განმარტებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, „ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. სამედიცინო საქმიანობის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.“ ამავე კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, „მცდარი სამედიცინო ქმედებისათვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ 104-ე მუხლი კი ადგენს პაციენტის/მისი ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის უფლებას, გაასაჩივროს მცდარი სამედიცინო საქმიანობით მისთვის მიყენებული ზიანის შედეგები, კერძოდ: „პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში.“ რა არის მცდარი სამედიცინო საქმიანობა, რის გამოც პირს გასაჩივრების უფლება მიენიჭება, განსაზღვრულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით: „მცდარი სამედიცინო ქმედება – ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა“.

კასატორის მითითებით, თ. ღ-ესთან დაკავშირებით საბჭომ შეაფასა საქმის მასალები, ექსპერტთა დასკვნები და მათი ახსნა-განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებას არ მოჰყოლია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სიკვდილი. მხედველობაში მიიღო ყველა ფაქტობრივი გარემოება და 2018 წლის 6 დეკემბრის №7 სხდომის ოქმით „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 75-ე მუხლის საფუძველზე, თ. ღ-ეის მიმართ კანონიერად გამოიყენა „წერილობითი გაფრთხილება“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება თ. ღ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 6 დეკემბრის №7 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ექიმ თ. ღ-ეის მიმართ (სერტ. ,,...“), საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვის მოტივით, გამოყენებულ იქნა პროფესიული პასუხისმგებლობის ფორმა - „წერილობითი გაფრთხილება“, ამრიგად, დავის მართებულად გადასაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, მოსარჩელის მიმართ არსებობდა თუ არა პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საკმარისი საფუძვლები.

საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს ასეთი საქმიანობის სუბიექტის მხრიდან საჭირო უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობის აუცილებლობას, რაც პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი წინაპირობაა, ხოლო ასეთი საქმიანობის არასწორად წარმართვის შემთხვევაში დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

მითითებული კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პროფესიული განვითარების საბჭოს მეშვეობით, ხოლო, ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, საბჭო იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განვითარების საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში განიხილავს სამედიცინო პერსონალის (მათ შორის, პარამედიკოსის) საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. ამრიგად, დარღვევის შინაარსისა და შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით ექიმის პასუხისმგებლობა შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახით, მათ შორის, შესაბამისი ორგანოს - პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ ადმინისტრაციული წესით მიღებული გადაწყვეტილება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის რომელიმე სახის გამოყენების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ის ფაქტი, რომ თ. ღ-ე შპს „უ...ს“ ბავშვთა ახალი კლინიკაში ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას (სერტ. ,,...“) და იკავებს ... განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას.

თ. ღ-ეის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ზ. მ-ის განცხადების საფუძველზე, შპს „უ...“ - ბავშვთა ახალ კლინიკაში 11 წლის პაციენტ ნ. მ-ის სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შედეგები, რომლის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლისა პირველი პუნქტითა და „პროფესიული განვითარების საბჭოს“ დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლა საკითხი და შედეგად, 2018 წლის 6 დეკემბრის №7 სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის, თ. ღ-ეის მიმართ „წერილობითი გაფრთხილების“ გამოყენების თაობაზე. ოქმის შინაარსის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება ძირითად დაეფუძნა რეცენზენტთა დასკვნებს საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვასთან დაკავშირებით.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის პროფესიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ სახედ გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება (,,ა“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს.

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობები გათვალისწინებულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით, რომლის 38-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით: ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს; ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს; გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს; დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას – თავისუფალი და დამოუკიდებელი; ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ავალდებულებს თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კლინიკური დიაგნოზი იწერება პაციენტის ბარათის სატიტულო ფურცელზე პაციენტის სტაციონარში შესვლიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. დასკვნითი დიაგნოზი იწერება პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას და მისი ფორმულირება უნდა შეესაბამებოდეს ავადმყოფობას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის ICD-10 ნორმების კლინიკურ ვარიანტს. საბოლოო დიაგნოზი უნდა შეიცავდეს პაციენტის ყველა გართულებასა და კლინიკური მნიშვნელობის თანმხლებ დაავადებებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, გეგმური პაციენტი უნდა გაისინჯოს მიმღები (მორიგე) ექიმის მიერ სტაციონარში შემოსვლისთანავე და პირველადი გასინჯვის მონაცემები შეიტანება მოკლედ. სასწრაფო ან გადაუდებელი მდგომარეობის დროს პაციენტი ისინჯება მორიგე ექიმის მიერ, მიმღებ განყოფილებაში გამოძახებისთანავე. გეგმური პაციენტის მიღების სტატუსი ბარათში იწერება მიმდინარე სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო სასწრაფო პაციენტის სტატუსი – პირველი გასინჯვის დროს. სტატუსი უნდა იყოს ინფორმატიული და კლინიკური მნიშვნელობის მონაცემები სრულყოფილად ასახული. მითითებული ნორმატიული აქტის მე-13 პუნქტის შესაბამისად, განყოფილების ხელმძღვანელი გეგმურ პაციენტს სინჯავს განყოფილებაში შემოსვლიდან არა უგვიანეს მესამე დღისა, ხოლო მძიმე და საშუალო სიმძიმის ავადმყოფების შემთხვევაში – ჰოსპიტალიზაციის მომენტიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში; მე-14 პუნქტის მიხედვით, განყოფილების ხელმძღვანელის შემოვლები კეთდება არანაკლებ კვირაში ერთხელ. ისტორიაში ფორმდება კლინიკური დიაგნოზი, რეკომენდაციები და დასტურდება მისი ხელმოწერით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და ინფორმაციის სიზუსტის მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურებისა თუ ჩატარებულ მკურნალობის შესახებ სამედიცინო ბარათში ინფორმაციის ზედმიწევნით სწორად და დეტალურად ასახვას, მეორე მხრივ, ტექნიკური შეცდომის მინიმუმამდე დაყვანის ვალდებულებას, ვინაიდან სამედიცინო ბარათში ასახული ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულების ექიმის სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელშიც დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების შეზღუდვა. ამდენად, სამედიცინო ბარათში ასახული ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება გახდეს მის შევსებაზე უფლებამოსილი პირის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა. აღნიშნული ვალდებულება კიდევ უფრო გულისხმიერად უნდა შესრულდეს, როდესაც პაციენტი ბავშვია, რომელსაც ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მასალებით დადასტურებულია, რომ 11 წლის პაციენტი ნ. მ-ი შპს „უ...“ - ბავშვთა ახალი კლინიკის შესაბამის განყოფილებაში მოთავსდა 2015 წლის 2 მარტს, 23:53 საათზე ხაშურის კატასტროფის სამედიცინო ცენტრის მიერ, დაავადების დაწყებიდან მეორე დღეს - დაავადება დაეწყო თავის ტკივილით, ტემპერატურის მატებით 39 გრადუსამდე, აღენიშნებოდა მუდმივი გულისრევა. ძილში გამოუვლინდა კრთომები, კანკალი, საწოლზე წოლისას დაკარგა გონება, განუვითარდა გენერალიზებული კრუნჩხვა, რაც ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდა. სტაციონარის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში კრუნჩხვა განმეორდა. იმყოფებოდა მორიგე ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. მკურნალობა უტარდებოდა ...ს მეთვალყურეობით ანტიკონვულსიური და სიცხის დამწევი პრეპარატებით. 12 საათის შემდეგ პაციენტი გადაყვანილი იყო მეორე პედიატრიულ განყოფილებაში დიაგნოზით: .... მეორე დღეს მდგომარეობა გაუარესდება: გამოვლინდა ..., .... ...ის კონსულტაცია ჩაუტარდა ჰოსპიტალიზაციიდან მესამე დღეს, თუმცა პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა - ... არ ექვემდებარებოდა მედიკამენტით მკურნალობას, განვითარდა ... - 4.5 ქულა გლაზგოს შკალით.

2015 წლის 4 მარტს, 11:00 საათზე პაციენტი პირადად გასინჯა ექიმმა თ. ღ-ემ, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მისი ხელმოწერით. ჩანაწერის მიხედვით, „ობიექტური და პარაკლინიკური მონაცემებით დაისვა დიაგნოზი: „...“, საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას ...ს მეთვალყურეობით“. 2015 წლის 4 მარტს 12:00 საათზე პაციენტი გადაყვანილ იქნა სხვა განყოფილებაში, ... მიმართულებით. მდგომარეობის დამძიმების გამო, 06.03.2015წ. 18:00სთ-ზე პაციენტი გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, დიაგნოზით: „...“ (...).

პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, 2018 წლის 6 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, გამოიკითხა როგორც პაციენტის მამა, ასევე ექიმები, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხის განხილვაც მიმდინარეობდა, მათ შორის, მოსარჩელე თ. ღ-ე. თ. ღ-ემ განმარტა, რომ პაციენტის მკურნალობაში მონაწილეობდა ეპიზოდურად. ვინაიდან წარმოადგენს ... განყოფილების ხელმძღვანელს, ხოლო პაციენტი კლინიკაში შევიდა დღის მეორე ნახევარში, მან გასინჯა და სამუშაო დღის დამთავრებისას დატოვა კლინიკა. მეორე დღეს, დასვენების გამო, სამსახურში არ გამოცხადებულა, ხოლო 04.03.2015წ. პაციენტის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება პაციენტის სპეციალურ მე-2 თერაპიულ განყოფილებაში გადაყვანის თაობაზე. მისივე განმარტებით, დასვენების დღეებში განყოფილების ფუნქციონირებაზე, ასევე, მძიმე პაციენტის შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა მორიგე ექიმი. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ თავად იქნებოდა ადგილზე, პაციენტს შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 24 ოქტომბრის №02/66601 მიმართვის საფუძველზე, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... სნეულებათა დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეცენზიის თანახმად (ტ.III. ს.ფ. 303-304), მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი სტაციონარში მოთავსდა დაავადების დაწყებიდან ადრეულ სტადიაზე (მეორე დღეს), სრულად იყო გამოხატული მწვავე ...ის - ...ის კლინიკური ნიშნები. დაავადება, ისიც მხოლოდ სინდრომალურად, ამოცნობილი იქნა ჰოსპიტალიზაციიდან 4 დღის შემდეგ, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე დრამატულად გაუარესებული იყო. დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები ქმნიდა საფუძველს, რომ ჰოსპიტალიზაციიდან პირველივე საათებში ეჭვი მიტანილიყო მწვავე ...ის არსებობაზე - ...ზე. ამას ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა სადიაგნოსტიკო ლუმბალური პუნქციის და/ან თავის ტვინის მაგნიტო - რეზონანსული კვლევის ჩატარება. ამ შემთხვევაში სახეზე იქნებოდა სრული კლინიკო-ლაბორატორიული კომპლექსი - ...ით ავადმყოფი, გამოხატული ... და ... - ...ით, რაც უკვე ...ის ...ზე დასაბუთებულ ეჭვს გამოიწვევდა.

რეცენზენტთა შეფასებით, კრიტიკას ვერ უძლებდა სამედიცინო დოკუმენტის წარმოების ხარისხი. არ იყო დაცული სტაციონარული პაციენტის ისტორიის წარმოების საყოველთაოდ მიღებული, ელემენტარული და აუცილებელი მოთხოვნები: ისტორიის პირველივე გვერდზე: ჰოსპიტალიზაციის თარიღი და დრო - 02.03.2015წ. 11:08; პირველივე კლინიკური დიაგნოზი: ..., დადგენის თარიღი -01.03.2015 (?) ანუ ჰოსპიტალიზაციამდე 1 დღით ადრე. პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან სტაციონარის განყოფილებაში გადაიყვანეს 12 სთ-ის შემდეგ, 23:23 სთ-ზე, დიაგნოზით: ... დაუზუსტებელი. დაუდგენელი ... (?). ამასთან, პირველი ეჭვი ...ის არსებობაზე გაჩნდა ჰოსპიტალიზაციიდან 1,5 დღის შემდეგ, როცა პაციენტის მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა. ყველა ექიმი, რომელიც შეხებაში იყო პაციენტთან, აკეთებდა გაურკვეველ, ლოგიკას მოკლებულ ჩანაწერს, რომელთა დიდი ნაწილის წაკითხვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ერთობლიობაში არ გაანალიზებულა არსებული კლინიკური ნიშნები, წინასწარი დიაგნოზის დასაბუთებისას საერთოდ იგნორირებულ იქნა სიცოცხლისათვის სახიფათო კლინიკური ნიშნები: ..., ..., ..., .... არ იყო ჩატარებული კვლევების (კონკრეტულად, ლიქვორის კვლევის) შედეგების ინტერპრეტაცია და შეფასება. სტაციონარში ჰოსპიტალიზაციის პირველ საათებში ჩატარებული ...ის ორი კონსულტაციიდან არცერთში არ იყო ნერვული სტატუსის დეტალური აღწერა, რის გამოც ჩანაწერი „პათოლოგიური ... სიმპტომატიკა არ ვლინდება“ არადამაჯერებელი იყო, არ ჩატარებულა განყოფილების ან საავადმყოფოს შიდა კონსილიუმები წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, არ იყო ეტაპური ეპიკრიზები და ა.შ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას თ. ღ-ეის პროფესიული პასუხისმგებლობის გამორიცხვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერი - „საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას ...ს მეთვალყურეობით“, ნაცვლად „საჭიროებს პაციენტის სპეციალიზებულ პროფილურ კლინიკაში (... განყოფილებაში) გადაყვანისა“, არ წარმოადგენს ისეთი სახის დარღვევას, რის გამოც ექიმს უნდა დაკისრებოდა რაიმე სახის პასუხისმგებლობა, მაშინ როდესაც ჩანაწერის მიუხედავად, საბოლოოდ პაციენტი გადაყვანილ იქნა სპეციალიზებული მიმართულების მქონე განყოფილებაში.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესზე“ და მისი დაცვის მნიშვნელობაზე. კერძოდ, აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი სამედიცინო პერსონალს იმპერატიულად უწესებს, რომ სასწრაფო ან გადაუდებელი მდგომარეობის დროს, პაციენტის მორიგე ექიმის მიერ გასინჯვისთანავე მიღების სტატუსი ბარათში ჩაიწეროს პირველი გასინჯვის დროს. სტატუსი უნდა იყოს ინფორმატიული და კლინიკური მნიშვნელობის მონაცემები სრულყოფილად ასახული. ამდენად, მაშინ როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მკურნალობის მიმდინარეობისას ჩართული იყო ..., თ. ღ-ეის მიერ სამედიცინო ბარათზე გაკეთებული ჩანაწერი - „საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას ...ს მეთვალყურეობით“ , ვერ იქნება გაგებული იმგვარად, რომ აღნიშნული გულისხმობდა შემდეგ შინაარსს: „საჭიროებს პაციენტის სპეციალიზებულ პროფილურ კლინიკაში (... განყოფილებაში) გადაყვანას“. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასება დაუსაბუთებელია, რამდენადაც ცალსახად იკვეთება „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ დარღვევა, ამასთან რეცენზენტთა შეფასებით დამაჯერებლად დადასტურებულია, რომ არსებობდა კლინიკაში მოთავსებისთანავე დაავადების გამოვლენის წინაპირობა, მათ შორის, დადასტურებულია 04.03.2015 წლის 11:00 საათზე ჩატარებული კონსულტაციისას თ. ღ-ეის მიერ სამედიცინო ბარათზე არასწორი ფორმულირებით ჩანაწერის გაკეთება.

საკასაციო პალატისთვის გაურკვეველია სააპელაციო პალატის დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქნა უარყოფილი გარკვეულ რეცენზენტთა დასკვნა, რომლითაც ნ. მ-ის სამედიცინო შემთხვევის შემოწმების შედეგად არაერთი ექიმის, მათ შორის, ექიმ თ. ღ-ეის ქმედებები უარყოფითად შეფასდა. კერძოდ, ხარვეზით შევსებული სამედიცინო ბარათის არსებობის მიუხედავად, სასამართლომ აღნიშნული არ მიიჩნია პასუხისმგებლობის ყველაზე მსუბუქი ფორმის ,,წერილობითი გაფრთხილების“ გამოყენების საფუძვლად, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ დასკვნა და ადეკვატური სახდელის შერჩევა მოცემულ შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე უშეცდომოდ განხორციელდა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 11 წლის პაციენტ ნ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების დონე იმ აღიარებულ სტანდარტებზე უფრო დაბალია, რომელთა მიხედვითაც, იმოქმედებდა იმავე კვალიფიკაციისა და სპეციალობის ექიმი მსგავსი გარემოებების არსებობისას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ადმინისტრაციული ორგანოსათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ შეუძლებელია კანონით ზუსტად განისაზღვროს ყველა ცალკეული შემთხვევის სამართლებრივი შედეგი, ამდენად, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს უფლებით მიიღოს მოქნილი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებისას მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერების დადგენა, რის შესამოწმებლადაც სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება და ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რა გარემოებებსაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, დადასტურებულია მოსარჩელის მიერ საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვა, რისთვისაც გამოყენებულია ყველაზე მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დასტურდება, რომ აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციის შეფარდებისას გაითვალისწინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები, მხედველობაში მიიღო სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება, რამაც საბოლოოდ განაპირობა გამოვლენილი დარღვევის შესაბამისი სანქციის დაკისრება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ღ-ეის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 450 (150+300) ლარი, მისი ანაზღაურება მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. ღ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. თ. ღ-ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა