№ბს-12(კ-24) 21 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე: ზ. ბ-ე, მესამე პირები - დ., ს., მ. ბ-ეები).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 13 დეკემბერს ზ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 4.12.2020წ. №03/19232 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, 2021 წლის 9 მარტს გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქალაქო სასამართლოს მიერ მხარეს განემარტა, რომ სარჩელის შეტანამდე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯერ ადმინისტრაციული საჩივრით უნდა გაესაჩივრებინა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ზ. ბ-ემ საქმის განხილვისას იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე, რის შედეგადაც სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. მოსარჩელის მითითებით გასაჩივრებულ აქტში არ იყო განმარტებული მისი გასაჩივრების ვადა, ადგილი და წესი, რამაც განაპირობა მის მიერ სარჩელის პირდაპირ სასამართლოში შეტანა. 2021 წლის 24 სექტემბერს ზ. ბ-ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ოქტომბრის №03/18268 აქტით ზ. ბ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რადგან გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა "ზ. ბ-ისთვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ" სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ოქტომბრის N03/18268 აქტის ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის, ზ. ბ-ის (პ/ნ ...) №49454 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ: დ. ბ-ე (პ/ნ ..., დაბ:...), ს. ბ-ე (პ/ნ ..., დაბ:...წ) და მ. ბ-ე (პ/ნ ..., დაბ....წ.).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ოქტომბრის №03/18268 აქტი ზ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელის, ზ. ბ-ის (პ/ნ ...) №49454 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 12 ნოემბერს ზ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. განმცხადებლის განმარტებით, მას და მის ოჯახს არ მიუღია სახელმწიფო კომპენსაცია და ითხოვა მისი საკითხის განხილვა.
სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 წერილით ზ. ბ-ეს ეცნობა, რომ, როგორც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულს, მიღებული აქვს კომპენსაცია (ბინის შესაძენად), რომელსაც გასცემდა სს "...ა". აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითვლება სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კომპენსირებულად და მისი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.
2021 წლის 9 მარტს ზ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 აქტის ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, ზ. ბ-ის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად სარჩელის გახმობის გამო.
2021 წლის 24 სექტემბერს ზ. ბ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ოქტომბრის №03/18268 წერილით ზ. ბ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო არ განიხილავდა წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს, ვინაიდან გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა დაინტერესებულ პირს განუმარტოს მის მიერ გამოცემული აქტის გასაჩივრების წესი და ვადა, ხოლო ამ დანაწესის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასეთი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 აქტში არ იყო განმარტებული აქტის გასაჩივრების წესი და ვადა. ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრა პირდაპირ სასამართლოში აჩერებს გასაჩივრების ვადის დინებას, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ოქტომბრის №03/18268 აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს და უკანონოდ ზღუდავდა მის უფლებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ზ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე, უკანონოდ აბრკოლებდა მოსარჩელის უფლების რეალიზებას, მოეთხოვა და მიეღო სახელმწიფო კომპენსაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის პოზიციით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს რიგი ფაქტობრივი გარემოებები. 2021 წლის 24 სექტემბერს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 წერილის ბათილად ცნობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავოდ გამხდარი წერილი ზ. ბ-ეს ჩაბარებული აქვს 2021 წლის 10 თებერვალს. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, 182-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ'' ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის ვადის გაშვება ისე, რომ დასაბუთებული არ არის აღნიშნული გარემოების გამომწვევი საპატიო მიზეზი.
კასატორის მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (05.11.2013წ. №3/1/531) განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა მოიცავს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს, ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას და გაქარწყლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს ზვიად ბურნაძის მიერ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 წერილზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის, გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ. ბ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მასზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.
2020 წლის 27 იანვარს ზ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით. 2020 წლის 12 ნოემბერს ზ. ბ-ემ განმეორებით მიმართა განცხადებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. განმცხადებელმა განმარტა, რომ არ მიუღია სახელმწიფო კომპენსაცია და ითხოვა მისი საკითხის განხილვა. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 წერილით ზ. ბ-ეს ეცნობა, რომ, როგორც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულს, "სს ...ასგან" მიღებული ჰქონდა კომპენსაცია (ბინის შესაძენად). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითვლება სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კომპენსირებულად და მისი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.
დადგენილია, რომ 2021 წლის 9 მარტს ზ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 აქტის ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, სარჩელის გახმობის გამო, ზ. ბ-ის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.
2021 წლის 24 სექტემბერს ზ. ბ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ოქტომბრის №03/18268 წერილის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო არ განიხილავდა წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს, ვინაიდან გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ "...ადმინისტრაციული სამართლის დოქტრინის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი წესის გავრცელება, რომლის მიხედვითაც, თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ან არასწორად განემარტა იგი, მაშინ გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში" (საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-226-223 (2კ-14) 23.09.2014, №ბს-168-16 (კს-09) 28.04.2009, ბს-№1433-1391 (კ-08) 17.03.2009, №ბს-168-162(კს-09) 28.04.2009, №ბს-1433-1391(კ-08) 17.03.2009 განჩინებები).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტი მისი გასაჩივრების წესის მითითებაა. აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია აქტის ადრესატს განუმარტოს მის მიერ გამოცემული აქტის გასაჩივრების წესი და ვადა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ №03/19232 აქტი გამოსცა 2020 წლის 4 დეკემბერს, ხოლო მხარემ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა 2021 წლის 24 სექტემბერს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელზეც მხარემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა, არ ადგენდა გასაჩივრების წესს, იგი შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. ამდენად, აქტის გამოცემიდან 1 წლის ვადაში საჩივრის შეტანის პირობებში ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, უარი ეთქვა მის განხილვაზე. კასატორის მოსაზრებით ვინაიდან მხარემ სააგენტოს 4.12.2020წ. №03/19232 წერილი პირადად ჩაიბარა 2021 წლის 10 თებერვალს, სწორედ აღნიშნული პერიოდიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეეტანა ადმინისტრაციული საჩივარი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარემ ადმინისტრაციული საჩივრის შეტანამდე იმავე სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, აქტის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, 2021 წლის 9 მარტს სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.5 მუხლის თანახმად, განცხადების წარდგენისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ორგანოში.
ამდენად, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზ. ბ-ის მიერ დაცულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის ვადა და არ არსებობდა მის მიერ წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა