№ბს-33(2კ-24) 21 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. გ-ის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 27 სექტემბერს ს. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ "მიწის ნაკვეთზე ს. გ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №2018 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა, მე-..., №...-ის მიმდებარედ (საერთო ფართი 1190 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე ს. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2002 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, მდებარე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩის, მე-..., №...-ის მიმდებარე ტერიტორია. მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა, თუმცა 2022 წლის 26 აგვისტოს №2018 განკარგულებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები. სარჩელში მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის სახით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში, ...ს ქუჩაზე, მე-..., №...-ის მიმდებარედ არსებულ 1190 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე რაიმე უფლების რეგისტრაციის და რეგისტრაციის ცვლილების განხორციელების აკრძალვის თაობაზე წინამდებარე სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ს. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რაც მის მიერ საჩივრით გასაჩივრდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ს. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ს. გ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და შუამდგომლობის ხელახლა განხილვის მიზნით საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ს. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-5, მე-3, მე-11 მუხლებზე, ასევე ზემოაღნიშნული დასახელების კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტზე. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის ობიექტები).
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს „ჯ..." 2022 წლის 15 აპრილის OG22-07746 წერილით დგინდებოდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის წაკვეთზე გაედინება შპს „ჯ...“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის D-250 მმ-იანი და წყალარინების ID-1000 მმ-იანი ქსელები. „კომპანია“ განმარტავს, რომ წყალსადენ წყალარინების ქსელის გარშემო ტერიტორია ითვლება გაზრდილი რისკის ზონად, ამიტომ „კომპანიას“ აუცილებლად მიაჩნია წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მოწყობა შენობა ნაგებობისათვის, რათა ქსელების დაზიანების შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ზარალის რისკი. ამასთან, კომპანია მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთზე შესაძლოა გაედინებოდეს სხვა, მესამე პირთა კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული წყალსადენ წყალარინების ქსელები, რომელთა შესახებ კომპანია ინფორმაციას არ ფლობს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების
სააგენტოს 2020 წლის 24 ნოემბრის №16-01203291337 წერილის თანახმად, სააგენტომ ქალაქეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა, მე-..., №...-ის მიმდებარედ, (საერთო ფართი 1190 კვ.მ) მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებული მიწის ნაკვეთზე, ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება სპეციალური ზონა. კვეთს ... საკადასტრო ერთეულს. აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამორიცხავდა მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-იმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №2018 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით განსაზღვრულ ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 16 ოქტომბერს ს. გ-იმა სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა, მე-..., №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. მოსარჩელე მხარემ თანხმობა განაცხადა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 29 ოქტომბერს, ს. გ-ის განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად, საკითხის შესასწავლად, გადაიგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.
კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №2018 განკარგულებით ს. გ-ის უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სადავო განკარგულების თანახმად, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაციის, წყალმომარაგების მილის მილსადენი (ს/კ: ...) და წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ ...). შპს „ჯ..." 2022 წლის 15 აპრილის OG22-07746 წერილით დგინდება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გაედინება შპს „ჯ...“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის D-250 მმ-იანი და წყალარინების ID-1000 მმ-იანი ქსელები. „კომპანია“ განმარტავს, რომ წყალსადენ წყალარინების ქსელის გარშემო ტერიტორია ითვლება გაზრდილი რისკის ზონად, ამიტომ „კომპანიას“ აუცილებლად მიაჩნია წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მოწყობა შენობა ნაგებობისათვის, რათა ქსელების დაზიანების შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ზარალის რისკი. ამასთან, კომპანია მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთზე შესაძლოა გაედინებოდეს სხვა, მესამე პირთა კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული წყალსადენ წყალარინების ქსელები, რომელთა შესახებ კომპანია ინფორმაციას არ ფლობს. განკარგულების თანახმად, ზემოაღნიშნული გარემოება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს ს. გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები. მსგავსი შინაარსის დათქმას შეიცავს ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის დიდ ნაწილზე კანონი უშვებს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს ისე უთხრა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე, რომ მიწის ნაკვეთის ცალკეულ ნაწილზე არსებული შეზღუდვა გაავრცელა მთელ სადავო მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია საკითხი იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების არსებობის პირობებში, შპს „ჯ...“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის ქსელებისგან თავისუფალ ნაკვეთზე რამდენად იყო შესაძლებელი ს. გ-ის საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუყენებია შესაძლებლობა, განმცხადებლისათვის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა შეეთავაზებინა, რათა ემსჯელა დარჩენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა (2023 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:00:45-14:03:00, 14:06:00-14:07:00), ადმინისტრაციული წარმოებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ გამოუკვლევია, თუ რამდენად დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ს. გ-ის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. გ-იმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ (სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში).
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს "ჯ..." წერილზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ვინაიდან წყალარინების ობიექტები შესაძლოა კვეთდეს საკუთრების უფლებით დატვირთულ ქონებას, აღნიშნული შესაძლოა გახდეს ს. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველი. " ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტი ს. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას პირდაპირ გამორიცხავს. სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება ხდება, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. კასატორისთვის ბუნდოვანია რა დამატებითი გარემოება უნდა გამოეკვლია აღიარების კომისიას, მაშინ როდესაც ყველა წარდგენილ მტკიცებულებას მიეცა სათანადო შეფასება, მათ შორის შპს "უ...ის" და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2020 წლის 24 ნოემბრის წერილებს. კასატორი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობის და ელექტროგაყვანილობის) ობიექტის ცნებაში მოიაზრება სწორედ წყალარინების მილებიც. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორმა - ს. გ-იმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავოდ არ ყოფილა ცნობილი ის გარემოება, რომ ს. გ-ი 2000 წლიდან ფლობს 1190 კვ.მ მიწის ნაკვეთს მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა, მე-..., №.... კასატორი მიიჩნევს, რომ თვითნებურად დაკავების ფაქტის უდავო ხასიათის გათვალისწინებით სასამართლოს შეეძლო სარჩელი სრულად დაეკმაყოფილებინა. კასატორის პოზიციით შპს "უ...ის" წერილიდან არ იკვეთება, რომ მილების გამო შეუძლებელია სადავო ტერიტორიაზე ვინმეს საკუთრების უფლების აღიარება. წერილში აღნიშნულია, რომ ტერიტორია შესაძლოა საჭირო იყოს ჯებირების ან სხვადასხვა კონსტრუქციული სამუშაოების ჩასატარებლად. ს. გ-ი არ გამოთქვამს წინააღმდეგობას საჭიროების შემთხვევაში წყალმომარაგების კომპანიამ აწარმოოს კონკრეტული სამუშაოები. კასატორი მოიხმობს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტს და აცხადებს, რომ სადავო ტერიტორიაზე წყალსადენი მილების არსებობა პირის საკუთრების უფლების აღიარებისთვის დამაბრკოლებელი ვერ იქნება. კანონში მითითებული სიტყვა განთავსებულია გულისხმობს სტაციონალურ ნაგებობას, რომელიც მიწის ზედაპირზეა, შესაბამისად იგი არ ვრცელდება მიწისქვეშა წყლის მილებზე. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კომუნიკაციის ობიექტი და კომუნიკაციის ქსელი. "წყლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, თანახმად, ობიექტი განმარტებულია, როგორც სტაციონალური ნაგებობა და არა როგორც მილების ქსელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ს. გ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №2018 განკარგულების კანონიერება და ს. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1).
მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2020 წლის 16 ოქტომბერს ს. გ-იმა სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა, მე-..., №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (1190 კვ.მ) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. მოსარჩელე მხარემ თანხმობა განაცხადა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი 2020 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით ზედდებაშია საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს.კ ...). ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (ს/კ ...) და სსიპ თვითმმართველი ქალაქი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (ს/კ ...).
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2020 წლის 24 ნოემბრის №16-01203291337 წერილის თანახმად, სააგენტომ ქალაქეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ქ.თბილისში, ...ს ქუჩა, მე-..., №12-ის მიმდებარედ, (საერთო ფართი 1190 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესი საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით მიხედვით, ვრცელდება სპეციალური ზონა, კვეთს ... საკადასტრო ერთეულს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 21 დეკემბრის №46 სხდომის ოქმით დგინდება, რომ ს. გ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით კომისიის მომსახურების განყოფილებამ შპს "ჯ...აგან" დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია.
შპს „ჯ..." 2022 წლის 15 აპრილის OG22-07746 წერილის თანახმად, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გაედინება შპს „ჯ...“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის D-250მმ-იანი და წყალარინების ID-1000 მმ-იანი ქსელები. კომპანიამ განმარტა, რომ წყალსადენ წყალარინების ქსელის გარშემო ტერიტორია ითვლება გაზრდილი რისკის ზონად, ამიტომ „კომპანიას“ აუცილებლად მიაჩნია წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მოწყობა შენობა-ნაგებობისათვის, რათა ქსელების დაზიანების შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ზარალის რისკი. ამასთან, კომპანიამ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე შესაძლოა გაედინებოდეს სხვა, მესამე პირთა კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული წყალსადენ წყალარინების ქსელები, რომელთა შესახებ კომპანია ინფორმაციას არ ფლობს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №2018 განკარგულებით ს. გ-ის უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სადავო განკარგულების თანახმად, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაციის, წყალმომარაგების მილის მილსადენი (ს/კ: ...) და წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ ...). საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „ჯ..." 2022 წლის 15 აპრილის OG22-07746 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის წაკვეთზე გაედინება შპს „ჯ...“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის D-250 მმ-იანი და წყალარინების ID-1000 მმ-იანი ქსელები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის) მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვითნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე, 2007 წლამდე. ამავე კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. საკასაციო პალატამ 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში (სუსგ №ბს-808(კ-20), 25.01.2021წ.) განმარტა: „...რომ კომისიას შეუძლია არა მხოლოდ სრულად დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება ან სრულად უარი თქვას მის დაკმაყოფილებაზე, არამედ განმცხადებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს ნაწილობრივ, მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელთან მიმართებითაც დასტურდება საკუთრების უფლების აღიარების ნორმატიული წინაპირობების არსებობა.“ შესაბამისად, თუკი კომისია მოსარჩელის მოთხოვნას ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნევდა, ამ ნაწილში უნდა ეღიარებინა მოსარჩელის საკუთრების უფლება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები. მსგავსი შინაარსისაა ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტი.
მოცემული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ს. გ-ის მოთხოვნის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე იქნა მიღებული განკარგულება მასზედ, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სადავო მიწის ნაკვეთის დიდ ნაწილზე კანონი არ ზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას აღიაროს ს. გ-ის საკუთრების უფლება, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ იმსჯელა იყო თუ არა შესაძლებელი მიწის ნაკვეთის გარკვეულ ნაწილზე მაინც საკუთრების უფლების აღიარება. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია საკითხი იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების არსებობის პირობებში, შპს „ჯ...“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის ქსელებისგან თავისუფალ ნაკვეთზე რამდენად იყო შესაძლებელი ს. გ-ის საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, განმცხადებლისათვის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა შეეთავაზებინა. მნიშვნელოვანია, რომ კომისიას არ დაუსაბუთებია ნაკვეთის დანარჩენ ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო განკარგულებაში არ არის გამოკვლეული საკითხი იმის თაობაზე თუ რამდენად დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ს. გ-ის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები.
ამდენად, მართალია, ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, მოქმედებს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას, რაც სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. გ-ის საკასაციო საჩივარზე მ. ხ-ეს 22.12.2023წ. №19890684419 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ხ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ს. გ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. გ-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;
3. მ. ხ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. გ-ის საკასაციო საჩივარზე 22.12.2023წ. N19890684419 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა