საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-552(კ-23) 19 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ვ-ე
მესამე პირები - კ.ვ-ე, ნ.ს-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 30 ნოემბერს გ.ვ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2007 წლიდან ფლობს და სარგებლობს 717 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ...ში მის საკუთრებაში რეგისტრირებული 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განთავსებული აქვს ხეხილის ბაღი, ბოსტანი და მცირე მეურნეობა. 2018 წლის 6 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. თბილისში, ...ში, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 717 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 26 ოქტომბრის №1272 განკარგულებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 26 ოქტომბრის №1272 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. თბილისში, ...ში 717 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ.ვ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 26 ოქტომბრის №1272 განკარგულება; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ.ვ-ის მიმართ აღიარებული იქნება საკუთრების უფლება ქალაქ თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე მის საკუთრებაში რეგისტრირებული 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 717 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება საქმეში წარმოდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც მოწმეები ადასტურებენ, რომ გ.ვ-ე და მისი ოჯახის წევრები 2000 წლიდან ნამდვილად ფლობენ და სარგებლობენ 717 კვ.მ მიწის ნაკვეთს და იგი მდებარეობს ქ. თბილისში, სოფელ ...ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონების მიმდებარედ); საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით ასევე ირკვევა, რომ უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება მრავალწლიანი ხე-მცენარეები; სიტუაციური ნახაზით, ორთოფოტოთი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ემიჯნება რამდენიმე საკადასტრო ერთეულს, მათ შორის იმ საკადასტრო ერთეულს, რომლის თანამესაკუთრეცაა მოსარჩელე გ.ვ-ე და წარმოადგენს მითითებული საკადასტრო ერთეულის ბუნებრივ გაგრძელებას. ამასთან, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით მიწის შემაღლებული ნაწილზე, რომელიც მის ბუნებრივ გეოგრაფიული საზღვარს წარმოადგენს მოწყობილია საავტომობილო გზა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მოწმეთა განცხადების (სანოტარო წესით დამოწმებული) სუბიექტურ ხასიათზე და აღნიშნა, რომ შესაძლებელია მხოლოდ მოწმის ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნეს განხილული, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირობოდ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რაც ეწინააღმდეგება კანონს. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მითითებას მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) გ.ვ-ის თანასაკუთრების უფლების 2007 წლის შემდგომ პერიოდში (2009 წელი) რეგისტრაციაზე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს ამონაწერით დგინდება, აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველს (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი) 1992 წლის 20 აგვისტოს №395 მიღება-ჩაბარების აქტი და 2005 წლის 8 ივნისის №617 ცნობა წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის საზღვრებში, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაცია არ გამორიცხავს მოთხოვნის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებში მოქცევის შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ.ვ-ე ოჯახთან ერთად ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, არ არსებობდა გ.ვ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. კანონის ნორმის ამ დათქმით მთავარი აქცენტი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ არის მიმართული და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება უფლება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის დასადგენად საჭიროა საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული და უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთების ერთიან სივრცესა და ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობა, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა კანონის ამოქმედებამდე და აქედან გამომდინარე, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ფლობა-სარგებლობის ფაქტის დადგენა.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე „მრავალწლიანი“ ხე-მცენარეების არსებობის თაობაზე და განმარტავს, იმისათვის, რომ სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გაეკეთებინა, მას საქმეში უნდა ჰქონოდა ფაქტის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება. სასამართლოს მსჯელობა ხე-ნარგავების ხანდაზმულობაზე, ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და არ არის გამყარებული არანაირი მტკიცებულებით (მეცნიერული კვლევის მეთოდით). თუნდაც, მოსარჩელეს წარმოედგინა მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილება, აღნიშნული ვერ გახდებოდა, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, რამდენადაც კანონი არ ითვალისწინებს მწვანე ნარგავების საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარებას.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით (ორთოფოტოებით და ფოტომასალებით) არ დასტურდება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და გ.ვ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთიან სივრცეში და ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებისთვის აუცილებელი პირობაა მიწის ნაკვეთით 2007 წლამდე სარგებლობის ფაქტის დადგენა. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა განცხადებები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება თვითნებურად დაუფლების სხვა ფაქტები, მეზობელთა განცხადება ცალკე, დამოუკიდებლად არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას, ის შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ვინაიდან მოწმეთა განცხადებებს, შესაძლოა, უმეტესწილად სუბიექტური ხასიათი ჰქონდეს. ამასთან, მოწმეთა თანხმობების ნოტარიულად დადასტურება მათ მეტ სარწმუნოობას არ სძენს, რადგან ნოტარიუსი არ ადასტურებს განცხადების შინაარს, ამასთანავე, ის, რომ განცხადებაზე ხელმომწერი პირი იცნობს განცხადების შინაარს, არ ადასტურებს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობას. კასატორს მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენება დამოუკიდებლად, სხვა მტკიცებულებით გამყარების გარეშე, არ წარმოადგენს გ.ვ-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ იქნა დადასტურებული გ.ვ-ის მიერ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ.ვ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ დასტურდება გ.ვ-ის მიერ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ.ვ-ემ 2018 წლის 6 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქ. თბილისში, ...ში, (ზონა: თბილისი, სექტორი: ...) 717 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, უფლებასაღიარებელ ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ში არსებული 717 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს კ.ვ-ის, გ.ვ-ის და ნ.ს-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ (ს/კ ..., სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2600 კვ.მ.; შენობა N...). სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ა.ც-მა, მ.შ-მა და მ.ღ-ემ დაადასტურეს, რომ კ.ვ-ე, გ.ვ-ე და ნ.ს-ი 2000 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობენ და სარგებლობენ მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე მისამართზე: თბილისი, სოფელი ... ს/კ ...) მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი შეადგენს 717 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა №64-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს კ.ვ-ის, გ.ვ-ისა და ნ.ს-ის თანასაკუთრებას.
2019 წლის 13 მარტის №... სამსახურებრივი ბარათით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს ეცნობა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მიხედვით, №... განცხადებაზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი 07.03.2018 წლის მდგომარეობით ზედდებაშია უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს/კ ..., მესაკუთრე სახელმწიფო).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ...ის რაიონის ...ის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) მიწის ნაკვეთის ფართობს. მითითებულ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. ინფორმაციის მოძიება განხორციელდა სარეგისტრაციო განცხადების ნომრის, დაინტერესებული პირის სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მიხედვით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №... წერილობითი მიმართვით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა გ.ვ-ის განცხადება თანდართული და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებულ დოკუმენტებთან ერთად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის 2021 წლის 15 სექტემბრის №16-01212582242 ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განმეორებით განიხილა 717 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დაადგინა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-2) ზონა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2021 წლის 26 ოქტომბრის №1272 განკარგულებით უარი უთხრა გ.ვ-ეს მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., საერთო ფართობი - 717, 00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომლის 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. აღნიშნული „წესის“ შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი, განცხადების წარდგენის მომენტისათვის, ნამდვილად მართლზომიერად ფლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი (მუხლი 3).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ნამდვილობის დადასტურება. ამ მიზნით, დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გამოირიცხება უძრავი ქონების სხვა პირის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი. თავის მხრივ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა წარმოშობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლომ №ბს-1008(კ-20) საქმეზე განმარტა, რომ ,,კანონის მიზანია კერძო პირის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი არა ყველა მიწის ნაკვეთის განკერძოება, არამედ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემა, რომელზეც უტყუარად დასტურდება 2007 წლამდე დაუფლების ფაქტი, ნაკვეთის გამოყენება დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, კერძო პირის მიერ ნაკვეთის „მისაკუთრება“, რაც დგინდება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ცხოვრებით ან/და საქმიანობით, ნაკვეთის დაუფლების არადროებითი ხასიათით, ნაკვეთის, როგორც საკუთარის ფლობით“.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, მყარი სასაზღვრო მიჯნა არის ღობე, შენობა-ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ან სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული საზღვარი, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც მოწმეები ადასტურებენ, რომ გ.ვ-ე და მისი ოჯახის წევრები 2000 წლიდან ნამდვილად ფლობენ და სარგებლობენ 717 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, სოფელ ...ში ((ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონების მიმდებარედ); საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით ასევე დასტურდება, რომ უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება მრავალწლიანი ხე-მცენარეების არსებობა; ამასთან, სიტუაციური ნახაზით, ორთოფოტოთი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ემიჯნება რამდენიმე საკადასტრო ერთეულს, მათ შორის იმ საკადასტრო ერთეულს, რომლის თანამესაკუთრეცაა მოსარჩელე გ.ვ-ე და წარმოადგენს მითითებული საკადასტრო ერთეულის ბუნებრივ გაგრძელებას. ასევე დადგენილია და საყურადღებოა ის გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით მიწის შემაღლებული ნაწილი, მის ბუნებრივ-გეოგრაფიული საზღვარს წარმოადგენს და მასზე მოწყობილია საავტომობილო გზა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით უტყუარად დგინდება კანონის ამოქმედებამდე გ.ვ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. შესაბამისად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტის კანონშესაბამისობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე