№ბს-41(კ-24) 21 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ჟ., კ. და ი. ს-ეები).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 22 ნოემბერს ჟ., კ. და ი. ს-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1989 წელს შეიქმნა შრომითი საქმიანობის კოლექტივი (კოოპერატივი ) „ა...“, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ჟ., კ. და ი. ს-ეები. ქუთაისის ავტოქარხნის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.03.1990 სხდომის ოქმის გადაწყვეტილებით კოოპერატივ „ა...ს“ გამოეყო მიწის ნაკვეთი ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩა მე-... ჩიხში ფართობით 0,1 ჰა, მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები განისაზღვრა ტოპოგრამის მიხედვით. 1990 წელს კოოპერატივ „ა...სთვის“ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, კოოპერატივის მიერ აშენდა შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართით:226 კვ.მ. საქართველოს პარლამენტის 21.12.1995წ №80 დადგენილებით კოოპერატივ „ა...ს“ ხელახალი რეგისტრაცია 1996 წლის 1 სექტემბრამდე არ გაუვლია, არც 2012 წლის 1 იანვრისთვის სავალდებულო რეგისტრაცია არ გაუვლია, მის შესახებ დღევანდელი მდგომარეობით სამეწარმეო რეესტრში ინფორმაცია არ არსებობს. 2019 წლის 5 აპრილს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩა მე-... ჩიხის ბოლოში არსებული შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის კოოპერატივის დამფუძნებელთა (ფიზიკურ პირთა) თანასაკუთრებად აღრიცხვა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტები გადაუგზავნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 05.09.2019წ. №01/19547 წერილის თანახმად, მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს და წარმოადგენდა კოოპერატივის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.09.2019წ. გადაწყვეტილებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირებს პირადად არ ჩაბარებია. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის 14 ოქტომბერს მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.11.2019წ. გადაწყვეტილებით ჟ., კ. და ი. ს-ეებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
ამდენად, დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ჟ., კ. და ი. ს-ეების საჩივრის არსებითი განხილვის დავალება მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ჟ. ს-ეის, კახაბერი სულაბერიძის და ი. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ჟ., კ. და ი. ს-ეების საჩივრის არსებითი განხილვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე, 27.8 მუხლებზე ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94.1, 182.1, 54.1, 58.1 მუხლებზე. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 11.09.2019 წელს, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 12.09.2019 წელს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ იქნა 8.11.2019 წელს. ვინაიდან დაირღვა საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.11.2019 წლის №... გადაწყვეტილებით, ჟ., კ. და ი. ს-ეების წარმომადგენელს დ. ბ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხემ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ საჩივრის წარდგენისას, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა გასული იყო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი გაშვებული ვადის გამო საჩივრის გახნილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება და უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზი, რამაც გამოიწვია აღნიშნული.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის იმ არგუმენტებზე, რომ დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მხარე ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. ქუთაისში, ...ს ქ. მე-... ჩიხის ბოლოში მდებარე №01/1 შენობა-ნაგებობასა და 226 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ჟორა, კახახერ და ი. ს-ეეების თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილ იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, სადაც განხილვის პროცესი შესაძლებელია გაგრძელებულიყო რამოდენიმე თვემდე. ამდენად, შეუძლებელი იყო მოსარჩელეს განეჭვრიტა, როგორც ,,კომისიის’’ გადაწყვეტილების მიღების დრო, ისე ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის შემდგომი რეაგირება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიები საკითხს იხილავენ და გადაწყვეტილებას იღებენ ერთი თვიდან რვა თვემდე, რაც მხარისათვის შეუძლებელს ხდის განჭვრიტოს გადაწყვეტილების მიღების დრო, როგორც „აღიარების კომისიის“ მიერ, ისე ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის შემდგომი რეაგირება. ამდენად, როდესაც ადგილი აქვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადაგზავნას და „აღიარების კომისიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაცნობის ვადის დინების დაწყებას, ათვლა უნდა მოხდეს მისი ოფიციალურად გაცნობიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე არასწორად განმარტეს გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები.
კასატორები მიუთითებენ “საჯარო რეესტრის” შესახებ საქართველოს კანონის 29-ე, 27-ე მუხლებზე და განმარტავენ, რომ მოცემული ნორმებით დადგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების და შესაბამისად, ძალაში შესვლის სპეციალური წესი, რომელსაც უპირატესობა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ზოგად წესთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გამოქვეყნებისთანავე. კასატორი აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი საასამართლოს გაჩინებაზე (საქმე №707-703(კ-17), 8.02.2018წ), რომელშიც განიმარტა შემდეგი: ”საჯარო რეესტრის შესახებ კანონით დადგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისა და შესაბამისად ძალაში შესვლის სპელიალური წესი, რომელსაც უპირატესობა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ზოგად მოწესრიგებასთან მიმართებაში. კასატორი, თავისივე ინტერესების დაცვის მიზნით, ვალდებული იყო გადაემოწმებინა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისა და დასრულების პროცესი. გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება ოფიციალურად გაცნობის დღიდან, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს აქტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას და არა მხარისათვის უშუალო ჩაბარებას”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ჟ., კ. და ი. ს-ეების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.11.2019წ. გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისთვის საჩივრის არსებითად განხილვის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის ავტოქარხნის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 05.07.1989 წლის №13-7/538 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კოოპერატივი ,,ა...", კოოპერატივი განთავსდა ქარხანა ,,ყ..."-ის ბალანსზე რიცხულ სათავსოში ფართით 60.00 კვ.მ (ქუთაისი, ...ის №...), კოოპერატივ ,,ა..."-ს დამფუძნებლები იყვნენ: ჟ. რ.-ის ძე ს-ე, ი. ა.-ს ასული ს-ე და კ. ჟ.-ს ძე ს-ე. ქუთაისის აღმასკომის 22.06.1990 №2-6/1164 გადაწყვეტილებით ცვლილება იქნა იქნა შეტანილი კოოპერატივ ,,ა..."-ს საქმიანობასთან დაკავშირებით, შემდგომში აღმასკომის 28.03.1990 სხდომის ოქმის ... გადაწყვეტილებით კოოპერატივ ,,ა..."-ს გამოეყო მიწის ნაკვეთი ქუთაისში, ...ს ქუჩა მე-... ჩიხში ფართობით 0.1 ჰა, მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები განისაზღვრა ტოპოგეგმის მიხედვით.
2019 წლის 5 აპრილს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩა მე-... ჩიხში (ბოლოში) არსებული შენობა-ნაგებობის და განაშენიანების მიწის ნაკვეთის, წარმოდგენილი ნახაზის ფართების შესაბამისად, ყოფილი კოოპერატივ ,,ა..."-ს დამფუძნებელ წევრებზე - ჟ. ს-ეეზე (პ/ნ. ...), კ. ს-ეზე (პ/ნ. ...) და ი. ს-ეეზე (პ/ნ. ...) თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირების მოთხოვნით, რაზეც მიიღეს უარი.
საჯარო რეესტრის 8.05.2019წ. სარეგისტრაციო წარმოების შესახებ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირებს ეცნობათ, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ (მფლობელობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, ასევე განემარტათ, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2019 წლის 13 მაისს ჟ., კ. და ი. ს-ეების წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული №... (8.05.2019) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტები გადაუგზავნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 5.09.2019 წლის №01/19547 წერილის მიხედვით, მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთს და წარმოადგენდა კოოპერატივის მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 11.09.2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის №... გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 2019 წლის 11 სექტემბერს, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 12 სექტემბერს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა 2019 წლის 8 ნოემბერს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, ჟ. ს-ეის (პირადი ნომერი: ...), კ. ს-ეის (პირადი ნომერი: ...) და ი. ს-ეის (პირადი ნომერი: ...) წარმომადგენელს დ. ბ-ეს უარი ეთქვა №509059/17 (08.11.2019) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ერთვიანი ვადა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 2019 წლის 12 სექტემბერს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა 2019 წლის 8 ნოემბერს, როცა გასული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის 54.1 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის - www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულის მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე კანონის 27.8 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (საქმე №ბს-707-703(კ-17), 18.02.2018წ) მოცემულ საქმესთან მიმართებაში არარელევანტურია, რამეთუ განსახილველი დავა ეფუძნება განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემული დავის გადაწყვეტა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმე №618-606(კ-12), 16.07.2013). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება კასატორების თანასაკუთრების უფლეგის რეგისტრაციის თაობაზე არსებითად დაკავშირებული იყო "აღიარების კომისიის" გადაწყვეტილებაზე, ხოლო კასატორების მიერ მოხმობილი განჩინების თანახმად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სახეზე არ არის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება მიღებულია მოსარჩელეების მიერ 2019 წლის 5 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისში შეტანილ განცხადებაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო 11.06.2019წ. გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 11 ივნისს №201961 მიმართვით დოკუმენტაცია გადაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სზაკ-ის 100.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში, თუ საკუთრების უფლებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი ვადა, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა ამავე ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დღესვე. აღნიშნული დოკუმენტის მხარისათვის პირადად გადაცემის, ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება მარეგისტრირებელ ორგანოს არ წარმოუდგენია, აღნიშნული მან სასამართლოს მიერ დავის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადაგზავნის და „აღიარების კომისის“ მიერ გადაწყვეტილების მიღების პირობებში, უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინების ათვლა უნდა მოხდეს მისი მხარისთვის ოფიციალურად გაცნობიდან. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვე, რაც შეუძლებელს ხდის მხარისთვის განჭვრიტოს როგორც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო, ისე ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შემდგომი რეაგირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს 11.09.2019წ. გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნება ვერ მიიჩნევა დაინტერესებული მხარისთვის ოფიციალურად გაცნობად. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუშვებელი იყო ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრების ვადის ათვლისათვის მხედველობაში მიეღო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღი, ვინაიდან დაინტერესებული მხარე არ არის ვალდებული უსასრულოდ ამოწმოს სარეგისტრაციო განცხადებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო აქტის ბათილად ცნობას და მოპასუხისთვის ჟ., კ. და ი. ს-ეების საჩივრის არსებითად განხილვის დავალებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარსს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 15.01.2024წ. №00624 საგადასახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.01.2024წ. №00624 საგადასახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ.ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა