Facebook Twitter

საქმე №ბს-18(კ-24) 21 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე: თ. შ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 2 აგვისტოს თ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 22.06.2022წ. №MOH 6 22 00000165 ბრძანებით თ. შ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა "თ. შ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ" სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 22 ივნისის №MOH 6 22 00000165 ბრძანების ბათილად ცნობა და მისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით თ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თ. შ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 22 ივნისის №MOH 6 22 00000165 ბრძანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე თ. შ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებებით მოსარჩელე თ. შ-ას აფხაზეთში, ქ. სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2022 წლის 18 მარტს გაცემული ცნობის მიხედვით, თ. შ-ა 1981 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში, ქ. სოხუმში, ...ის ქ. №70-ში. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. შ-ა 1986-1992 წლებში მუშაობდა აფხაზეთში, ქ. სოხუმში, ...ის განყოფილების უფროსად, ფლობდა საკუთრებას, სოხუმში, ...ის ქუჩა №70-ში. თ. შ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია 1993 წელს საომარი მოქმედებების გამო, მონაწილეობას იღებდა სამხედრო მოქმედებებში - იყო ათეულის მეთაური.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია თ. შ-ას აფხაზეთში, ქ. სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რითაც გამოირიცხა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტრიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ და ფაქტობრივ წინაპირობებს. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და იმ გარემოებას, რომ მას იძულების წესით აქვს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. თ. შ-ამ 18.03.2022წ. განცხადებით მიმართა სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით. კასატორი აღნიშნავს, რომ განცხადებაში დასმული საკითხის სრულყოფილი შესწავლის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა გასაუბრება, რა დროსაც თ. შ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, 1960-1970 წლებში სწავლობდა სოფ. ...ის საშუალო სკოლაში, 1986 წლიდან მუშაობდა ...ის ...ში, თუმცა მის მიერ მითითებული თანამშრომლებიდან არც ერთი არ იძებნება დევნილთა ბაზაში, თ. შ-ა 1994 წელს დაოჯახდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წერილით მიემართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ გარემოების დასადგენად ცხოვრობდა თუ არა თ. შ-ა ქ. ზუგდიდში, სოფელ ...ში. წერილის პასუხად სააგენტოს ეცნობა, რომ თ. შ-ა 1993 წლამდე არ ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.

სააგენტომ მოკვლეული გარემოებებიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ იკვეთებოდა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელესთან მიმართებაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება - ამ მუხლში გათვალისწინებული გარემოებების გამო მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების ფაქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თავისი ყოფა-ცხოვრებით არსებითად არ იყო დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიასთან.

კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, სხვა კანონქვემდებარე აქტებსა და საქართველო უზენაესი სასამართლოს №ბს-1227-1213(კ-11) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ იგი მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი მხრიდან მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო დასაბუთებული. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ დევნილის სტატუსის მატარებელ პირებზე, ხოლო მოსარჩელე არ წარმოადგენს ასეთ პირს. კასატორი აღნიშნავს, რომ პირი, რომელსაც არა აქვს დევნილის სტატუსი, ვერ იქნება სამინისტროს ბენეფიციარი და მის მიმართ გაწეული ხარჯები მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ არამიზნობრივად გახარჯულ თანხად. კასატორი მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არ აღუდგინა თ. შ-ას დევნილის სტატუსი, ვინაიდან ეს სტატუსი მას არ ეკუთვნოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს "თ. შ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ" სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 22.06.2022წ. №MOH 6 22 00000165 ბრძანების კანონიერება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის თ. შ-ას მიმართ დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. შ-ას წლების განმავლობაში მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და იღებდა ფულად დახმარებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 18.03.2022წ. თ. შ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით. სამინისტრომ მიიჩნია, რომ თ. შ-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი გარემოებები. შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული თ. შ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 22 ივნისის №MOH 6 22 00000165 ბრძანებით თ. შ-ას უარი ეთქვა დევნილის სტატუსის აღდგენაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2022 წლის 18 მარტს გაცემული №0000041 ცნობის თანახმად, თ. შ-ა 1981 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში, ქ. სოხუმში, ...ის ქ. №70-ში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის №26793 წერილის თანახმად, თ. შ-ას 1993 წლამდე არ უცხოვრია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში. სოხუმის საქალაქო საბჭოს სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 16 მაისის №7203 ორდერით თ. შ-ას ...ის ქუჩა №70-ში გადაეცა 16 კვ.მ ფართი, (საფუძველი - სოხუმის საქ. საბჭოს აღმასკომის საცხოვრებელი ფართის განაწილებისა და აღრიცხვის სექტორი). სოხუმის საქალაქო საბჭოს სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის 1992 წლის 4 მარტის №56-დნ გადაწყვეტილებით დამტკიცდა პირად საკუთრებაში გასაყიდი ბინის ღირებულება, ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა თ. შ-აზე ...ის ქუჩა №70-ში გადაცემული ფართის გამოსასყიდი თანხის კოეფიციენტი.

ნიშანდობლივია, რომ თ. შ-ას აფხაზეთში, ქ. სოხუმში ცხოვრების ფაქტს ადასტურებენ სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული პირებიც. მოწმე თ. ბ-ას ახსნა-განმარტებით, თ. შ-ა გაიცნო დაახლოებით 1980 წელს ჯარიდან დაბრუნებისას. თ. მისი ოჯახის ახლობელია და 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მათ სახლში, ვიდრე არ იყიდა ბინა სოხუმში, კერძოდ, ...ის ქუჩაზე. თ. შ-ა მუშაობდა აფხაზეთში, ...ში, თანამდებობაზე. 90-იან წლებში საომარი მოქმედებების ბოლომდე აფხაზეთი არც ერთს არ დაუტოვებია, აქტიურად ჩართულები იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში. მოწმის - მ. კ-ას განმარტებით, თ. შ-ა არის მისი ნათესავი. მოწმისთვის ცნობილია, რომ თ. შ-ა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ წავიდა აფხაზეთში, მუდმივად ცხოვრობდა სოხუმში, მუშაობდა საქალაქო საბჭოში, ...ში, ...ში, 1986 წელს შეიძინა ბინა და აფხაზეთი საომარი მოქმედებების დასრულებამდე არ დაუტოვებია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო მოსარჩელე თ. შ-ას აფხაზეთში, ქ. სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამსახურებრივად და საცხოვრებლით დაკავშირებული იყო აფხაზეთთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოპასუხეს მართებულად დაევალა მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა