Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-878(კ-23) 19 მარტი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ხ.შ-დ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ.შ-დ-ამ 2021 წლის 10 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოპასუხისათვის მოსარჩელის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან თანხის გადახდის დაწყებამდე - 2020 წლის სექტემბრამდე კუთვნილი და მიუღებელი დევნილის შემწეობის - ჯამში 1350 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 13 თებერვლის №609 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ხ.შ-დ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. 2020 წლის აგვისტოდან ხ.შ-დ-ას მიენიჭა დევნილის სტატუსი და აუნაზღაურდა დევნილის შემწეობის თანხა, თუმცა 2018 წლის თებერვლიდან თანხის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პოზიცია შემწეობის თანხის გადახდის პერიოდთან დაკავშირებით, უკანონოა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ.შ-დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 13 თებერვლიდან 2020 წლის სექტემბრამდე მიუღებელი დევნილის შემწეობის თანხის ანაზღაურება 1350 ლარის ოდენობით.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და მე-100 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანების უკანონობა დადგენილ იქნა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის №3/1627-18 გადაწყვეტილებით და თავად მოპასუხის შემდგომი ქმედებით, რამეთუ მოსარჩელეს მიენიჭა დევნილის სტატუსი, შესაბამისად, ცალსახა იყო მიზეზშედეგობრივი კავშირი ხ.შ-დ-ას მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხის მიერ გამოცემულ აქტს შორის. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა მიუღებელი ყოველთვიური კომპენსაცია 45 ლარის ოდენობით, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან თანხის გადახდის დაწყებამდე - 2020 წლის სექტემბრამდე, რაც ჯამში შეადგენდა 1350 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2018 წელს მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, რომლითაც მას დევნილის სტატუსი მიენიჭებოდა. შემწეობის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს მოთხოვნა არ დაუყენებია, შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; სამინისტროს დაევალა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი აქტის გამოცემა; ასევე, ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

კასატორის მითითებით, 2020 წლის 7 აგვისტოს სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და დევნილის სტატუსის მინიჭება და საადვოკატო თანხის ანაზღაურება მოითხოვა. 2020 წლის 1 სექტემბრის №03/12439 საინფორმაციო ბარათით მხარეს ეცნობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, 2020 წლის აგვისტოში მას მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი. რაც შეეხება 2018 წლის თებერვლიდან შემწეობის თანხის ანაზღაურებას, განემარტა, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა აღნიშნული მოთხოვნა, რადგან მასზე სასამართლოს არ უმსჯელია.

კასატორი მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შეჩერებული შემწეობის განახლების შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს დევნილის შემწეობის ანაზღაურებას. მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლის და არა შეჩერების მთელი პერიოდისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს ხ.შ-დ-ასათვის მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება წარმოადგენს.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2018 წლის 16 იანვარს ხ.შ-დ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანებით ხ.შ-დ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. ხსენებული ბრძანება გასაჩივრდა სასამართლო წესით. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის №3/1627-18 გადაწყვეტილებით, ხ.შ-დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის №609 ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2020 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით, ხ.შ-დ-ას მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. 2020 წლის 7 აგვისტოს და 11 სექტემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და 2018 წლის 13 თებერვლიდან 2020 წლის სექტემბრამდე მიუღებელი დევნილის შემწეობის თანხის ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 01 სექტემბრის №03/12439 წერილით და 11 სექტემბრის №03/12829 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, მას 2020 წლის აგვისტოში მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა 2018 წლის თებერვლიდან შემწეობის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან მასზე სასამართლოს არ უმსჯელია.

საკასაციო პალატა სადავო საკითხთან დაკავშირებით იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დევნილის სტატუსის და, შესაბამისად, შემწეობის გაცემის მოთხოვნით 2018 წლის იანვარში მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ხ.შ-დ-ას შემწეობა დაენიშნებოდა 2018 წლის თებერვლიდან, თუმცა დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამასთან, ხსენებული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - უკანონო ბრძანების გამოცემით, არსებობს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს თავდაპირველი სარჩელით 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება არ მოუთხოვია, არ აქარწყლებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას, ვინაიდან მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების ვალდებულება სწორედ ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ წარმოიშვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა