Facebook Twitter

№ბს-9(კ-24) 21 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჭ. ც-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 23 იანვარს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ჭ. ც-ის მიმართ.

სარჩელის თანახმად, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე ... საკადასტრო კოდის შესაბამისი უძრავი ქონება 2009 წლის 14 დეკემბრიდან დღემდე წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2022 წლის 17 ოქტომბრამდე დასახელებული უძრავი ნივთის ნაწილით, კერძოდ, შენობა №2-დან 17.05 კვ.მ ფართით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ნივთს სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა ჭ. ც-ე. აღნიშნული დასტურდება სარჩელზე დართული ფოტომასალითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით. უძრავი ნივთის ამსახველი სიტუაციური რუკა და შიდა აზომვითი ნახაზი ასევე ერთვის სარჩელს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 9 აგვისტოს №13/44872 წერილით არამართლზომიერ მოსარგებლეს ეცნობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით არამართლზომიერი სარგებლობის შესახებ და განესაზღვრა 10 დღიანი ვადა უძრავი ნივთის გამოსათავისუფლებლად. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 სექტემბრის №006327122 დასკვნის თანახმად, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა №2-დან 17.05 კვ.მ. ფართის ყოველწლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად, 2012-2014 წლებში - 720 ლარი, 2015-2016 წლებში 960 ლარი, 2017-2018 წლებში 1080 ლარი, 2019 წელს 1200 ლარი, 2020-2021 წლებში 1320 ლარი, ხოლო 2022 წელს 1260 ლარი. სააგენტოს 2022 წლის 6 ოქტომბრის №13/55641 წერილით მოპასუხეს კიდევ ერთხელ ეცნობა სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისა და გადასახდელი თანხების შესახებ ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, თუმცა, არამართლზომიერ მოსარგებლეს თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №21-12/96004 წერილით დგინდება, რომ მითითებული თარიღისთვის ჭ. ც-ის მიერ დაკავებული ფართი დაკეტილი იყო. სააგენტოს 8.11.2022წ. №13/62252 წერილით ჭ. ც-ეს კიდევ ერთხელ მოეთხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა, თუმცა, უშედეგოდ. სააგენტოს საფინანსო სამსახურის 2022 წლის 7 დეკემბრის №146203 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ჭ. ც-ის მიერ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ჭ. ც-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის, კერძოდ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2022 წლის 17 ოქტომბრამდე 10572.5 ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, კერძოდ მოპასუხე ჭ. ც-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რეგისტრირებულ ჭიათურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (1248 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) ყადაღის დადების თაობაზე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (ს/ნ 205005910) წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე - ჭ. ც-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 იანვარს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ჭ. ც-ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ ... გასხვისება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ 2021 წლის 1 ოქტომბერს შედგენილი აქტის მიხედვით, მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა ჭ. ც-ე (განთავსებული ჰქონდა ავტომანქანების შესაკეთებელი ფარეხი).

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 9 აგვისტოს №13/44872 წერილით ჭ. ც-ეს ეცნობა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელსაც იგი (ჭ. ც-ე) არამართლზომიერად იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის (შენობა №02/1-17,05 კვ.მ.). მასვე მიეთითა, რომ წერილის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოეთავისუფლებია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის ოდენობა, გადახდის ვადა და ანგარიშის რეკვიზიტები ეცნობებოდა დამატებით. აღნიშნული წერილი ჭ. ც-ეს გაეგზავნა მისამართზე: ჭიათურა, ...ის ქ. №18ა და საფოსტო გზავნილის მიხედვით, იგი 2022 წლის 17 აგვისტოს ჩაჰბარდა მის ოჯახის წევრს, ბიძაშვილს გ. ც-ეს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 6 ოქტომბრის №13/55641 წერილით ჭ. ც-ეს კვლავ ეცნობა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (ფართი №02/1 - 17,05 კვ.მ.) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელსაც იგი არამართლზომიერად იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. შესაბამისად, მას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 შესაბამისად, უნდა გადაეხადა არამართლზომიერად სარგებლობის საფასური 2012 წლიდან წერილის გაგზავნის დღემდე - 11 042,5 ლარი, აღნიშნული წერილი ჭ. ც-ეს გაეგზავნა და 2022 წლის 21 ოქტომბერს ჩაჰბარდა ი. ბ-ს (პ/ნ ...), ორგანიზაციის წარმომადგენელს - ...ს.

2022 წლის 31 ოქტომბერს წერილით ჭ. ც-ემ, 2022 წლის 6 ოქტომბრის №13/55641 შეტყობინების პასუხად სააგენტოს აცნობა, რომ შენობა-ნაგებობები, რომლის არამართლზომიერად გამოყენებასაც ედავებიან, წარმოადგენს არა სახელმწიფოს, არამედ შპს „ა...-ის“ საკუთრებას, რომელთანაც 2016 წლის 1 თებერვლიდან გაფორმებული ჰქონდა ქირავნობის ხელშეკრულება და იხდიდა ქირავნობის თანხას 70 ლარის ოდენობით. შესაბამისად, წერილში მითითებული თანხის (2012 წლიდან დღემდე) გადახდის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან სახელმწიფო ქონების არამართლზომიერ სარგებლობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვინაიდან შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა შპს „ა...-ის“ საკუთრებას.

2009 წლის 13 თებერვალს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...), ირკვევა, რომ ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში (...ის ქ. №24) მდებარე უძრავი ქონება, (მიწის დაუზუსტებელი ფართობი: 2200 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..., ავტომანქანების ტექ. მომსახურების ბაზა საერთო ფართით: 160 კვ.მ., ბენზოგასამართი წერტილი 15 კვ.მ., ადმინისტრაციული შენობა 51 კვ.მ.), აღრიცხულია შპს „ა...“-ის საკუთრებად.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით (№1/51 საქმე) რ. მ-ს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება (ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე 2200 კვ.მ. მიწის ფართობი, კოდი - 38, სექტორი - 10, კვარტალი - 13, ნაკვეთის ნომერი: 001) უსასყიდლოდ ჩამოერთვა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2009 წლის 14 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე, რომლის თანახმად, ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს ჭიათურის წარმომადგენლობის 2009 წლის 4 დეკემბრის №174 მომართვის და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის №1/51 განაჩენის საფუძველზე, 2009 წლის 14 დეკემბრიდან აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად, შემდეგი მახასიათებლებით: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1634 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მესაკუთრე გაურკვეველია.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში დაცულ 2016 წლის 1 თებერვლის ქირავნობის ხელშეკრულებაზე მითითებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ერთი მხრივ, შპს „ა...“-ის (ს/ნ ...) დირექტორ მ. ბ-ეს (გამქირავებელი) და მეორე მხრივ, ჭ. ც-ეს (პ/ნ ...) (დამქირავებელი) შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გამქირავებელმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი გადასცა დამქირავებელს დროებით სარგებლობაში. დამქირავებლისთვის სარგებლობაში გადაცემული უძრავი ნივთის მისამართი იყო: ჭიათურა, ...ის ქ. №18ა; დაქირავებული ფართობი: 20 კვ.მ.; დამქირავებელს უძრავი ნივთი გადაეცემა ავტომანქანების სარემონტო საქმიანობისთვის. ამავე ხელშეკრულებით, ქირავნობის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გამქირავებელს, რაც დასტურდებოდა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ხელშეკრულებით დგინდებოდა, ასევე ისიც, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 31 დეკემბრამდე ვადით და ქირა შეადგენდა კალენდარულ თვეში 70 ლარს, რომელიც დამქირავებელს უნდა გადაეხადა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

სააპელაციო პალატამ სს „... ბანკის“ მიერ 2022 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ცნობით დაადგინა, რომ შპს „ა...-ის“ (ს/ნ ...) 01.01.2016-დან 25.10.2020-მდე პერიოდში ... ბანკში გახსნილ ანგარიშზე ს. ლ-ის, რ. ბ-ის, გ. ც-ის, ჭ. ც-ის და ს. ც-ის მიერ და მათ სასარგებლოდ ჩარიცხული თანხების შესახებ, რომელზე დართული ჭ. ც-ის სასარგებლოდ ჩარიცხული თანხების ამონაწერით ირკვევა, რომ იჯარის გადასახდის სახით ჩარიცხულია: 01.07.2019, 30.07.2019, 02.09.2019, 02.10.2019, 04.11.2019, 11.12.2019, 06.01.2020, 09.03.2020, 17.08.2020 წწ. - 30-30 ლარი, ხოლო 19.11.2020 და 29.04.2021წწ. – 50-50 ლარი, სულ 370 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საჯარო რეესტრიდან 2021 წლის 17 თებერვლის ამონაწერზე, რომლის მიხედვით, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., ტექნიკური ხარვეზის შესწორების შედეგად, აღირიცხა სახელმწიფოზე, შემდეგი მახასიათებლებით: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1634 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; №2, მესაკუთრე: სახელმწიფო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფოს საკუთრება საჯარო რეესტრში აღირიცხა მხოლოდ 2021 წლის 17 თებერვლიდან, მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებული იყო აღნიშნული ნაგებობა, სახელმწიფო საკუთრება რეგისტრირებული იყო 2009 წლიდან.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონზე (ძალადაკარგულია 13.01.2009 წლიდან), რომლითაც განსაზღვრული იყო უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა. აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდებოდა ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლიობაში ვერ ადასტურებდნენ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 17 თებერვლამდე სადავო შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტს, შესაბამისად, მოპასუხის მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობას. რაც შეეხება დანარჩენ პერიოდს, საგულისხმოა, რომ ჭ. ც-ეს მხოლოდ 2022 წლის 9 აგვისტოს წერილით (ადრესატს ჩაჰბარდა 2022 წლის 17 აგვისტოს) ეცნობა, რომ ქ. ჭიათურაში, ...ის ქ.№18ა-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ეთხოვა მისი გამოთავისუფლება. მაშასადამე, 2021 წლის 17 თებერვლიდან - 2022 წლის 17 აგვისტომდე, მოპასუხისთვის ცნობილი არ იყო სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე და ამ პერიოდამდე, შპს „ა...-თან“ 2016 წლიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ ჭ. ც-ეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა რომ უფლების გადამცემი არ იყო უფლებამოსილი სუბიექტი, მით უფრო, როცა არცერთი გარემოება არ იძლეოდა დაეჭვების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ქირავნობის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შპს „ა...“-თან, იგი ასრულებდა ხელშეკრულების პირობებს და იხდიდა ქირავნობის თანხას. ამასთან, მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. მაშასადამე, მოპასუხე ჭ. ც-ე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა კეთილსინდისიერ მფლობელს, შესაბამისად იგი ვალდებული იყო დაებრუნებინა ნივთი უფლებამოსილ პირისთვის, თუმცა ვიდრე უფლებამოსილი პირმა არ გამოიყენებდა თავის უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნოდა მფლობელს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში 2009 წელს აღრიცხა, ხოლო ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 2021 წლის 17 თებერვლიდან. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ შენობა-ნაგებობებიც სახელმწიფოზე 2009 წლიდან იყო რეგისტრირებული, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო მესაკუთრის გრაფაში მითითებული იყო - გაურკვეველია. 2021 წლის 10 თებერვლის განაცხადით შესწორდა ტექნიკური ხარვეზი. სადავო შენობების მესაკუთრეს თავიდანვე სახელმწიფო წარმოადგენდა და აღნიშნული შენობა-ნაგებობები არ ყოფილა ცალკე უფლების ობიექტი, როგორც ეს მითითებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზედ, რომ ჭ. ც-ე კეთილსინდისიერ მფლობელად უნდა იქნეს მიჩნეული. კასატორის პოზიციით, მოპასუხეს უნდა გამოეჩინა წინდახედულება და შპს „ა...“-თან ხელშეკრულების დადებამდე საჯარო რეესტრში გადაემოწმებინა სამეწარმეო სუბიექტის საკუთრების უფლება. კასატორი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ მოპასუხისთვის უცნობი იყო სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმის შესაბამისად, საიჯარო ქირის დასაკისრებლად აუცილებელია შემდეგი კუმულატიური წინაპირობების არსებობა: 1. პირი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად იყენებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას და 2. ქონება აღრიცხული უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებად.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ჭ. ც-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...)) არამართლზომიერი სარგებლობის გამო 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2022 წლის 17 ოქტომბრამდე, ჯამში 10572 ლარის დაკისრება.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 9 აგვისტოს №13/44872 წერილით არამართლზომიერ მოსარგებლეს ეცნობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით არამართლზომიერი სარგებლობის შესახებ და განესაზღვრა 10 დღის ვადა უძრავი ნივთის გამოსათავისუფლებლად.

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 სექტემბრის №006327122 დასკვნის თანახმად, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა №2-დან 17.05 კვ.მ. ფართის ყოველწლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად, 2012-2014 წლებში - 720 ლარი, 2015-2016 წლებში 960 ლარი, 2017-2018 წლებში 1080 ლარი, 2019 წელს 1200 ლარი, 2020-2021 წლებში 1320 ლარი, ხოლო 2022 წელს 1260 ლარი.

დადგენილია, რომ სააგენტოს 2022 წლის 6 ოქტომბრის №13/55641, 8.11.2022წ. №13/62252 წერილებით მოპასუხეს კიდევ ერთხელ ეცნობა სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისა და გადასახდელი თანხების შესახებ, თუმცა მას ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა თანხის გადახდის თაობაზე არ შეუსრულებია.

საქმეში დაცული 2016 წლის 1 თებერვლის ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა...“-ის (ს/ნ ...) დირექტორ მ. ბ-ეს (გამქირავებელი) და მეორე მხრივ, ჭ. ც-ეს (პ/ნ ...) (დამქირავებელი) შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გამქირავებელი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს გადასცემდა დამქირავებელს დროებით სარგებლობაში. დამქირავებლისთვის სარგებლობაში გადასაცემი უძრავი ნივთის მისამართი იყო: ჭიათურა, ...ის ქ. №18ა; დაქირავებული ფართობი: 20 კვ.მ.; დამქირავებელს უძრავი ნივთი გადაეცა ავტომანქანების სარემონტო საქმიანობისთვის. ამავე ხელშეკრულებით, ქირავნობის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გამქირავებელს, რაც დასტურდებოდა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ხელშეკრულებით დგინდება, ასევე ისიც, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 31 დეკემბრამდე ვადით და ქირა შეადგენდა თვეში 70 ლარს.

სს „... ბანკის“ მიერ 2022 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ შპს „ა...-ის“ (ს/ნ ...) 01.01.2016-დან 25.10.2020-მდე პერიოდში ... ბანკში გახსნილ ანგარიშზე ს. ლ-ის, რ. ბ-ის, გ. ც-ის, ჭ. ც-ის და ს. ც-ის მიერ და მათ სასარგებლოდ ჩარიცხული თანხების შესახებ, რომელზე დართული ჭ. ც-ის სასარგებლოდ ჩარიცხული თანხების ამონაწერით ირკვევა, რომ იჯარის გადასახდის სახით ჩარიცხულია: 01.07.2019, 30.07.2019, 02.09.2019, 02.10.2019, 04.11.2019, 11.12.2019, 06.01.2020, 09.03.2020, 17.08.2020 წწ. - 30-30 ლარი, ხოლო 19.11.2020 და 29.04.2021წწ. – 50-50 ლარი, სულ 370 ლარი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩა №18ა-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., რომლის ახლანდელი საკადასტრო კოდია: ..., 2009 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით აღრიცხული იყო შპს ,,ა...“-ის (ს/კ ...) სახელზე. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით (№1/51 საქმე) რ. მ-ს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება (ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე 2200 კვ.მ. მიწის ფართობი, კოდი - 38, სექტორი -10, კვარტალი - 13, ნაკვეთის ნომერი: 001) უსასყიდლოდ ჩამოერთვა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

საჯარო რეესტრის 2009 წლის 14 დეკემბრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) დგინდება, რომ ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს ჭიათურის წარმომადგენლობის 2009 წლის 4 დეკემბრის №174 მომართვის და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის №1/51 განაჩენის საფუძველზე, 2009 წლის 14 დეკემბრიდან აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად, შემდეგი მახასიათებლებით: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1634 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მესაკუთრე გაურკვეველია.

საჯარო რეესტრის 2021 წლის 11 თებერვლის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) მიხედვით, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., ტექნიკური ხარვეზის შესწორების შედეგად, აღირიცხა სახელმწიფოზე, შემდეგი მახასიათებლებით: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1634 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; №2.

სამოქალაქო კოდექსის 150.1 მუხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის გადანადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსბითი შემადგენელი ნაწილი) ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შენობა-ნაგებობის ცალკე უფლების ობიექტად აღრიცხვის შესაძლებლობას ითვალისწინებდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი (ძალადაკარგულია 13.01.2009 წლიდან), რომლითაც განსაზღვრული იყო უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა. აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდებოდა ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ცალკე უფლების ობიექტი შეიძლება ყოფილიყო ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტია.

2009 წლის 13 იანვრიდან ამოქმედებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონი, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით უძრავი ნივთი განიმარტა, როგორც მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების (ძალადაკარგულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით) მე-14 მუხლის პირველი პუნქტით, რეგისტრაციის მიზნებისთვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეეტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, თუ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულია მასზე მყარად არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების გარეშე, მაშინ ამ შენობა-ნაგებობაზე მიწის მესაკუთრის საკუთრების უფლება მოთხოვნის შემთხვევაში რეგისტრირდება, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც რეგისტრირებულ მონაცემებში შენობა-ნაგებობა მითითებულია, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემის შესწორება სარეგისტრაციო უფლებამოსილი პირის მიერ წარმოებს ტექნიკური ხარვეზის შესწორებისათვის დადგენილი წესით.

დღეს მოქმედი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემების საფუძველზე, ხოლო თუ წარმოდგენილია შიდა აზომვითი ნახაზი – მისი საერთო ფართის შესაბამისად, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, თუ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების გარეშე, შენობა-ნაგებობაზე მიწის მესაკუთრის საკუთრების უფლება რეგისტრირდება მისი მოთხოვნის შემთხვევაში, თუ უფლების დამდგენი დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ როგორც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა, ასევე დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის შესაძლებლობას.

უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების უპირობა გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ამონაწერში (2021 წლის 11 თებერვლის ამონაწერამდე) სახელმწიფო საკუთრებად მხოლოდ მიწის ნაკვეთი და არა შენობა-ნაგებობია მითითებული გამოირიცხება პირის ობიექტური აღქმა, რომ სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 2009 წლის 14 დეკემბრიდან აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად, არ დასტურდება ამავე მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობის 2021 წლის თებერვლამდე სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს. საგულისხმოა, რომ მოპასუხეს ქირავნობის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შპს „ა...“-თან, იგი ასრულებდა ხელშეკრულების პირობებს და იხდიდა ქირავნობის თანხას. ამასთან, მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, მოპასუხე ჭ. ც-ე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა კეთილსინდისიერ მფლობელს, რომელსაც მხოლოდ ნივთის დაბრუნების ვალდებულება ეკისრებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჭ. ც-ეს სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის თაობაზე ეცნობა სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს წერილით (ჩაბარდა 17 აგვისტოს), ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული პერიოდის შემდეგ მის მიერ სადავო ფართით სამეწარმეო მიზნით სარგებლობა არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 6 ოქტომბრის და 8 ნოემბრის წერილებით ჭ. ც-ისთვის არამართლზომიერად დაკავებული ფართის გამონთავისუფლება აღარ მოუთხოვია და მეტიც, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმითაც დასტურდება, რომ სადავო ფართი დაკეტილი იყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა