ბს-374 (კ-23) 29 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...-ის“ და შპს "ბ...-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-მა“ და შპს „ბ...-მა“ 23.12.2019წ. სარჩელით, ხოლო 19.02.2020წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 03.05.2019წ. N000228 დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.11.2019წ. N1839 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2022წ. გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ და შპს „ბ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ის“ და შპს „ბ...-ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „პროდუქტის უსაფრთოხებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სამშენებლო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. ამავე კოდექსის 26.4 მუხლის თანახმად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 12.09.2018წ. N003558 დადგენილებით შპს „...“ და შპს „ბ...“ დაჯარიმდნენ 2 000 ლარით ქ. თბილისში, ... N91-ში, N.. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.04.2016წ. N2550918 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე II კლასის შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 05.03.2019წ. N000228 შემოწმების აქტით დადგინდა ამავე სამსახურის 12.09.2018წ. დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯარიმის დაკისრებიდან სამი თვის განმავლობაში შპს „...-ის“ და შპს „ბ...-ის“ მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ზემოაღნიშნული დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ საპროექტო ობიექტი არ იქნა მოყვანილი არქიტექტურის სამსახურის 21.04.2016წ. N2550918 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში, ამასთან არც 12.09.2018წ. N003558 დადგენილებით გათვლისწინებული დარღვევების შეთანხმება მომხდარა შესაბამისი ორგანოს მიერ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით განხორციელებული სამუშაოების კანონიერების ფარგლებში მოქცევა არ მომხდარა აგრეთვე მუნიციპალური ინსპექციის 05.03.2019წ. N000228 შემოწმების აქტით დაწყებული სამართალდარღვევის საქმისწარმოებისათვის დადგენილ ვადაშიც. სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 102-ე, სასკ-ის მე-4 და მე-17 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება შპს „...-ისა" და შპს „ბ...-ის" დაჯარიმიების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 03.05.2019წ. №000228 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, კანონიერია და არ არსებობს ამ მიმართებით აპელანტის არგუმენტების გაზიარების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ის“ და შპს „ბ...-ის“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო N000228 დადგენილება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევის და შეფასების გარეშე. აღნიშნული აქტის გამოცემის დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და არასწორად შეაფასა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კასატორმა აღნიშნა, რომ დადგენილებით განსაზღვრულ სამართალდარღვევებში გარდა უმნიშვნელო დარღვევებისა, რომელიც გამოსწორებადია, მითითებულია, რომ "შენობა ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის, როგორც დაურეგისტრირებელ, ისე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე". კასატორის მითითებით მოცემული საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია ორი გზით: შენობა-ნაგებობის იმ ნაწილის დემონტაჟის უშუალო განხორციელებით, რომელი ნაწილითაც გადასულია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ან არსებული შენობა-ნაგებობის შესაბამისად წითელი ხაზების კორექტირებით. კასატორის მოსაზრებით შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი შეუძლებელია, ვინაიდან კონსტრუქციული თვალსაზრისით აღნიშნული ნაწილი, არსებული პროექტით წარმოადგენს საყრდენ კედლებს და გამოიწვევს მთლიანი შენობის ნგრევას. ამასთან, ვინაიდან შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონის შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დასჯადია მისი დაგნგრევა. რაც შეეხება წითელი ხაზების კორექტირებას, კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული პრობლემა წარმოადგენს ძველი თბილისის პრობლემურ საკითხს და ინდივიდუალურად, კერძო პირების მიერ საკითხის გადაჭრა ფიზიკურად შეუძლებელია. კასატორის მოსაზრებით, საკითხი არის ფართო მასშტაბის და მისი გადაწყვეტა და მოგვარება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ.
კასატორი სზაკ-ის 53-ე, 601 და 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები N000228 დადგენილების და N1839 ბრძანების გამოცემის დროს ვალდებულნი იყვნენ სრულყოფილად გამოეკვლიათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღოთ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "..-ის“ და შპს "ბ...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით ქ. თბილისში, ... N91-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N.., 2016 წლის 01 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს "..-ის“ და შპს "ბ...-ის“ სახელზე. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.04.2016წ. N2550918 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ... N91-ში, N.. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 12.09.2018წ. №003558 დადგენილებით, შპს „...“ და შპს „ბ...“ დაჯარიმდნენ 2 000 (ორი ათასი) ლარით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.04.2016წ. №2550918 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე II კლასის შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის. აღნიშნული დადგენილებით შპს „...-ს“ და შპს „ბ...-ს“ ასევე განემარტა, რომ "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 26.4 მუხლის თანახმად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან სამი თვის შემდეგ, სამართალდამრღვევი დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც სამართალდამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 05.03. 2019წ. №000228 შემოწმების აქტით დადგინდა ამავე სამსახურის 12.09.2018წ. №003558 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის ფაქტი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 03.05.2019წ. №000228 დადგენილებით შპს „...“ და შპს „ბ...“ დაჯარიმდნენ 6 000 (ექვსი ათასი) ლარით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 12.09.2018წ. №003558 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.11.2019წ. №1839 ბრძანებით შპს „...-ის“ და შპს „ბ... -ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 03.05.2019წ. №000228 დადგენილება.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის 23-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 26.4 მუხლის თანახმად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს "..-ის“ და შპს "ბ...-ის“ მიერ საპროექტო ობიექტი არ იქნა მოყვანილი არქიტექტურის სამსახურის 21.04.2016წ. N2550918 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში, ამასთან, კასატორებს არც პროექტის ცვლილების მოთხოვნით მიუმართავთ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის. აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობის სამსახურის 12.09.2018წ. N003558 დადგენილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად სადავო არაა პროექტის დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ფაქტი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორებს არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიუმართავთ წითელი ხაზების კორექტირების მოთხოვნით, შესაბამისად დაუსაბუთებელია კასატორების აპელირება წეთელი ხაზების დარღვევის გამო ზედამხედველობის სამსახურის 12.09.2018წ. N003558 დადგენილებით დაკისრებული მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობაზე. ამდენად, ზედამხედველობის სამსახურის 12.09.2018წ. N003558 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ემოქმედა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად და მიეღო შპს „...-ის“ და შპს „ბ...-ის“ სამმაგი ოდენობით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს "...-ის“ და შპს "ბ...-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ის“ და შპს „ბ...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2022წ. განჩინება;
3. მ. ც-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...-ის“ და შპს „ბ...-ის“ საკასაციო საჩივარზე 18.05.2023წ. N17135564313 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი