Facebook Twitter

ბს-1224 (კს-23) 29 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ-ე. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობა

მესამე პირი - ბმა "...ი"

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2023წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ-ე. ა-მა 06.08.19წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული ბმა "...ის" N5985 აღრიცხვის ფურცლის (აღრიცხვის თარიღი:11.02.2010წ.) ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 29.11.2017წ. N38-01173331762 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.05.2019წ. N644 ბრძანების მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.06.2022წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბმა "...ი".

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.06.2023წ. გადაწყვეტილებით მ-ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ-ე. ა-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 20 დღის ვადა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, კერძოდ: არ წარმოადგენდა დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარსა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება 28.09.2023წ. გაეგზავნა მ-ე. ა-ის წარმომადგენელ ნ. გ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე და 03.10.2023წ. ჩაბარდა პირადად ნ. გ-ეს.

ნ. გ-ემ 25.10.2023წ. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2023წ. განჩინებით მ-ე. ა-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.06.2023წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ-ე. ა-ის წარმომადგენლის ნ. გ-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 25.09.2023წ. განჩინება მას 03.10.2023წ. ჩაბარდა, რა დროსაც იგი იყო ავად. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით მან სასწრაფო სამედიცნო დახმარება 2023 წლის 28 სექტემბერს, 31 სექტემბერს და 22 ოქტომბერს გამოიძახა, რაც დასტურდება სასწრაფო დახმარების ცნობებით. იგი აღნიშნავს, რომ მკურნალობდა სახლში, რადგან არ შეეძლო მასთან სახლში მყოფი მწოლიარე ავადმყოფის - ქ. ჯ-ის მარტო დატოვება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით იგი 2023 წლის 23 ოქტომბრიდან შრომისუუნარობის ფურცელზე იყო, რომელიც ნოემბრის დასაწყისში დაიხურა. 15 ნოემბრიდან და შემდეგ 28 ნოემბრიდან იგი ისევ გადავიდა ბიულეტენზე. ნ. გ-ის განმარტებით, მან ვერ შეძლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მარწმუნებლისათვის ეცნობებინა, ვინაიდან მ-ე. ა-ი არის გერმანიის მოქალაქე, ცხოვრობს გერმანიაში და მასთან ვერ შეძლო კომუნიკაციის დამყარება. ნ. გ-ის მოსაზრებით განჩინება ხარვეზის თაობაზე უნდა გაგზავნილიყო ასევე მის მარწმუნებელთანაც, რომელიც უზრუნველყოფდა მის შესრულებას. ნ. გ-ემ აღნიშნა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მომზადება, რაც სსკ-ის 59-ე და 215.3 მუხლების თანახმად გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ-ე. ა-ის დაზუსტებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.09.2023წ. განჩინება მ-ე. ა-ის წარმომადგენელ ნ. გ-ეს (წარმომადგენლობა დასტურდება 23.08.2019წ. N190999612 მინდობილობით, რომელიც განუსაზღვრელი ვადითაა გაცემული) გაეგზავნა მის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 03.10.2023წ. პირადად ჩაბარდა ნ. გ-ეს. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობა გამოიწვია ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მხოლოდ წარმომადგენლისათვის ჩაბარებამ და მხარისათვის ჩაუბარებლობამ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განჩინების ჩაბარება განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით და ამდენად, პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, მითითებული მუხლით განსაზღვრულია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზად ასახელებს ასევე მის ავადმყოფობას და მიუთითებს, რომ მან დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო. განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.09.2023წ. განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად 20-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომლის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებიდან (03.10.2023წ.). ამდენად, ნ. გ-ეს ხარვეზის შევსება 2023 წლის 23 ოქტომბრის 24 საათამდე შეეძლო, ხოლო მან ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოს 25.10.2023წ. მიმართა განცხადებით. აღსანიშნავია, რომ განცხადება წარდგენილი იყო ელ. ფოსტის საშუალებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მიიჩნიოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას (იხ. სუსგ 29.02.2024წ. Nას-105-2024). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე მკურნალი ექიმის რეკომენდაცია, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს, ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. სუსგ 01.08.2019წ. Nას-929-2019).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია ნ. გ-ის სახელზე გაცემული N2016786 საავადმყოფო ფურცელი, რომელშიც მითითებულია მხოლოდ მისი გახსნის თარიღი - 23.10.2023წ., მასში არ არის მითითებული ავადმყოფის მდგომარეობა, შრომისუუნარობის სახეობა და საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ხანგრძლივობა. ასევე საქმეში დაცულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების 22.10.2023წ. ბარათი, სადაც მითითებულია, რომ პაციენტის ნ. გ-ის დიაგნოზია ..., იგი უჩივის ..., ..., ... და ზოგად სისუსტეს. სხეულის ტემპერატურის მაჩვენებელში მონიშნილია 370 გრადუსი. მითითებული დოკუმენტების შინაარსი არ ადასტურებს ნ. გ-ის მიერ ხარვეზის შევსების ობიექტურ შეუძლებლობას 2023 წლის 04 ოქტომბრიდან 2023 წლის 23 ოქტომბრის 24 საათამდე. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნ. გ-ემ ელ. ფოსტის საშუალებით 25.10.2023წ. მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რისი შესაძლებლობაც მას 2023 წლის 23 ოქტომბრამდეც ჰქონდა და ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებული ჯანმრთელობის მდგომარეობა აღნიშნული ქმედების განხორციელების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. რაც შეეხება საქმეში დაცულ სხვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათებსა და საავადმყოფო ფურცლებს, ისინი დათარიღებულია ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის - 2023 წლის 23 ოქტომბრის შემდგომი თარიღებით და არარელევანტურია მოცემული საკითხის გადასაწყვეტად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, საჭირო მტკიცებულებათა წარუდგენლობის პირობებში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა იმ საპატიო მიზეზის არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას.

სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, არსებობდა მ-ე. ა-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ-ე. ა-ის დაზუსტებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.11.2023წ. განჩინება მ-ე. ა-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-ე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ-ე. ა-ის დაზუსტებული კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა