საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1233(კ-22) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისიადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - შ. კ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 17 ნოემბერს შ. კ. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, არის პაკისტანის მოქალაქე და მუშაობს შპს ,,...“-ში. 2020 წლის 19 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნულ განცხადებაზე დაუდგინა ხარვეზი და დაევალა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: 1. ვადიანი სამგზავრო ბილეთი; 2. საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე დროს სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი). სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 ნოემბრის №1000724957 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, შ. კ. ა-ის განცხადება მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად. მოსარჩელე არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 ნოემბრის №1000724957 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 ნოემბრის №1000724957 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის 2020 წლის 19 ოქტომბრის №1000724957 განცხადების არსებითად განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოში უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”. აღნიშნული ,,წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამავე „წესის“ 3.8 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა - ელექტრონული ფოსტა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების ზოგად წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მითითებული კოდექსის 83.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე კოდექსის 83.2 მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის 83.5 მუხლის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, 2020 წლის 19 ოქტომბერს შ. კ. ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა ქორწინების მოწმობა საქართველოს მოქალაქესთან, სამედიცინო ცნობა და მოითხოვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 20 ოქტომბრის №1000724957/7 წერილით შ. კ. ა-ს ეცნობა, რომ უნდა წარედგინა: 1. სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა; 3. ვადიანი სამგზავრო დოკუმენტი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2020 წლის 18 ნოემბრამდე.
2020 წლის 22 ოქტომბერს, შ. კ. ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დამატებით წარუდგინა შპს „...“-ის 2020 წლის 20 ოქტომბრის ცნობა, რომლის თანახმად, შ. კ. ა- ნამდვილად მუშაობს ამ კომპანიაში, ტექნიკურ დეპარტამენტში, ...ის პოზიციაზე, 2017 წლის აგვისტოს თვიდან და მისი ანაზღაურება შეადგენს 1 300 ლარს.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 ოქტომბრის №1000724957/7 წერილით შ. კ. ა-ს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზი აღმოიფხვრა ნაწილობრივ და კვლავ უნდა წარედგინა: 1. ვადიანი სამგზავრო ბარათი; 2. საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე დროს სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2020 წლის 18 ნოემბრამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 ნოემბრის №1000724957 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, შ. კ. ა-ის განცხადება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე, დატოვებული იქნა განუხილველად.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შ. კ. ა-ის პასპორტი მოქმედია 2026 წლის 17 თებერვლამდე, ხოლო 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებით, შ. კ. ა-ი იღებს ვალდებულებას შეასრულოს დამკვეთის - შპს ,,...“-ის მიერ დაკვეთილი ... სამუშაოები იმ მოცულობით, რამდენიც დავალებულ იქნება ცალკეულ შემთხვევაში, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას მიიღოს აღნიშნული მომსახურება და უზრუნველყოს ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოთხოვნა ვადიანი სამგზავრო ბარათის წარდგენასთან დაკავშირებით, შ. კ. ა-ის მხრიდან აღმოიფხვრა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შ. კ. ა-იმ ნება ბინადრობის ნებართვის მიღებაზე გამოხატა მაშინ, როდესაც მას ჰქონდა საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადა დარჩენილი, თუმცა განცხადება დარეგისტრირდა 39 დღით ადრე, რის გამოც არსებობდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის შ. კ. ა-ის 2020 წლის 19 ოქტომბრის №1000724957 განცხადების არსებითად განხილვის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მართალია სასამართლომ გამოიყენა საკითხის მარეგულირებელი აქტები თუმცა, არასწორად განმარტა იგი. განსახილველ შემთხვევაში სააგენტომ განმცხადებელს დაუდგინა ხარვეზი, დაავალა დოკუმენტების წარდგენა და დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო განცხადება დატოვა განუხილველად.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ მიუთითებია რომელი ნორმა დაარღვია სააგენტომ სადავო გადაწყვეტილების მომზადების დროს. სასამართლომ მტკიცებულების გარეშე გაიზიარა მოსარჩელის ახსნა-განმარტება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თითქოს რამდენიმე დღით ადრე მივიდა იუსტიციის სახლში და ოპერატორმა განცხადება არ ჩაიბარა. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილ თავშესაფრის მაძიებლის დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობასთან დაკავშირებით სააგენტომ მიმართა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს, საიდანაც ეცნობა, რომ 2020 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით განმეორებით მიმართა პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ - შაზადა კალიმ რომელსაც უარი ეთქვა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე. შესაბამისად შ. კ. ა-ი აღარ ითვლებოდა თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შ. კ. ა-ის განცხადება მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დატოვა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ვადიანი სამგზავრო ბარათი და საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამავე დროს სააგენტოსათვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის IV თავი არეგულირებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს, კერძოდ, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე. ხოლო მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-10 მუხლში. აღნიშნული ,,წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს ასევე შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით განცხადების განხილვა ექვემდებარება შემდეგ სტადიებს: 1. განცხადების დასაშვებობა; 2. განცხადების საფუძვლიანობა. განცხადების დასაშვებობის სტადიაზე ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს ორ კრიტერიუმს: განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და განცხადების წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას (წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 19 ოქტომბერს, შ. კ. ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. განცხადებას ერთვოდა საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების მოწმობა და სამედიცინო ცნობა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 20 ოქტომბრის №1000724957/7 წერილით შ. კ. ა-ს ეცნობა, რომ განცხადების განხილვისათვის წარმოსადგენი იყო სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვადიანი სამგზავრო დოკუმენტი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2020 წლის 18 ნოემბრამდე.
2020 წლის 22 ოქტომბერს შ. კ. ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დამატებით წარადგინა შპს „..."-ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, შ. კ. ა-ი ნამდვილად მუშაობს შპს „..."-ში ...ის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება შეადგენს 1 300 ლარს.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 ოქტომბრის №1000724957/7 წერილით შ. კ. ა-ს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზი აღმოიფხვრა ნაწილობრივ და უნდა წარედგინა ვადიანი სამგზავრო ბარათი და საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2020 წლის 18 ნოემბრამდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ შ. კ. ა-მა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარადგინა საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია და ასევე საქმეს ერთვის შ. კ. ა-ის პასპორტის ასლი, რომლის თანახმად, პასპორტი მოქმედია 2026 წლის 17 თებერვლამდე. ასევე, 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება მომსახურების შესახებ და დაბადების მოწმობის ასლი. 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, შ. კ. ა-ი იღებს ვალდებულებას შეასრულოს დამკვეთის - შპს ,,..."-ის მიერ დაკვეთილი ... სამუშაოები იმ მოცულობით, რამდენიც დავალებულ იქნება ცალკეულ შემთხვევაში, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას მიიღოს აღნიშნული მომსახურება და უზრუნველყოს ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები იძლევა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოსარჩელის განცხადების არსებითად განხილვის საკმარის საფუძველს.
რაც შეეხება განცხადებით მიმართვისას 40 დღიანი ვადის დამადასტურებელ მტკიცებულებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე განმცხადებლის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ხარვეზის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ სამართალწარმოების ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ იქნა თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია 2019 წლის 26 ნოემბერს და მოქმედების ვადა ჰქონდა 2020 წლის 26 ნოემბრამდე. საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ შ. კ. ა-მა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 39 კალენდარული დღით ადრე მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მაგრამ მან ნება ბინადრობის ნებართვის მიღებაზე გამოხატა მაშინ, როდესაც მას ჰქონდა საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადა დარჩენილი, თუმცა განცხადება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში დარეგისტრირდა ერთი დღის დაგვიანებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ სააგენტოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების ჩაბარების მიზნით მივიდა რამდენიმე დღით ადრე, სურდა განცხადების ჩაბარება, მაგრამ ვინაიდან თან არ ჰქონდა სხვა დოკუმენტები, მისი განცხადება არ ჩაიბარეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 23.08.2022წ. №57805 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.08.2022წ. №57805 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე