Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-58(კს-24) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ქ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - თ. მ-ი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ი“

მოსარჩელე - მ. კ-ი

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 27 ივლისს მ. კ-მა და ქ. ა-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის - თ. მ-ის სახელზე 9.00 კვ.მ სარდაფის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე, ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო თ. მ-ი, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით - ბმა ,,...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ისა და ქ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-მა და ქ. ა-ემ.

2022 წლის 22 სექტემბერს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, სარჩელის გამოხმობა მოითხოვეს. 2022 წლის 23 სექტემბრის სასამართლო მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე მხარეს შესაძლოა უარი ეთქვა სარჩელზე. სასამართლომ განუმარტა სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობა დასაშვები იყო მოპასუხის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო სარჩელზე უარის თქმას არ სჭირდებოდა მოპასუხის თანხმობა და მხარეს განუსაზღვრა დრო შუამდგომლობის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად (იხ. 23.09.2022 წლის სხდომის ოქმი გვ. 286).

2022 წლის 28 სექტემბერს აპელანტებმა - მ. კ-მა და ქ. ა-ემ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გამოხმობის ნაცვლად იშუამდგომლეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა და საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ისა და ქ. ა-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება და შეწყდა №3ბ/1473-ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო საქმის წარმოება; მ. კ-სა და ქ. ა-ეს დაუბრუნდათ მათ სარჩელზე შ. ქ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ნახევარი, 50 ლარის ოდენობით; მ. კ-სა და ქ. ა-ეს დაუბრუნდათ ქ. ა-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ნახევარი - 75 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. მხარეებს განემარტათ, რომ სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ა-ემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2022 წლის 21 სექტემბერს მან და მ. კ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, სარჩელის გამოხმობა მოითხოვეს. 2022 წლის 23 სექტემბერს მან დამატებით კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმ ეტაპზე მისი მიზანი იყო სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება ოჯახური მდგომარეობის გამო, დროებით იხმობდა სააპელაციო საჩივარს, რომელსაც ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ კვლავ შეიტანდა. სააპელაციო სასამართლომ კი განუმარტა, რომ გამოხმობის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა და უარი უნდა ეთქვა სააპელაციო საჩივარზე ან სარჩელზე, თუმცა არ განუმარტეს ის შედეგი რაც უარის თქმას მოჰყვებოდა. მას ეგონა, რომ სარჩელზე უარის თქმის შემდეგაც შეეძლო ხელახლა სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვა. კერძოს საჩივრის ავტორის განმარტებით, რომ სცოდნოდა, რომ სარჩელზე უარის თქმის დროს სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა არ შეიძლებოდა, უარს არ იტყოდა სარჩელზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის ხელახლა განხილვის დავალება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ისა და ქ. ა-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება და №3ბ/1473 ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება. მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ ქ. ა-ემ, მ. კ-ს დასახელებული განჩინება არ გაუსაჩივრებია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება მ. კ-ის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სამართალწარმოების მსგავსად, მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის მონაწილენი, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეთა მსგავსად, აღჭურვილნი არიან მატერიალური და საპროცესო უფლებების თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებით დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. ამრიგად, დისპოზიციურობის პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ სარჩელის წარდგენის უფლების გამოყენებას, არამედ მხარის შესაძლებლობას, მოახდინოს საკუთარი მატერიალური თუ პროცესუალური უფლებების რეალიზაცია სარჩელის გამოხმობის ან სარჩელზე უარის თქმის გზით. თუ მხარე უარს ამბობს სარჩელზე, ამგვარად გამოხატავს ნებას, რომლის გათვალისწინებაც სასამართლოსთვის სავალდებულოა და იწვევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპროცესო-სამართლებრივ შედეგს - საქმის წარმოების შეწყვეტას.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ სარჩელზე უარის თქმით პროცესის მონაწილე გამოხატავს ნებას თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რა დროსაც გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს პირის ნამდვილ ნებას, ხოლო არაკეთილსინდისიერი ზემოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ნების არსებობის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ზემოქმედების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ისა და ქ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-მა და ქ. ა-ემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით, მ. კ-ისა და ქ. ა-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით 2022 წლის 23 სექტემბერს, 14:00 საათზე.

2022 წლის 22 სექტემბერს მ. კ-მა და ქ. ა-ემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, სარჩელის გამოხმობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ამავე სახის შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2022 წლის 23 სექტემბერს ასევე ქ. ა-ემ (გვ. 283-284).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის გამოხმობა სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე, თანახმა იყო თუ არა მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომ აპელანტებს - მ. კ-ს და ქ. ა-ეს გაეხმოთ სარჩელი, მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ არ იყო თანახმა (2022 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმი, 14:42:47 საათი, გვ. 286-288). აქვე სხდომის თავმჯდომარემ მხარეებს განუმარტა, რომ თუ მათ აღარ ჰქონდათ დავის გაგრძელების ინტერესი, შეეძლოთ უარი ეთქვათ სარჩელზე, ვინაიდან, სარჩელზე უარის თქმის დროს მოპასუხის თანხმობა არ იყო საჭირო.

2022 წლის 28 სექტემბერს აპელანტებმა - მ. კ-მა და ქ. ა-ემ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა და საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება (გვ. 291).

დადგენილია, რომ აპელანტებმა - მ. კ-მა და ქ. ა-ემ 2022 წლის 28 სექტემბრის განცხადებით უარი განაცხადეს სარჩელზე. შესაბამისად, მოსარჩელეებმა სარჩელზე უარის თქმით განახორციელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა, რომ შუამდგომლობა არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოყვანილი არგუმენტები - გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მან არ იცოდა, რომ სარჩელზე უარის თქმის შემდეგ აღარ ჰქონდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლება და აღნიშნულზე არც მოსამართლემ განუმარტა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იტყოდა სარჩელზე უარს, არ არის რელევანტური, ვინაიდან, სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, ანუ ივარაუდება, რომ პირმა იცის კანონი, რამეთუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება, არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. კანონი ქვეყნდება საჯაროდ და პირი ვალდებულია, გაეცნოს კანონის დანაწესს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 378-ე, 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე