Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-171(კ-22) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე , გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - ე. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. გ-ე

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - ც. ნ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ემ 2017 წლის 27 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიერ გ. გ-ას სახელზე გაცემული 1999 წლის 1 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტის და ც. ნ-ის სახელზე გაცემული 1999 წლის 1 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის კომლის წევრია, ისევე როგორც მისი აწ გარდაცვლილი მშობლები იყვნენ. იგი დაიბადა და გაიზარდა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში, მე-7 ქუჩა, №8 სახლში, რომელიც მემკვიდრეობით ერგო საკუთრებად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მიწის რეფორმის დროს 1993 წლის 25 ოქტომბრის სოფელ ...ის საკრებულოს №47 გადაწყვეტილებით გამოეყო 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაზედაც გაფორმდა 1994 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი №25, შედგა შესაბამისი ნახაზი და ცნობა №114 (10.04.2006წ.), რომლის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 12 ოქტომბერს და გაიცა ამონაწერი საკადასტრო კოდით ....

მოსარჩელის მითითებით, მიწის დაზუსტებული აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრში წარდგენისას გახდა მისთვის ცნობილი, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი იყო გასხვისებული. მოსარჩელის მოსაზრებით, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი მიწის სადავო მიღება-ჩაბარების აქტების სიყალბეზე. გასაჩივრებულ აქტებზე დატანილი მიწის ნაკვეთები, თავის საზღვრებიდან გამომდინარე, შემხებლობაში არ არის მ. გ-ის ნაკვეთის საზღვრებთან, კერძოდ, მოსარჩელეს ესაზღვრება №28 და №26 მიწის ნაკვეთები, გზა და ქარსაცავი ზოლი, ხოლო გ. გ-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება №261, №27, №32 ნაკვეთები და გზა. მისი განმარტებით, ნაკვეთი გაიცა 1994 წელს და იმავე საზღვრებში დაუშვებელი იყო სხვა მიწის ნაკვეთის გაცემა. მოსარჩელე დღემდე ფლობს თავის ნაკვეთს და აღნიშნავს, რომ სადავო ტერიტორიაზე არავინ უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უწევს ისრაელის რესპუბლიკაში ყოფნა, საქართველოში აქვს სახლი და განმარტავს, რომ არავის აქვს უფლება ხელყოს მისი საკუთრება.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში მიწის რეფორმის დროს, კერძოდ, მაშინ, როცა საბჭოთა მეურნეობების, კოლმეურნეობების, მებაღეობების გაუქმების შემდეგ მოქალაქეებზე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის მოწესრიგების მიზნით შეიქმნა შესაბამისი საჯარო სამსახურები, მიწის მართვის დეპარტამენტები, სამინისტროები, საკადასტრო განყოფილებები და ა.შ., რომელთაც დაეკისრათ პირთა წრის განსაზღვრა, ვისაც მიწა უნდა მიეღო, ისინი დაიყვნენ სამი ტიპის კატეგორიად: პირველი კატეგორია - მოქალაქეები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები სოფლის მეურნეობაში - 1 კომლზე 1.25 ჰა, მეორე კატეგორია - კომლი, ვინც არ იყო ჩართული სოფლის მეურნეობაში, მაგრამ იყო კომლის წევრი - 0,75 ჰა, მესამე კატეგორიას მიეკუთვნა მოქალაქეები, ვინც ცხოვრობდა ქალაქში - 0,25 ჰა ოდენობით. მიწები, რომლებიც კერძო კომლთა მფლობელობაში იყო, ჩაითვალა საერთო ფართის შემადგენელ ნაწილად. მოსარჩელის მითითებით, ამ კანონში შევიდა არაერთი ცვლილება და გაიზარდა ფართობები და ცხადია მიწის მიღება-ჩაბარების აქტები ფაქტობრივად წარმოადგენდა პირველად დოკუმენტებს, რომლითაც იწყებოდა მიწის რეფორმისა და განაწილების საწყისი ეტაპი. შემდგომი ეტაპი იყო მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემულ მიწის კონკრეტულ ნაკვეთებზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა. მ. გ-ის მითითებით, საქმეში არ მოიპოვება ზემოთ მითითებულ პირთა სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობები, რომელშიც მიწის ნაკვეთის ფართობი, მდებარეობა ან თუნდაც კონფიგურაცია დაემთხვეოდა მათ მიერ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მიწის ნაკვეთების შესაბამის მონაცემებს. ასევე, დადასტურებულია, რომ არც გ. გ-ა და არც ც. ნ-ე სოფელ ...ის კომლის წევრები არ არიან. ამასთან, მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი გადაეცა 1994 წელს, ხოლო გ. გ-ას და ც. ნ-ეს - 1999 წელს. მოსარჩელის განმარტებით, მისი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეცვლილა. შესაბამისად, საჯარო რეესტრს სადავო ნაკვეთების რეგისტრაციის დროს უნდა ემსჯელა ამ საკითხებზე და დაედგინა სადავო ნაკვეთების ადგილმდებარეობა, რაც არ განუხორციელებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით, მ. გ-ის სარჩელი, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ც. ნ-ე და გ. გ-ა, ხოლო 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით - ე. გ-ა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქმეში მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 1993 წლის 25 ოქტომბრის №47 გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. გ-ეს 1994 წლის 2 მაისს №25 მიღება-ჩაბარების აქტით გამოეყო მიწის ნაკვეთი 0,60 ჰექტარი ორ ნაკვეთად, 0,25 და 0,35 ჰა. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება №28 მიწის ნაკვეთი, სამხრეთით - №26 მიწის ნაკვეთი, აღმოსავლეთით - გზა და დასავლეთით - ქარსაფარი. საკრებულოს ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, ც. ნ-ეს 1999 წლის 1 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტით გამოეყო 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება №26 მიწის ნაკვეთი, სამხრეთით - №25 მიწის ნაკვეთი, აღმოსავლეთით - გზა და დასავლეთით - №32 მიწის ნაკვეთი, ხოლო გ. გ-ას 1999 წლის 1 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტით გამოეყო 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება №27 მიწის ნაკვეთი, სამხრეთით №26 მიწის ნაკვეთი, აღმოსავლეთით - გზა და დასავლეთით - №32 მიწის ნაკვეთი. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 26 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ც. ნ-ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 1999 წლის 1 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტი. 2007 წლის 26 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) საკუთრების უფლება ასევე დარეგისტრირდა გ. გ-ას სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 1999 წლის 1 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტი. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 12 ოქტომბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება მ. გ-ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 1994 წლის 2 მაისის №25 მიღება-ჩაბარების აქტი და 2006 წლის 10 აპრილის №114 ცნობა. 2012 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ. გ-ამ, გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) მიყიდა ც. ნ-ეს. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 ივლისს №... გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ც. ნ-ის საკუთრების უფლება.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული

სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მ. გ-ის წარმომადგენელმა - მარინა ლაზარაშვილმა და მოითხოვა გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 7 დეკემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში ... (მესაკუთრე ი. მ-ე), ... (მესაკუთრე ც. ნ-ე) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. დაინტერესებულ პირს აღნიშნულის თაობაზე ასევე ეცნობა 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილებით. ამასთან განემარტა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა არ დაადასტურა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა.

მ. გ-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №... ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესაბამისად. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი“ მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში ითვალისწინებს ამ დავის გადასაწყვეტად სააგენტოს მიერ სავალდებულო წესით სანოტარო მედიაციისთვის მიმართვას, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენასთან ერთად (ვინაიდან არ არსებობდა მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობა), სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირისათვის ასევე უნდა შეეთავაზებინა 3 სამუშაო დღის ვადაში მედიატორების/მედიატორი ნოტარიუსების სიიდან მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსის შერჩევა, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება მხარეთა მიერ მედიატორის/მედიატორ ნოტარიუსის შერჩევა მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 8 თებერვლის №... სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 7 დეკემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება და განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი, ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ იგი ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთების (ს/კ ..., მესაკუთრე ი. მ-ე და ს/კ ..., მესაკუთრე ც. ნ-ე) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომლებთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. იმ შემთხვევაში, თუ ის არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ №... განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. 2017 წლის 19 მაისს, მ. გ-ის წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №... ადმინისტრაციული საჩივარი 2007 წლის 26 სექტემბრის №..., 2007 წლის 26 სექტემბრის №... და 2012 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილებებისა და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის №... გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილებით მ. გ-ეს უარი ეთქვა 2017 წლის 19 მაისის №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, 2007 წლის 26 სექტემბრის №... და 2012 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებზე (№... (26.09.2007), №... (26.09.2007) და №... (25.07.2012) „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამასთან, განიმარტა, რომ დასახელებული კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. დადგენილია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილებით, მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება.

ასევე დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 8 ნოემბრის №... და 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილებებით, გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე ს/კ ... და ს/კ ... უძრავ ნივთებზე, 2017 წლის 6 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე დარეგისტრირდა ე. გ-ას საკუთრების უფლება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადასცა, ხოლო პირმა ჩაიბარა მიწის ნაკვეთი, რითაც ორივე მხარის ნება გამოვლინდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა მოწესრიგებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, კერძოდ, გ. გ-ას სახელზე 1999 წლის 1 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტით და ც. ნ-ის სახელზე 1999 წლის 1 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტით, რომლებიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

საქმის განმხილველმა სასამართლომ, მოსარჩელის მსჯელობაზე მიღება-ჩაბარების აქტების სიყალბესთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარდგენილა, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითად საფუძველს. სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, ასევე ყურადღება გამახვილდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებაზე, კერძოდ, იმ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია გ. გ-ას და ც. ნ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების უკანონობასთან დაკავშირებით იმ საფუძველზე მითითებით, რომ ისინი არც კომლის წევრები და არც ...ის თანამშრომლები ყოფილან. სასამართლომ მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლით გაწერილ რეგულაციაზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილია დასახელებული დადგენილების მოთხოვნათა დაცვით და იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება რაც მათ უკანონობას დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელთა მითითება გ. გ-ას და ც. ნ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების კანონიერი საფუძვლის არარსებობის შესახებ, სასამართლოს მოსაზრებით, წინააღმდეგობაშია „საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში/დაბებში/ მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილების მიზანთან რესპუბლიკის ქალაქების მოსახლეობისაგან განტვირთვისა და მოსახლეობის სურსათით დაკმაყოფილების გაუმჯობესების შესახებ.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №... გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაინტერესებულ პირს - მოსარჩელეს ეცნობა, რომ №... განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა დროის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოშობილი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება. ერთ-ერთი მათგანის დაზუსტებული მონაცემების რეგისტრირებამ გამორიცხა შემდგომში მეორე პირის მიერ წარდგენილი მონაცემების დარეგისტრირება. პირველი ინსტანციის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით განმარტა, რომ ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს, აღინიშნა, რომ რეესტრთა ჩანაწერების კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.

სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 26 სექტემბერს, 1999 წლის 1 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ც. ნ-ის სახელზე. ხოლო 2007 წლის 26 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) 1999 წლის 1 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება გ. გ-ას სახელზე. სასამართლომ მიუთითა, რომ 2012 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ. გ-ამ 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე გარდაბანი, სოფელი ...ი ს/კ ... 3300 ლარად გადასცა ც. ნ-ეს, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 ივლისს №... გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ც. ნ-ის საკუთრების უფლება. მოგვიანებით, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 8 ნოემბრის №... და 2017 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილებებით, გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე ს/კ ... და ს/კ ... უძრავ ნივთებზე, 2017 წლის 6 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე დარეგისტრირდა ე. გ-ას საკუთრების უფლება. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსარჩელის უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია 2007 წლის 12 ოქტომბერს, ე.ი. მესამე პირთა საკუთრების რეგისტრაციის შემდგომ. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონიერად იქნა მიჩნეული რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 25 ივლისის №... გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამასთან, დასახელებული გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით ძალადაკარგულია გარიგების საფუძველზე, ხოლო ე. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი ძალაშია, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან, მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტები, მათ შორის, 2017 წლის 6 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 8 ნოემბრის №... და 2017 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები სადავოდ არ გაუხდია, სასამართლო ვერ იმსჯელებდა მათი კანონიერების შესახებ.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №... გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლოს მსჯელობით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნა კანონიერად, არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილებით მ. გ-ეს უარი ეთქვა 2017 წლის 19 მაისის №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 26 სექტემბრის №..., 2007 წლის 26 სექტემბრის №... და 2012 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის №... გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, მესამე პირის - გ. გ-ას გარდაცვალების გამო, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, გ. გ-ას უფლებამონაცვლედ დადგინდა ც. ნ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მ. გ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელით დაფიქსირებულ სასარჩელო მოთხოვნებზე და გასაჩივრებული აქტების, მათი საფუძვლების შესწავლის, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ადმინისტრაციული სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპი ინკვიზიციურობის თაობაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ ფორმულირებულ სასარჩელო მოთხოვნათა (გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიერ გ. გ-ას სახელზე 1999 წლის 1 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიერ ც. ნ-ის სახელზე 1999 წლის 1 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა) საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების აქტების გამოცემის საფუძველი - გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 1993 წლის 25 ოქტომბრის №47 გადაწყვეტილების კანონიერება სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელე მხარის მიერ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ საკითხზე განვითარებული მსჯელობა მასზედ, რომ მიღება-ჩაბარების აქტების საფუძვლის - გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 1993 წლის 25 ოქტომბრის №47 გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობა წარმოადგენს სადავო მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის საფუძველს და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მსგავსი ფორმულირებით არ არის სამართლებრივი შედეგის მომტანი და ხანდაზმულობის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე მითითებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების

დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ, ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 25 ივლისის №... გასაჩივრებული გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით ძალადაკარგულია გარიგების საფუძველზე, ხოლო ე. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი ძალაშია, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის ცნებაში მოიაზრება ნივთზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ხოლო თუ რა მოიაზრება თავად სარეგისტრაციო დოკუმენტში, განმარტავს მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, იგი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მის საფუძვლად არსებული დოკუმენტების შესწავლის გზით, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მას სადავოდ არ ხდის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე, ვინაიდან სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. იმ პირობებში კი, როდესაც რეგისტრაციის საფუძველი სადავოდ არ არის გამხდარი, იგი მიიჩნევა კანონშესაბამის აქტად, მის საფუძველზე გამოცემული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ასევე ითვლება კანონშესაბამის სამართლებრივ აქტად, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი უფლების რეგისტრაციის დროს ადგილი აქვს პროცედურულ დარღვევებს.

სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე ყურადღების გამახვილებით აღნიშნავს, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, თუკი სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებული სახით არ ასახავს მოსარჩელის ნებას, მის იურიდიულ ინტერესს, სასამართლო უნდა დაეხმაროს მას მოთხოვნის ფორმულირებაში, თუმცა აღნიშნული, სასამართლოს მითითების შემდგომ, უნდა განახორციელოს თავად მოსარჩელე მხარემ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ისე ითხოვს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომ ის სამართლებრივი დოკუმენტი - მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო უფლების რეგისტრაციას, სადავოდ არ აქვს გამხდარი. ხსენებული რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება დასაშვებია მხოლოდ მის საფუძვლად მითითებული დოკუმენტის კანონიერების შეფასებით. აღნიშნული კი ვერ განხორციელდება მასზე სარჩელის წარუდგენლობის პირობებში. მაშინ, როდესაც არ არის დადასტურებული დოკუმენტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია ყოველთვის ჩაითვლება არსებითად კანონშესაბამის აქტად, თუკი ადგილი არ აქვს აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ პროცედურულ დარღვევებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილების და 2017 წლის 19 ივნისის №... (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილების ბედი დამოკიდებულია წინამორბედ სასარჩელო მოთხოვნებზე დამდგარ შედეგზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სწრაფი, ჯეროვანი და შედეგზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით არსებითად მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმის სარჩელს წარადგენს მოსარჩელე. სარჩელის ფორმა კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნის მიღწევა სურს მას. სწორედ მოსარჩელის მიზანი განსაზღვრავს თუ რა სახის სარჩელი და მოთხოვნები იქნება წარდგენილი სასამართლოში. მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათისა და სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობისა, სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და მე-3 მუხლების მოქმედებით, რომელთა მიხედვითაც, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეებს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მაშინ, როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას, პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნა ჩამოყალიბებული, შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა შესთავაზოს მოსარჩელეს, მოახდინოს მოთხოვნის ტრანსფორმირება. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად უნდა მოიპოვოს გ. გ-ას, ც. ნ-ისა და მ. გ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტები, ერთმანეთს უნდა შეადაროს ისინი, რა დროსაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფლების დამდგენ წინმსწრებ დოკუმენტს.

სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ ყოველთვის არაა შესაძლებელი საკითხის გადაწყვეტა; მითითებული ნორმის ჩანაწერი - სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი - არ გულისხმობს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ვალდებულება საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების თაობაზე, შესაძლოა სრულად ჩანაცვლდეს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ფაქტების დადგენაზე პროცესუალურად ასევე უფლებამოსილი სასამართლოს მიერ; სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამგვარი გაგება ეწინააღმდეგება ნორმის მიზანს, გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ვალდებულებასა და ინსტანციურობის პრინციპს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. გ-ას საკასაციო საჩივარი.

კასატორის განმარტებით, იგი უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენია, მისთვის უცნობი იყო ქონების ირგვლივ რაიმე სახის დავა თუ არსებობდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო ჩანაწერი მის ნაწილში სწორია და დავას არ ექვემდებარება. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, კერძოდ, კასატორისათვის გაუგებარია აღნიშნული, ვინაიდან რეგისტრაციის საფუძველს - მხარეთა შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას მოსარჩელე ვერ მოითხოვდა ადმინისტრაციული წესით. სასამართლოს მხოლოდ უნდა გამოერკვია რამდენად სწორად არის შესრულებული სადავო რეგისტრაციები. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეისწავლა საქმის მასალები, ხოლო სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ და უსაფუძვლოდ დააბრუნა ხელახლა განსახილველად საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მ. გ-ის სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ე. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილების, ასევე, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიერ გ. გ-ას სახელზე გაცემული 1999 წლის 1 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტის და ც. ნ-ის სახელზე გაცემული 1999 წლის 1 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერებას. საჯარო რეესტრის სადავო აქტების თანახმად, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს, რამდენად არსებობდა ხსენებულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ხელახლა განსახილველად საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების საფუძვლები.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მითითებებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო უფლების რეგისტრაციას, სადავოდ არ არის გამხდარი. ხსენებული რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება დასაშვებია მხოლოდ მის საფუძვლად მითითებული დოკუმენტის კანონიერების შეფასებით. აღნიშნული კი ვერ განხორციელდება მასზე სარჩელის წარუდგენლობის პირობებში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველს სადავოდ არ ხდის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე, ვინაიდან სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა შესთავაზოს მოსარჩელეს, მოახდინოს მოთხოვნის ტრანსფორმირება. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად უნდა მოიპოვოს გ. გ-ას, ც. ნ-ისა და მ. გ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტები და ერთმანეთს უნდა შეადაროს ისინი, რა დროსაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფლების დამდგენ წინმსწრებ დოკუმენტს.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით განისაზღვრა ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებები და განსხვავებები სამოქალაქო სამართალწარმოებისგან. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სასამართლო აღჭურვილია ფართო იურისდიქციით, რაც უფლებამოსილს ხდის მას, გადაწყვიტოს ნებისმიერი კონფლიქტი საჯარო დაწესებულებებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან, მოსამართლე აღჭურვილია უფლებამოსილებით, თავისი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები, ჩართოს საქმეში მესამე პირები, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისას, რამეთუ პირი უპირისპირდება ადმინისტრაციულ ორგანოს და გარკვეულწილად არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება. ადმინისტრაციული სასამართლოს იურისდიქცია ხელს უწყობს სასამართლოში მხარეთა შესაძლებლობების პროცესუალურ გათანაბრებას. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ისინი თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები (სსსკ-ის მე-4 მუხ.) ხოლო სასამართლოს აქტიური როლი არ ეწინააღმდეგება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, ვინაიდან სასამართლოს ზემოაღნიშნული უფლებამოსილება განპირობებულია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, კანონიერების პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობით, მხარეთა საპროცესო უფლებების ჯეროვანი განხორციელების წინაპირობების შექმნით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსარჩელის მხრიდან ეფექტური შედეგის მიღწევისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირების ინსტიტუტს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო, პროცესის დაჩქარების მიზნით, მხარეს ეხმარება მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებაში, რათა ეფექტურად დაიცვას უფლება. სასამართლო, დაჩქარებული საქმისწარმოების მიზნით იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო მიუხედავად მისი აქტიური როლისა უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ნორმის რეალიზებისას, სასამართლომ უნდა დაიცვას ორი პირობა: 1. სარჩელის ტრანსფორმირება უნდა ემსახურებოდეს პროცესის დაჩქარებას და 2. სარჩელის ტრანსფორმირებისას მოსამართლე არ უნდა გასცდეს სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს. ამრიგად, მიუხედავად ადმინისტრაციულ პროცესში გათვალისწინებული სარჩელის ტრანსფორმირების შესახებ ჩანაწერისა, სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოქმედებით, რომლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისის გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი.

ნიშანდობლივია, რომ კანონმდებლის მიზანი - სარჩელის ტრანსფორმირება უნდა ემსახურებოდეს პროცესის დაჩქარებას, გამომდინარეობს საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან, და უზრუნველყოფს სასამართლო წესით უფლების დაცვას გონივრულ ვადაში. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების შეცვლისას სავალდებულოა, ეს განახორციელოს მოსარჩელემ სასამართლოს დახმარებით; სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მოსარჩელის ნების გარეშე თვითონ შეასრულოს სასარჩელო მოთხოვნის ახალი ფორმულირება და იმსჯელოს მასზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელის მხრიდან ასეთი თანხმობა ვერ იქნება მიღებული, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნაზე პირვანდელი სახით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით, სასკ-ის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილი დავების სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, პროცესის ეკონომიის და დაჩქარების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შეჯიბრებითობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოვლინებაა (სუსგ საქმე №ბს-294-294 (კ-18), 09.12.2019წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი კი ადგენს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ აბსოლუტურ საფუძვლებს: გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას; გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება; დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები; ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; ვ) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი; ზ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ; თ) საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი. ამასთან, 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი (სუსგ საქმე №ბს-1224(კ-19), 25.11.2021წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელაცია მიზნად ისახავს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების გზით მხარეთა უფლებების დაცვას. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, იმთავითვე არ ქმნის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს, თუმცა არ ახდენს პირველი ინსტანციის სასამართლოს სრულ ჩანაცვლებას. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოებების კვლევა, ხოლო დავის გადაწყვეტის მიმართ არსებული მიდგომა წმინდად ფორმალურია, გამონაკლის შემთხვევებში სააპელაციო პალატას არ ეზღუდება დავის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების შესაძლებლობა, უკეთუ აღნიშნული დავის ობიექტურად სწორად გადაწყვეტის, დავის მონაწილე ყველა პირის ინტერესების უკეთ გათვალისწინების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების უკეთ გამოკვლევის საჭიროებით არის განპირობებული. ამასთანავე, დავის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევა ან მიღებული გადაწყვეტილების უსწორობა, იმთავითვე არ ქმნის დავის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო პალატა იმ შემთხვევაშია საქმის საქალაქო (რაიონული) სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებაზე უფლებამოსილი, უკეთუ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის მკვეთრად ფორმალური ხასიათის გამო, მხარეს ფაქტობრივად ერთმევა პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოება (სუსგ საქმე ბს-925(კ-19), 15.11.2021წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვის აუცილებლობა დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების აუცილებლობისა და საქმის განხილვისათვის საჭირო მტკიცებულებების მოპოვების საჭიროებით.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს შეჯიბრებითობის პრინციპის მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასკვნები ამ პრინციპის დარღვევის თაობაზე არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი შეფასებიდან, კერძოდ, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმის დაბრუნების საფუძველი შესაძლოა იყოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლ(ებ)ის არსებობა. მოცემულ მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლები ეხება საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის მიმართ დაწესებულ პროცესუალურ საკითხებს, რომელთა დარღვევა გამოიწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას, თუმცა „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტები ადგენენ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებად ნაწილობრივ პროცესუალურ და ამავდროულად მატერიალურ მოთხოვნებს, როგორებიცაა: ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტები სახეზეა, როდესაც გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება სამართლებრივი ნორმები, საქმის გარემოებები და ფაქტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, მისი სისწორის შემოწმება შეუძლებელი ხდება. აღნიშნული არ გულისხმობს შემთხვევას, როდესაც ზედა ინსტანციის სასამართლო არ ეთანხმება და არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კანონის გამოყენება-არგამოყენებას, ნორმის განმარტებას თუ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, რამდენადაც ასეთ დროს სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას ან ცვლის მის დასაბუთებას, თუმცა არ უბრუნებს საქმეს ქვედა ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას საქმის პირველი ინსტანციისთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების საფუძვლით, რამეთუ სადავო რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ადმინისტრაციული წესით სადავოობა სცილდება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარჩელის ტრანსფორმირებისათვის დადგენილ წესს, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების შემოწმება, თავისი ბუნებით, კერძოსამართლებრივი ხასიათისაა და ვერ იქნება განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო ჩანაწერების გარდა, სადავოდ არის გამხდარი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაციები. შესაბამისად, არსებული ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, არ იქმნება მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სადავოობის საჭიროება.

ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის (სსსკ-ის 372-ე მუხ.). სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს მეორე ინსტანციის სასამართლოს, რომელიც ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელმეორედ, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით (სსსკ-ის 377-ე მუხ.). სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები, მაგრამ თუ ეს ფაქტები და მტკიცებულებები შეიძლებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ყოფილიყო წარდგენილი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, ისინი არ მიიღოს, თუ მხარეს შეეძლო მათი წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა ისინი (სსსკ-ის 380-ე მუხ.).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე დავაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან გამოკვლეული და დადგენილია, ხოლო საქმეზე სრულყოფილად წარმოდგენილია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებული სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით დადგენილ ინკვიზიციურობის პრინციპს ეფუძნება. აღნიშნული განაპირობებს ადმინისტრაციული წესით განმხილველი სასამართლოს არა მხოლოდ უფლებამოსილებას, არამედ იმავდროულად ვალდებულებასაც, მოიკვლიოს საგნობრივად მისი განსჯადი საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები (სუსგ №ბს-420-420(კ-18), 28.03.2019წ.). ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გარემოებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქმის უკან დაბრუნების საფუძვლად მიიჩნია, არ განეკუთვნება ისეთ გარემოებებს, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას ართმევდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თავად გადაეწყვიტა საქმე და არ დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება/შესაძლებლობა ჰქონდა თავად გადაეწყვიტა წინამდებარე დავა და მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში შეემოწმებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერება. ხოლო თუ დავის გადაწყვეტისას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით და თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, ხოლო საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის გამოყენების მართებულობას, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითება ვერ გამოდგება კომპარატორად არსებულ ვითარებასთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისთვის. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 394-ე და 412-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე