Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-267(2კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე); 2. ო. კ-ი-გ-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ხ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირები - გ. ნ-ი; ა. ნ-ი; სს „... ბანკი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 12 თებერვალს ქ. ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 24 იანვრის №A18111846-013/001 განკარგულების ბათილად ცნობა

მოსარჩელის განმარტებით, იძულებითი აუქციონის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 8-10 თებერვალს. მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებითი აუქციონზე გატანის თაობაზე ცნობილი არ ყოფილა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო, გაეფრთხილებინა მხარე, რის გამოც არ დაეთანხმა ქონების აუქციონზე გატანას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას აღმასრულებლის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ დარღვეულა და აუქციონი ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ სათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული პროცესუალური მოქმედებების შესაბამისობა კანონმდებლობასთან. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 24 იანვრის №A18111846-013/001 განკარგულება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს აღმასრულებლის კანონისმიერ ვალდებულებას აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის ინფორმირებისა და გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების თაობაზე. მხარეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გზავნილის, შეტყობინების, წინადადების გადაწყვეტილების და სხვა დოკუმენტების სააღსრულებო წარმოების მხარეებისათვის ჩაბარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, სააღსრულებო ბიუროს ფუნქცია კანონით იმპერატიულადაა განსაზღვრული და მან უნდა უზრუნველყოს სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოქმედებების ზუსტ შესაბამისობაში აღსრულება, რაც, პირველ რიგში, ემსახურება კრედიტორის უფლებების დაცვას, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ სააღსრულებო ორგანოებს უფლება აქვთ გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულების მიზნით კრედიტორის უფლებები მოვალის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე დაიცვან. ამრიგად, აღმასრულებელს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება, სააღსრულებო საქმის წარმოება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გამოიყენოს ყველა კანონიერი ზომა აღსრულებას დაქვემდებარებული დოკუმენტის სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმი (არ ადასტურებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღმასრულებლის გაგზავნილი შეტყობინებების, წინადადებების, გადაწყვეტილებებისა და სხვა დოკუმენტების სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებას. საგულისხმოა, რომ სადავო შემთხვევაში არ იქნა გამოყენებული „გზავნილის“ ტექნიკური საშუალებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებისთვის გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის დავალების შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მესამე პირმა - ო. კ-ი-გ-მა. კასატორებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.

კასატორის - აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება მას არ ჩაბარებია, რის გამოც არ მიეცა საშუალება თავადაც მიეღო მონაწილეობა აუქციონში. საქმის მასალებში წარმოდგენილი უკუგზავნილებით დასტურდება, რომ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართებზე. აღნიშნული მისამართი მოსარჩელეს თავად აქვს დაფიქსირებული სასამართლოში წარმოდგენილ სარჩელში. ხოლო სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ ოქმით დასტურდება, რომ კერძო აღმასრულებელი გ. ნ-ი 2018 წლის 12 სექტემბერს პირადად შეეცადა ჩაებარებინა ქ. და ა. ნ-ებისათვის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, თუმცა კერძო აღმასრულებელს არავინ დახვდა მითითებულ მისამართზე. სწორედ აღნიშნულის გამო ჩაბარდა წინადადება მოსარჩელეს საჯარო პუბლიკაციის გზით. კასატორის განმარტებით, წინადადების ადრესატებისათვის უშუალოდ ჩაბარებისათვის ყველა შესაძლო გზა იქნა გამოყენებული.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებისათვის გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის დავალება წარმოადგენს აღმასრულებლის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. მართალია, სააღსრულებო წარმოების სამართლებრივი შედეგი ხშირად არის უძრავი ქონების მოვალის საკუთრებიდან იძულებითი გამოსვლა და რეალიზაცია, რაც მოვალის ინტერესების დაცვის კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სააღსრულებო ქმედებების მართლზომიერად და გულისხმიერად განხორციელებას, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს აღმასრულებლისათვის ისეთი მოქმედების შესრულების დავალების საფუძველს, რომელიც აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მის მოვალეობებს. სსკ-ის 73-ე მუხლის დისპოზიციური ხასიათი გამორიცხავს სააღსრულებო ქმედების გაუქმების შესაძლებლობას, რადგან უკეთუ აღმასრულებლის მიერ შესრულებულია კანონით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, მინიჭებული დამატებითი უფლებამოსილებების გამოუყენებლობა არ ქმნის სააღსრულებო ქმედებების გაუქმების წინაპირობებს. კანონმდებლობის მოთხოვნების ფორმალური დაცვა, სააღსრულებო ქმედებების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულება, მოვალის უფლებათა დაცვასთან ერთად გულისხმობს ეფექტურ და რეალურ აღსრულებას, კრედიტორის ინტერესების დაცვას. აღმასრულებელი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი, მოქმედებს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია აღმასრულებლისათვის იმაზე მეტი ვალდებულების დაკისრება, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

კასატორის - ო. კ-ი-გ-ის განმარტებით, იგი არის ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. იგი სადავო განკარგულების საფუძველზე აღირიცხა საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ. ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იგნორირებულ იქნა მესაკუთრის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლება ისე, რომ უძრავი ქონების კასატორის მიერ გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების ან ზიანის ანაზღაურების საკითხზე არ უმსჯელია. ო. კ-ი-გ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, იგი კარგავს საკუთრებას სადავო უძრავ ნივთზე, რომელიც შეიძინა კანონიერად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისისა და 29 მაისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ო. კ-ი-გ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ო. კ-ი-გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 24 იანვრის №A18111846-013/001 განკარგულების კანონიერება. ხსენებული აქტით ქ. ხ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (გარდაბნის რ-ნი, ..., მიწის ფართობი 1501 კვ.მ, მასზე განლაგებული №1 შენობა-ნაგებობით; საკადასტრო კოდი ...) შემძენი 2019 წლის 14 იანვარს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ო. კ-ი-გ-ი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმატიული აქტის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. იმავე კანონის 146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას - სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ხოლო 147 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე ნორმის 41 ნაწილით, კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მიზნით. კანონის 147 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონის შემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა)კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ)აღმასრულებელი; გ)კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.

კანონის მე-17 მუხლში გათვალისწინებულია აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა. ამავე ნორმის მე-4 პუნქტით, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით, ხოლო მე-7 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. მე-9 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას მუნიციპალიტეტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 18 დეკემბერს ქ. ხ-სა და ბანკ „კ...“ (შემდგომში სს „...“ ბანკი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. ხ-მა სესხის სახით მიიღო 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, ხოლო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის - ქ. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე გარდაბნის რ-ნი, ..., მიწის ფართობი - 1501 კვ.მ, მასზე განლაგებული №1 შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი ...).

მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დავების განმხილველი ცენტრის №... საარბიტრაჟო საქმეში არსებული 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ №... შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა №... სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რითაც სოლიდარულმა თავდებმა - ა. ნ-მა მსესხებელთან ერთად მთელი მოცულობით სოლიდარულად ივალდებულა №... შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის - 36750 ლარის ფარგლებში.

2017 წლის 27 ოქტომბრის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დავების განმხილველი ცენტრის №... საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით სს „...“ ბანკის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „...“ ბანკსა და ქ. ხ-ს შორის გაფორმებული №... შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება; მოპასუხეებს - ქ. ხ-ს და ა. ნ-ს სს „...“ ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №... შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანებული თანხის 17126,71 (ძირითადი თანხა - 14000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 2306,21 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 820,50 ლარი) ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქ. ხ-ისა და ა. ნ-ის სს „...“ ბანკის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებების გადახდევინება განხორციელდებოდა საარბიტრაჟო მოპასუხის ქ. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: გარდაბნის რ-ნი, საკრებულო ..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის №2ბ/7291-17 საქმეზე მიღებული განჩინებით შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „...“ ბანკსა და მოპასუხე ქ. ხ-ს შორის გაფორმებული №... შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება; მოპასუხეებს - ქ. ხ-ს და ა. ნ-ს სს „...“ ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №... შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანებული თანხის - 17126.71 ლარის გადახდა, ასევე დავალიანებულ ძირ თანხაზე (14000 ლარი) №... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის (წლიური 16%) გადახდა ყოველთვიურად 186,66 ლარის ოდენობით, ასევე, დავალიანებულ ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (16306,21 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0,05% ოდენობით, ჯამში - 733,5 ლარი. სააპელაციო სასამართლოს ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოპასუხეების - ქ. ხ-ისა და ა. ნ-ის მიერ სს „...“ ბანკის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებების გადახდევინება განხორციელდებოდა საარბიტრაჟო მოპასუხის - ქ. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: გარდაბნის რ-ნი, საკრებულო ..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...; დაზუსტებული ფართობი 1501 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 195,80 კვ.მ) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. 2018 წლის 1 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს კრედიტორმა სს „...“ ბანკმა მიმართა კერძო აღმასრულებელ გ. ნ-ს და მოითხოვა მოვალეების - ქ. და ა. ნ-ების მიმართ სააღსრულებო წარმოების განხორციელება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს გაცემული (საქმე №2ბ/7291-17) სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით.

კერძო აღმასრულებელმა გ. ნ-მა დაიწყო №A18111846 სააღსრულებო საქმის წარმოება, კერძოდ, აღმასრულებლის მიერ მომზადდა წინადადება „გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ და აღნიშნული დოკუმენტი გაეგზავნათ მოვალეებს სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართებზე. კორესპონდენცია მისამართზე ადრესატის არყოფნის გამო დაბრუნდა ჩაუბარებელი სახით (ჩაუბარებლობის მიზეზი - არავინ იმყოფებოდა მისამართზე). წინადადება მოვალეთა საცხოვრებელ მისამართებზე გაიგზავნა განმეორებით, თუმცა გზავნილის ადრესატებისათვის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა (ჩაუბარებლობის საფუძველი - არასრული მისამართი).

დადგენილია, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს კერძო აღმასრულებელი გ. ნ-ი გამოცხადდა ქ. ხ-ისა და ა. ნ-ის საცხოვრებელ მისამართებზე, რათა პირადად ჩაებარებინა მათთვის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, თუმცა კერძო აღმასრულებელს მისამართებზე არავინ დახვდა. კერძო აღმასრულებელმა ვერ უზრუნველყო ქ. ხ-ის უძრავი ქონების (მდებარე: გარდაბნის რ-ნი, ..., მიწის ფართობი 1501 კვ.მ., მასზე განლაგებული №1 შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი ...) აღწერა, ვინაიდან ვერ მოხერხდა მესაკუთრის საცხოვრებელ სახლში შესვლა და დათვალიერება. რის შემდგომაც, 2018 წლის 12 სექტემბრის A18111846-008/002 განკარგულებებით 2018 წლის 20 აგვისტოს A18111846-008/002 და A18111846-004/003 წინადადებები გავრცელდა საჯარო შეტყობინების მეშვეობით. განკარგულებებში განიმარტა, რომ საჯარო შეტყობინების საგანს წარმოადგენდა A18111846 სააღსრულებო წარმოების (კრედიტორი სს „...“ ბანკი, მოვალეები - ქ. ხ-ი (პ/ნ ...), ა. ნ-ი (პ/ნ ...), აღსრულების საგანი - თანხის გადახდევინება, უზრუნველყოფილი მოთხოვნა) მოვალის მიმართ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ამავე დოკუმენტთან ერთად, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გამოქვეყნებულ წინადადებაში განიმარტა, რომ კერძო აღმასრულებელ გ. ნ-ის წარმოებაში იყო აღსრულების ქვემდებარე აქტი (მიეთითა აქტის გამომცემი ორგანო, გამოცემის თარიღი და აქტის ნომერი), განიმარტა, რომ ქ. ხ-ისა და ა. ნ-ის სს „...“ ბანკის მიმართ შეუსრულებელ ფულად ვალდებულებას წარმოადგენდა 19240,59 ლარი; ასევე მიეთითა, რომ არსებული ფულადი ვალდებულებების გადახდევინება განხორციელდებოდა საარბიტრაჟო მოპასუხის - ქ. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე: გარდაბნის რ-ნი, საკრებულო ..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...) და რომ მოვალისათვის საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საჯარო შეტყობინების შესახებ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული წესით გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. მოვალეებს მიეცათ წინადადება, შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადათ დაკისრებული თანხა. მათვე განემარტათ, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა აღსრულების საგანი და ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, ხოლო იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდათ.

დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელ გ. ნ-ის მიმართვის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო გარდაბნის რაიონის, საკრებულო ...ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: ...). გაფორმდა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.

დადგენილია, რომ უძრავი ქონების შეფასების 2018 წლის 2 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, უძრავი ქონება შეფასდა 47500 ლარად.

2018 წლის 17 ოქტომბერს კერძო აღმასრულებელმა გ. ნ-მა „სააღსრულებო მომსახურეობის გაწევის შესახებ“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა №A18111846 სააღსრულებო საქმის წარმოების მასალები და,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ითხოვა პირველი აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 24 იანვრის მიღებული იქნა A18111846-013/001 სადავო განკარგულება, რომლის თანახმად, ქ. ხ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: რაიონი გარდაბანი, საკრებულო ..., სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობით: 1501.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართით: 195.80 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ...) შემძენი 2019 წლის 14 იანვარს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ო. კ-ი- გ-ი (პ/ნ ...). ო. კ-ი-გ-მა უძრავი ქონება შეიძინა 21375 ლარად.

აუქციონზე მიღებული თანხიდან 19240.59 ლარით განხორციელდა კერძო აღმასრულებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, 200 ლარით მოხდა სააუქციონო საფასურის ოდენობის გადახდა, ხოლო უძრავი ქონების იძულების წესით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან 787,57 ლარი დაექვემდებარა მოვალისთვის დაბრუნებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ხსენებული კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-7 პუნქტით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები, ხოლო მე-8 პუნქტით, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავი (70-78-ე მუხლები) ადგენს სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესს. ხსენებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება: ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით; ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). მუნიციპალიტეტის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.

განსახილველ შემთხვევაში, სს „ბანკი კ...“ 2014 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებში, ასევე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი დავების განმხილველი ცენტრის 2017 წლის 27 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მითითებულია მოვალეების - ქ. ხ-ისა და ა. ნ-ის რეკვიზიტები, კერძოდ, 1) ქ. ხ-ი - დაბადების თარიღი: ...წ.; დაბადების ადგილი: საქართველო, გარდაბანი; პირადი ნომერი: ...; პირადობის მოწმობის N...; რეგისტრირებულია მისამართზე: გარდაბანი, ს. ..., ფაქტობრივი მისამართი: გარდაბანი, ს. .... ტელეფონი: ..., ..., ელ-ფოსტა: ...; 2) ა. ნ-ი (პ/ნ ..., გარდაბნის რ-ნი, სოფ. ..., 32-ე ქ. N6, ელ-ფოსტა ....

აღსანიშნავია, რომ კერძო აღმასრულებლის - გ. ნ-ის მიერ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებები მოვალეებს ორჯერ გაეგზავნათ და არც ერთხელ ჩაბარდათ არასრული მისამართისა და ადრესატის მოუძიებლობის გამო.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, გარდა აუქციონის ჩატარებისა, უნდა შეადგინოს ოქმი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) შედგენის ადგილსა და დროს; ბ) აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი; გ) იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას; დ) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დასახელებას, რომლის მიხედვითაც წარმოებს აღსრულება; ე) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას; ვ) სააღსრულებო მოქმედების დასახელებას, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ოქმს ხელს აწერენ აღმასრულებელი და ის პირები, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას. ხელის მოწერაზე უარის თქმა უნდა აღინიშნოს ოქმში. სააღსრულებო მოქმედების ვიდეოფირზე ასახვის შემთხვევაში ოქმი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მონაცემებისა.

სააღსრულებო წარმოების მასალებში დაცულია კერძო აღმასრულებელი გ. ნ-ის 2018 წლის 12 სექტემბრის (16:10 სთ) „ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ“. ოქმის მიხედვით, უტყუარად არ დგინდება ოქმის შედგენის ადგილი - გარდაბანი, სოფელი ... თუ გარდაბანი, სოფელი .... (გარდაბანი სოფელი ... მოვალე ა. ნ-ის მისამართია, ხოლო გარდაბანი, სოფელი ... - ქ. ხ-ის). ოქმის შედგენას ესწრებოდა თ. ი-ე (კერძო აღმასრულებლის თანამშრომელი). ოქმის მიხედვით, „აღმასრულებელი გამოცხადდა ზემოაღნიშნულ მისამართზე (გარდაბანი, სოფელი ... (...)) მოვალეებისთვის (1. ქ. ხ-ი (...) - მისამართი: გარდაბანი, ს. ... (ს/ფ, ცესკო), გარდაბანი ს. ... 32-ე ქ. N6. 2. ა. ნ-ი (...) - მისამართი: გარდაბანი, ს. ..., 32-ე ქუჩა N6 (ს/ფ ცესკო)) NA18111846-004/003 გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარებისა და იპოთეკის საგნის აღწერის მიზნით“. აღსანიშნავია, რომ ოქმით არ დგინდება თუ რომელ მისამართზე გამოცხადდა კერძო აღმასრულებელი - გარდაბანში, სოფელ ...ში (ა. ნ-ი) თუ სოფელ ...ში (ქ. ხ-ი). ოქმის მიხედვით, კერძო აღმასრულებელს ადგილზე არავინ დახვდა, სახლი იყო დაკეტილი, მეზობლის განმარტებით, ქ. და ა. ნ-ები არ იმყოფებოდნენ საქართველოში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს აღმასრულებლის კანონისმიერ ვალდებულებას აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის ინფორმირებასა და გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მხარეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გზავნილის, შეტყობინების, წინადადების გადაწყვეტილების და სხვა დოკუმენტების სააღსრულებო წარმოების მხარეებისათვის ჩაბარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო სააღსრულებო ბიუროს ფუნქცია - სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოქმედებების ზუსტ შესაბამისობაში აღსრულებასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულების მიზნით მხოლოდ კრედიტორის უფლებები იქნეს დაცული მოვალის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე. საგულისხმოა, რომ სააღსრულებო წარმოების მასალებში მოვალეების - ქ. და ა. ნ-ების საკონტაქტო ინფორმაციაში ასევე მითითებულია მათი მობილური ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები. ხოლო იმ პირობებში, როდესაც კერძო აღმასრულებელმა ადრესატებისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოახერხა, მას არ უცდია მიემართა გზავნილის ჩაბარების კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა ხერხებისათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღმასრულებელმა მას შემდეგ უნდა გამოიყენოს შეტყობინების საჯაროდ გავრცელების წესი, რაც შეტყობინებისათვის განკუთვნილ ყველა სახის საშუალებას ამოწურავს. აღმასრულებელს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება სააღსრულებო საქმის წარმოება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა აღსრულებას დაქვემდებარებული დოკუმენტის სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას მუნიციპალიტეტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნორმით გათვალისწინებული აღნიშნული დათქმა კერძო აღმასრულებელს არ შეუსრულებია, რამეთუ კონკრეტულ მისამართზე ადრესატის არყოფნის დროს, მან ოქმში მიუთითა, რომ ოქმის შედგენას ესწრებოდა მისი თანამშრომელი - თ. ი-ე.

დამატებით აღსანიშნავია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 184 მუხლი ითვალისწინებს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებას, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების 12 თვემდე ვადით განწილვადების შესახებ: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეზე – თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეზე – კრედიტორის თანხმობით. განწილვადების პირობების დარღვევის შემთხვევაში სააღსრულებო საქმის წარმოება განახლდება. - აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, შეტყობინების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ჩაბარების დარღვევის გამო, აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მხარეს არ მისცემია. ამდენად, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კერძო აღმასრულებლის ქმედება ატარებს ფორმალურ ხასიათს, რის გამოც, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 28.02.2023წ. №03920 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150. ხოლო ვინაიდან ო. კ-ი-გ-ის საკასაციო საჩივარზე 18.05.2023წ. №23147/12929 საგადახდო დავალებით ვ. მ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ო. კ-ი-გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.02.2023წ. №03920 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. ვ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ო. კ-ი-გ-ის საკასაციო საჩივარზე 18.05.2023წ. №23147/12929 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე