საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-474(კ-23) 17 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - შპს „გ...ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...მა“ 2017 წლის 23 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №40/18 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მე-3 პუნქტის ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „გ...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანოსა და შემდგომ სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, საქმის მასალების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების მიუთითებლად მიიჩნია, რომ შპს „გ...ი“ სასმელ წყალს მოიხმარდა არასისტემატურად და გადაწყვიტა, რომ 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება/ დაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო დღე-ღამეში 4-საათიანი წყლის მოხმარების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უფლებამოსილია მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვროს მილის გამტარუნარიანობით, კერძოდ, 30 დღეზე 8-საათიანი დღიური ოდენობით. კასატორის განმარტებით კომპანიას არ დაურღვევია ზემოაღნიშნული წესები და უფლებამოსილი იყო ზიანის ოდენობა გამოეთვალა 8-საათიანი დღიური მოხმარებით. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №40/18 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „გ...ის“ მოთხოვნა და 2017 წლის 14 მარტის N 008955 „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით - 3091,01 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და შპს „...ს“ დაევალა სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის განხორციელება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება აკრძალულია. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. მითითებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასმელი წყლის მიწოდება ხორციელდება შესაბამისი წესის საფუძველზე, აღნიშნული წესით დადგენილი პირობების შესრულება სავალდებულოა როგორც წყალმომმარაგებლისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, მათვე აკისრიათ ვალდებულებები, ერთი მხრივ, წყალმომმარაგებელ კომპანიას - მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი დასახელებული წესითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს - გადაიხადოს მიღებული სასმელი წყლის საფასური.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს დასახელებული „წესების“ მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა); ამასთან, ხსენებული წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,...ის“ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გამოვლენილი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტზე 2017 წლის 14 მარტს შედგა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №008955, რომლითაც შპს „გ...ს“ დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 3091,01 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ სადავო აქტით - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №40/18 გადაწყვეტილებით შპს „გ...ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კომისიამ კომპანიის მიერ 2017 წლის 14 მარტის №008955 „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით 3091,01 ლარის დარიცხვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ იგი განხორციელდა წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაუცველად. კერძოდ, არასწორად იქნა გათვალისწინებული მილის დიამეტრი, გამტარუნარიანობა და ობიექტის მიერ სასმელი წყლის მოხმარების რეჟიმი. კომისიამ მიუთითა, რომ მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელდა 32 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, 8 საათიანი დღიური მოხმარებით. ასევე მიუთითა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მილის დიამეტრი, რომლითაც კომპანიის თანამშრომლებმა მრიცხველის გვერდის ავლით სასმელი წყლის მოხმარება დააფიქსირეს იყო 10 მმ. ამასთან, შპს „გ...ის“ კუთვნილ ობიექტზე, სადაც მიმდინარეობდა შენობის რეკონსტრუქცია, სასმელი წყალი მიეწოდებოდა მხოლოდ მომუშავეთათვის დროებით მოწყობილ საპირფარეშოს. შესაბამისად, არ არსებობდა მომხმარებლის მიერ იმ რაოდენობით სასმელი წყლის მოხმარების შესაძლებლობა, რაც კომპანიამ მას დაარიცხა. ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „გ...ი“ მის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე ახორციელებდა შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და სასმელი წყლის მოხმარება არ ხდებოდა სისტემატურად, მუდმივ რეჟიმში, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად 4 საათის განსაზღვრულიყო.
საკასაციო პალატა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იზიარებს კომისიის მიერ 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენისას გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის გათვალისწინების აუცილებლობას. შესაბამისად, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომლის თანახმადაც შპს ,,...ის“ 2017 წლის 14 მარტის №008955 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს „გ...ისთვის“ 3091.01 ლარის დარიცხვა უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ვინაიდან კომისიამ ადმინისტრაციული წარმოებისას წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მილის დიამეტრი, რომლითაც კომპანიის თანამშრომლებმა მრიცხველის გვერდის ავლით სასმელი წყლის მოხმარება დააფიქსირეს, იყო 10 მმ. აღნიშნული ფაქტის საპირწონედ საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ არ იქნა რაიმე მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებენ შპს „გ...ის“ მხრიდან სასმელი წყლის მოხმარებას 32 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამოყენებით. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას წყლის რვასაათიანი რეჟიმით დარიცხვის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებაზე, ვინაიდან ობიექტზე სადავო პერიოდში მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია და წყალი მიეწოდებოდა მხოლოდ ობიექტზე დროებით მოწყობილ საპირფარეშოს. შესაბამისად, არსებობდა საკმარისი საფუძველი დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განსაზღვრულიყო ოთხი საათით, ვინაიდან შენობის რეკონსტრუქციის პირობებში აბონენტს არ შეიძლება მოეხმარა სასმელი წყალი სისტემატურად, რაც მისთვის 8 - საათიანი რეჟიმით დარიცხვის შესაძლებლობას წარმოქმნიდა. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 21 ივნისს №51 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210, ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე