Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-595(კ-23) 17 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - პ. ბ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების

ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

პ. ბ-მა 2018 წლის 16 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 41800006276 ბრძანებისა (მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში) და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის პირველი ნოემბრის №MOD 51801107788 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით მოსარჩელის წელთა ნამსახურობის დაანგარიშების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით პ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 41800006276 ბრძანება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 01 ნოემბრის №MOD 51801107788 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 3 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და პ. ბ-ს შორის დაიდო კონტრაქტი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის 1.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. მუხლით, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრა 5 წლით, რომელიც აითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.

2018 წლის პირველ ოქტომბერს პ. ბ-მა ... თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა №MOD 3 18 00978268 პატაკი, რომლითაც ეთხოვა ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა ოჯახური პირობების გამო, დათხოვილი ყოფილიყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მომხდარიყო მისთვის კონტრაქტის შეწყვეტა ურთიერთშეთანხმებით და არა კონტრაქტის პირობების დარღვევით, რათა საშუალება ჰქონოდა ესარგებლა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციით.

2018 წლის 2 ოქტომბერს პ. ბ-მა ... თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა №MOD 6 18 00987946 პატაკი, რომლითაც ეთხოვა ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა ოჯახური პირობების გამო დათხოვილიყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მომხდარიყო მისთვის კონტრაქტის შეწყვეტა.

2018 წლის 3 ოქტომბერს ... თავდაცვის სარდლობის შტაბის ...-ის სამსახურის უფროსი გაესაუბრა პ. ბ-ს და შედგა გასაუბრების ფურცელი. აღნიშნულ ფურცელში მითითებულ იქნა, რომ პ. ბ-ი სამსახურიდან დათხოვნას ითხოვდა „ზ“ ქვეპუნქტით - პირადი სურვილის საფუძველზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4 18 00006276 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ (პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი), „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტებისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №MOD 9 17 00000737 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... თავდაცვის სარდლობის შტაბის ...-ის სამსახურის ...ის განყოფილების უფროსი (...ი) (საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი“; შტატი №...), ვიცე- პოლკოვნიკი - პ. ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან სამობილიზაციო რეზერვში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის პირველი ნოემბრის №MOD 51801107788 წერილით პ. ბ-ს ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. ხოლო ვინაიდან იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4 18 00006276 ბრძანებით დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევა) ქვეპუნქტის საფუძველზე, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ მისი თხოვნა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლოს დასკვნით, არ იქნა გამოკვლეული მოსარჩელის ნამდვილი ნება. სამინისტროს მოსარჩელისათვის არ განუმარტავს, რომ თუ იგი სამსახურიდან წავიდოდა პირადი სურვილით, აღნიშნული ჩაითვლებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევად და გამოიწვევდა მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას - 28 000 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის რეალურ ნებას არ წარმოადგენდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო სამსახურიდან განთავისუფლება, აღნიშნული გარემოება მან მიუთითა 2018 წლის 1 ოქტომბერს წარდგენილ პატაკში, ასევე 2018 წლის 3 ოქტომბერს გასაუბრებაზეც, რომელიც დაფიქსირებულია გასაუბრების ფურცელში. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნება გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც წინამდებარე შემთხვევას ახასიათებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 41800006276 ბრძანება, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა პირადი პატაკის საფუძველზე, კონტრაქტის პირობების დარღვევით, რასაც ასევე თავად სასამართლოც მიუთითებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და ითვლება უდავოდ დადგენილად.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს ხელმძღვანელობისათვის არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ სამხედრო სამსახურის შემდგომი გაგრძელების ხელისშემშლელ პირობას, ამდენად, სწორედ აღნიშნულის გამო იგი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით, რაც, თავის მხრივ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს წელთა ნამსახურების დაანგარიშებაზე უარის თქმის საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის კონტრაქტის დარღვევის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ (ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500) საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ: ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პ. ბ-ს ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... თავდაცვის სარდლობის შტაბის ...-ის სამსახურის ...ის განყოფილების უფროსის (...ი) (საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი“; შტატი №...), ვიცე-პოლკოვნიკის თანამდებობა. მისი შეიარაღებული ძალების რიგებში წელთა ნამსახურობა 2018 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 21 წელს, 1 თვესა და 22 დღეს. აქედან ოფიცრის თანამდებობაზე - 15 წელს, 9 თვეს და 14 დღეს (იხ. ს.ფ. 18).

2007 წლის 3 მაისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პ. ბ-ს შორის დაიდო კონტრაქტი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის 1.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. მუხლით, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრა 5 წლით, რომელიც აითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.

2007 წლის პირველ ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. კერძოდ, „სამხედრო მოსამსახურე“ კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებული იქნებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით. 2015 წლის 1 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პ. ბ-ს შორის დაიდო N775 ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესაბამისად „სამხედრო მოსამსახურე“ კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებული იქნებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით. 1.2. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა სამხედრო სამსახურის გაგრძელებისათვის შეესრულებინა ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობები. 1.4. პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახური ასევე მოიცავდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებსაც. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგომ (მე-13 მუხლის მიხედვით ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად ითვლება ხელშეკრულების პირველ გვერდზე აღნიშნული თარიღი - 2015 წლის 1 ივნისი) „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გაეგრძელებინა რვა წლით. ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და „სამინისტროსთან“ შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებული ძალების, ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ „სამინისტრო“ იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში აენაზღაურებინა ჯარიმა - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით.

პ. ბ-მა 2018 წლის პირველ ოქტომბერს ... თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა №MOD 3 18 00978268 პატაკი, რომლითაც ეთხოვა ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა ოჯახური პირობების გამო, დათხოვნილი ყოფილიყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მომხდარიყო მისი კონტრაქტის შეწყვეტა ურთიერთშეთანხმებით და არა კონტრაქტის პირობების დარღვევით, რათა საშუალება ჰქონოდა ესარგებლა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციით.

2018 წლის 2 ოქტომბერს პ. ბ-მა ... თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა №MOD 6 18 00987946 პატაკი, რომლითაც ეთხოვა ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა ოჯახური პირობების გამო დათხოვნილიყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მომხდარიყო მისი კონტრაქტის შეწყვეტა.

დადგენილია, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს, ... თავდაცვის სარდლობის შტაბის ...-ის სამსახურის უფროსი გაესაუბრა პ. ბ-ს და შედგა გასაუბრების ფურცელი. აღნიშნულ ფურცელში მითითებული იქნა, რომ პ. ბ-ი სამსახურიდან დათხოვნას ითხოვდა „ზ“ ქვეპუნქტით („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ პირადი სურვილით თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4 18 00006276 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ (პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი), „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტებისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №MOD 9 17 00000737 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... თავდაცვის სარდლობის შტაბის ...-ის სამსახურის ...ის განყოფილების უფროსი (...ი) (საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი“; შტატი №...), ვიცე- პოლკოვნიკი - პ. ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან სამობილიზაციო რეზერვში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის პირველი ნოემბრის №MOD 5 18 01107788 წერილით პ. ბ-ს ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4 18 00006276 ბრძანებით იგი დათხოვნილი იყო სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“(კონტრაქტის პირობების დარღვევა) ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ მისი თხოვნა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისთვის საჭიროა შეფასდეს მოსარჩელის ნება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. კერძოდ, რა საფუძვლით, პირობებითა და მიზნიდან გამომდინარე სურდა სამსახურიდან წასვლა და დააფიქსირა თუ არა მან ეს ნება დამსაქმებლის წინაშე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის ნების თავისუფლებას განეკუთვნება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესაძლებლობა, თუმცა გამოხატული ნების შედეგის - სამსახურიდან გათავისუფლების გათვალისწინებით, აუცილებელია, დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასოს გამოვლენილი ნების ნამდვილობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა კი ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს პირის ნების ფორმირება - შინაგანი სურვილი და მისი გარეგნული გამოხატულება თანხვედრაშია თუ არა, მისი მიზანი დანამდვილებით არის თუ არა შრომითი ურთიერთობიდან გასვლა, ადმინისტრაციის (დამსაქმებლის) უფლება - დააკმაყოფილოს პირის ნება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მართლზომიერად არის თუ არა გამოყენებული, რაც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან - გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-463-451(კ-13).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ნამდვილად გამოხატა ნება დაეტოვებინა სამსახური, თუმცა საკასაციო პალატა ამავდროულად ყურადღებას მიაქცევს, რომ მოსარჩელემ, 2018 წლის პირველ ოქტომბერს, პირველად წარდგენილ პატაკში მიუთითა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა სურდა ურთიერთშეთანხმებით, რათა არ შეზღუდოდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღება. აღნიშნული პოზიცია მან 2018 წლის 3 ოქტომბრის გასაუბრებაზეც დააფიქსირა, რომლის თანახმად, კითხვაზე თუ ,,რა მოთხოვნები გაქვთ მეთაურთან ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით?“ პ. ბ-მა უპასუხა, რომ ,,გამიშვით ,,ზ“ ქვეპუნქტით, პირადი სურვილით“ (იხ. ს.ფ. 47). შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასებით, ცალსახაა, რომ მოსარჩელე პ. ბ-ს არ სურდა კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით სამსახურიდან განთავისუფლება.

აღნიშნულის მიუხედავად, დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4 18 00006276 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან და მისი დათხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევა), რის გამოც მას შემდგომში შეეზღუდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ადმინისტრაციული ორგანო უთითებს კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, თუმცა სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას იმ მოსაზრებებსა და გარემოებებზე, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელისათვის არ განუმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურიდან წავიდოდა პირადი სურვილით, აღნიშნული ჩაითვლებოდა კონტრაქტის დარღვევად, იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციული ორგანოსთვის უდავოდ ცნობილი იყო, რომ მოსარჩელის ნებას არ წარმოადგენდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო სამსახურიდან განთავისუფლება, ვინაიდან, აღნიშნული პოზიცია მან არაერთხელ დააფიქსირა.

ამდენად, საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არაა დაცული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურები. სზაკ-ის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა, მის მიმართ დადგეს, რისი შესაძლებლობაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ მიეცა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და მოვლენები. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია რა წარმოადგენდა მოსარჩელის ნამდვილ ნებას, მისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არაა დასაბუთებული სადავო ბრძანების გამოსაცემად ფაქტობრივი საფუძველი - მოსარჩელის გამოხატული ნება და, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი, რაც ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძვლიანობასა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო აქტის გაუქმების წინაპირობებს.

რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისათვის მოსარჩელის წელთა ნამსახურობის დაანგარიშების დავალების შესახებ (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით), საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მითითებას, რომ გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ მოთხოვნაზე.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე