საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-603(კ-22) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ. ხ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ხ-ამ 2021 წლის 4 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის მოსარჩელე - ზ. ხ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - 2016 წლის 11 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე დარიცხული ხელფასის სულ - 29 914 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2016 წლის 11 ივლისის ბრძანებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რიგებიდან დათხოვნილ იქნა. ბრძანება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და დეპარტამენტს დაევალა ახალი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. ზ. ხ-ას განმარტებით, ზ. ხ-ას სამწლიანი იძულებითი მოცდენა გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეულობით. საბოლოოდ, მოხდა მისი სამსახურში აღდგენა. მოსარჩელის მითითებით, რომ არა სამსახურიდან მისი უკანონო განთავისუფლება, მას მიეცემოდა კუთვნილი ხელფასი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ზ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის 2016 წლის 11 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე ანაზღაურება, ხელზე ასაღები - 28 298,4 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში ზ. ხ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ხელახალი შესწავლა დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის (საქმე №3/7450-16) გადაწყვეტილებით. 2019 წლის 17 იანვრის MIA 5 19 00125976 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ზ. ხ-ა დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სსიპ - ...ის დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე, (თანამდებობრივი სარგო 335 ლარი) განაცდურის ანაზღაურების გარეშე, სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2016 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ხ-ას სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე - 2016 წლის 11 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე, იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს იმ თანამდებობის სახელფასო განაკვეთიდან, საიდანაც მოხდა მისი უკანონოდ გათავისუფლება. შესაბამისად, სასამართლომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ზ. ხ-ას სასარგებლოდ დააკისრა ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 28 298,4 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში, ასანაზღაურებელი განაცდურის ოდენობასთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ზ. ხ-ას დარიცხული ხელფასის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, კერძოდ, საქმეში დაცულ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის 2022 წლის 12 იანვრის № MIA 8 22 00080461 წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით ზ. ხ-ა, მის მიერ დაკავებული თანამდებობის (განყოფილების ...ე) გაუქმებამდე, ყოველთვიური დარიცხული ხელფასის სახით მიიღებდა - 1170 ლარს (მათ შორის თანამდებობრივი სარგო - 915 ლარი, წოდებრივი სარგო - 60 ლარი, წელთა ნამსახურეობის დანამატი - 195 ლარი); ხოლო 2017 წლის 20 იანვრიდან კი მიიღებდა - 717 ლარსა და 10 თეთრს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა და აღნიშნული არც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს გაუხდია სადავოდ, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ახალ საშტატო ნუსხაში, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობაზე (უფროსი ინსპექტორი) - დარიცხული ხელფასის ოდენობა განისაზღვრა სწორედ 717 ლარით და 10 თეთრით). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ. ხ-ა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობის და შესაბამისად, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, 2017 წლის 20 იანვრიდან - 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდში, დარიცხული ხელფასის სახით მიიღებდა 717 ლარსა და 10 თეთრს. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს სახელფასო ანაზღაურება მიღებული აქვს 2016 წლის 8 მარტის ჩათვლით. ამასთან, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია - მოსარჩელის კანონშეუსაბამო განთავისუფლების შემთხვევაში, იგი მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე (რეორგანიზაციის შემდგომ - ტოლფას თანამდებობაზე) 2016 წლის 11 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდისათვის გასამრჯელოს სახით მიიღებდა არანაკლებ (თანამდებობრივი სარგო, ასევე წელთა ნამსახურების დანამატი და წოდებრივი სარგო) 28 298,4 ლარი (ჯამურად).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები და შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. დეპარტამენტმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გამოსცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ზ. ხ-ა, 2018 წლის 21 დეკემბრის მისივე განცხადებით გამოთქმული თანხმობით, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 17 იანვრის ბრძანებით დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სსიპ - ...ის დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 355 ლარი), განაცდურის ანაზღაურების გარეშე სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2016 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდი. ბრძანებაში აღინიშნა, რომ ზ. ხ-აზე არ გაიცემოდა განაცდური.
კასატორის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მითითებით, დეპარტამენტმა სასამართლოში წარადგინა ინფორმაცია შესაბამისი პოზიციის თანამდებობრივი სარგოს დაანგარიშების თაობაზე, რამაც 2017 წლის 20 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგში ცვლილებების მიღებამდე შეადგინა 5917 ლარი, ხოლო 2017 წლის 20 იანვრიდან 2019 წლის 17 იანვრამდე შეადგინა 12391.43 ლარი, ჯამში 18308.43 ლარი (დარიცხული ხელფასი). აღნიშნულის საპირისპიროდ, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ახალ საშტატო ნუსხაში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში დარიცხული ხელფასის სახით 717.1 ლარით განსაზღვრის თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც არასწორად იქნა თანხა დაანგარიშებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, ზ. ხ-ა მუშაობდა ...ის სამმართველოს მე-... განყოფილების ...ის თანამდებობაზე. დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 9 მარტის №60050 ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, აღნიშნული სამმართველო გადაკეთდა ...ის სამმართველოდ და ...ის სამმართველოს მე-... განყოფილების ...ის სამმართველოს მე-... განყოფილებას, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის №153785 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგში ცვლილებების მიხედვით შეიქმნა ...ისა და ...ის სამმართველო, რომლითაც დასახელებული განყოფილება გადაკეთდა მე-... ქვეგანყოფილებად. აღნიშნულ სამსახურს ქვეგანყოფილების ...ის შტატი არ გააჩნდა. კასატორის განმარტებით, ვინაიდან 2017 წლის 20 იანვრიდან 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდში სამმართველოში განყოფილების ...ის თანამდებობა აღარ არსებობდა, ზ. ხ-ა ამ პოზიციაზე მუშაობას ვერ გააგრძელებდა და შესაბამისად, ვერც თანამდებობრივ სარგოს აიღებდა. სასამართლოს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, განაცდურის ანაზღაურების დეპარტამენტისათვის დაკისრებისას უნდა ეხელმძღვანელა არა განყოფილების ...ის სარგოს ოდენობით, არამედ ... სსიპ - ...ის დაცვის ინსპექტორის თანამდებობის სარგოდან, რაც 2016 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდის დაანგარიშებით შეადგენს 15669,06 ლარს. სასამართლომ ასევე უგულებელყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ხ-ას სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში. ასევე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ზ. ხ-ას მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურების დეპარტამენტისათვის დაკისრება, რაზეც სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და სოციალური გარანტია, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. ამდენად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელი არის საჯარო მოხელე და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროისათვის (11.07.2016წ.) მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის, განაცდური არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ითვლება უკანონოდ გათავისუფლებულად. განაცდურის ცნებაში მოიაზრება იძულებითი მოცდენისას დამსაქმებლის ბრალით მიუღებელი შემოსავალი, რომელიც დასაქმებულს ეკუთვნის უკანონოდ გათავისუფლებიდან სამუშაოზე აღდგენამდე დროის განმავლობაში. თავის მხრივ, გათავისუფლების უკანონობა უნდა დადასტურდეს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამდენად, დამსაქმებლისათვის განაცდურის დაკისრების წინაპირობას მხოლოდ მოხელის სამუშაოზე აღდგენა არ წარმოადგენს. აუცილებელია მეორე წინაპირობაც - მოხელის გათავისუფლებას საფუძვლად უნდა ედოს დამსაქმებლის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება. „თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, ან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს“ (სუსგ 23.07.2020წ. №ბს-38(კ-20)).
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში (საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი) ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის (საქმე №3/7450-16) გადაწყვეტილებით, ზ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზ. ხ-ას შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 11.07.2016წ. №1709373 ბრძანება და მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით (საქმე №ბს-162-162(კ-18)) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 17 იანვრის №MIA 5 19 00125976 ბრძანებით, ზ. ხ-ა დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სსიპ - ...ის დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო - 335 ლარი), განაცდურის ანაზღაურების გარეშე, სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2016 წლის 10 ივლისიდან - 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ზ. ხ-ას დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ განთავისუფლების ფაქტი დადასტურდა სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამოდ მიჩნევით, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ ზ. ხ-ა დანიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სსიპ - ...ის დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე, ზ. ხ-ას აქვს უფლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, როგორც უკანონოდ მიყენებული ზიანი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას, ზ. ხ-ას სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სსიპ - ...ის დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 17 იანვრის №MIA 5 19 00125976 ბრძანებაში მითითებული ჩანაწერი „განაცდურის ანაზღაურების გარეშე“ დანიშვნასთან დაკავშირებით გამორიცხავს ზ. ხ-ას სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი განაცდურის ოდენობას, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის 2022 წლის 12 იანვრის № MIA 8 22 00080461 წერილზე და დაადგინა, რომ 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით ზ. ხ-ა, მის მიერ დაკავებული თანამდებობის (განყოფილების ...ე) გაუქმებამდე, ყოველთვიური დარიცხული ხელფასის სახით მიიღებდა - 1170 ლარს (მათ შორის თანამდებობრივი სარგო - 915 ლარი, წოდებრივი სარგო - 60 ლარი, წელთა ნამსახურეობის დანამატი - 195 ლარი), ხოლო 2017 წლის 20 იანვრიდან - 717 ლარსა და 10 თეთრს (ახალ საშტატო ნუსხაში, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობაზე (უფროსი ინსპექტორი) დარიცხული ხელფასის ოდენობა განისაზღვრა სწორედ 717 ლარით და 10 თეთრით). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ. ხ-ა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობის და შესაბამისად, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, 2017 წლის 20 იანვრიდან - 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდში, დარიცხული ხელფასის სახით მიიღებდა - 717 ლარსა და 10 თეთრს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელე რეალურად ითხოვს 2 წლის, 6 თვისა და 6 დღის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. იძულებითი განაცდურის ზუსტი ოდენობის ანაზღაურების მიზნით, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მიუთითოს ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლის წესი. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით ზ. ხ-ა, მის მიერ დაკავებული თანამდებობის (განყოფილების ...ე) გაუქმებამდე, ყოველთვიური დარიცხული ხელფასის სახით მიიღებდა - 1170 ლარს, ხოლო 2017 წლის 20 იანვრიდან - 717 ლარსა და 10 თეთრს.
2016 წლის 11 ივლისიდან 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით (6 თვე და 8 დღე) მოსარჩელე მიიღებდა ჯამში 7332 ლარს (1170 ლარი÷30 დღეზე = 39 ლარს დღეში; 6 თვე*1170 ლარზე = 7020 ლარს; 8 დღე*39 ლარზე = 312 ლარს).
ხოლო 2017 წლის 20 იანვრიდან 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდში (23 თვე და 28 დღე) იგი მიიღებდა 17162.5 ლარს (2017 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 20 იანვრამდე (12 თვე), 2018 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 20 დეკემბრამდე (11 თვე) - 23 თვე). 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 17 იანვრამდე - 28 დღე. 717.1 ლარი÷30 დღეზე = 23.90 ლარს; 23 თვე*717.1 ლარზე=16493.3 ლარს; ხოლო 28 დღე*23.9 ლარზე=669.2 ლარს).
7332 ლარს (2016 წლის 11 ივლისიდან 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით პერიოდი) + 17162,50 ლარი (2017 წლის 20 იანვრიდან 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდი) = 24494.5 ლარს.
ამდენად, 2016 წლის 11 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის სახით ზ. ხ-ას დარიცხული ხელფასი შეადგენს 24494.5 ლარს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების კასატორისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ. ხ-ას სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია, რის გამოც არსებობდა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დეპარტამენტის მითითება დაკისრებული თანხის არაპროპორციულობის შესახებ და განმარტა, რომ საქმის სირთულის, სპეციფიკის, განხილვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მოპასუხისათვის ზ. ხ-ას სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სახით 500 ლარის დაკისრება არის გონივრული და არ არსებობდა აღნიშნულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. აღნიშნულ მსჯელობას იზიარებს საკასაციო პალატა და მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ადვოკატი, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა რა ნაწილობრივ, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ზ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ზ. ხ-ას სასარგებლოდ 2016 წლის 11 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე დარიცხული ხელფასის სახით 24494.5 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ზ. ხ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს მოსარჩელე ზ. ხ-ას სასარგებლოდ 2016 წლის 11 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე დარიცხული ხელფასის სახით 24494.5 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე