საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-617(2კ-23) 17 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ი
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ა. ჰ. ა. ა. ს-მა 2020 წლის 17 ივლისს სარჩელით მიმართა თელავის რაიონული სასამართლოს მოპასუხის თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან ... წლის ... ...ს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისგან - მ. ს-ისგან შეიძინა სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...). აღნიშნული ქონება გამყიდველს (მ. ს-ს) შეძენილი ჰქონდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისაგან აუქციონის გზით. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №1-ის თანახმად, მყიდველს (მ. ს-ს) უნდა შეესრულებინა შემდეგი სააუქციონო პირობები: განეხორციელებინა ... ლარის ინვესტიცია და მოეწყო აგროტურისტული კომპლექსი 3 წლის ვადაში. ასევე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებული იყო ქონება ახალ მესაკუთრეზე გაესხვისებინა იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო აუქციონის ოქმით.
მოსარჩელის განმარტებით, მან კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა აუქციონის ოქმით ნაკისრი ვალდებულებები, მითითებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, რაზეც მიიღო უარი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სასამართლოს მიერ მოსარჩელის მხრიდან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №1-ით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების აღიარება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ა. ჰ. ა. ა. ს-მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისგან- მ. ს-ისგან შეიძინა სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნული ქონება გამყიდველს შეძენილი ჰქონდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან აუქციონის გზით. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ვალდებულება - აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №1-ის საფუძველზე.
... წლის ... ...ის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №1-ის თანახმად, მყიდველს უნდა განეხორციელებინა ... ლარის ინვესტიცია და სამი წლის განმავლობაში საპრივატიზებო მიწაზე მოეწყო აგროტურისტული კომპლექსი.
სასამართლოს შეფასებით, მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ის მიერ არ მომხდარა აგროტურისტული კომპლექსის მოწყობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებულ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელე უთითებდა გარკვეული რაოდენობის ინვესტიციების განხორციელების შესახებ, მაგრამ აღნიშნულ გარემოებას სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. რადგან, თუნდაც დადგენილიყო ინვესტიციის განხორციელება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში, აღნიშნული გარემოება საკმარისი არ იქნებოდა სააუქციონო პირობების შესრულების აღიარებისთვის, იმ პირობებში როცა, სააუქციონო ოქმით გათვალისწინებული ვალდებულება - აგროტურისტული კომპლექსის მოწყობა - შესრულებული არ იყო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ. ა. ჰ. ა. ა. ს-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ის სასარჩელო მოთხოვნის აღიარებითი სარჩელის სახით განხილვის შესაძლებლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე (აპელანტის თანხმობით), სასარჩელო მოთხოვნების ტრანსფორმირების შედეგად, მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ის მიერ მოთხოვნილ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ივნისის №3224 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის წინამდებარე დავაზე გადაწყვეტილების კანონიერი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მოსარჩელე მხარის მიერ ... წლის ... ...ის აუქციონში გამარჯვების შესახებ ოქმი №1-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ივნისის №3224 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, დასადგენი იყო საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ მათ მიერ სასამართლო წესით სადავოდ იყო გამხდარი მ. ს-ის მიერ ქონების გასხვისება ვალდებულების შესრულებამდე, თუმცა დასტურდება, რომ სადავო აქტი - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ივნისის №3224, წერილი, შედგენილ იქნა შპს ,,...-ს“ - დირექტორის მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ის მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების დროს ასევე უნდა დადგენილიყო აგროტურისტული კომპლექსის მახასიათებლები, რომელიც იყო განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საპრივაზიტებო ქონების სამომავლო განვითარების მიმართ. საქმის მასალები, მათ შორის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, არ შეიცავდა ამგვარ კრიტერიუმებს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა აუქციონის ოქმის შესაბამის პუნქტებზე და აღნიშნა, რომ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო მხარის გაფრთხილება, გამოსწორების ვადის განსაზღვრა და პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულებები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია თელავის რაიონული სასამართლოს 28.01.2014 წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ 2013 წელს მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ი ითხოვდა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურებას. საქმეში მოპასუხე მხარეს თელავის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენდა. ხსენებული გარემოება ადასტურებს, რომ მხარეებს შორის დავა 2013 წლიდან მიმდინარეობდა, საქმე განიხილებოდა სასამართლო წესით, აღნიშნულმა კი ასახვა და შეფასება ვერ პოვა სადავო აქტში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მ. ა. ჰ. ა. ა. ს-მა 2013 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურება. საქმეში მოპასუხე მხარეს თელავის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 7 ოქტომბრის N985 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ასევე უნდა გაეთვალისწინებინა თელავის რაიონული სასამართლოს 28.01.2014წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, ვინაიდან, არ დასტურდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მ. ა. ჰ. ა. ა. ს-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის - ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არის აშენებული საცხოვრებელი კოტეჯები, ამავე ტერიტორიაზე ჰყავთ მცირე რაოდენობის შინაური პირუტყვი. კასატორი იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ აგროტურისტული კომპლექსის მოწყობა არ გულისხმობს ცალკე აღებულ ნაგებობასა და საჩვენებლად არსებულ რამდენიმე შინაურ ცხოველს. აგროტურიზმი ან/და აგროტურისტული მეურნეობა გულისხმობს მნახველების მიღებასა და განთავსებას ფერმერულ მეურნეობაში ნატურალური, ადგილზე დამზადებული პროდუქტით გამასპინძლებას, პროდუქტების გაყიდვასა და პოპულარიზაციას ადგილობრივად. ყოველივე აღნიშნულს და მასთან მიახლოებულს ადგილი არ ჰქონდა საპრივატიზებო ობიექტზე. შესაბამისად, არ შესრულებულა სააუქციონო ოქმით გათვალისწინებული ერთი ვალდებულება.
კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო პალატის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო საკითხი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა მითითებული რაში გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის არასრულყოფილად გამოკვლევა მაშინ, როდესაც სახეზეა აგროტურისტული კომპლექსის არ არსებობა, რომლის შესრულების ვალდებულებაც გააჩნდა მხარეს ... წლის ... ...ის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №1-ის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად.
კასატორის განმარტებით, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში არ იქნა დაკონკრეტებული აგროტურისტული კომპლექსის მახასიათებლები, რადგან აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნდა, ვინაიდან, მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტი იყო აგროტურისტული კომპლექსის მოწყობა, მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ როგორი სახის იქნებოდა.
რაც შეეხება საინვესტიციო უფლებამოსილების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის დადგენას, კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი სადავო არაა, ვინაიდან, ნასყიდობის ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ ვალდებულების შესრულებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს - მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ი.
კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ ის გარემოებები, რომლითაც იხელმძღვანელა სააპელაციო პალატამ, არ ქმნიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს.
კასატორი - მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ი აღნიშნავს, რომ ... წლის ... ...ის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №1-ით გათვალისწინებული პირობები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც მოიცავდა ... ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 3 წლის განმავლობაში საპრივატიზებო მიწაზე აგროტურისტული კომპლექსის მოწყობას. მიუხედავად ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის მერია დაუსაბუთებელი საფუძვლებით აცხადებს უარს ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე. გაურკვეველია რა ვალდებულებების შესრულებას ითხოვს მუნიციპალიტეტი და რატომ არ შეესაბამება მოწყობილი აგროტურისტული კომპლექსი აუქციონის ოქმის სტანდარტებს, მაშინ როცა მოსარჩელის მიერ მოწყობილია აგროტურისტული მეურნეობა. დამსვენებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს ადგილზე დამზადებული თაფლი, ყველი, რძე, ყურძნის პროდუქტები და სხვა. კომპლექსის აგროტურისტულ მეურნეობას ასაბუთებს ის ფაქტიც, რომ კასატორი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრია.
საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაზე უფლებამოსილ პირთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი დაიყო რამდენიმე ასეულ მცირე ზომის მიწის ნაკვეთებად. აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან 4 მიწის ნაკვეთი აღრიცხულია კასატორის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის - შპს „...-ის“ სახელზე და შესაბამისად, აღნიშნული ქონებების ნაწილში ამ უკანასკნელზე გადავიდა საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაც. ხოლო ის გარემოება, რომ სასამართლო არ იყო ინფორმირებული ვალდებულების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ გამოწვეულია გაუგებრობით, ვინაიდან, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ როგორც კასატორი, ასევე მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი წარმოადგენენ ვალდებულების შესრულებაზე უფლებამოსილ პირებს.
კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლებზე მითითებით დამატებით აღნიშნავს, რომ მის მიმართ ყველა შესაძლო მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხანდაზმულია, რაც უსაფუძვლოდ ხდის დავის ადმინისტრაციულ ორგანოში გამოსაკვლევად დაბრუნებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი არ ეთანხმება დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას და მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან სულაც შეუსრულებლობის თაობაზე, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ ვალდებულება შესრულდა. მით უფრო იმ პირობებში, როცა კასატორი მხარის მიერ წარდგენილია უამრავი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ისა და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ისა და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის ... წლის ... ...ის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №1-ის თანახმად, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, მ. ს-ს საკუთრებაში გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ... კვ.მ (ს/კ ...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.
ხსენებული ოქმით დადგინდა მყიდველის ვალდებულება მასზედ, რომ დათქმულ ვადაში შეასრულოს შემდეგი პირობები: ა) განახორციელოს ... ლარის ინვესტიცია; ბ) 3 წლის ვადაში ააშენოს აგროტურისტული კომპლექსი.
ოქმის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში იგი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო №1 ოქმით. ამასთან, აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი №1 ოქმის მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურებიდან.
საჯარო რეესტრიდან ... წლის ... ...ის ამონაწერის თანახმად, ... წელს დადებული №... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე ... კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღირიცხა ა. მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ის სახელზე.
ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია შემდეგი ვალდებულება: ,,გამყიდველი თელავის მუნიციპალიტეტი, მყიდველი მ. ს-ი. ხელშეკრულების დადების თარიღი - ... წლის ... ...ი. ვადა 3 წელი. მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №1-ში მითითებული პირობები. კერძოდ, ა) განახორციელოს ... (...) ლარის ინვესტიცია; 2. სამი წლის ვადაში განახორციელოს აგროტურისტული კომპლექსის მშენებლობა. ასევე, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს მყიდველს.“
2020 წლის 17 ივნისს მ. ა. ჰ. ა. ა. ს-მა №5114 განცხადებით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ... წლის ... ...ის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №1 ოქმით ნაკისრი ვალდებულებების (... ლარის ინვესტიციისა და 3 წლის ვადაში აგროტურისტული კომპლექსის მშენებლობის განხორციელების) შესრულების დადასტურება.
2020 წლის 19 ივნისს განმცხადებელს ეცნობა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ... წლის ... ...ის №1 ოქმით გათვალისწინებული აგროტურისტული კომპლექსის მშენებლობა მიწის შეძენიდან 3 წლის ვადაში არ იყო განხორციელებული, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო წინააღმდეგი იყო მის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულება მოეხსნა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული ვალდებულების მოსარჩელის მიერ შესრულების დადასტურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადგენას, შეასრულა თუ არა მოსარჩელემ მის მიერ აუქციონით ნაკისრი ვალდებულებები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი №1 ოქმის მე-4 პუნქტის მიხედვით, მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურებიდან. ამდენად, მიწის ნაკვეთის მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა იქნეს დადასტურებული გამყიდველის თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების ინსტიტუტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, განხორციელებულია გარკვეული ტიპის სამუშაოები, როგორც სამშენებლო, ასევე აგრარული მიმართულებით, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება და დარღვეულია აუქციონის პირობა, კერძოდ, არ არის განხორციელებული აგროტურისტული კომპლექსის მოწყობა, აუქციონის პირობებით დადგენილ ვადაში, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, კასატორების მიერ არაა შეფასებული კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებულ ინდივიდუალური გარემოებები. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას ამახვილებს, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე უარის თქმის კანონიერებაზე სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 28.01.2014წ. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ უარი არ ეფუძნებოდა სრულყოფილად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევა და შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში არსებული მითითებების მიუხედავად, საქმის მასალებით, არ იკვეთება, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. საპირისპიროდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო აქტი (წერილი) შედგენილ იქნა შპს ,,...-ს“ დირექტორის მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ის განცხადების პასუხად. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოების და საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ აღსრულებულ იქნა თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 28.01.2014წ. გადაწყვეტილება, სათანადოდ იქნა გამოკვლეული და შეფასებული მოცემულ გადაწყვეტილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოს მითითებები. საქმეზე დგინდება, რომ სადავო აქტი, გამოცემულია მოსარჩელის, დაინტერესებული მხარის განცხადების პასუხად და არა სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე განხილული და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სააპელაციო პალატის მიერ სასამართლო აქტების სავალდებულოობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე მითითება, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული (სუსგ საქმეზე №ბს-110-103(2კ-13) 25.03.2014 წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ადმინისტრაციული ორგანო უთითებს ვალდებულების ნაკისრ ვადაში შეუსრულებლობაზე, თუმცა სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას იმ მოსაზრებებსა და გარემოებებზე, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. ადმინისტრაციული ორგანო არ უთითებს რა გარემოებები იქნა გათვალისწინებული 3 წლიანი ვადის დარღვეულად მიჩნევისათვის, იმ პირობებში, როცა მხარეებს შორის დავა 2013 წლიდან მიმდინარეობს და კასატორი მიუთითებს, რომ მას ჯერ კიდევ 2013 წელს ქონდა შესრულებული ვალდებულება. ამასთან, მოპასუხე ვერ ასახელებს იმ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია აგროტურისტული კომპლექსის მოწყობილად მიჩნევისათვის. აღნიშნული კრიტერიუმების თაობაზე, მითითებას არც აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შეიცავს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ბუნდოვანია, რაში გამოიხატა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებების დადგენა აუცილებელია როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების, ასევე მოსარჩელისათვის საკუთარი უფლებების დასაცავად და საჭიროებისამებრ, შესაძლო დარღვევის გამოსწორების მიზნებისათვის. საკასაციო სასამართლო მიუთითებს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს დასახელებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების შედეგებს. კერძოდ, ასეთი შემთხვევის არსებობისას, მოწინააღმდეგე მხარეს წერილობით უნდა მიეცა გაფრთხილება, განესაზღვრა დარღვევის გამოსწორების ვადა და დაეკისრებინა პირგასამტეხლო, რაც უდრიდა საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი თანხის 0.1%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს ინფორმაციას ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების დადგენისა და შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და გაფრთხილების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, შესრულებული ვალდებულების მოკვლევისა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ განხორციელებული მოქმედებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ამასთან, ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის დასაბუთების მხოლოდ ფორმალურად არსებობა. გადამწყვეტია, რომ დასაბუთება იყოს შედეგის მიმართ შინაარსობრივად ადეკვატური, სათანადო, რელევანტური (სუსგ №ბს-1012(კ-18), 20.06.2019წ.).
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას, რაც სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას.
ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, განსაზღვროს დაცვის ღირსი უფლება და მისი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. რ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. ა. ჰ. ა. ა. ს-ის საკასაციო საჩივარზე 15.05.2023წ. №3432 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ.სხირტლაძე