საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-634(კ-23) 03 აპრილი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ინდ.მეწარმე გ.კ-ას უფლებამონაცვლე მ.გ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 8 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ინდ. მეწარმე გ.კ-ას მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის - 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის იანვრამდე 16 047 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის იანვრიდან მოპასუხის გარდაცვალებამდე (2018 წლის 25 იანვრამდე) თვეში 507 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება.
სარჩელის მიხედვით, გ.კ-ა რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2000 წლის 20 მარტიდან და სააგენტოში წარდგენილი განცხადებებით ის ითხოვდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის N2/4-ში (ს.კ. ...) სახელმწიფოს საკუთრების სარგებლობაში გადაცემას იჯარით, რაც არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სააგენტომ, 2016 წლით დათარიღებულ სურათებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია მეწარმე სუბიექტის მიერ ქონებით უკანონო სარგებლობა და მოითხოვა არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება 2012 წლიდან, რომლის საბაზრო ღირებულება დადგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 ნოემბრის N006514816 ექსპერტიზის დასკვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მარტის განჩინებით ინდ. მეწარმე გ.კ-ას გარდაცვალების გამო შეჩერდა საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს ერთი წლისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა მ.გ-ა და განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ინდ.მეწარმე გ.კ-ას (ს/ნ ...) (უფლებამონაცვლე მ.გ-ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის საფასურის გადახდა 2016 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 25 იანვრამდე პერიოდისთვის, ჯამში 8112 (რვა ათას ას თორმეტი) ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის იანვრამდე პერიოდში და 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში ინდ. მეწარმე გ.კ-ას მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი, შესაბამისად, 2016 წლის 21 სექტემბრამდე ის არ წარმოადგენდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირს.
სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მოსარჩელე მხარის მიერ 2016 წლის 21 სექტემბერს შესრულებული ფოტომასალა, საიდანაც დგინდებოდა ქ. თბილისში, ...ის ქ. N2/4-ში მდებარე ს.კ. ...-ით რეგისტრირებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებდა თავად მოპასუხე მხარეც, შესაბამისად გ.კ-ას მიერ სარგებლობის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ 2016 წლიდან 21 სექტემბრიდან 2018 წლის 25 იანვრამდე (გარდაცვალებამდე), ანუ 16 თვის პერიოდისთვის 8 112 ლარის (507 x 16 = 8 112) ოდენობით და სარჩელი მითითებულ ნაწილში დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ ინდ.მეწარმე გ.კ-ა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობდა 2016 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდშიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქალაქო სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად ეთქვა უარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რომელიც მოიცავდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრებას 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის იანვრამდე პერიოდისა და 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ინდ. მეწარმე გ.კ-ას მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი დასტურდებოდა საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, თუმცა სასამართლომ მხოლოდ ფოტოსურათებზე გაამახვილა ყურადღება. გარდა საქმეში არსებული ფოტოსურათებისა, სარგებლობა დაადასტურა გ.კ-ამ 2013 წლის 27 ივნისის განცხადებით, რომლითაც მან მიმართა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ ქ. თბილისში, ...ის (ყოფილი ...ის) ქ. 2/4-ში არსებულ 141 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 133,54 კვ.მ შენობა-ნაგებობა აშენებული იყო მის მიერ, კანონის სრული დაცვით, შესაბამისად, ითხოვა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 9 მარტის 1-3/157 ბრძანების ბათილად ცნობას და აღნიშნული ქონების მისთვის გადაცემა. განმცხადებელმა განმარტა, რომ იგი მზად იყო გადაეხადა მიწის საფასური და მასთან გაფორმებულიყო საიჯარო ხელშეკრულება. მეტიც, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სადავო ქონებას თავიდანვე ფლობდა, შესაბამისად, არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო ქონებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული თანხის დაკისრების სუბიექტი შეიძლება იყოს პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას, ასევე, განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სააგენტომ, როგორც მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო ქონებით უნებართვოდ სარგებლობის დადასტურება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 141 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქუჩის N2/4-ში, ს.კ. ..., საკუთრების უფლებით 2012 წლის 5 დეკემბრიდან აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 ნოემბრის N006514816 ექსპერტიზის დასკვნით, მითითებული ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მთლიან უძრავ ქონებაზე საორიენტაციოდ შეადგენდა 361 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათლით - 387 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 494 ლარს, ხოლო 2016 წლის იანვრიდან დღემდე მთლიან უძრავ ქონებაზე საორიენტაციოდ შეადგენს 507 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა 2016 წლიდან 21 სექტემბრიდან 2018 წლის 25 იანვრამდე პერიოდში, აღნიშნული უძრავი ქონების მოპასუხის მიერ არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი, რა მიმართების სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა. რაც შეეხება ინდ. მეწარმე გ.კ-ას მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით 2016 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში სარგებლობას, აღნიშნულის გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიჩნეული უძრავი ქონების სარგებლობის ფაქტის დადასტურებად.
ამრიგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ინდ. მეწარმე გ.კ-ას მიერ სახელმწიფო ქონების ფაქტობრივი მფლობელობისა და სამეწარმეო მიზნებით გამოყენება 2016 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში, შესაბამისად, ის ამ პერიოდში არ წარმოადგენდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის სუბიექტს, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ინდ. მეწარმე გ.კ-ას მიერ 2013 წლის 27 ივნისს წარდგენილი განცხადების შინაარსი არ ადასტურებს, რომ იგი უძრავი ქონების გამოყენებით სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა 2016 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში, რა გარემოებაც აუცილებელი პირობაა უძრავი ქონების უკანონოდ სარგებლობისთვის შესაბამისი საფასურის მხარეზე დასაკისრებლად, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება (მაგ.საგადასახადო ორგანოში სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტები და სხვა) კი მოსარჩელეს საქმეზე წარმოდგენილი არ აქვს; ამდენად მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა სადავო ნაწილში აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა