საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-682(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ყ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 12 მარტს ნ. ყ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა: 1) ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ, მე-7 სართ., საცხოვრებელი ფართი - 33 კვ.მ ბინის ნ. ყ-ასთვის სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, საცხოვრებელი ბინის მიყიდვის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009 წლის №62 განკარგულებისა და 21.10.2009 წლის პრივატიზაციის - ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილში (ხელშეკრულების 2.2 და 2.4. პუნქტები) ბათილად ცნობა, რომელიც გულისხმობს ბინის მყიდველ ნ. ყ-ას ვალდებულებას, მის მიერ შესყიდული საცხოვრებლის ხარჯზე უზრუნველყოს ოჯახის დანარჩენი 4 წევრი საცხოვრებელი ფართით, ხოლო ოჯახის სხვა წევრებს, მათ შორის დევნილ მოსარჩელეს, აღეკვეთათ უფლება მოითხოვონ მომავალში საცხოვრებელი ფართი; 2) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 04.10.2019 წლის №04/52209 და 14.02.2020 წლის №03/2763 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე მის 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ჩაითვალა სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად და ამ საფუძვლით უარი ეთქვა აპლიკაციის შევსებაზე, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ; 3) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის დევნილთა მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანის დავალება, კერძოდ, ამოიღოს მითითება, რომ დევნილი მოსარჩელის ოჯახი ნ. ყ-ა მის მცირეწლოვან შვილთან - ს. რ-ასთან ერთად დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. ამასთან, სააგენტომ კანონით დადგენილი წესით განიხილოს მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი: გაიაროს აპლიკაცია, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით.
მოსარჩელის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ნ. ყ-ასთვის ქონების გადაცემის პერიოდში მოსარჩელე არ ცხოვრობდა მასთან, ვინაიდან იგი იყო დაქორწინებული და ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად სხვა მისამართზე. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ასახული პირობები იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ ექნებოდა უფლება სახელმწიფოსგან მოეთხოვა სათანადო საცხოვრებელი ფართი, მისთვის უცნობი იყო. ეკონომიკის სამინისტრომ ისე გააფორმა ხელშეკრულება ნ. ყ-ასთან, რომ არ დაინტერესებულა ნ. ყ-ა იყო თუ არა თანახმა ამ ხელშეკრულების გაფორმებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით ნ. ყ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების მიღებისას, ხელშეკრულებაში მითითებული პირები ერთად ცხოვრობდნენ ერთ მისამართზე, იყვნენ ერთ სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულნი და ისინი წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს. ერთ სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრაციის ფაქტი მოსარჩელე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება, ხოლო ხელშეკრულების მყიდველი ვალდებული იყო ს. რ-ა, ნა. ყ-ა, ნ. ყ-ა და მ. ყ-ა უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. შესაბამისად, მოსარჩელე ნ. ყ-ა სააპელაციო სასამართლომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება. კასატორის განმარტებით, სადავო ხელშეკრულების დადებისას, ეკონომიკის სამინისტრომ უხეშად დაარღვია დასახელებული მუხლის მოთხოვნები და უგულებელყო მოსარჩელის ანუ მესამე პირთა უფლებები. ხელშეკრულების დადებისას, ნ. ყ-ას ნების გამოვლენას ადგილი არ ჰქონია. მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსი, იგი არ დაეთანხმებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რადგან ხელშეკრულების არსებობით მას უფლება წაერთვა თავის შვილთან ერთად, დამოუკიდებლად მოეთხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. კასატორი აღნიშნავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებული უნდა ყოფილიყო მესამე პირის თანხმობაზე, რასაც ადგილი არ ჰქონია.
ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებაში, კასატორმა მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება არა სადავო აქტების გამოცემის, არამედ იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელეებმა წერილობით ჩაიბარეს პრეზიდენტის სადავო განკარგულება და ნასყიდობის ხელშეკრულება და როდესაც განემარტათ მათი გასაჩივრების წესი. კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია სადავო აქტების გაცნობიდან გასაჩივრებისათვის გათვალისწინებული კანონით დადგენილ ვადებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ყ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ყ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებულ პირის – დევნილის დეფინიციას, კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1-1/1415 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების საფუძველზე 2009 წლის 21 ოქტომბერს ნ. ყ-ასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ყ-ას გადაეცა ქ. თბილისში, ...ზე, მე-4 მ/რ, ...-ე კორპ., მე-7 სართულზე მდებარე 33 კვ.მ ბინა. ხსენებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტით დასტურდება, რომ მყიდველმა აიღო ვალდებულება აღნიშნულ პუნქტში ჩამოთვლილი პირები - ს. რ-ა, ნა. ყ-ა, ნ. ყ-ა და მ. ყ-ა უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ უძრავ ქონებაში. ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა. 2.5 პუნქტის თანახმად, მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ მყიდველი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ საცხოვრებელი პირობებით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ზე, მე-4 მ/რ, ...-ე კორპ., მე-7 სართულზე მდებარე 33 კვ.მ უძრავი ნივთის (ს/კ ...) მესაკუთრეებს წარმოადგენენ მ. ყ-ა, ნ. ყ-ა და ნა. ყ-ა. უფლების დამდგენი დოკუმენტია 2010 წლის 27 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა №....
საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სადავო პერიოდში მოქმედი 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
„წესის“ მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია).
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 1.1 და 1.2 პუნქტების თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში - სახელმწიფო სტრატეგია). სახელმწიფოს სტრატეგიის დამატებამ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მოაქცია სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში. სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა (სახელმწიფო სტრატეგის მე-2 მიზანი). ამავე გეგმის 1.3 პუნქტის თანახმად, აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა 1, ხოლო 1.9. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
ასევე აღსანიშნავია საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 25 მარტის №04/2440 წერილის შინაარსი, რომლის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაცული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ნ. ყ-ა და ნ. ყ-ა 2006 წლის 13 ივლისიდან 2009 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში, სხვა პირებთან ერთად რეგისტრირებულია ერთ ოჯახად (ს/კ ...) თბილისში, ...ის მე-4 მ/რ, ...ში.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ. ყ-ა არის იძულებით გადაადგილებულ პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, მოსარჩელე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით - ქ. თბილისში, ...ზე, მე-4 მ/რ, ...-ე კორპ., მე-7 სართულზე მდებარე 33 კვ.მ საცხოვრებელი ბინით.
რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის არგუმენტები აღნიშნულთან მიმართებაში შეუსაბამოა და მიუთითებს, რომ პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია უფლებით სამართლიან სასამართლოზე. თუმცა, „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით (სუსგ 25.03.2021 წ. №ბს-1322(კ-19)). ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს, დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს დასახელებული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. იგივე წესია დადგენილია სადავო განკარგულების გამოცემისა დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება, თანახმად ამავე კოდექსის 131-ე მუხლისა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე იყო იმ პირთა სიაში, რომელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაევალა ნ. ყ-ას მისთვის გადაცემულ უძრავ ქონებაში და ამასთან, პირობადადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ოჯახის წევრი, რომელიც ცხოვრობდა ამ პირთან ერთად სადავო განკარგულებით გადაცემულ ფართში. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დევნილის ანკეტებით. მოსარჩელე ნ. ყ-ა, მ. ყ-ა, ნა. ყ-ა და ნ. ყ-ა, სადავო პერიოდში რეგისტრირებულნი იყვნენ ერთ ოჯახად, ერთი სარეგისტრაციო ნომრით (№...). ამასთან, მოსარჩელე ნ. ყ-ას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წლების განმავლობაში არ მიუმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით. ასევე საყურადღებოა მოსარჩელე ნ. ყ-ას 2013 წელს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის გავლის შესახებ. ამდენად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსარჩელემ იცოდა ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას სადავო პერიოდისთვის ცალკე ოჯახად ცხოვრების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
ამრიგად, მოსარჩელის ოჯახის წევრისთვის - ნ. ყ-ასთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2009 წლის ოქტომბერში, რაც მეტყველებს მასზედ, რომ შესაბამისი ბინით დაკმაყოფილება სადავოდ დასახელებული დროიდან 3 წლის ვადაში შეიძლებოდა გამხდარიყო, თუმცა სარჩელი არა ამ ვადაში, არამედ 2020 წლის 12 მარტს არის წარმოდგენილი. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული არგუმენტაცია არ ქმნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრეტენზიის გაზიარების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ყ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე