Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-819(2კ-23) 17 აპრილი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

კასატორი (მესამე პირი) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- კ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მესამე პირი - ზ. თ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

კ. თ-ემ 2018 წლის 24 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 მაისის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება კ. თ-ის მოთხოვნა და მის საკუთრებაში დარეგისტრირდება უძრავი ქონების (ს.კ. ...) 1/2 ნაწილი (2500), ხოლო დარჩენილი ½ ნაწილის მესაკუთრედ განისაზღვრება თანამესაკუთრე; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ 5000 კვ.მ-ის (ა. თ-ის სამკვიდრო, რომლის 1/2 წილის მესაკუთრეა მოსარჩელე) ფარგლებში; ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც ეხება ა. თ-ის სამკვიდრო ქონებას (5000 კვ.მ); ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც ეხება ა. თ-ის სამკვიდრო ქონებას (5000 კვ.მ); ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 21 აგვისტოს №06- 8/8396 მიმართვა 5000 კვ.მ-ის (ა. თ-ის სამკვიდრო, რომლის 1/2 წილის მესაკუთრეა მოსარჩელე) ფარგლებში (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 29.09.2021 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი, ტომი 3, ს.ფ. 164-174); ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 01 აპრილის №06-8/3/98 მიმართვა 5000 კვ.მ-ის (ა. თ-ის სამკვიდრო, რომლის 1/2 წილის მესაკუთრეა მოსარჩელე) ფარგლებში; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №61-01181102531 წერილი, რომლითაც ქონების მართვის სააგენტომ უარი განაცხადა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირებაზე; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (უფლებამონაცვლე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო) 2009 წლის 21 დეკემბრის №ი-613 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 07 აპრილის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 13 ნოემბრის N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 სექტემბრის N... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის N... გადაწყვეტილებები იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთები ზედდებაშია კ. თ-ის მიერ 2017 წლის 11 სექტემბრის ... განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და კ. თ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კ. თ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივრები. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტო აღნიშნავს, სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სადავო 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მართალია არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებების (აქტების) ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, თუმცა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილება (უძრავი ქონების (ს/კ: ...) მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ), ასევე, 2013 წლის 30 სექტემბრის №... და 2017 წლის 17 იანვრის №... სარეგისტრაციო გადაწყვეტილებები.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით ზიანი ადგება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კანონიერ ინტერესებს, ვინაიდან უძრავ ქონებაზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ერთადერთ გარემოებას: სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2006 წელს ა. თ-ის საკუთრებად აღირიცხა 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი მონაცემებით, თუმცა მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა მისი მდებარეობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისთვის. პირიქით, სასამართლოს დავალებით სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტებით, ასევე თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 1992 წლის №39 მიღება-ჩაბარების აქტით გამოირიცხა/ვერ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის 2009 წელს მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში მდებარეობის ფაქტი.

საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, უდავო გარემოებაა, რომ საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა 21.08.2009წ. №06-8/8396 წერილით მიმართა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა კანონმდებლობისა და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად; სოფ. ...ას მიმდებარედ 10 505 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული მარეგისტრირებელი ორგანოს 2009 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ქონება აღირიცხა მუნიციპალიტეტის საკუთრებად და მას მიენიჭა №... საკადასტრო კოდი. რაც ასევე დასტურდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით.

კასატორმა აღნიშნა, რომ უძრავი ქონების (ს/კ: ...) რეგისტრაციის შემდეგ მუნიციპალიტეტმა, როგორც მესაკუთრემ მიიღო გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 01.04.2011წ. №06-8/398 მიმართვის წერილით და ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2013 წლის 2 სექტემბრის №23.40.1037 დადგენილებით. მარეგისტრირებელი ორგანოს 2013 წლის 30 სექტემბრის №... და 2017 წლის 17 იანვრის №... სარეგისტრაციო გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა მესაკუთრის მოთხოვნა და უძრავი ქონების (ს/კ: ...) სარეგისტრაციო მონაცემებში შევიდა ცვლილება (შემცირდა მიწის ნაკვეთის ფართი და მიენიჭა არასასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი). შესაბამისად, კასატორისთვუს გაუგებარია სასამართლოს განმარტება და საკითხისადმი მიდგომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართვის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს 2009 წლის 13 ნოემბრის №...; 2013 წლის 30 სექტემბრის №... და 2017 წლის 17 იანვრის №... სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების მიღებისას კანონის რა დარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგან სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი ბათილად ცნობის შესახებ. კასატორის განმარტებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას აქტების ბათილობის სამართლებრივი შეფასების ნაწილში და ის ემყარება მხოლოდ მოსარჩელის სურვილს, რომ ქონება უნდა მდებარეობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რაც არაგონივრულია.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად განიმარტა საქმის გარემოებები, რადგანაც მათ სათანადო ყურადღება არ გაამახვილეს იმ დოკუმენტაციაზე, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელე აყალიბებდა სასარჩელო მოთხოვნებს. კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების (ს/კ: ...) საზღვრებში მდებარეობის ფაქტი, მაშინ როდესაც თავად სასამართლოს მიერ გამოთხოვილი და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მეზობელი მიწის ნაკვეთების მიღება- ჩაბარების აქტების საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა შეუსაბამო იყო არსებულ რეალობასთან. სწორედ საქმის გარემოებების არასწორმა შეფასებამ განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება და პრეცედენტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №ბს-367-363 (კ-12) მითითება, რომელიც ორი ურთიერთსაპირისპირო ჩანაწერის თაობაზე აკეთებს განმარტებას და ადგენს, რომ „უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული“. უზენაესი სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება თავისი შინაარსითა და განმარტებებით ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მესამე პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციით (უფლების დამდგენი დოკუმენტებით) უტყუარად დასტურდება ქონების ადგილმდებარეობა და ის რეგისტრირებულია სხვა პირის საკუთრებად. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის აღძვრის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, რადგანაც მოსარჩელე ვერ ადასტურებს მის მდებარეობას №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თავის საკასაციო პრეტენზიას ამყარებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით, რაზეც მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტო და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, ვინაიდან არასწორად შეფასდა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კ. თ-ისთვის უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის მიერ საკასაციო საჩივრის წარუდგენლობის პირობებში, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე იმსჯელებს მხოლოდ მოპასუხეთა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1992 წლით დათარიღებული №39 მიღება-ჩაბარების აქტისა და მცხეთის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 2006 წლის 05 დეკემბრის №544 ცნობის საფუძველზე, მცხეთაში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №... 2006 წლის 08 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ა. თ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, დაუზუსტებელი ფართობი: 5000.00კვ.მ.

2017 წლის 25 აგვისტოს №170971484 სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ კ. თ-ეს, როგორც გარდაცვლილი ა. თ-ის მეორე რიგის მემკვიდრეს (ძმისშვილი), მემკვიდრეობით საკუთრებაში გადაეცა მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი უფლებებისა, მათ შორის სამკვიდრო მასაში შედის მცხეთაში, სოფელ ...ში მდებარე მამკვიდრებლის კუთვნილი 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ: №...) 1/2 წილი.

კ. თ-ემ 2017 წლის 11 სექტემბერს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: მცხეთა, სოფელი ...ა, ფართი: 5000 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის №... წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან; ს/კ: №.... შესაბამისად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეთხოვა განეხილა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი.

კ. თ-ემ 2018 წლის 30 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით, კ. თ-ეს უარი ეთქვა 2018 წლის 30 მაისის №307179/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა 2009 წლის 21 აგვისტოს №06-8/8396 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სთხოვა ქ. თბილისში, სოფ. ...ას მიმდებარედ არსებულ 10505 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, სოფ. ...ას მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 10505.00კვ.მ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით განხორციელდა ქ. თბილისში, სოფელ ...ას მიმდებარედ არსებული 10505 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) საზღვრების ცვლილება და კორექტირებული საზღვრებით ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 8807.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილებით კი, შესწორდა ტექნიკური ხარვეზი და ქ. თბილისში, სოფელ ...ას მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 21 დეკემბრის №ი-613 ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა ვალდებულება (საგანი: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსების სამინისტროს ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირობით).

მოცემული დავის გადასაწყვეტად საკასაციო პალატა თავდაპირველად ხელმძღვანელობს სადავო პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. მითითებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრება. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის და საკუთრების უფლებათა მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2006 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით, ა. თ-ის სახელზე უკვე არსებობდა დაუზუსტებელი რეგისტრაცია, მცხეთაში, სოფელ ...ში მდებარე 5000 კვ.მ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №...), ხოლო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაცია სადავო უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №...) განხორციელდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე სადავო რეგისტრაციების განხორიელებისას, რეგისტრაციების შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის/ცვლილების/ტექნიკური ხარვეზის შესწორების განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია ან/და ზედდება (გადაფარვა) და ეს მაშინ, როდესაც მოპასუხე მხარეს მარტივად შეეძლო გადაემოწმებინა არქივში დაცული მონაცემები, ამა თუ იმ პირზე რეგისტრაციის ან/და ზედდების (გადაფარვის) ფაქტი და ისე მიეღო გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადავო რეგისტრაციების განხორციელებამდე, ასევე უნდა დაედგინა სად მდებარეობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და რომელიმე სხვა, მანამდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ხომ არ იყო ზედდებაში მასთან. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო დაადგენდა, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით, ა. თ-ის სახელზე უკვე არსებობდა რეგისტრაცია, მცხეთაში, სოფელ ...ში მდებარე 5000 კვ.მ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №...), რაც გამორიცხავდა მუნიციპალიტეტის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ფაქტს კ. თ-ის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის ნაწილში.

მით უფრო, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-367-363(კ-12) საქმეზე გაკეთებული მნიშვნელოვანი განმარტების თანახმად, „პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია... საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა... საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი... უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.“ შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ყოველი შემდეგი რეგისტრაცია ისე უნდა განეხორციელებინა, რომ გამოერიცხა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ უძრავ ნივთზე, რომელიც უკვე იყო მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული, თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით. ამრიგად, დაუზუსტებელი მონაცემებით საკუთრების უფლების რეგისტრაციით სახელმწიფომ 2006 წელს ა. თ-ის მიმართ დაადასტურა პირის საკუთრების უფლების წარმოშობა. შესაბამისად, 2009 წელს იმავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციით შეილახა კ. თ-ის, როგორც ა. თ-ის მემკვიდრის საკუთრების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნული, საბოლოო ჯამში, ადასტურებს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების შესახებ კასატორების მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ეფუძნება სუბიექტურ მოსაზრებებს და არ შეიცავს სათანადო მტკიცებულებებით გამყარებულ ობიექტურ მოსაზრებებს, რომლებიც შესაძლოა გამხდარიყო საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისა და მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი დადგენილი გარემოებების გამომრიცხავი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთან, კასატორების მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე