Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-917(კ-23) 17 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ვ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ. ჯ-ე, რ. ჯ-ე (ნ. ჯ-ეის უფლებამონაცვლეები)

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჯ-ემ 2019 წლის 4 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ვ. ჯ-ეის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის სააგენტოს ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახურის 28.07.2016 წლის №..., 02.08.2016 წლის №... (მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში), გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, 1971 წლის 4 აგვისტოს ბაღდათის რაიონ სოფ. ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს გამოეყო სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ პ. ჯ-ემ ააშენეს ორსართულიანი კაპიტალური სახლი. მიწის ნაკვეთი და სახლი დარეგისტრირდა ტექ. აღრიცხვის სამსახურში. აღნიშნულ მისამართზე დასახლების დღიდან, მოსარჩელის მიერ მიყვანილ იქნა გზა და ჩაიდგა რკინის კაპიტალური ჭიშკარი, ხოლო მოსარჩელის დასახლებიდან 10 წლის შემდეგ მეზობლად დასახლდა ნა. ჯ-ე ოჯახით, რომელიც ასევე სარგებლობდა მითითებული ჭიშკრით.

2018 წლის 25 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახურს მის საკუთრებაში არსებული სახლისა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, თუმცა მოსარჩელის განცხადებაზე წარმოება შეჩერებულ იქნა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილ ნახაზსა (რომელიც ეფუძნებოდა ტექ. აღრიცხვის ბიუროს მონაცემებს და ფაქტობრივ მდგომარეობას) და მოსარჩელეთა ნათესავის - ვ. ჯ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...) შორის ფიქსირდებოდა ზედდება, რის გამოც შემდგომში შეწყდა მოსარჩელის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება. მოსარჩელის მითითებით მოპასუხე ნა. ჯ-ემ 2016 წლის 28 ივლისს საჯარო რეესტრის №... გადაწყვეტილებით ისე დაარეგისტრირა თავისი მიწის ნაკვეთი, რომ სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ მიითვისა მოსარჩელის როგორც ჭიშკარი, ასევე ეზოში და სახლში შესასვლელი. ამასთან მოსარჩელის სახლს სხვა შესასვლელი არ გააჩნია.

მოსარჩელის მითითებით, სადავო შესასვლელი ნამდვილად მოსარჩელისა და მისი მეუღლის მიერ არის მოწესრიგებული, აღნიშნული დასტურდება 1978 წლის 11 მაისის №2-72 მაიაკოვსკის რაიონული სასამართლოს განჩინებით. (განჩინების ასლი სარჩელს თან ახლავს) მოპასუხე ნა. ჯ-ემ აღნიშნული უძრავი ქონების რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 2016 წლის 2 აგვისტოს საჯარო რეესტრის №... გადაწყვეტილებით აჩუქა შვილს - ვ. ჯ-ეს იმავე მონაცემებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ეის სარჩელი (პ/ნ ...) დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახურის 28.07.2016 წლის №... გადაწყვეტილება (გადაფარვის ნაწილში); ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახურის 02.08.2016 წლის №... გადაწყვეტილება (გადაფარვის ნაწილში).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ - ვ. ჯ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელე მხარე ნ. ჯ-ეის (პ/ნ ...) გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება; ნ. ჯ-ეის (პ/ნ ...) უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ: რ. ჯ-ე (პ/ნ ...) და გ. ჯ-ე (პ/ნ ...).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინებით ვ. ჯ-ეის (პ/ნ ...) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-ემ.

კასატორი მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2016 წლის 28 ივლისს საჯარო რეესტრის №... გადაწყვეტილებით დაირეგისტრირა მისმა დედამ - ნა. ჯ-ემ, რომელმაც 2016 წლის 14 ივლისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის რეგიონულ მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ბაღდათის რაიონის სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრების და ფართობის დაზუსტება. ნა. ჯ-ემ განცხადებას თან დაურთო №201605846 საარქივო ცნობა საკომლო წიგნის ჩანაწერების შესახებ, გაცემული სახელმწიფო ეროვნული არქივის მიერ 13.07.2016წ, მიწის მიღება - ჩაბარების აქტი 1998 წლის 14 იანვარს გაცემული, მიწის უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობები მიწის ნაკვეთზე ს/კ .... სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო- აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები.

კასატორის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან, მისი საკუთრების უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

კასატორი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი წარმოშობის წყარო უცნობია, ვინაიდან, აღნიშნული მიწის გეგმა-ნახაზი მარეგისტრირებელ ორგანოში არ იძებნება. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობიდან ირკვევა, რომ გაითვალისწინა თავდაპირველი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 1978 წლის 11 მაისის განჩინება, რომლის წარმოშობაც საეჭვოა და აღნიშული დოკუმენტის დედანი წარმოდგენილი არ ყოფილა მხარის მიერ, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არც ერთ მარეგისტრირებელ სამსახურში აღნიშნული განჩინება დაცული არ არის.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 31.07.2023 წლის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად პ. ჯ-ეის სახელზე (მემკვიდრე ნ. ჯ-ე) არსებული ტექნიკური პასპორტის გეგმა-ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში მოსაზღვრე ვ. ჯ-ეის მიწის ნაკვეთს აღარ ექნება საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი გზა, რაც არღვევს მისი, როგორც საკუთრების უფლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ჯ-ეის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჯ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივი შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

14.07.2016 წელს ნა. ჯ-ემ (პ/ნ ...) №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბაღდათის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება (ს.ფ. 92).

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.07.2016 წლის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნა. ჯ-ეის განცხადება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების შესახებ და ნა. ჯ-ეის საკუთრების უფლებით აღირიცხა 2912.00 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 13.07.2016 წლის №AA2016058426-03 საარქივო ცნობა და 14.01.1998 წლის მიწის ნაკვეთის №1334 მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 109, 110-111, 112).

2016 წლის 29 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ნა. ჯ-ემ ვ. ჯ-ეს გადასცა ბაღდათში, სოფელ ...ში მდებარე 2 912.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართით 345.60 კვ.მ (ს.ფ. 85-86). აღნიშნული ქონება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.08.2016 წლის N... გადაწყვეტილებით აღირიცხა ვ. ჯ-ეის საკუთრების უფლებით.

25.07.2018 წელს მოსარჩელე მხარე ნ. ჯ-ემ (პ/ნ ...) №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2 619 კვ.მ (ზონა: ბაღდათი, სექტორი: ...ი, საკადასტრო კოდი: ...) მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სახლის ტექნიკური პასპორტი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნ. ჯ-ეის 25.07.2018 წ. №... განცხადებაზე 30.07.2018 წ. №331064 წერილით ქუთაისის ცენტრალური არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია და არქივში დაცული დოკუმენტაცია (საკომლო წიგნის ასლები) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, პ. გ.-ს ძე ჯ-ეის კომლის შემადგენლობის (ასევე სხვა კომლში არსებობის შესახებ) და მასზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ, 1992-2007 წლების მიხედვით. ასევე, არქივს ეთხოვა იქ დაცული/გაცემული სხვა დოკუმენტაციის (მიწის განაწილების სია და სხვა) მიწოდება. ამავე წერილში მიეთითა კომლის სავარაუდო წევრების შესახებ - ჯ-ე თ. და გ. ჯ-ე. საქართველოს ეროვნული არქივის 17.08.2018 წლის №13/113844 წერილით საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული, ბაღდათის რაიონის ...ის საკრებულოს 1991-2001 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ. გ.-ს ასული ჯ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ. (თ.) გ.-ს ასული ჯ-ე - უფროსი. ზ. ჯ-ე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება, 1999-2000 წლების ჩანაწერებით, საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 100 კვ.მ 1999-2000 წლების ჩანაწერებით, მიწის ნაკვეთის ფართობი 0,29 ჰა. 1991-1998 წლებში საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის. ...ის საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ. გ.-ს ასული ჯ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ. (თ.) გ.-ს ასული ჯ-ე - უფროსი. ზ. ჯ-ე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება, 2001-2002 წლების ჩანაწერებით საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართი 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი 2001 წლის ჩანაწერით 0,29 ჰა. 2003-2006 წლებში საცხოვრებელი სახლის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის. 2002-2006 წლებში მიწის ნაკვეთის ფართობი შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის. ...ის საკრებულოს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წიგნები, მიწის განაწილების სიები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, 2007 წლის საკომლო წიგნები, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცვაზე არ შემოსულა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.08.2022 წლის №... გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნ. ჯ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ვ. ჯ-ეის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის (ს/კ №...) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამდენად დაინტერესებულ პირს (ნ. ჯ-ეს) განემარტა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის დამატებით წარმოსადგენი იყო კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო დავის გამოვლენის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს განესაზღვრებოდა ვადა 3 სამუშაო დღე მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის შესარჩევად.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.10.2018 წლის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ვინაიდან, მოსარჩელის მითითებით, სადავო რეგისტრაციებმა მოიცვა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც სახლამდე მისასვლელ ერთადერთ გზას წარმოადგენდა და ამ დანიშნულებით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. მოსარჩელე მხარის - ნ. ჯ-ეის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დასადასტურებლად წარმოდგენილია 24.12.1987 წლის ტექინვენტარიზაციის ბიუროში დაცული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ნ. ჯ-ეის მამკვიდრებელი მისი მეუღლე პ. ჯ-ე ფაქტობრივად ფლობდა ბაღდათის სოფელ ...ში მდებარე 2608 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მათ შორის, 219 კვ.მ ფართობის მქონე შენობა-ნაგებობით, 814 კვ.მ ეზოთი და 1575 კვ.მ ვენახით. ამავე დოკუმენტის თანახმად, სადავო გზა პ. ჯ-ეის მიწის ნაკვეთის საზღვრებში ექცევა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირია პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე მუხლის „რ“ ქვეპუნქტი განმარტავს „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის“ ცნებას და ასეთად განიხილავს 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელ ცნობა-დახასიათებას, საკომლო წიგნიდან ამონაწერს, მებაღის წიგნაკს, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილ მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილ და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სიას თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სიას, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტს ან მიწის ნაკვეთის გეგმას, სასამართლოს აქტს საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცულ დოკუმენტს (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერს, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერს) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულ/წარმოდგენილ სხვა შესაბამის დოკუმენტს.

დასახელებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) სისტემური რეგისტრაციის მიზნებისათვის, ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, აგრეთვე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი სააგენტოა; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ასევე ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამრიგად, საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათ შესაბამისად უნდა განახორციელოს.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში მოქმედი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროების საქმიანობის საფუძვლების თანახმად, ბიუროში აღირიცხებოდა საცხოვრებელი სახლები მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით, ინდივიდუალური ბინები, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებით (თითოეული ოთახისა და მისი ფართის მითითებით), ხოლო საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის სამოქალაქო კოდექსმა გარდამავალი პერიოდისთვის (სანამ შეიქმნებოდა საჯარო რეესტრის ფუნქციის მქონე ორგანო – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საჯარო რეესტრის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფუნქციები გაუნაწილა ორ დაწესებულებას: ტექნიკური აღრიცხვის სამსახურსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს, თავისი გეოგრაფიული ზონის ორგანოებით – მიწის რეგისტრატურებით. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების ლიკვიდაციის შემდგომ (2004 წელი), ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტოს გადაეცა ასევე ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება. ამავე წელს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. თუმცა სააგენტოს შექმნით, ტექ. ბიუროებს მნიშვნელობა ბოლომდე არ დაუკარგავს, ბოლო დრომდე უფლებათა რეგისტრაციისას აქტიურად გამოიყენება მისი არქივი, მეტიც, კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ტექ. ბიუროში დაცული მასალები შეიძლება საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველიც გახდეს (მაგ: მართლზომიერი მფლობელობის დროს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ა.შ.).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადავო მიწის ნაკვეთის ვ. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახურის 28.07.2016 წლის №..., 02.08.2016 წლის №... გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე (საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 14.01.1998 წლის მიწის ნაკვეთის №1334 მიღება-ჩაბარების აქტი, 13.07.2016 წლის №AA2016058426-03 საარქივო ცნობა) ამავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებობდა განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები - ტექინვენტარიზაციის მასალებში დაცული ნ. ჯ-ეის სახლის 24.12.1987 წელს შედგენილი ტექ. პასპორტი, რაც გამორიცხავდა ვ. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციას სადავო ქონებაზე, რამდენადაც, ტექ. პასპორტის მიხედვით, უდავოდ, დასტურდება, რომ ამჟამად სადავოდ გამხდარი გზა, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთის ფართობში ექცევა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატას ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღება გამახვილდეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელდა სადავო ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება და ადგილზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს ნ. ჯ-ეის ოჯახის მიერ სადავო მიწით სარგებლობის ფაქტი. ასევე, დადგინდა, რომ მოსარჩელე მხარე ნ. ჯ-ეის საცხოვრებელ სახლს აღნიშნული გზის გარდა სხვა მისასვლელი არ აქვს და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების უცვლელად დატოვებით, არსებითად შეილახება მისი მფლობელის უფლებები საცხოვრებელი სახლით და მიწის ნაკვეთით სარგებლობის კუთხით.

ნ. ჯ-ეის ოჯახის მიერ სადავო გზით სარგებლობის ფაქტს აგრეთვე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მაიაკოვსკის რაიონის სახალხო სასამართლოს 11.05.1978 წლის განჩინება (მოსარჩელე: ვ. ვ.-ის ასული წ-ე; მოპასუხე: პ. გ.-ს ძე ჯ-ეე; დავის საგანი: გზის გახსნა), რომლის თანახმად, „...1971 წლის 04 აგვისტოს საერთო კრების N6 ოქმით კოლმეურნეობაში გამოყოფილ იქნა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ფონდიდან, სახელდობრ ფართობ ,,ე...ში’’ იმ მიზნით, რომ ფართობს არ ჰქონდა საერთო სარგებლობის გზა, 1972 წლის 28 ივლისს მოხდა საერთო სარგებლობის გზის დაგეგმვა, მაგრამ როგორც სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული ცნობითა და იმ დროისათვის ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარის გ. გ.-ს ძე ყ-ის ჩვენებით დადგინდა, გზა რომელიც დღეისათვის სადავო არის დაგეგმილ იქნა, მაგრამ ის დამტკიცებული არ ყოფილა არცერთი კომპეტენტური ორგანოს მიერ, ამდენად გამოდის, რომ გზა ადრე არ არსებობდა იმ ადგილას სადაც ის დაიგეგმა, ამდენად მოცემული საქმე, რადგან გზა, რომელიც დღეისთვის სადავოა, არ არსებობდა ადრე, სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენს და იგი უნდა შეწყდეს წარმოებით’’. ამავე განჩინებაში მითითებულია, რომ ,,მოსარჩელეს ეს გზა დაუდგინეს და არა დაუმტკიცეს, რომ ამ გზით ესარგებლა მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში შესვლისთვის. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც მოპასუხე ჯ-ე ჩამოსახლებული არ იყო, ხოლო როდესაც ჩამოსახლდა და მიეცა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (ჩამოსახლდა 1974 წელს) გზა არ არსებობდა და თვით ამ უკანასკნელის მიერ იქნა გაკეთებული სადავო გზა. აღსანიშნავია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს თავის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში სხვა მხრიდან გააჩნია შესასვლელი გზა, რომლითაც სარგებლობს რამდენიმე კომლი’’ (ს.ფ. 21).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვ. ჯ-ეის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ და დაცულ ინფორმაციათა სათანადოდ შეფასებისა და ურთიერთშედარების გარეშე. სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მათ საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ქმნიდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. ვ. ჯ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 აგვისტოს განჩინება;

3. თ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ვ. ჯ-ეის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 8 სექტემბრის №32490512 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე