Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-975(კ-23) 17 აპრილი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - მ., ნ. და ს. ჭ-ეები

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლათა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნაწილის) ბათილად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ., ნ. და ს. ჭ-ეებმა 2020 წლის 22 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიმართ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დღის ცენტრში და/ან კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში არასრულწლოვანების - ნ. ჭ-ისა და მ. ჭ-ის დღის ცენტრში ჩარიცხვის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის 2015 წლის 22 ოქტომბრის №04/81022 და №04/81013 გადაწყვეტილებების, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში სადღეღამისო თავშესაფარში არასრულწლოვან მ. ჭ-ის ჩარიცხვის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის 2017 წლის 1 მარტის №04/12555 გადაწყვეტილების, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში სადღეღამისო თავშესაფარში არასრულწლოვან მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის ჩარიცხვის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის 2017 წლის 30 ივნისის №04/43161 გადაწყვეტილების, არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის მინდობით აღზრდაში განთავსების ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ქალაქ თბილისის (...) საბჭოს თავმჯდომარის 2019 წლის 28 ივნისის №01020206 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის, მიუსაფარ ბავშვთა სახლში და მინდობით აღზრდაში უკანონოდ განთავსების გამო მიყენებული მორალური ზიანის მოსარჩელეთათვის - თითოეულისთვის 25000-25000 ლარის, ანაზღაურება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მ., ნ. და ს. ჭ-ეები 2017 წლამდე ცხოვრობდნენ ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, „... ტერიტორიაზე“, ბიოლოგიურ დედასთან - მ. ჭ-ესთან ერთად. 2015 წლიდან მ. და ნ. ჭ-ეები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახში არსებული სიღარიბის გამო, გადავიდნენ სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში. ბავშვები მიიჩნევენ, რომ დედის უმუშევრობისა და ოჯახში არსებული ეკონომიკური პირობების გამო, მათი ოჯახისგან მოშორებით ცხოვრება 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იყო უკანონო. ისინი ფიქრობენ, რომ მთავარი იყო ეცხოვრათ დედასთან და სახელმწიფო მათ სიღარიბის დაძლევაში დახმარებოდა. რაც შეეხება ს. ჭ-ეს, მისთვის ამ პერიოდის განმავლობაში და-ძმისგან მოშორებით ყოფნა მატრამვირებელი იყო. გარდა ამისა, აღნიშნული დროის განმავლობაში დედასთან დარჩენილი ს. ჭ-ის მიმართ მზრუნველობის სააგენტოს არ განუხორციელებია მოქმედება, რაც ბავშვისათვის იქნებოდა მხარდამჭერი, უფრო მეტიც, ს. ჭ-ეს და მის დედას - მ. ჭ-ეს გაუუქმდათ სოციალური დახმარება, რის გამოც ს. დედა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ცდილობდა შვილის გამოკვებას. მოსარჩელეთა წარმომადგენლის მითითებით, ბავშვების დედასთან დაბრუნების მოთხოვნა მოსამართლემ მხოლოდ 2020 წლის 16 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე შეიტყო და გადაწყვიტა ბავშვების დედასთან დაბრუნება. ამავდროულად, გააუქმა მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაც.

მოსარჩელეებმა სადავო აქტების გაუქმებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითეს საკითხის მომწესრიგებელ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებზე და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მ., ნ. და ს. ჭ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დღის ცენტრში და/ან კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში არასრულწლოვანების - ნ. ჭ-ისა და მ. ჭ-ის დღის ცენტრში ჩარიცხვის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის 2015 წლის 22 ოქტომბრის №04/81022 და №04/81013 გადაწყვეტილებები, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში სადღეღამისო თავშესაფარში არასრულწლოვან მ. ჭ-ის ჩარიცხვის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის 2017 წლის 1 მარტის №04/12555 გადაწყვეტილება, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში სადღეღამისო თავშესაფარში არასრულწლოვან მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის ჩარიცხვის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის 2017 წლის 30 ივნისის №04/43161 გადაწყვეტილება, ასევე, არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის მინდობით აღზრდაში განთავსების ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ქალაქ თბილისის (...) საბჭოს თავმჯდომარის 2019 წლის 28 ივნისის №01020206 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალა, მიუსაფარ ბავშვთა სახლში და მინდობით აღზრდაში უკანონოდ განთავსების გამო, მოსარჩელეთათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - მ. ჭ-ის სასარგებლოდ - 15 000 ლარის, ნ. ჭ-ის სასარგებლოდ - 15 000 ლარის და ს. ჭ-ის სასარგებლოდ - 5 000 ლარის ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- მოსარჩელეები ცხოვრობდნენ ქალაქ თბილისში, ... რაიონში, ...ში, ...ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში, დედასთან - მ. ჭ-ესთან და ძმასთან - რ. ჭ-ესთან ერთად. 2015 წლის 2 მარტის მდგომარეობით, ისინი რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, მინიჭებული ჰქონდათ 1000 ქულა და იღებდნენ საარსებო შემწეობას 252 ლარის ოდენობით;

- 2015 წლის 22 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსმა სოციალურმა მუშაკმა, მის მიერვე იმავე დღეს შევსებული მაძიებლის ანკეტების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილებები მოსარჩელეების, არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დღის ცენტრში და/ან კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში, დღის ცენტრში ჩარიცხვის შესახებ;

- 2015 წლის 10 დეკემბერს სოციალური მუშაკის მიერ შეივსო მოსარჩელეების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის ოჯახის შეფასების ფორმა, ხოლო იმავე თარიღის დასკვნის მიხედვით, განისაზღვრა, რომ საჭირო იყო ოჯახის სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია ფულადი ან სხვა სახის დახმარების მიზნით. ოჯახი საჭიროებდა შესაბამისი კვებით უზრუნველყოფაში დახმარებას ბავშვების 24-საათიან ზრუნვაში გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, იმავე მიზნით, ბავშვები/ოჯახი საჭიროებდა სხვა დამატებით რესურსებს (ფულადი ან არა ფულადი), საჭირო არ იყო მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან 24-საათიან ზრუნვაში გადაცემა, თუმცა მიზანშეწონილი იყო ბავშვების დღის ცენტრში განთავსება. ასევე, არ დასტურდებოდა ბავშვზე რაიმე სახის ძალადობა;

- 2015 წლის 14 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის მიერ შეივსო მოსარჩელეების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის ინდივიდუალური განვითარების გეგმები, 2016 წლის 20 დეკემბერს ასევე შეივსო მათი ინდივიდუალური განვითარების გეგმები და გადასინჯვის ფორმები, სადაც სოციალურმა მუშაკმა დასკვნის სახით განმარტა, რომ არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე იშვიათად სარგებლობდნენ დღის ცენტრის მომსახურებით, ოჯახის მდგომარეობა იყო უკიდურესად კრიტიკული, ბავშვის საჭიროებებისა და უფლებების შესახებ მშობლის ცნობიერების დაბალი დონისა და სიღარიბის გამო ვერ ხერხდებოდა ბავშვების საჭიროებების სათანადო დაკმაყოფილება, ისინი იშვიათად დადიოდნენ სკოლაში და ჩამორჩებოდნენ სასკოლო პროგრამას, რის გამოც, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მშობლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობის გაძლიერება და საჭიროების შემთხვევაში, ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა. ანალოგიური შინაარსის დასკვნებს შეიცავს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დღის ცენტრში მოსარჩელეების, არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის განთავსების პერიოდში შევსებული პროგრესის ჩანაწერები, სადაც დამატებით აღნიშნულია, რომ ოჯახში სოციალური მუშაკის ვიზიტების მიუხედავად, დღის ცენტრში მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის სიარულის უზრუნველყოფა ვერ განხორციელდა;

- 2016 წლის 19 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურმა გუნდმა განახორციელა მოსარჩელე ნ. ჭ-ის შეფასება და აღნიშნა, რომ თვითმომსახურების ჩვევები ასაკის შესაბამისად იყო განვითარებული, ჰქონდა საკუთარი სამეცადინო სივრცე, რომელსაც დამოუკიდებლად აწესრიგებდა. დამოუკიდებლად მოიხმარდა ტელევიზორს, ბუკს და ტელეფონს. ასაკის გამო გადაადგილდებოდა დედასთან ერთად. რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. კომუნიკაბელური იყო. ჰყავდა მეგობრები, რომლებთანაც თამაშობდა, თუმცა მას ჰქონდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ჰქონდა სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებდა სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, კერძოდ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას. ამასთანავე, დადგენილია, რომ მოსარჩელეების ოჯახთან სოციალური მუშაკის მუშაობის არც ერთ ეტაპზე სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ, დადგენილი წესით, არ გამოკვლეულა და არ შეფასებულა ერთ-ერთი მოსარჩელის - ს. ჭ-ის საჭიროებები და მისი თავშესაფარში განთავსება არ განხორციელებულა;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის მიერ 2017 წლის 1 მარტს შედგენილი დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი მ. ჭ-ე იშვიათად სარგებლობდა დღის ცენტრის მომსახურებით. ოჯახის მდგომარეობა იყო უკიდურესად კრიტიკული, ბავშვის საჭიროებებისა და უფლებების შესახებ მშობლის ცნობიერების დაბალი დონისა და სიღარიბის გამო ვერ ხერხდებოდა ბავშვების საჭიროებების სათანადო დაკმაყოფილება, ისინი იშვიათად დადიოდნენ სკოლაში და ჩამორჩებოდნენ სასკოლო პროგრამას. სოციალური მუშაკის განმარტებით, იგი ესაუბრა მ. ჭ-ის დედას, მ. სადღეღამისო თავშესაფარში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რაზეც მან თანხმობა განაცხადა, თუმცა თანხმობა არ განაცხადა მოსარჩელემ, არასრულწლოვანმა ნ. ჭ-ემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელე მ. ჭ-ის დღის ცენტრიდან ამორიცხვა და მისი სადღეღამისო თავშესაფარში განთავსება. დასახელებული დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე მ. ჭ-ე იმავე სოციალური მუშაკის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ამოირიცხა დღის ცენტრიდან და ჩაირიცხა სადღეღამისო თავშესაფარში. 2017 წლის 3 მარტს კი, მ. ჭ-ის დედამ - მ. ჭ-ემ მ. გაიყვანა სადღეღამისო თავშესაფრიდან და აღარ დაუბრუნებია თავშესაფარში;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის მიერ, 2017 წლის 3 აპრილს შედგენილი იქნა დასკვნა, სადაც სოციალურმა მუშაკმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა ოჯახში არ იყო ბავშვების საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებული, ბავშვები ვერ იღებდნენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას, კვებას, ჰქონდათ არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენური მდგომარეობა, ხშირად აცდენდნენ სკოლა, რის გამოც, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მ. ჭ-ის და ნ. ჭ-ის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება. მ. ჭ-ეს 2017 წლის 27 აპრილს დაუდგინდა ...ი დაავადება რთულ ფორმაში, რაც საჭიროებდა გადაუდებელ მკურნალობას. აღნიშნული სახის ...ი ასევე აღენიშნებოდა არასრულწლოვან ნ. ჭ-ეს;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით (ეკონომიკურად ძალადობასთან დაკავშირებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ) განხორციელდა არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის 1 თვით განცალკევება დედისაგან - მ. ჭ-ისაგან და ისინი განთავსდნენ დეიდასთან - ი. ჭ-ესთან;

- სოციალური მუშაკის მიერ 2017 წლის 2 მაისს შედგენილი დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე მ. ჭ-ე, იმავე სოციალური მუშაკის 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, ამოირიცხა სადღეღამისო თავშესაფრიდან;

- 2017 წლის 16 ივნისს სოციალური მუშაკის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, სადაც მან აღნიშნა, რომ არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე განიცდიდნენ დედისაგან განცალკევებას და სურვილი ჰქონდათ, მასთან ახლოს ეცხოვრათ, რის გამოც, არასრულწლოვანები დათანხმდნენ მათი სადღეღამისო თავშესაფარში განთავსებას. შესაბამისად, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის სადღეღამისო თავშესაფარში განთავსება. ამასთან, სოციალურ მუშაკს დასკვნაში არ აუსახავს ინფორმაცია მათი ...ი დაავადებისაგან განკურნების თაობაზე. სოციალური მუშაკის აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე, იმავე სოციალური მუშაკის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ჩაირიცხნენ სადღეღამისო თავშესაფარში. ასევე, 2017 წლის 7 სექტემბრის დასკვნით, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის სადღეღამისო თავშესაფარში კვლავ დარჩენა;

- დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა დედას - მ. ჭ-ეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სამივე არასრულწლოვანი მოსარჩელის მიმართ;

- არასრულწლოვანებს - მ. ჭ-ესა და ნ. ჭ-ეს 2019 წლის 1 იანვარს კვლავ გაუგრძელდათ სადღეღამისო თავშესაფარში ყოფნის ვადა 2019 წლის 1 ივლისამდე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ქალაქ თბილისის (...) საბჭოს თავმჯდომარის 2019 წლის 28 ივნისის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე განთავსდნენ რეგულარულ მინდობით აღზრდაში ...ის რაიონში მცხოვრებ მიმღებ ოჯახში. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ თავდაპირველად არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე არ იყვნენ თანახმა მინდობით აღზრდაში განთავსებასთან დაკავშირებით, რაც განპირობებული იყო დედასთან ერთად ცხოვრების სურვილით, ასევე ტერიტორიულად მიმღები ოჯახის სიშორით თბილისიდან, თუმცა, საბოლოოდ, საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ისინი დათანხმდნენ მინდობით აღზრდაში განთავსებას;

- მოსარჩელეთა დედის - მ. ჭ-ის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა დედას - მ. ჭ-ეს აღუდგა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სამივე არასრულწლოვანი მოსარჩელის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეები, არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე დაბრუნდნენ დედასთან;

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურმა გუნდმა 2021 წლის 2 თებერვალს, მინდობით აღზრდის დასრულების შემდგომ, განახორციელა არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის შეფასება და აღნიშნა, რომ თვითმომსახურების ჩვევები ასაკის შესაბამისად იყო განვითარებული, ბავშვებს ჰქონდათ საკუთარი სამეცადინო სივრცე, რომელსაც დამოუკიდებლად აწესრიგებდნენ, დამოუკიდებლად მოიხმარდნენ ტელევიზორს, ტელეფონს და სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს. რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდათ, კომუნიკაბელურები იყვნენ, ჰყავდათ მეგობრები, თუმცა მათ კვლავ ჰქონდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ჰქონდათ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებდნენ სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, კერძოდ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18, 30-ე, 31-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-9, მე-13, 77-ე მუხლებზე, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 73-ე მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე, გამოიყენა „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ბავშვები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნენ ჩაყენებული თანაბარ პირობებში იმ პირებთან მიმართებით, რომელთა მიუსაფარ ბავშვებად იდენტიფიცირების, თავშესაფარში და მინდობით აღზრდაში განთავსების ობიექტური, ნამდვილი სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა, რის გამოც მათ მიმართ გამოყენებული ზემოთ აღნიშნული სოციალური ღონისძიებები დისკრიმინაციად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, ხოლო მოსარჩელე ბავშვი - ს. ჭ-ე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იქნა განსხვავებული მოპყრობის ობიექტი მის და-ძმასთან მიმართებით, აღნიშნული სოციალური ღონისძიებების განხორციელების პროცესში. ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ბავშვების - მ. ჭ-ის და ნ. ჭ-ის მიმართ გამოყენებული სოციალური ღონისძიებების - მიუსაფარ ბავშვებად იდენტიფიცირების, თავშესაფარში და მინდობით აღზრდაში განთავსებისა და აქედან გამომდინარე, მათ მიერ განცდილი სტრესის, შიშის და უარყოფითი ემოციების ხარისხის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის მოთხოვნილი თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 25000-25000 ლარი არ წარმოადგენდა ადეკვატურ ოდენობას, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მოსარჩელე ბავშვების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის სასარგებლოდ უნდა დავალებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულის სასარგებლოდ 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო ს. ჭ-ის სასარგებლოდ - 5000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება მ., ნ. და ს. ჭ-ეების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას და ბავშვის უფლებათა კოდექსის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე მითითებით, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საქალაქო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა წინამდებარე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი არა ერთი დოკუმენტი, მათ შორის: ნ. ჭ-ის მაძიებლის ანკეტა (22.10.2015წ. №04-19903); მ. ჭ-ის მაძიებლის ანკეტა (22.10.2015წ. №04-19905); დასკვნა ბავშვზე (მ. ჭ-ე) სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების შესახებ (10.12.2015წ. №109; 07.09.2017წ. №273); მ. ჭ-ის პროგრესის ჩანაწერები; დასკვნა ბავშვზე (ნ. ჭ-ე) სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების შესახებ (25.12.2015წ. №147; 07.09.2017წ. №273); ნ. ჭ-ის პროგრესის ჩანაწერები; ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადასინჯვის ფორმები (13.06.2016წ. №211; 20.12.2016წ. №433; 10.07.2018წ. №314; 18.12.2018წ. №532); ნ. ჭ-ის სერვისში ინდივიდუალური მომსახურების გეგმა/გადასინჯვა (11.12.2015; 12.06.2016; 19.12.2016; 19.12.2016; 04.07.2017; 10.01.2018; 07.09.2018; 09.01.2019); მ. ჭ-ის სერვისში ინდივიდუალური მომსახურების გეგმა/გადასინჯვა (11.12.2015; 12.06.2016; 19.12.2016; 19.12.2016; 04.07.2017; 10.01.2018; 07.09.2018; 09.01.2019); საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნები (2016-2018 წლები); ...-ის შეფასების ფორმები; სოციალური მუშაკის 16.06.2017 წლის დასკვნა; ... „ს...-ის შევსების ფორმები (შეფასება) მ. და ნ. ჭ-ეების მიმართ და ა. შ. (იხ. ს.ფ. 220-222; 226-241, 242-393 ტ-I; 166; 172-217; ტ-II). საგულისხმოა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია უფლებამოსილი პირების მიერ და მოიცავს სათანადო ინფორმაციას მოსარჩელეების - მ. და ნ. ჭ-ეების მიუსაფარ ბავშვთა სახლში და მინდობით აღზრდაში განთავსების შედეგების შესახებ. სააპელაციო პალატის მსჯელობის მიხედვით, სამართლებრივი შეფასების მიღმა დარჩა, ასევე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები (უგულებელყოფა, მშობლის უფლების შეზღუდვა/აღდგენა).

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული, სოციალური, საგანმანათლებლო ზომების, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროგრამები (მიუსაფარ ბავშვთა სახლში და მინდობით აღზრდაში განთავსება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტატუსის მინიჭება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და ა.შ.) ემსახურებოდა თუ არა მოსარჩელე ბავშვების, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გაძლიერებისა და დაცვის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების, სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის, განვითარების, განათლების, სათანადო საცხოვრებელი პირობების, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას უთანასწორო მოპყრობის გარეშე. სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საქმეზე უდავოდ დადგენილ გარემოებებს.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა ასევე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული შეფასებები და დასკვნები სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მოსარჩელე ბავშვების - მ. და ნ. ჭ-ეების მიუსაფარ ბავშვთა სახლსა და მინდობით აღზრდაში განთავსების შესახებ) უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიჩნევისა და აღნიშნული სოციალური ღონისძიებების განხორციელების პროცესში, მოსარჩელე ბავშვის - ს. ჭ-ის მის და-ძმასთან მიმართებით განსხვავებული მოპყრობის შესახებ, ასევე, აღნიშნულის გათვალისწინებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1. მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დავალების თაობაზე. ამასთან, აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს და მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე მიუსაფარ ბავშვთა სახლსა და მინდობით აღზრდაში განთავსების გამო მოსარჩელეების დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნევა და აღნიშნული საფუძვლით მორალური ზიანის ანაზღაურება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია.

გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა სამართალურთიერთობის მონაწილე იმ მესამე პირების მოწვევისა და ჩაბმის გარეშე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე, წინამდებარე საქმეში მესამე პირებად უნდა მოეწვია და აუცილებლად ჩაება მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები: 1. ქალაქ თბილისის საქალაქო ცენტრი; 2. გურიის რეგიონული ცენტრი; 3. „...ში“; 4. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ს...“ და 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მულტიდისციპლინური გუნდი).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ., ნ. და ს. ჭ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის თავად განხილვის დავალება მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას დაარღვია არაერთი ნორმა და პრინციპი, რომელიც დადგენილია გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით. გარდა ამისა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობა არ შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. პროცესზე არ იყო ბავშვებზე მორგებული მეგობრული გარემო, ასევე, დაირღვა მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელების პრინციპი. კერძოდ, ბავშვებთან დაკავშირებული საქმე სააპელაციო სასამართლოს განსახილველად გადაეცა 2021 წლის ივნისში. მოსარჩელეთა ადვოკატების არაერთი წერილობითი მოთხოვნის, მათ შორის, თავად ბავშვების წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, პროცესი ჩაინიშნა მხოლოდ 2023 წლის 2 თებერვალს. საქმის არაპრიორიტეტულად განხილვას ასევე ადასტურებს ის ფაქტი, რომ, მართალია, საქმის განხილვა დასრულდა იმავე დღეს, 2023 წლის 2 თებერვალს, თუმცა გადაწყვეტილება გამოცხადდა 1 თვის შემდეგ, 2023 წლის 2 მარტს. კასატორების მოსაზრებით, დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე არ გადააგზავნოს უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა არც ერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გადაწყვეტილების გაუქმებისა. ამასთან, თუ სასამართლოს გააჩნდა კითხვები კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავად უნდა გამოეკვლია იგი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორების მითითებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს. გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ, როგორც გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით, ისე ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, ბავშვებს აქვთ მათ მიმართ უკანონო მოქმედებების შედეგად სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღების უფლება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ ივლისს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, ოჯახისათვის მხარდამჭერი ღონისძიებების გატარების ნაცვლად, მოსარჩელეები გადაიყვანა სახელმწიფო ზრუნვაში, რამაც დაარღვია ბავშვების საუკეთესო ინტერესები. სააგენტომ მიმართა სასამართლოს, მოსარჩელეების მშობელს სასამართლოს წესით შეუზღუდა მშობლის უფლება და სამი შვილიდან ჩათვალა, რომ 2 შვილი დაუყოვნებლივ გადასაყვანი იყო სახელმწიფო ზრუნვაში, ხოლო მესამე, ასაკით უმცროსი შვილი დატოვა ბიოლოგიურ ოჯახში. ცხადია, ყველა ქმედება, რაც სააგენტომ უნდა განახორციელოს, უნდა ემსახურებოდეს ბავშვის ინტერესების დაცვას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სააგენტომ თავისი მოვალეობა ვერ შეასრულა. ვერ უზრუნველყო არასრულწლოვანების დაცვა და მისი მოქმედებით მომდევნო შემთხვევების პრევენცია ვერ მოხდა. შესაბამისად, სააგენტომ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, არ შეასრულა/არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა სხვა პირების - არასრულწლოვანების მიმართ. აღნიშნული უკანონო მოქმედების დამადასტურებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა სააგენტოს მოქმედების უკანონობა და გააუქმა მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამრიგად, პირს მიადგა ზიანი, რაც სახელმწიფო წარმომადგენლის ქმედებამ/უმოქმედობამ გამოიწვია. იმის გამო, რომ 3 წლის განმავლობაში სააგენტომ ვერ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მ. და ნ. ჭ-ეების დასაცავად, ბავშვები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაშორდნენ ბიოლოგიურ დედას. ამდენად, სააგენტოს დროულად რომ განეხორციელებინა მოქმედებები ოჯახის გასაძლიერებლად, შესაძლებელი იქნებოდა იმ ტრავმის თავიდან აცილება, რაც ბავშვებმა ამ პერიოდის განმავლობაში მიიღეს.

კასატორები ასევე მიუთითებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც მითითებულია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვების კანონიერი წარმომადგენლობის განხორციელება არაერთ ნორმატიულ ხარვეზებთან, პრაქტიკულ გამოწვევებთან, მოვალეობების არასათანადო შესრულებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინტერესთა კონფლიქტთან არის დაკავშირებული, რაც აგრეთვე მიანიშნებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან არსებობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის სისტემური, სერიოზული საფრთხე, რომელიც წინამდებარე საქმეში სახეზეა - ბავშვები სააგენტოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სიღარიბის გამო დაშორდნენ მშობელს.

კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ბავშვის შესახებ სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს კვალიფიციური კვლევის შედეგს და არა სტანდარტულად შევსებულ დასკვნებს, რომლებსაც მტკიცებულებითი ძალა არ აქვს. სააგენტომ ისე შეცვალა რადიკალურად ბავშვების ცხოვრება, რომ არც კი შეუქმნია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მშობლის მიერ ბავშვის უგულებელყოფის ფაქტს, ფსიქოლოგთან კონტაქტის დროს არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა გამოვლენილი ბავშვებსა და მშობელს შორის რაიმე ფორმის დაძაბულობა ან გაურკვევლობა, სოციალური მუშაკის ყველა დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბავშვები არიან კონტაქტურები, იციან ზოგადი წესები და აქვთ გამომუშავებული სხვადასხვა უნარები, იმ ფონზე, როცა ოჯახი ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძოდა. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მინდობით აღზრდაში ბავშვების განთავსებას არ ჰქონია პოზიტიური შედეგები და ისინი იყვნენ მშობლისაგან შორს, სრულიად უცხო გარემოში, სააგენტომ დაარღვია ბავშვების ფუნდამენტური უფლებები, რის გამოც უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება.

კასატორები ასევე არ დაეთანხმნენ საქმეში მესამე პირებად სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ჩართვას და აღნიშნეს, რომ დაუსაბუთებელი იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი პროცესში მესამე პირებად მოწვევა საქმეზე საერთო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო. კასატორებმა დამატებით მიუთითეს, რომ ტერიტორიული ორგანოების საქმეში მესამე პირებად მოწვევა მხოლოდ პროცესის გაჭიანურებას გამოიწვევდა. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ თავად უნდა განიხილოს მოცემული ადმინისტრაციული საქმე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მ., ნ. და ს. ჭ-ეების საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მ., ნ. და ს. ჭ-ეების საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილული იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მ., ნ. და ს. ჭ-ეების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს არასრულწლოვანების - მ. და ნ. ჭ-ეების დღისა და სადღეღამისო თავშესაფარში ჩარიცხვის თაობაზე მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებებისა და მათი მინდობით აღზრდაში განთავსების შესახებ ამავე სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ქალაქ თბილისის (...) საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების (ნაწილში) კანონიერება. დასახელებული აქტების უკანონობის პირობებში, ასევე შეფასების საგანია მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა. განსახილველ შემთხვევაში დამატებით შესაფასებელია იმ გარემოების არსებობა, რამდენად წარმოადგენდნენ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები: ქალაქ თბილისის საქალაქო ცენტრი, გურიის რეგიონულიი ცენტრი, „...ში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ს...“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მულტიდისციპლინური გუნდი) მოცემულ საქმეზე სავალდებულო წესით მოსაწვევ მესამე პირებს და მათი საქმეში ჩაუბმელობა რამდენად ქმნიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას კანონიერ ძალაში იყო შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მ. ჭ-ეს - 10000 ლარის, ნ. ჭ-ეს -10000 ლარისა და ს. ჭ-ეს - 20000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, საკასაციო საჩივრების ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ უნდა შეაფასოს სარჩელის მხოლოდ დაკმაყოფილებული ნაწილის კანონიერება.

საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსმა სოციალურმა მუშაკმა, მის მიერვე იმავე დღეს შევსებული მაძიებლის ანკეტების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილებები მოსარჩელეების, არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დღის ცენტრში და/ან კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში, დღის ცენტრში ჩარიცხვის შესახებ. დასტურდება, რომ მოსარჩელეები ცხოვრობდნენ ქალაქ თბილისში, ... რაიონში, ...ის ...ში, ...ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში, დედასთან - მ. ჭ-ესთან და ძმასთან - რ. ჭ-ესთან ერთად. 2015 წლის 2 მარტის მდგომარეობით, ისინი რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, მინიჭებული ჰქონდათ 1000 ქულა და იღებდნენ საარსებო შემწეობას 252 ლარის ოდენობით.

2015 წლის 10 დეკემბერს სოციალური მუშაკის მიერ შეივსო მოსარჩელეების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის ოჯახის შეფასების ფორმა, ხოლო იმავე თარიღის დასკვნის მიხედვით, განისაზღვრა, რომ საჭირო იყო ოჯახის სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია ფულადი ან სხვა სახის დახმარების მიზნით. ოჯახი საჭიროებდა შესაბამისი კვების უზრუნველყოფაში დახმარებას ბავშვების 24-საათიან ზრუნვაში გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, იმავე მიზნით, ბავშვები/ოჯახი საჭიროებდა სხვა დამატებით რესურსებს (ფულადი ან არა ფულადი), საჭირო არ იყო მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან 24-საათიან ზრუნვაში გადაცემა, თუმცა მიზანშეწონილი იყო ბავშვების დღის ცენტრში განთავსება. ასევე, არ დასტურდებოდა ბავშვზე რაიმე სახის ძალადობა.

2015 წლის 14 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის მიერ შეივსო მოსარჩელეების - მ. ჭ-ის და ნ. ჭ-ის ინდივიდუალური განვითარების გეგმები. 2016 წლის 20 დეკემბერს ასევე შეივსო მათი ინდივიდუალური განვითარების გეგმები და გადასინჯვის ფორმები, სადაც სოციალურმა მუშაკმა დასკვნის სახით განმარტა, რომ არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე იშვიათად სარგებლობდნენ დღის ცენტრის მომსახურებით, ოჯახის მდგომარეობა იყო უკიდურესად კრიტიკული, ბავშვის საჭიროებებისა და უფლებების შესახებ მშობლის ცნობიერების დაბალი დონისა და სიღარიბის გამო ვერ ხერხდებოდა ბავშვების საჭიროებების სათანადო დაკმაყოფილება, ისინი იშვიათად დადიოდნენ სკოლაში და ჩამორჩებოდნენ სასკოლო პროგრამას, რის გამოც, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მშობლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობის გაძლიერება და საჭიროების შემთხვევაში, ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა. ანალოგიური შინაარსის დასკვნებს შეიცავს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დღის ცენტრში მოსარჩელეების, არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის განთავსების პერიოდში შევსებული პროგრესის ჩანაწერები, სადაც დამატებით აღნიშნულია, რომ ოჯახში სოციალური მუშაკის ვიზიტების მიუხედავად, დღის ცენტრში მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის სიარულის უზრუნველყოფა ვერ განხორციელდა.

2016 წლის 19 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურმა გუნდმა განახორციელა მოსარჩელე ნ. ჭ-ის შეფასება და აღნიშნა, რომ თვითმომსახურების ჩვევები ასაკის შესაბამისად იყო განვითარებული, ჰქონდა საკუთარი სამეცადინო სივრცე, რომელსაც დამოუკიდებლად აწესრიგებდა. დამოუკიდებლად მოიხმარდა ტელევიზორს, ბუკს და ტელეფონს. ასაკის გამო გადაადგილდებოდა დედასთან ერთად. რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. კომუნიკაბელური იყო. ჰყავდა მეგობრები, რომლებთანაც თამაშობდა, თუმცა მას ჰქონდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ჰქონდა სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებდა სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, კერძოდ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას. ამასთანავე, დადგენილია, რომ მოსარჩელეების ოჯახთან სოციალური მუშაკის მუშაობის არც ერთ ეტაპზე სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ, დადგენილი წესით, არ გამოკვლეულა და არ შეფასებულა ერთ-ერთი მოსარჩელის - ს. ჭ-ის საჭიროებები და მისი თავშესაფარში განთავსება არ განხორციელებულა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის მიერ 2017 წლის პირველ მარტს შედგენილი დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი მ. ჭ-ე იშვიათად სარგებლობდა დღის ცენტრის მომსახურებით. ოჯახის მდგომარეობა იყო უკიდურესად კრიტიკული, ბავშვის საჭიროებებისა და უფლებების შესახებ მშობლის ცნობიერების დაბალი დონისა და სიღარიბის გამო ვერ ხერხდებოდა ბავშვების საჭიროებების სათანადო დაკმაყოფილება, ისინი ასევე იშვიათად დადიოდნენ სკოლაში და ჩამორჩებოდნენ სასკოლო პროგრამას. სოციალური მუშაკის განმარტებით, იგი ესაუბრა მ. ჭ-ის დედას, მ. სადღეღამისო თავშესაფარში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რაზეც მან თანხმობა განაცხადა, თუმცა თანხმობა არ განაცხადა მოსარჩელემ, არასრულწლოვანმა ნ. ჭ-ემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელე მ. ჭ-ის დღის ცენტრიდან ამორიცხვა და მისი სადღეღამისო თავშესაფარში განთავსება. დასახელებული დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე მ. ჭ-ე იმავე სოციალური მუშაკის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ამოირიცხა დღის ცენტრიდან და ჩაირიცხა სადღეღამისო თავშესაფარში. 2017 წლის 3 მარტს კი, მ. ჭ-ის დედამ - მ. ჭ-ემ მ. გაიყვანა სადღეღამისო თავშესაფრიდან და იგი აღარ დაუბრუნებია თავშესაფარში.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკის მიერ, 2017 წლის 3 აპრილს შედგენილ იქნა დასკვნა, სადაც სოციალურმა მუშაკმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა ოჯახში არ იყო ბავშვების საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებული, ბავშვები ვერ იღებდნენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას, კვებას, ჰქონდათ არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენური მდგომარეობა, ხშირად აცდენდნენ სკოლა, რის გამოც, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება. მ. ჭ-ეს 2017 წლის 27 აპრილს დაუდგინდა ...ი დაავადება რთულ ფორმაში, რაც საჭიროებდა გადაუდებელ მკურნალობას. აღნიშნული სახის ...ი, ასევე აღენიშნებოდა არასრულწლოვან ნ. ჭ-ეს.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით (ეკონომიკურად ძალადობასთან დაკავშირებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ) განხორციელდა არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის 1 თვით განცალკევება დედისაგან - მ. ჭ-ისაგან და ისინი განთავსდნენ დეიდასთან - ი. ჭ-ესთან.

სოციალური მუშაკის მიერ 2017 წლის 2 მაისს შედგენილი დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე მ. ჭ-ე, იმავე სოციალური მუშაკის 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, ამოირიცხა სადღეღამისო თავშესაფრიდან.

2017 წლის 16 ივნისს სოციალურმა მუშაკმა შეადგინა დასკვნა, რომელშიც აღნიშნა, რომ არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე განიცდიდნენ დედისაგან განცალკევებას და სურვილი ჰქონდათ მასთან ახლოს ეცხოვრათ, რის გამოც, ისინი დათანხმდნენ მათი სადღეღამისო თავშესაფარში განთავსებას. შესაბამისად, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის სადღეღამისო თავშესაფარში განთავსება. ამასთან, სოციალურ მუშაკს, დასკვნაში არ აუსახავს მათი ...ი დაავადებისაგან განკურნების თაობაზე. სოციალური მუშაკის აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე, იმავე სოციალური მუშაკის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ჩაირიცხნენ სადღეღამისო თავშესაფარში. ასევე, 2017 წლის 7 სექტემბრის დასკვნით, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის სადღეღამისო თავშესაფარში კვლავ დარჩენა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა დედას - მ. ჭ-ეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სამივე არასრულწლოვანი მოსარჩელის მიმართ.

არასრულწლოვანებს - მ. ჭ-ეს და ნ. ჭ-ეს, 2019 წლის 1 იანვარს კვლავ გაუგრძელდათ სადღეღამისო თავშესაფარში ყოფნის ვადა იმავე წლის 1 ივლისამდე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ქალაქ თბილისის (...) საბჭოს თავმჯდომარის 2019 წლის 28 ივნისის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე განთავსდნენ რეგულარულ მინდობით აღზრდაში ...ის რაიონში მცხოვრებ მიმღებ ოჯახში. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ თავდაპირველად არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე არ იყვნენ თანახმა მინდობით აღზრდაში განთავსებაზე, რაც განპირობებული იყო დედასთან ერთად ცხოვრების სურვილით, ასევე ტერიტორიულად მიმღები ოჯახის სიშორით თბილისიდან, თუმცა, საბოლოოდ, საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ისინი დათანხმდნენ მინდობით აღზრდაში განთავსებას.

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეთა დედის - მ. ჭ-ის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მ. ჭ-ეს აღუდგა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სამივე არასრულწლოვანი მოსარჩელის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეები, არასრულწლოვანები - მ. ჭ-ე და ნ. ჭ-ე დაბრუნდნენ დედასთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურმა გუნდმა 2021 წლის 2 თებერვალს, მინდობით აღზრდის დასრულების შემდეგ, განახორციელა არასრულწლოვანების - მ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის შეფასება და აღნიშნა, რომ თვითმომსახურების ჩვევები ასაკის შესაბამისად იყო განვითარებული, ბავშვებს ჰქონდათ საკუთარი სამეცადინო სივრცე, რომელსაც დამოუკიდებლად აწესრიგებდნენ, დამოუკიდებლად მოიხმარდნენ ტელევიზორს, ტელეფონს და სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს. რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდათ, კომუნიკაბელურები იყვნენ, ჰყავდათ მეგობრები, თუმცა მათ ჰქონდათ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებდნენ სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, კერძოდ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.

დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და ზემოთ მითითებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების ერთადერთი მშობელი - მ. ჭ-ე უგულებელყოფდა არასრულწლოვანი შვილების - მ. და ნ. ჭ-ეების უფლებებს, რაც გამოიხატა მშობლის მიერ არასრულწლოვანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობაში, საფრთხისაგან დაუცველობაში, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვასა და დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობაში, რის შედეგადაც 2017 წლის 29 აპრილს გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ამასთან, მოსარჩელეების ერთადერთ მშობელს 2017 წლის 31 მაისიდან 2020 წლის 19 სექტემბრამდე (2017 წლის 27 სექტემბრიდან მისივე თანხმობით), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეზღუდული ჰქონდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომელიც აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით. სააპელაციო პალატის მსჯელობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები, რაზეც, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სწორედ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, კერძოდ, უგულებელყოფას, მშობლის უფლების შეზღუდვას/აღდგენას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საქალაქო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა წინამდებარე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი არაერთი დოკუმენტი, მათ შორის: ნ. ჭ-ის მაძიებლის ანკეტა (22.10.2015წ. №04-19903); მ. ჭ-ის მაძიებლის ანკეტა (22.10.2015წ. №04-19905); დასკვნა ბავშვზე (მ. ჭ-ე) სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების შესახებ (10.12.2015წ. №109; 07.09.2017წ. №273); მ. ჭ-ის პროგრესის ჩანაწერები; დასკვნა ბავშვზე (ნ. ჭ-ე) სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების შესახებ (25.12.2015წ. №147; 07.09.2017წ. №273); ნ. ჭ-ის პროგრესის ჩანაწერები; ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადასინჯვის ფორმები (13.06.2016წ. №211; 20.12.2016წ. №433; 10.07.2018წ. №314; 18.12.2018წ. №532); ნ. ჭ-ის სერვისში ინდივიდუალური მომსახურების გეგმა/გადასინჯვა (11.12.2015; 12.06.2016; 19.12.2016; 19.12.2016; 04.07.2017; 10.01.2018; 07.09.2018; 09.01.2019); მ. ჭ-ის სერვისში ინდივიდუალური მომსახურების გეგმა/გადასინჯვა (11.12.2015; 12.06.2016; 19.12.2016; 19.12.2016; 04.07.2017; 10.01.2018; 07.09.2018; 09.01.2019); საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნები (2016-2018 წლები); ...-ის შეფასების ფორმები; სოციალური მუშაკის 16.06.2017 წლის დასკვნა; ... ,,ს...-ის შევსების ფორმები (შეფასება) მ. და ნ. ჭ-ეების მიმართ და ა. შ. (იხ. ს.ფ. 220-222; 226-241, 242-393 ტ-I; 166; 172-217; ტ-II). საგულისხმოა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია უფლებამოსილი პირების მიერ და მოიცავს სათანადო ინფორმაციას მოსარჩელეების - მ. და ნ. ჭ-ეების მიუსაფარ ბავშვთა სახლში და მინდობით აღზრდაში განთავსების შედეგების შესახებ. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული, სოციალური, საგანმანათლებლო ზომების, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროგრამები (მიუსაფარ ბავშვთა სახლში და მინდობით აღზრდაში განთავსება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტატუსის მინიჭება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და ა.შ.) ემსახურებოდა თუ არა მოსარჩელე ბავშვების, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გაძლიერებისა და დაცვის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების, სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის, განვითარების, განათლების, სათანადო საცხოვრებელი პირობების, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას უთანასწორო მოპყრობის გარეშე. სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებებისთვის.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა ასევე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული შეფასებები და დასკვნები სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მოსარჩელე ბავშვების - მ. და ნ. ჭ-ეების მიუსაფარ ბავშვთა სახლსა და მინდობით აღზრდაში განთავსების შესახებ) უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიჩნევისა და აღნიშნული სოციალური ღონისძიებების განხორციელების პროცესში, მოსარჩელე ბავშვის - ს. ჭ-ის მის და-ძმასთან მიმართებით განსხვავებული მოპყრობის შესახებ, ასევე, აღნიშნულის გათვალისწინებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1. მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დავალების თაობაზე. ამასთან, აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს და მოსარჩელეების სარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებულ ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე მიუსაფარ ბავშვთა სახლსა და მინდობით აღზრდაში განთავსების გამო მოსარჩელეების დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნევა და აღნიშნული საფუძვლით მორალური ზიანის ანაზღაურება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა. ამასთან, 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს არასრულწლოვანების საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეუფასებლობა, თუმცა გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული საკითხის მომწესრიგებელი ნორმების, ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ასევე, მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელების პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე არ გადააგზავნოს უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არც ერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებისა, მით უფრო, რომ თავად სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ არა ერთ დოკუმენტსა თუ არასრულწლოვანების მიმართ სოციალური ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებულ პროცედურებზე, რომელთა გამოკვლევა და შეფასება თავად შეეძლო. ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საქმის განსაკუთრებული ხასიათის, არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესებისა და მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ თავად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს საქმეზე დადგენილი გარემოებები, ხოლო კონკრეტულ გარემოებებთან კითხვების არსებობის შემთხვევაში, თავად გამოიკვლიოს ისინი. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ კი, იმსჯელოს მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობაზე.

რაც შეეხება განსახილველ საქმეში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების: ქალაქ თბილისის საქალაქო ცენტრის, გურიის რეგიონული ცენტრის, „...ში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ს...-ისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის პროცესუალური სტატუსის განსაზღვრას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზს სწორედ მათი საქმეში მესამე პირებად ჩართვის დავალება წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოები წარმოადგენდნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, სავალდებულო წესით მოსაწვევ მესამე პირებს, რომლებიც არ ყოფილან ჩაბმული და მოწვეული სასამართლოში საქმის განხილვაზე, რის გამოც, სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში, შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რამდენად წარმოადგენდნენ ზემოაღნიშნული ორგანოები მოცემულ საქმეზე სავალდებულო წესით მისაწვევ მესამე პირებს და მათი საქმეში ჩაუბმელობა, რამდენად ქმნიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ჩვეულებრივი (მარტივი) მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი), იგი შესაბამისი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ და განსახილველ დავაზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა უნდა იყოს შესაძლებელი. სწორედ ასეთი სავალდებულო მოწვევის მესამე პირი, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სარგებლობს მოსარჩელის ყველა უფლებით და მოვალეობით, მათ შორის, გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების უფლებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინება №ბს-145-138(კ-13).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 4.6. მუხლის თანახმად, სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ერთეულების (ადგილობრივი ორგანოების), სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება) და ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულებების) მეშვეობით. ამავე ნორმის მე-7 ნაწილით, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წესდებით/დებულებით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. ამავე წესის მე-6 მუხლის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები (შემდგომში – რეგიონული საბჭო) წარმოადგენენ სააგენტოს სათათბირო ორგანოებს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.ჩ3 მუხლის თანახმად, სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი არის, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სპეციალისტთა გუნდი/გუნდები, რომელიც/რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით აფასებს/აფასებენ პირს და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმას არჩევს/არჩევენ. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილებას შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე. ამასთან, „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანებით დამტკიცდა ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი. მითითებული წესით განისაზღვრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესი და პირობები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი, რომელიც მოიცავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის წესს, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ინკლუზიური განათლების სფეროში. ამავე წესის მე-4 მუხლი კი ადგენს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის შედგენის წესს.

ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა სამართალურთიერთობის მონაწილე იმ მესამე პირების მოწვევისა და ჩაბმის გარეშე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების იმპერატიული დანაწესის მიხედვით ითვლება, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების: ქალაქ თბილისის საქალაქო ცენტრის, გურიის რეგიონული ცენტრის, „...ში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ს...-ისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (მულტიდისციპლინური გუნდი) საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად ჩართვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იზიარებს კასატორის პოზიციას და მიიჩნევს, რომ, გაურკვეველია, თითოეული ზემოთ მითითებული უწყების მიერ გაცემული დასკვნები და შეფასებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული აქტების შედგენას, რამდენად ქმნიდა განსახილველ საქმეში მათი სავალდებულო წესით მესამე პირებად მოწვევის საფუძველს. ამასთან, დაუსაბუთებელია ის გარემოებაც, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რა გავლენას მოახდენს უშუალოდ მათზე, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აქვე შესაფასებელია ის გარემოება, რამდენად არსებობდა ამ საფუძვლით საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების აუცილებლობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად მოიწვიოს და საქმეში სათანადო წესით ჩააბას სავალდებულო მიწვევის მესამე პირი და რაიმე შეზღუდვა მესამე პირის სააპელაციო ინსტანციაში ჩაბმასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში არ მოიპოვება. უფრო მეტიც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო მიწვევის მესამე პირის საქმეში ჩაბმა დასაშვებია საკასაციო სასამართლოშიც, მათივე თანხმობით (თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს). ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, უფლებამოსილია უზრუნველყოს საქმეში მესამე პირის მოწვევა და სათანადო წესით ჩაბმა. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების ერთ-ერთ საფუძველს საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირების ჩაბმა წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლო კი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს და სათანადო წესით ჩააბას საქმეში სავალდებულო მიწვევის მესამე პირი, პროცესის ეკონომიურობისა და შემჭიდროებულ ვადებში მხარეთა მიერ საკუთარი მატერიალური უფლებების რეალიზების მიზნით, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ., ნ. და ს. ჭ-ეების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა განახორციელოს მოცემული საქმის ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულყოფილად გადასაწყვეტად საჭირო ყველა საპროცესო მოქმედება, მათ შორის, განსაზღვროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების: ქალაქ თბილისის საქალაქო ცენტრის, გურიის რეგიონული ცენტრის, „...ში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ს...-ისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის საქმეში სავალდებულო მიწვევის მესამე პირებად ჩაბმის საჭიროება.

რაც შეეხება მ., ნ. და ს. ჭ-ეების წარმომადგენლის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის გარემოებები არ ქნის საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის ჩატარების საჭიროებას მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.11.2021წ.).

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 385-ე, 394-ე და 412-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მ., ნ. და ს. ჭ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მ., ნ. და ს. ჭ-ეების წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე