საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1041(კ-23) 17 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ...ის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. კ-ემ 2022 წლის 16 ივნისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 16 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, 2022 წლის 16 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს - 990 ლარისა და საკლასო დანამატის - 19.8 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, 2015 წლის 10 დეკემბრის ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის №47 74 ბრძანებით ლ. კ-ე დაინიშნა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურისა და განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად. 2016 წლის 2 მარტს მოსარჩელე ამავე თანამდებობაზე დაინიშნა 3 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2016 წლის 2 ივნისიდან განუსაზღვრელი ვადით ...ის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის კულტურისა და განათლების განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
მოსარჩელის მითითებით, მას ...ის მერიაში მუშაობის პერიოდში არ დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა და საჯარო სამსახურის მოხელის შეფასება ჰქონდა ყოველთვის საუკეთესო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ...ის მუნიციპალიტეტში ახალი მერის - დ. ჩ-ის არჩევის შემდეგ, ...ის მერიაშიც დაიწყო რეორგანიზაციად წოდებული თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი, რამაც, საბოლოოდ, საკადრო წმენდის სახე მიიღო. მოსარჩელეც სწორედ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა სიაში მოხვდა. მას ოფიციალურად განუცხადეს, რომ მის მიერ დაკავებული შტატი გაუქმდა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მერიის საშტატო რიცხოვნობა არ შემცირებულა და არც მოსარჩელის ფუნქციები გაუქმებულა. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ სუბიექტური ნიშნით და პოლიტიკური კუთვნილების შესაბამისად და არა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. მოსარჩელის მოსაზრებით, ყოველივე დასახელებული გარემოებით ნათლად დასტურდება ...ის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის უკანონობა, რაც სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით ლ. კ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ...ის მაგისტრატ სასამართლოს.
...ის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - ლ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 16 მაისის ბრძანება; მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ლ. კ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
...ის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ...ის მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, ვინაიდან მოცემულ დავაზე მხარეები განთავისუფლებულნი იყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს დაუბრუნდა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება ლ. კ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც მოპასუხე ...ის მუნიციპალიტეტის მერია, ისე სააპელაციო სასამართლო მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან განმარტებებზე, თუმცა სასამართლო პრაქტიკის გამოყენება და მასთან საქმეში არსებული გარემოებების სწორად მისადაგება, კასატორის მოსაზრებით, საქმის სამართლიანად გადაწყვეტისთვის არის უმნიშვნელოვანესი. განსახილველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ სასამართლო პრაქტიკის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახვა მოხდა ფორმალურად და ლ. კ-ის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს ეწინააღმდეგება.
კასატორი აღნიშნავს, რომ მეოთხე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია რეორგანიზაციამდე იყო ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ მისი ადგილი განისაზღვრა ადმინისტრაციული და საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულში, კერძოდ, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში. რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ადმინისტრაციული სამსახურის მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის შტატი, რომლის ფუნქციებად განისაზღვრა შემდეგი: 1) შესყიდული მასალების, ძირითადი საშუალებების და ინვენტარის აღრიცხვა; 2) შესყიდული მასალების, ძირითადი საშუალებების და ინვენტარის სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემაზე შესაბამისი დოკუმენტების წარმოება; 3) შემოსული კორესპონდენციის დამუშავება და შესაბამისი პასუხების პროექტების მომზადება; 4) სხვადასხვა სახის დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავება. მაგალითად, რეორგანიზაციამდე ზემოთ ჩამოთვლილიდან მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ჰქონდა მერიის თანამშრომელს - გ. ჭ-ს, კერძოდ, სხვადასხვა სახის დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავება. მას მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში ფუნქციურად არასდროს დაკისრებია და არ აღურიცხავს ინვენტარი, ასევე არასდროს უწარმოებია ინვენტარის გაცემისას შესაბამისი დოკუმენტაცია. შემოსულ წერილებზე პასუხების პროექტების მომზადებაც არ ყოფილა მის ვალდებულებებში. შესყიდული მასალების ინვენტარის აღრიცხვას რეორგანიზაციამდე ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - გ. ც-ი. სააპელაციო სასამართლომ კი განმარტა, რომ გ. ჭ-ის ფუნქციები შინაარსობრივად არ შეცვლილა, რაც, კასატორის მოსაზრებით, არასწორია. იგი რეორგანიზაციის შემდეგ სრულიად სპეციფიკურ ახლად შექმნილ განყოფილებაში გადავიდა და დაევალა ის ფუნქციები, რომელსაც რეორგანიზაციამდე არ ასრულებდა. შესაბამისად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს არ უნდა შეეფასებინა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება კანონიერად, ვინაიდან არ არსებობდა ტოლფასი შტატი. სასამართლოს მსგავსი განმარტებით, ფაქტობრივად, აზრი დაეკარგა ტოლფასი სამუშაოს ცნებას და საფრთხე შეექმნა სხვა საჯარო მოხელეთა საქმიანობას, ვინაიდან მსგავსი განმარტებით დამსაქმებლები ნებისმიერ დროს შეძლებენ სასურველი კადრის შენარჩუნებას, ხოლო არასასურველის - გათავისუფლებას.
ამრიგად, კასატორი მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულთა ბრძანებები იმდენად დაუსაბუთებლად და გამოკვლევის გარეშე იყო გამოცემული, რომ ...ის მაგისტრატმა სასამართლომ საქმე არსებითად ვერ განიხილა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის კი ...ის მერიის მიერ განხორციელებული რეორგანიზაცია სრულიად დაუსაბუთებლად აღმოჩნდა კანონიერი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სწორედ ამიტომ, კასატორი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ...ის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, ლ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.
საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 31 იანვრის №... ბრძანებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისას განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებმა შეისწავლეს ...ის მუნიციპალიტეტის მერიისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები და წარადგინეს საკუთარი წინადადებები. შედეგად, ჯგუფმა დაადგინა, რომ მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, უმჯობესი იყო ...ის მუნიციპალიტეტის მერიის არსებულ სტრუქტურებში განხორციელებულიყო ცვლილება. ამრიგად, ...ის მუნიციპალიტეტის მერმა 2022 წლის 17 თებერვალს გამოსცა ბრძანება №... - „...ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე“. ბრძანებაში მიეთითა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო მერიის შიდა სტრუქტურული და ფუნქციონალური გარდაქმნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადეკვატური სტრუქტურის შექმნისა და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი.
2022 წლის 16 მარტს ...ის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, დანართის შესაბამისად. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად. იმავე დღეს შედგა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა. სამუშაო ჯგუფის შემდგომი სხდომები გაიმართა 2022 წლის 2, 7 და 14 აპრილს, ხოლო 15 აპრილის სხდომაზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა შემუშავებული საშტატო ნუსხის პროექტის შესაბამისად, რეორგანიზაციის გამო თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა განსაზღვრის საკითხი. შედგა გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სია, რომელიც შედგებოდა 15 პირისაგან, მათ შორის იყო ლ. კ-ე. ასევე განხილულ იქნა იმ პირთა სია, რომლებსაც შეეხოთ ჰორიზონტალური გადაყვანა, რადგან გაუქმდა სტრუქტურული ერთეული ან განყოფილება, მაგრამ ანალოგიური ფუნქციით შეიქმნა შტატი სხვა სტრუქტურულ ერთეულში. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა იმავე დღეს, 2022 წლის 15 აპრილს მოსარჩელე ლ. კ-ეს გაუგზავნა შეტყობინება, რომ რეორგანიზაციის პროცესში მის მიერ დაკავებული შტატის შემცირების შედეგად მოსალოდნელი იყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. შეტყობინება იმავე დღეს ჩაბარდა ადრესატს.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ „...ის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №20 დადგენილებით ...ის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა რაოდენობა ჯამში განსაზღვრული იყო 74 შტატით. მერიაში არსებობდა 9 სამსახური, კერძოდ: ადმინისტრაციული სამსახური (15 შტატი), საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (11 შტატი); ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური (4 შტატი); სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (9 შტატი), ზედამხედველობის სამსახური (6 შტატი); ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (9 შტატი); განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური (7 შტატი); სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახური (7 შტატი); შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური (6 შტატი).
რეორგანიზაციის შედეგად, „...ის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №15 დადგენილებით ...ის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა რაოდენობა ჯამში განისაზღვრა 73 შტატით. გაუქმდა ადმინისტრაციული სამსახური (15 შტატი) და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (11 შტატი) და შეიქმნა ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 21 შტატით, ახლად შექმნილი სამსახურის შემადგენლობაში შევიდა მეორადი სტრუქტურული ერთეულები/განყოფილებები, კერძოდ, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება (6 შტატი, რომელსაც რეორგანიზაციის შემდეგ დაემატა 2 შტატი); ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების განყოფილება (6 შტატი); მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება (2 შტატი); კულტურის, განათლების, სპორტის განვითარებისა და კომუნიკაციების მართვის განყოფილება (5 შტატი). რეორგანიზაციამდე განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში შედიოდა პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 1 შტატი, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 შტატი, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 2 შტატი. ამავე სამსახურში შედიოდა კულტურის და განათლების განყოფილება სამი შტატით (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი - 1 შტატი, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 შტატი, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 შტატი). რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ განათლების, ტურიზმის, სპორტის განვითარებისა და კომუნიკაციების მართვის განყოფილებაში შედიოდა 5 საშტატო ერთეული, კერძოდ, მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის 1 შტატი, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 3 შტატი, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 შტატი. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების (3 შტატი) ფუნქციები განაწილდა შემდეგნაირად: 1. განათლება და კულტურა; 2. სპორტული ღონისძიებები; 3. კომუნიკაცია, პიარი. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქციებში კი მითითებულია ტურიზმი. აქედან გამომდინარე, დასტურდება, რომ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციას (ტურიზმის მიმართულებით) რეორგანიზაცია არ შეხებია და ის უცვლელად, მასზე დასაქმებული კადრით (ჰორიზონტალური გადაყვანით) გადავიდა კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის განვითარებისა და კომუნიკაციების მართვის განყოფილებაში, ანუ მასზე დასაქმებული მოხელე არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ პირს, რაც, თავის მხრივ, არ იძლეოდა მოსარჩელესა და დასაქმებულ მოხელეს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ამრიგად, დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი (ფუნქციური დატვირთვით) საშტატო ერთეული არ შექმნილა.
საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის ივლისში კონკურსი გამოაცხადა ისეთ პოზიციებზე, რომლებიდანაც არც ერთი მათგანი მოსარჩელე ლ. კ-ის თანამდებობის არც ტოლფასს და არც დაბალი რანგის პოზიციას არ წარმოადგენდა და შესაბამისად, მოსარჩელის შიდა მობილობა ვერ განხორციელდებოდა.
საქმეში წარმოდგენილი ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 29 აპრილის №... წერილით ირკვევა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული 9 მოხელის, მათ შორის, ლ. კ-ის მობილობა მათ დაწესებულებაში ვერ ხორციელდებოდა ტოლფასი თანამდებობების არარსებობის გამო, რის გამოც საჯარო სამსახურის ბიუროს ეთხოვა დახმარებოდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის მოძიებაში. საჯარო სამსახურის ბიუროს 2022 წლის 3 მაისის №... წერილის თანახმად კი, დასტურდება, რომ ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, იმერეთის რეგიონის მასშტაბით, მოძიებულ იქნა ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის შესახებ, თუმცა ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 13 მაისის №... წერილით დგინდება, რომ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული 9 მოხელის, მათ შორის, ლ. კ-ის მობილობა შეუძლებელი იყო, რის გამოც ისინი, მათივე თანხმობით, გადაყვანილნი იქნენ მოხელეთა რეზერვში.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. ამავე კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. დასახელებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად კი, მობილობა გულისხმობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელის მისი თანხმობით გადაყვანას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 105.1 მუხლიც მოხელის რეზერვში ჩარიცხვას იმ შემთხვევაში ადგენს, როდესაც მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესები განმტკიცებულია ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ შესაბამისად, რომელმაც განსაზღვრა საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხები.
ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულში იმ თანამდებობის გაუქმებას, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, კერძოდ, გაუქმდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის კულტურისა და განათლების განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ მიმართებით, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება სამსახურში არსებული საშტატო ერთეულების ვაკანტურობა როგორც რეორგანიზაციის წინ, ისე მისი დასრულების შემდეგ. რაც შეეხება უფრო დაბალი რანგის შტატს (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეოთხე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია), ის, თავისი ფუნქციური დანიშნულებით, ახალ საშტატო ერთეულს არ წარმოადგენდა. მითითებულ შტატს რეორგანიზაცია არ შეხებია, შესაბამისად, მასზე დასაქმებული პირი (გ. ჭ-ი) არ ექვემდებარებოდა მობილობას და აქედან გამომდინარე, ვერ შეეხებოდა გასათავისუფლებელი მოხელეების იდენტიფიცირების მიზნით შეფასების ვალდებულება. საყურადღებოა ისიც, რომ მოსარჩელე არ ასაჩივრებს მითითებულ თანამდებობაზე (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეოთხე რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე) სუბიექტის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, მოსარჩელის მიმართ სწორად განხორციელდა გარე მობილობა.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს კასატორის იმ მოსაზრებას, თითქოს ...ის მუნიციპალიტეტის მერიიდან გათავისუფლებულ მოხელეთა მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხვადასხვაგვარი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილებით (საქმე №3/ბ-109-23; 16.06.2023წ.) დადგენილი და განსახილველი ადმინისტრაციული საქმის გარემოებები სხვადასხვაგვარია და მოცემულ შემთხვევაში მასზე მითითება არარელევანტურია.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იძულებითი განაცდურისა და საკლასო დანამატის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს პირის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას. მოცემულ პირობებში კი, როდესაც სახეზე არ არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური შრომითი გასამრჯელოსა და საკლასო დანამატის ანაზღაურება, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე