Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1057(კ-23) 03 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. გ-ი

მესამე პირი - თ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-მა 2020 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 4 თებერვლის NEL108732 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 4 აპრილის №10164 ბრძანების ბათილად ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.

სარჩელის მიხედვით, ლ. გ-ი 2020 წლის 4 თებერვალს სომხეთის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სადახლო საავტომობილო“ კონტროლის ზონაში შემოვიდა მამის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით .... შემოწმებისას აღმოაჩნდა დაუდეკლარირებელი სიგარეტი ,,...“ - 260 კოლოფი, რაზედაც მებაჟე ოფიცრის მიერ შედგა NEL108732 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, კერძოდ, გარდა 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა, ასევე ჩამოერთვა აღმოჩენილი სიგარეტი და სატრანსპორტო საშუალება. ლ. გ-ი არ დაეთანხმა დაკისრებულ სანქციას და შემოსავლების სამსახურში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რაც არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 4 თებერვლის №EL108732 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 4 აპრილის №10164 ბრძანება.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ლ. გ-თან მიმართებით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სახდელების (ჯარიმა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა) კუმულატიურად გამოყენებისას დაირღვა თანაზომიერების პრინციპი. კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათის, ასევე, სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნების (საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ წარსულში სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტების არსებობა) გათვალისწინებით, სანქციის სახით ჯარიმისა და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევის გამოყენება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, უზრუნველყოფდა იმ მიზნის მიღწევას, რასაც ემსახურება საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები სანქციის მიზნებსა და მისი გამოყენების თაობაზე და განმარტა, რომ დამატებით სანქციის სახით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას გააჩნდა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, რაც ეწინააღმდეგებოდა სამართლიანობის პრინციპსა და საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, უდავოდ დადგენილია ლ. გ-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. მას საქართველოს საბაჟო საზღვარზე განზრახ, მალულად გადმოჰქონდა 3000 ლარამდე ღირებულების უაქციზო საქონელი (260 კოლოფი სიგარეტი), რომელიც განთავსებული იყო ავტომობილში მოწყობილ ე.წ. სამალავში. მის მიერ ჩადენილი გადაცდომა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების, აქციზური საქონლის მიმოქცევის სფეროში დამყარებული სამართლებრივი სტაბილურობის წინააღმდეგ, ანალოგიური სამართალდარღვევების მასშტაბმა მიაღწია ქვეყნისათვის არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი პრევენციის მიზნით აუცილებელია კანონით დადგენილი უმკაცრესი სახდელის გამოყენება.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 - მე-7 მუხლების შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ლ. გ-ი საქართველოს საზღვარზე არ გადაადგილდებოდა პირველად, შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, მის მიერ დაირღვა საბაჟო კოდექსის მოთხოვნები, აქედან გამომდინარე, არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნება გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული სანქციის ზომა თანაბარზომიერია ჩადენილ სამართალდარღვევასთან მიმართებაში და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

მოცემულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანია სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 4 თებერვლის NEL108732 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და 2020 წლის 4 აპრილის N10164 ბრძანების კანონიერება სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის დაკისრების ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ მითითებული ნორმით დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქცია, მათ შორის, დადგენილია მათი კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობაც, რომლის შერჩევა, მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა, სახდელის დაკისრებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. „ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (სუსგ საქმე Nბს-1332-1317(კ-11), 28.03.2012წ.). აღსანიშნავია, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები (სუსგ Nბს-1655-1627(კ-11), 11.04.2012წ.).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2020 წლის 4 თებერვალს ლ. გ-ის მიმართ შეადგინა NEL108732 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, მოსარჩელე დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა 260 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი - „...“ და მსუბუქი ავტომანქანა - „...“.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევის შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. ასევე საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე. გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მესაკუთრის ქონებრივ მდგომარეობაზე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა