საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1101(კ-23) 3 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ც. გ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. გ-იმა 2021 წლის 21 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 დეკემბრის №03/22303 აქტის ბათილად ცნობა, კომპენსირებული პირის მონიშვნის გაუქმება და გრძელვადიანი განსახლების მიზნით ც. გ-ის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა.
სარჩელის მიხედვით, ც. გ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილი. 2008 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. თბილისში ...ს ქ. №...-ში დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში. აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიიჩნევა სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულ პირად, სასტუმრო ,,ა...დან” ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციის გამო, რის გამოც უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, სასტუმრო ,,ა...დან” ფართის გამოთავისუფლებისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, კომპენსაცია მიიღო მისმა დამ - თ. გ-იმა, ხოლო მისი თანხმობა ხელშეკრულების დადებისას წარდგენილი არ ყოფილა. ვინაიდან წარმოდგენილი ხელშეკრულება მისთვის წარმოშობდა გარკვეულ იურიდიულ შედეგს, სავალდებულო იყო მისი თანხმობის არსებობა, თუმცა ასეთი ნება მოსარჩელის მიერ არ გამოვლენილა და არც ხელშეკრულებაზე მოუწერია ხელი. მოპასუხემ არ გაითვალისწინა თანხმობის არარსებობა და განაცხადის განხილვისას ც. გ-ი მიჩნეულ იქნა კომპენსირებულად, ამდენად, დასტურდება, რომ მოპასუხემ უსაფუძვლოდ უთხრა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ სარჩელის უარყოფის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ №2463 ოჯახის წევრებად მითითებული არიან: ა. გ-ი, თ. გ-ი, ც. გ-ი და ლ. ც-ი, შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ისინი წარმოადგენენ ერთ ოჯახს. 2004 წლის სანოტარო აქტით, №1-4860 ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის დროისათვის თ. გ-ი და ც. გ-ი წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ ოჯახებს და მათი დაკმაყოფილებაც უნდა მომხდარიყო ინდივიდუალურად. ამასთან, სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2012 წლის 25 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე, რომლითაც დგინდება, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისში, ...ს დასახლება, მე-... მასივი, მე-... კვარტალი, კორპუსი №..., ბინა №...; ს/კ ... მესაკუთრეა თ. გ-ი, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2004 წლის 9 დეკემბერს (რეესტრის №...), სადაც რეგისტრირებულია ც. გ-ი, ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, კომპენსაციის მიღების შემდგომ შეძენილ უძრავ ქონებაში ერთ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრება კიდევ ერთხელ განამტკიცებდა მათ ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით, ც. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ სს „ს...ს“ ადმინისტრაციის მიერ მოქალაქესთან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას აუცილებელი იყო მხარეთა წერილობითი თანხმობა, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოხატულია ოჯახის ერთ-ერთი წევრის - თ. გ-ის მიერ და იგულისხმება, რომ მას ხელშეკრულების გაფორმებისას მიღებული აქვს ოჯახის სხვა წევრების, მათ შორის, ც. გ-ის თანხმობაც. გარდა ამის, პალატამ ყურადღება გაამახვილა 2012 წლის 25 მაისის ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისში, ...ს დასახლება, მე-... მასივი, მე-... კვარტალი, კორპუსი №5, ბინა №...; ს/კ ..., მესაკუთრეა თ. გ-ი, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2004 წლის 9 დეკემბერს. ასევე, 2013 წლის 13 ნოემბრის დევნილის ანკეტაში ც. გ-ი მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, სამგორის, ..., მე-... კვარტალი, კორპუსი №..., ბინა №...; ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომპენსაციის მიღების შემდგომ შეძენილ უძრავ ქონებაში ერთ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრება კიდევ ერთხელ განამტკიცებდა თ. გ-ისა და ც. გ-ის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. გ-იმა მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადად დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ც. გ-ი წარმოადგენდა თ. გ-ის ოჯახის წევრს, რომელსაც ერთჯერადად მიღებული ჰქონდა ფულადი თანხა, შესაბამისად, სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ. აღნიშნულს კასატორი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სს ,,ს...“-ს დირექტორსა და თ. გ-ის შორის დადებული ხელშეკრულებით მას შეეზღუდა საცხოვრებლის მიღების უფლება, შესაბამისად, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით აუცილებელი იყო მისი თანხმობა, რომელიც ასევე ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში უნდა დაფიქსირებულიყო, რაც მისი მხრიდან არ გამოვლენილა, საწინააღმდეგო კი, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ დადასტურებული არ არის.
კასატორის განმარტებით, სასტუმრო „ა...ში“ დარეგისტრირდა 1998 წელს, სადაც რეგისტრირებული იყო 2012 წლამდე. სასამართლომ რეგისტრაციის ფაქტი მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად იმის დასადასტურებლად, რომ ც. გ-ის მუდმივი საცხოვრებელ ადგილი იყო სასტუმრო „ა...“ და ის წარმოადგენდა თ. გ-ის ოჯახის წევრს, თუმცა რეგისტრაცია ცალსახად არ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული მისამართი წარმოადგენდა ც. გ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. აქედან გამომდინარე დასტურდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან არ შეუსწავლია ც. გ-ის ოჯახის საკითხი და საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე გამოსცა სადაო აქტი, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ც. გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია დევნილთა მონაცემთა ბაზაში ც. გ-ის კომპენსირებულად მიჩნევისა და მისთვის საკომპენსაციო თანხის გაცემის შესახებ ჩანაწერის გაუქმების თაობაზე მოპასუხის მიერ მიღებული აქტების შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით ,,დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ მოხმობილი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის წევრობა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.
რაც შეეხება ოჯახის ცნებას, პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ც. გ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვის თაობაზე მოთხოვნის პასუხად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 დეკემბრის №03/22303 გადაწყვეტილებით განემარტა, რომ სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით ც. გ-ი სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებული იყო ფულადი კომპენსაციით. შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაეწყვიტა მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თ. გ-ისა და სს „ს...ს“ დირექტორს შორის 2004 წელს გაფორმებული ხელშეკრულების (რეესტრის №1-4860) (ს.ფ. 43-47) თანახმად, თ. გ-იმა, როგორც ქ. თბილისში, ...ის ...ზე №...-ში მდებარე „ს...ს“ №... ოთახში დროებით შესახლებული ოჯახის წარმომადგენელმა, 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აიღო მითითებული ფართის გამოთავისუფლების ვალდებულება; ამასთან, დაადასტურა, რომ მიღებული ჰქონდა №... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის, მათ შორის, ც. გ-ის თანხმობა ხელშეკრულების გასაფორმებლად. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე დართული სს „ს...ში“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სიის მიხედვით, №... ოთახის წევრებს წარმოადგენდნენ: თ. გ-ი, ც. გ-ი და ლ. ც-ი. უნდა აღინიშნოს, რომ 2004 წლის 9 დეკემბრის (რეესტრის №...) ხელშეკრულების მიხედვით, თ. გ-იმა შეიძინა ქ. თბილისში, ...ს დასახლება, მე-... მასივი, მე-... კვარტალი, კორპუსი №...-ში მდებარე №... ბინა. აღნიშნული ბინის მისამართი მითითებულია 2013 წლის 13 ნოემბრის, დევნილის ანკეტაში ც. გ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ №... ოთახის გამოთავისუფლებისა და კომპენსაციის მიღებისას ც. გ-ი და თ. გ-ი იყვნენ ოჯახის წევრები, ისინი ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (რა გარემოებაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო პირობაა დევნილი ოჯახის წევრად მიჩნევისათვის), მათ კომპენსაციის მიღების შემდეგაც უფიქსირდებათ ერთი და იგივე საცხოვრებელი მისამართები, რაც დამატებით ადასტურებს მათი ერთ ოჯახად მიჩნევის საფუძვლიანობას, შესაბამისად, უსაფუძვლოა ხელშეკრულებაზე ც. გ-ის თანხმობის არარსებობაზე მოსარჩელის მითითება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებების ობიექტური გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო არამხოლოდ 2004 წლის ხელშეკრულებას, რომლითაც ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღო თ. გ-ის ოჯახმა, არამედ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მან აღნიშნული კომპენსაციის მიღების შემდგომ შეიძინა ბინა, რომელიც დღემდე აქვს საკუთრებაში და ამავე მისამართზეა რეგისტრირებული მოსარჩელეც. ამრიგად, მოსარჩელის განმარტების მიუხედავად, რომ ფაქტობრივად არ უცხოვრია „ს...ში“ და რომ იგი 2008 წლამდე ცხოვრობდა ...ს (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, დადასტურებულია თ. გ-ის ოჯახის შემადგენლობაში ყოფნა და ზემოაღნიშნული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ც. გ-ის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო პალატამ. კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა