საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1103(კ-23) 17 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ.მ-ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ტ.მ-მა 2019 წლის 20 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და „ტ.მ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 23 ოქტომბრის №487 ბრძანებულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის 29 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ მისვლისას. ტ.მ-ი იმავე დღეს მივიდა იუსტიციის სახლში, სადაც განუმარტეს, რომ მისი პირადობის მოწმობა არ იყო აქტიური. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული სადავო აქტი უკანონოა, ვინაიდან მოსარჩელეს არასოდეს მოუპოვებია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ყოველთვის იყო საქართველოს ერთგული. საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, სადაც დაიბადა, ასევე მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ამუშავებს ოჯახთან ერთად.
მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის უკანონო ქმედებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, ასევე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ტ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ტ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 23 ოქტომბრის №487 ბრძანებულება და მოპასუხეს საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ტ.მ-ის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო აქტის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა „ტ.მ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2019 წლის 17 ოქტომბერს მომზადებული დასკვნა, რომლითაც ამავე სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ტ.მ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. აღნიშნული დასკვნის მიღებისას სააგენტო, თავის მხრივ, დაეყრდნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 201 წლის 19 აგვისტოს SSG 9 19 00152158 წერილს, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქის ტ.მ-ის მიმართ გამოვლინდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, 2014 წელს ტ.მ-ის სახელზე გაცემულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი №..., რომლის მოქმედების ვადა იწურება 2024 წლის 6 ივნისს. აღნიშნულ წერილს თან ერთოდა ამავე პასპორტის ასლი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების მიღებისას, ნაცვლად ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, დაეყრდნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2022 წლის 17 თებერვლის MIA 5 22 00419480 წერილს, რომლითაც დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ტ.მ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი რუსეთის ფედერაციასთან არსებული სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2013 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 17 თებერვლამდე არ დაფიქსირებულა, ხოლო აღნიშნულ პერიოდში მოქალაქე ტ.მ-ის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტები დაფიქსირდა ს.ს.კ.გ „...ის“ გავლით, რაც, კასატორის მოსაზრებით, თავისთავად არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ტ.მ-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა არ გააჩნდა, ვინაიდან საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით რეალურად არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე რუსეთის ფედერაციაში არ ყოფილა და, შესაბამისად, არ მიუღია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.
ამრიგად, კასატორი არ ეთანხმება დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტას და მიიჩნევს, რომ საქმეზე უდავოდ დადასტურებული გარემოებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Va № de Hurk v. №etherla №ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai № [GC] par.26; Jah №ke a №d Le №oble v Fra №ce (dec.); Perez v Fra №ce [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერება, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები კი ამომწურავად არის გაწერილი დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი, რეგულირდება აგრეთვე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებით. აღნიშნული დებულების 38-ე მუხლის მეორე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, ხოლო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - განკარგულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 19 აგვისტოს SSG 9 19 00152158 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქის - ტ.მ-ის (დაბ. ...წ.; პ/ნ ...) მიმართ გამოვლინდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, 2014 წელს ტ.მ-ის სახელზე გაცემულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი №..., რომლის მოქმედების ვადა იწურება 2024 წლის 6 ივნისს. აღნიშნულ წერილს თან ერთოდა 2014 წელს ტ.მ-ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის №... ასლი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2019 წლის 17 ოქტომბერს მომზადდა დასკვნა ტ.მ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. მითითებული დასკვნის თანახმად, სააგენტომ განიხილა 2019 წლის 21 აგვისტოს განცხადება/წარდგინება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ტ.მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ. დადგინდა, რომ ტ.მ-ის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ტ.მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ მითითებულ - მოსარჩელის მიერ რუსეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის ფლობის ფაქტთან დაკავშირებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული პასპორტის ასლის დედანი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რაც უცილობლად დაადასტურებდა ტ.მ-ის რუსეთის მოქალაქეობის მიღების ფაქტს, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების დამატებით შეფასების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. ამასთან, სადავო საკითხის ხელახლა განხილვა სწორედ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი პროცედურითა და წესით უნდა განხორციელდეს, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩართულობასაც გულისხმობს.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სადავო აქტის საფუძველზე სხვა სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაადასტუროს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას დაეყრდნო დოკუმენტს და ინფორმაციას რომლის ავთენტურობაც ეჭვქვეშ არ დგება. მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება კონსტიტუციურად გარანტირებულ მოქალაქეობის უფლებას, ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის ორმხრივ კავშირს, რომელიც მთლიანად ემყარება ორმხრივი ნების გამოვლინებას და არის არა მოვალეობა, არამედ უფლება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობს როგორც უფლებებს, ისე მოვალეობებს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სადავო აქტის გაუქმებისა და მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე