Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1137(კ-23) 17 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ხ-ემ 2021 წლის 20 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ, მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 14 თებერვლის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების (სადავო მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში), სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N1/2-46 ბრძანების (პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 820.8 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა–ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, სადავო მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 14 თებერვლის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ბ. ხ-ის სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში). ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N1/2-46 ბრძანების პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ბ. ხ-ის სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში). მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბ. ხ-ის საკუთრებად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე „...ის“ 130 კვ.მ განაშენიანების ფართის რეგისტრაციის შესახებ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი - სსიპ ქონების სახელმწიფო ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანი იყო სადავო უძრავ ნივთზე ახალციხის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრების უფლების ფაქტის დადგენა. კერძოდ, რამდენად იყო კოოპერატივი უფლებამოსილი, განეკარგა 2003 წლის 4 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში გარიგების საგნად განსაზღვრული და 2003 წლის 28 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტში დასახელებული, სოფელ ...ში მდებარე ...ა.

მართალია, დ. ხ-ესა და ახალციხის რაიონულ კოოპერატივს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად იქნა ცნობილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის N2/0219-11წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა, ამავე გადაწყვეტილებაში შეფასებული არ არის, სადავო უძრავი ნივთის განკარგვაზე ახალციხის რაიონული კოოპერატივის უფლებამოსილების საკითხი, რის დადგენასაც მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.

საქმის განხილვისას მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი არ ჰქონია სადავო უძრავ ნივთზე ახალციხის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, დასახელებულ სუბიექტს, თავის მხრივ, არ ჰქონია უფლებამოსილი პირის წინასწარი ან შემდგომი თანხმობა უძრავი ნივთის განკარგვასთან დაკავშირებით. ამდენად, ზემოთ მოყვანილ ნორმაზე დაყრდნობით, დ. ხ-ესა და ახალციხის რაიონულ სამომხმარებლო კოოპერატივს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილი გარიგებაა და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

რაც შეეხება სადავო უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N1/2-46 ბრძანებას, სააგენტო განმარტავს, სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არც დაუზუსტებელი და არც დაზუსტებული მონაცემებით კერძო პირის საკუთრებად რეგისტრირებული არ ყოფილა. ყველა სხვა სუბიექტისგან განსხვავებით კი, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრების უფლება მიწაზე. ამდენად, თუკი არ არსებობს საჯარო რეესტრში ჩანაწერი მიწის ნაკვეთის კერძო პირზე რეგისტრაციის შესახებ, იგულისხმება, რომ მიწა სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო რეგისტრაციისას ხდება მხოლოდ ფაქტის დადასტურება და არა მიწის სამართლებრივი სტატუსის შეცვლა. შესაბამისად, 2018 წელს, სადავო ბრძანების საფუძველზე, უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული უძრავი ქონება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

„სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის მე-2 მუხლის "ჰ" პრიმა ქვეპუნქტის თანახმად, ქონების მმართველი არის სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისა), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ფორმით.

ბრძანების გამოცემის მომენტისთვის მოქმედი "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო - წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

კასატორი დასახელებულ გარემოებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავისთვის მნიშვნელობის მქონეა შეფასდეს მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის კანონიერება.

საქმის მასალების თანახმად, ახალციხის რაიონული სამომხმარებლო რაიკოოპერატივის გამგეობასა და დ. ხ-ეს შორის 2003 წლის 2 ნოემბერს დაიდო წერილობითი ხელშეკრულება ახალციხის რაიკოოპერატივის ბალანსზე რიცხული სოფელ ...ის ...ის შენობა-ნაგებობის გამოსყიდვის თაობაზე.

2003 წლის 28 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით კი დ. ხ-ეს გადაეცა სოფელ ...ის ...ა (იხ ტ.1, ს.ფ. 20, ს.ფ. 21).

ახალციხის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2011 წლის 13 სექტემბრის N2/0219-11წ. გადაწყვეტილებით, აღიარებულად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ახალციხის რაიონული სამომხმარებლო რაიკოოპერატივს შორის 2003 წლის 4 ნოემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი: ახალციხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ...ა.

2016 წლის 30 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ დ. ხ-ის სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ ცნობილი იქნა მისი შვილი - ბ. ხ-ე და მან, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მთლიანად, მათ შორის, სოფელ ...ში მდებარე ...აც.

ბ. ხ-ემ 2019 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ახალციხეში, სოფელი ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე.

განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დადგენილება, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, სასამართლოს გადაწყვეტილება, სამკვიდრო მოწმობა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ...ის ერთეულში წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების N00002 ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ ახალციხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 130 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემები იდენტურია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 26 მარტის N... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი, კერძოდ, არ დგინდებოდა უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, წარდგენილ სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არ იყო ნამსჯელი, თუ რის საფუძველზე ფლობდა ქონების გამსხვისებელი ნასყიდობის საგანს. ასევე, ნაკვეთი ზედდებაში მოდიოდა სახელმწიფო საკუთრებაში N... ს/კ-ით რეგისტრირებულ ნაკვეთთან. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა წარედგინა სრულყოფილი სარეგისტრაციო ან მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებთან ზედდებაც დაფიქსირდა მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ობიექტთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N1/2-46 ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 თებერვლის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 25 აპრილის N... გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კერძოდ, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი საბუთი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, როგორიცაა, სადავო უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ახალციხის რაიონული სამომხმარებლო რაიკოოპერატივსა და მოსარჩელის მამკვიდრებელს (დ. ხ-ეს) შორის დადებული ხელშეკრულება (ახალციხის რაიკოოპერატივის ბალანსზე რიცხული სოფელ ...ის ...ის შენობა-ნაგებობის გამოსყიდვის თაობაზე), სადავო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, კანონიერ ძალაში შესული ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის N2/0219-11წ. გადაწყვეტილება (რომლითაც აღიარებულ იქნა დ. ხ-ესა და ახალციხის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება) და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ...ის ერთეულში წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების N00002 ოქმი, ბ. ხ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის შესახებ, ერთობლიობაში ადასტურებდა მოსარჩელის საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოსთვის წარმოშობდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

ამასთან, უსაფუძვლოა კასატორი მხარის მითითება აღნიშნული დოკუმენტების ბათილობაზე, ვინაიდან, წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია ისევე როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ...ის ერთეულში წარმომადგენლის ოქმი, არ გაუქმებულა და არ გამხდარა სადავოდ, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობდა მათი უკანონოდ მიჩნევის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის გაზიარების პირობებში, დადგენილად მიიჩნევს, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაციების განხორციელების დროისათვის, ბ. ხ-ეს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე უკვე გააჩნდა, თუმცა აღნიშნული უფლება არ იყო აღრიცხული მარეგისტრირებელ ორგანოში. შესაბამისად, საფუძვლიანია ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნა, რომ სადავო რეგისტრაციები განხორციელდა გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს, სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებამდე არ შეუფასებია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი მონაცემები, რამაც გამოიწვია მოსარჩელის საკუთრების უფლების ობიექტზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება კი, გამოვლინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებად კონკრეტული ქონების დარეგისტრირების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს, სახელმწიფოს საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ რეესტრისადმი მიმართვა არ გულისხმობს სსიპ საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას გაატაროს რეგისტრაციაში სახელმწიფოს სახელზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამრიგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოერკვია თუ რის საფუძველზე ითხოვდა სახელმწიფო აღნიშნულ შენობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას და ხომ არ იყო ეს შენობა კერძო პირის საკუთრებაში ან რომელიმე ორგანიზაციის ბალანსზე.

დავის საგნის გათვალისწინებით, მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს, რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად, წარმოადგენს იმ საფუძვლის გაუქმება, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ პირობას. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, სახელმწიფოს საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N1/2-46 ბრძანების საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციაა კანონით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებასთან, აღრიცხვასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვა საჭიროებს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში კი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შემოიფარგლა მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წერილის გაგზავნით, რაც ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რეალურად არ ემსახურებოდა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზანს. საგულისხმოა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა (...ა), რაც იძლეოდა უძრავი ქონების იდენტიფიცირების მეტ შესაძლებლობას და ამავდროულად, პირდაპირ მიუთითებდა ნაკვეთით სარგებლობის ფაქტზე. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის არარსებობა უპირობოდ ქმნიდა აღნიშნულ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის არარსებობა, თავის მხრივ, არ გამორიცხავდა დაურეგისტრირებელი უფლების არსებობას და შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უხსნიდა ვალდებულებას, სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვამდე სათანადო პროცედურის დაცვით გამოეკვლია ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოხსნებულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართებულია ბ. ხ-ის სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 14 თებერვლის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N1/2-46 ბრძანების პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე მხარისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ბ. ხ-ის საკუთრებად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე „...ის“ (განაშენიანების ფართი 130 კვ.მ) რეგისტრაციის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე