Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1150(კ-23) 17 აპრილი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიანი ეროვნული ფედერაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2021 წლის 05 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიანი ეროვნული ფედერაციის მიმართა და მოითხოვა მოპასუხე - ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიან ეროვნულ ფედერაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული №...ს/ფ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაწეული არამიზნობრივი ხარჯის - 16 958,36 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის თანახმად, 2018 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (უფლებამონაცვლე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) და ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიან ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული №...ს/ფ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ... წლის ... ...ს, ...ში, ქალაქ ...ში საქართველოს ნაკრები გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის დაფინანსების უზრუნველყოფა. ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა დანართის სახით წარდგენილი წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. მათივე განმარტებით, მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიან ეროვნულ ფედერაციას ეკისრებოდა ვალდებულება სამინისტროში წარედგინა ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია არაუგვიანეს 9 ნოემბრისა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადარიცხული თანხის აუთვისებელი ნაწილი ან ხარჯების არამიზნობრივად გაწევის შემთხვევაში, არამიზნობრივად გაწეული თანხა დაებრუნებინა სამინისტროს ერთიან ანგარიშზე 2019 წლის 13 დეკემბრამდე. მოსარჩელის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიანი ეროვნული ფედერაციის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა 16 958,36 ლარის არამიზნობრივად გახარჯვის ფაქტი, რომელიც ფედერაციამ მოთხოვნის მიუხედავად უკან არ დააბრუნა. შესაბამისად, მხარე მიიჩნევს, რომ ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას და მოითხოვა მითითებული თანხის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიან ეროვნულ ფედერაციას შორის 2018 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული №...ს/ფ ხელშეკრულების ფარგლებში ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიან ეროვნულ ფედერაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 16 958,36 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიანმა ეროვნულმა ფედერაციამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიანი ეროვნული ფედერაციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განმარტებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, კერძოდ, სამინისტროს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულდა, ხოლო მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რითაც სამინისტროს ზიანი მიადგა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სარჩელი საფუძვლიანად უნდა მიეჩნია.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა მხარეთა სახელშეკრულებო ვალდებულებები, მაგრამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოპასუხის მიერ ვალდებულებების დარღვევის ფაქტს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროსგან მიღებული თანხით ფედერაციას ორგანიზება უნდა გაეწია სპორტსმენების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის, სპორტსმენებისათვის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთების შეძენის ფაქტი სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მიზნობრივი ხარჯის დასადასტურებლად და შეფასების მიღმა დატოვა ის უდავო ფაქტი, რომ თვითმფრინავის ბილეთები გამოყენებული არ ყოფილა (გაუქმდა ბორტზე მგზავრების გამოუცხადებლობის გამო) და ამ ბილეთების მეშვეობით სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამგზავრებულან. შესაბამისად, კასატორის განმარტებით უდავოა, რომ ოთხ შემთხვევაში ფედერაციამ ბილეთების შესაძენად გასწია ისეთი ხარჯი, რომელიც არ მოხმარებია სპორტსმენთა მონაწილეობას ჩემპიონატზე და ეს ხარჯი წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს. ამასთან, თუ რატომ არ გამოცხადდა ბორტზე აღნიშნული ოთხი პირი წარმოადგენს ფედერაციასა და დასახელებულ პირებს შორის სადავო საკითხს და გავლენას ვერ მოახდენს სამინისტროს ვალდებულებაზე ფედერაციას აუნაზღაუროს მხოლოდ მიზნობრივი ხარჯი.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაცია არ ადასტურებს მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხარჯის - 4 050 ლარის, ფაქტობრივად გაწევას ფედერაციის მიერ, რაც მხარეთა შეთანხმების თანახმად, არის არამიზნობრივი ხარჯი. კერძოდ, მოპასუხემ თბილისიდან ...ში მონაწილეების ტრანსპორტირებისთვის 10 ოქტომბერს გააფორმა ხელშეკრულება კომპანია „...თან“ ხელშეკრულებისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით მომსახურების ღირებულება შეადგენდა 13 915 ლარს, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიისთვის გადახდილ იქნა 17 965 ლარი. სხვაობა-4050 ლარი სამინისტროს მიერ ჩაითვალა არამიზნობრივად, რაც არის დასაბუთებული, რადგან დაფინანსების შესახებ 2018 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულების 6.1 მუხლის მიხედვით, თანხის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული ღონისძიებები თანდართული ბიუჯეტის შესაბამისად. აღნიშნული ხარჯის გაზრდის განმაპირობებელი, გარდაუვალი და რეალური გარემოებები აპელანტს ფინანსური ანგარიშით არ წარმოუდგენია და მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეებმა მომსახურების დასრულებიდან და ანგარიშსწორებიდან ერთი თვის შემდეგ ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება, თანაც იმ საფუძვლით, რომ თითქოს მომსახურების ღირებულების დაანგარიშების დროს მომსახურე კომპანიამ დაუშვა შეცდომა, რადგან რეისები დაითვალა არასწორად, არ არის დამაჯერებელი და ვერ დაასაბუთებს რეალურ ხარჯს. ამასთან კასატორის განმარტებით ნიშანდობლივია, რომ მხარეებ,ა 9 ნოემბერს შეიტანეს ცვლილება ხელშეკრულებაში, როდესაც ამოიწურა ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშის წარდგენის ვადა და ფინანსური ანგარიში მოპასუხემ სამინისტროში წარადგინა მხოლოდ აღნიშნული ცვლილების შემდეგ, დაგვიანებით, 27 ნოემბერს.

კასატორის განმარტებით ასევე დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია სასტარტო ხარჯის 7 993.61 ლარის მიზნობრიობის თაობაზე. ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 6.2. პუნქტი თანხის მიმღებს ავალდებულებდა ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენას თანხის გამცემთან. მოცემულ შემთხვევაში კი არარელევანტურია აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ წინასწარი ხარჯთაღრიცხვა და მასში ასახული სასტარტო ხარჯი არ არის საბოლოო და ის შეიძლება შეიცვალოს ღონისძიების მიმდინარეობისას, რადგან სამინისტრო არ დავობს აღნიშნულის თაობაზე, არამედ ითხოვს დასაბუთებას თუ რა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გაიზარდა სასტარტო ხარჯი. მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი და სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მითითებას გაზრდილი სასტარტო ხარჯების შესახებ, შესაბამისად, ასევე ამ ხარჯის გაწევის არამიზნობრიობაც უდავოდ დადასტურებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ნოემბრის განჩინებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივარი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხული თანხის ნაწილის, როგორც არამიზნობრივად გაწეული ხარჯის უკან დაბრუნების საფუძვლის კანონიერების შემოწმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, ... წლის ... ...ს, ...ში, ქალაქ ...ში საქართველოს ნაკრები გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ფარგლებში მოპასუხემ აიღო ვალდებულება ორგანიზება გაეწია ჩემპიონატზე სპორტსმენების მონაწილეობისათვის, ხოლო მოსარჩელე მხარემ იკისრა ვალდებულება შესაბამისი თანხების ანაზღაურებაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოპასუხისათვის ჩარიცხული თანხის აუთვისებელი ნაწილი ან ხარჯების არამიზნობრივად გაწევის შემთხვევაში, არამიზნობრივად გახარჯული თანხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთიან ანგარიშზე უნდა დაებრუნებინა.

აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლით, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 133 137 ლარით, ხოლო 5.1. მუხლით, „თანხის გამცემმა“ იკისრა ვალდებულება „თანხის მიმცემს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან წინასწარ გადაურიცხოს ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხა. ამავე ხელშეკრულების 6.1. მუხლის თანახმად, „თანხის მიმღებმა“ აიღო ვალდებულება განახორციელოს დანართით (რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს) განსაზღვრული ღონისძიებები თანდართული ბიუჯეტის ფარგლებში. ხელშეკრულების 6.2. მუხლის თანახმად კი, „თანხის მიმღებმა“ იკისრა ვალდებულება „თანხის მიმცემს“ წარუდგინოს ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია, არაუგვიანეს 9 ნოემბრისა. ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა დანართის სახით წარდგენილი წინასწარი ხარჯთაღრიცხვა, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა ხარჯები.

მხარეთა შორის 2018 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული №...ს/ფ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიანი ეროვნული ფედერაციის ანგარიშზე 133 137 ლარი ჩარიცხა 2018 წლის 12 ოქტომბერს, ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიანმა ეროვნულმა ფედერაციამ 2018 წლის 27 ნოემბრის №167/11-18 წერილით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარუდგინა ფედერაციის მიერ საქართველოს ნაკრები გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიზნით ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. კერძოდ, ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ფედერაციამ გაწია 120 645,20 ლარის ხარჯი. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დასაბრუნებელმა ხარჯმა შეადგინა 12 491,799915 ლარი, რაც (12 492 ლარი) სამინისტროში დაბრუნებულ იქნა 2018 წლის 29 ნოემბერს; სამინისტრომ ფედერაციის მიერ საქართველოს ნაკრები გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიზნით ფაქტობრივად გაწეული ხარჯებიდან ფაქტობრივ ხარჯებში აღიარა 103 686,64 ლარი, ხოლო 16 958,36 ლარი მიიჩნია ფედერაციის მიერ არამიზნობრივად გაწეულ ხარჯად და მოითხოვა ამ თანხის უკან დაბრუნება. კერძოდ, სამინისტრომ არამიზნობრივად მიიჩნია ფედერაციის მიერ გაწეული შემდეგი ხარჯი: 4 904,25 ლარით შეძენილი სამგზავრო ბილეთები; ავტობუსით ტრანსპორტირების ღირებულება, რომელიც გაიზარდა 4 050 ლარით; წლიური შენატანისათვის გამიზნული 918 ლარი, რომელიც გაიზარდა 928,50 ლარამდე; სასტარტო ხარჯი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 2 482,97 ლარით, ფაქტობრივად ასანაზღაურებელი იქნა 7 993,61 ლარით მეტი, ჯამში 10 476,58 ლარი.

მოცემული დავის გადასაწყვეტად საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის კომპეტენცია მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სამინისტროს დებულებით; მითითებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდებების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისთვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს, ხოლო მე-20 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს ამზადებენ და აკომპლექტებენ ეროვნული სპორტული ფედერაციები. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში სპორტის სახეობის შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხული თანხის ნაწილის, როგორც არამიზნობრივად გაწეული ხარჯის უკან დაბრუნებას, თუმცა საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ფედერაციის მიერ თანხის რომელიმე ნაწილის სხვა მიზნით გამოყენება. კერძოდ, საკასაციო პალატა მოსარჩელის პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ თ. გ-ისათვის (ბილეთის ღირებულება 1224,75 ლარი) ნ. ს-ისთვის (ბილეთის ღირებულება 1224,75 ლარი), შ. ო-ისათვის (ბილეთის ღირებულება 1224,75 ლარი) შეძენილი იქნა სამგზავრო ბილეთები ... წლის ... ...ს ...ში, ქალაქ ...ში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდის სახელით მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ხოლო მ. ო-ისთვის შეძენილ იქნა ბილეთი (ბილეთის ღირებულება 1230 ლარი), როგორც ფედერაციის წარმომადგენლისათვის. საერთო თანხამ შეადგინა 4 904,25 ლარი. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, სხვა სპორტსმენებთან ერთად ფედერაციის მიერ ბილეთები შეძენილი იყო თხუთმეტი პარასპორტსმენისათვის, რომელთა უმრავლესობამაც ისარგებლა შეძენილი ბილეთებით. სამი პარასპორტსმენი, თ. გ-ი, ნ. ს-ი და შ. ო-ი, ბორტზე არ გამოცხადდა, არ ისარგებლეს შეძენილი ბილეთებით. თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ხსენებული პირები არ იყვნენ ინფორმირებულები მათთვის მგზავრობის ბილეთების შეძენის თაობაზე, გარდა აღნიშნულისა, ის ფაქტი, რომ სამი მგზავრი არ გამოცხადდა ბორტზე, საკასაციო პალატის შეფასებით, გაღებული ხარჯის მიზნობრიობას ვერ შეცვლის, ვინაიდან ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, თანხა უნდა მოხმარებოდა ... წლის ... ...ს ...ში, ქალაქ ...ში საქართველოს ნაკრები გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას, ფედერაციამ სწორედ ამ მიზნით განახორციელა ბილეთების შეძენა და აღნიშნული თანხა ფედერაციას უკან არ დაბრუნებია და სხვა მიზნისთვის არ გამოუყენებია. ის გარემოება, რომ ფედერაციამ ბილეთების შეძენამდე იცოდა, ან/და უნდა სცოდნოდა ხსენებული პირების ნება, რომ არ სურდათ ფედერაციის მიერ ბილეთების შეძენა, არ დასტურდება საქმის მასალებით.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ავტობუსით ტრანსპორტირების ღირებულების გაზრდის მიზნობრიობის თაობაზე და მიუთითებს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, ერთი მხრივ, ა(ა)იპ საქართველოს ...ის ერთიანი ეროვნულ ფედერაციასა („დამკვეთი“) და, მეორე მხრივ, შპს „...“ („შემსრულებელი“) შორის გაფორმდა №... ხელშეკრულება, მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულების მიხედვით, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ავტობუსით მომსახურება საქართველოს ...ის ერთიანი ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრებისა და თანამშრომლებისათვის თბილისი-...-თბილისის მიმართულებით წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 13 915 ლარს, ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ნოემბერს, №... ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება, რომელიც განისაზღვრა აღნიშნული ხელშეკრულების დანართი №1-ად. დანართის თანახმად, №... ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ აღმოჩენილი შპს „...“-ის მიერ დაშვებული ხარვეზის გამო განხორციელდა ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის 3.1. ქვეპუნქტში; საქმის მასალებს ასევე ერთვის შპს „...ის“ დირექტორის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც, მათი კომპანიის ფინანსური განყოფილების მიერ დაშვებული შეცდომის გამო შპს „...მა“ აღნიშნული მომსახურება 1500 აშშ დოლარით (4050 ლარით) იზარალა, რაც რეისების არასწორი დათვლის შედეგია. კერძოდ, 6 რეისის ნაცვლად მათ მიერ შეთავაზებულ ფასში შეყვანილია 4 რეისი, რაც მათი კომპანიის კომპეტენტური თანამშრომლის შეცდომაა და ...ის ერთიან ეროვნულ ფედერაციას ხარვეზის დაშვებაში ბრალი არ მიუძღვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფედერაციის მიერ თანხის ანაზღაურება მოხდა მომსახურების სანაცვლოდ, ხოლო ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხა გაიზარდა ხელშეკრულების დადების შემდეგ და გადახდილი თანხა არ იყო მითითებული ხელშეკრულების დადების დროს ხარჯთაღრიცხვაში, ვერ მიიჩნევა, რომ ფედერაციამ არამიზნობრივად განკარგა სამინისტროს მიერ გადაცემული თანხა. ის, რომ ტრანსპორტირების გაზრდილი თანხა 4 050 ლარის ოდენობით ჩარიცხულია შპს „...ისათვის“ და ამასთან, ის გარემოება, რომ შპს „...მა“ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეებს შორის არ არის სადავო. შესაბამისად, ირკვევა, რომ მომსახურების ღირებულების გაზრდილი ოდენობა კომპანიისათვის გადახდილ იქნა მისი ვალდებულების შესრულებისათვის და საკასაციო პალატა აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებითაც ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, ამ თანხის არამიზნობრიობის თაობაზე.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სასტარტო ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ გადახდის ქვითარზე, რომლის მიხედვითაც სასტარტო თანხამ შეადგინა 4 130 ევრო, შესაბამისად ირკვევა, რომ მომატებული ხარჯი წარმოადგენს სწორედ სასტარტო ხარჯს და კასატორს არ მიუთითებია თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება მისი არამიზნობრიობა, მოპასუხის განმარტებით ცდომილება შეიძლება გამოწვეული იყოს სპორტსმენთა რაოდენობის ცვლილებით, ვალუტის კურსის ცვლილებით, ასევე, იმით, რომ სხვადასხვა კატეგორიის სპორტსმენზე სხვადასხვა თანხაა გადასახდელი. ამასთან, აღნიშნული დამოკიდებულია მონაწილე სპორტსმენების გამოსვლების ოდენობაზე და ასევე იმ გარემოებაზე თუ კონკრეტული სპორტსმენი ერთ ხელში ასპარეზობს თუ ორ ხელში, შესაბამისად, ამ თანხის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. გარდა აღნიშნულისა, დადასტურებულია ის გარემოება, რომ სამინისტროსათვის წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული სასტარტო თანხა რეალურად გადახდილი იყო მონაწილე სპორტსმენთა შეჯიბრში მონაწილეობის მიხედვით და ეს თანხა არ მოიცავს ჯარიმას ან სხვა ხარჯს, რაც დასტურდება საქმის მასალებით.

საკასაციო პალატა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ...ის ერთიანი ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული ყველა ხარჯი ემსახურებოდა იმ მიზანს, რა მიზნითაც დაიდო ხელშეკრულება და გაიცა თანხა, რაც შეეხება თანხის ნაწილს, რომელიც საქართველოს ნაკრები გუნდის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის დაფინანსების წინასწარი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი თანხით იყო გათვალისწინებული და არ იქნა გახარჯული, 2018 წლის 29 ნოემბერს ფედერაციამ სამინისტროს უკან დაუბრუნა, კერძოდ 12 492 ლარი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე