გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-751-1032-05 27 იანვარი, 2006 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი),
თ. თოდრია
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (სარჩელში); ექსპლუატაციის აქტში ცვლილებების შეტანა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ 1996წ. 27 თებერვალს ჩატარდა აუქციონი, სადაც ჯ. კ-ძემ შეიძინა ქ.ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი 137,81 კვ.მ 6284,10 აშშ დოლარად. 1996წ. 27 თებერვალს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.
ჯ. კ-ძემ 2001წ. თებერვალში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ჯ. ხ-იას მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1996წ. 27 თებერვალს აუქციონზე შეიძინა არასაცხოვრებელი 137.81 კვ.მ, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ ფართის რეალურად გადაცემა არ მომხდარა. მან როდესაც გადაწყვიტა ფართის დაუფლება, აღმოჩნდა, რომ 4.6 კვ.მ-ს ფლობდა ჯ. ხ-ია, რომელიც უარს აცხადებს დაკავებული ფართის გათავისუფლებაზე, რადგან თვლის, რომ ეს ფართი მისი საკუთრებაა. მოსარჩელის მოსაზრებით, ამით ილახება მისი, როგორც მესაკუთრის უფლება.
ჯ. ხ-იამ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოპასუხე ჯ.კ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ... მდებარე’ ჯ.კ-ძის საკუთარ ფართში განთავსებული კაფე-სახაჭაპურის ექსპლუატაციაში გაშვების 1997წ. 10 თებერვლის ¹36/47 აქტში ცვლილების შეტანა. მისი განმარტებით მოსარჩელე არ ფლობდა ძირითადი სარჩელით სადავოდ გამხდარ ფართს, რაც დასტურდება ქ.ქუთაისში, ... მდებარე, ჯ. კ-ძის კუთვნილი კაფე სახაჭაპურის ექსპლუატაციაში მიღების აქტით. ამ აქტის შინაარსის მიხედვით 4,0 კვ.მ დამხმარე არ არის მიღებული ექსპლუატაციაში და არ შედის ჯ.კ-ძის საკუთრებად აღრიცხულ ფართში. ექსპლუატაციაში მიღებულია 16.48 კვ.მ სათავსი, რაც არ გადასცემია ჯ.კ-ძეს. ეს ფართი წარმოადგენს ... მცხოვრებ მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას, მათ შორის ჯ. ხ-იას საკუთრებასაც. საქმის განხილვის დროს ჯ.ხ-იამ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ჯ.კ-ძისათვის უნებართვოდ მითვისებული ფართის ჩამორთმევა, რომელიც ექსპლუატაციის აქტში არ არის შეტანილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; არ დაკმაყოფილდა ჯ. ხ-იას შეგებებული სარჩელი ექსპლუატაციაში გაშვების 1997წ. 10 სექტემბრის ¹3647 აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ჯ.კ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯ. კ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; დაკმაყოფილდა ჯ. კ-ძის სარჩელი; ჯ. ხ-ია გამოსახლდა ქუთაისში ... მდებარე არასაცხოვრებელი 4.6 კვ.მ და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ჯ. კ-ძეს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ. ხ-იამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ჯ.ხ-იას სარჩელზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 1 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ხ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპეოლაციო პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში ჯ.კ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვისას ჯ.ხ-იამ წარმოადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი; ჯ. ხ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯ. კ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დაკმაყოფილდა ჯ. კ-ძის სარჩელი, ჯ. ხ-ია გამოსახლდა ქ.ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ჯ. კ-ძეს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 137.81 კვ.მ-ში შედის მოპასუხე ჯ.ხ-იას მიერ დაკავებული 4.6 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე დადასტურებულად ჩათვალა, რომ 4.6 კვ.მ წარმოადგენს ჯ.კ-ძის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა ჯ.ხ-იას მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 4.6 კვ.მ მაღაზიის ხელმძღვანელობამ დაუთმო მას, რადგან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იგი ამ ფართს არ ფლობდა სამართლებრივი საფუძვლით და თუნდაც ნამდვილად ჰქონოდა გადაცემული, უკანონოდ იყო გადაცემული, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად ჯ.კ-ძეს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავისი საკუთრება და გამოითხოვოს იგი უკანონო მფლობელობიდან, რაზეც ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. ჯ.ხ-იას შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი, რადგან პირს, რომელიც უკანონოდ ფლობს სადავო ნივთს, ამ ნივთის შესახებ რაიმე მოთხოვნის დაყენების კანონიერი უფლება არ გააჩნია და მისი მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და ჯ. კ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან სასამართლოს დასკვნა სადავო 4.6 კვ.მ ფართის კუთვნილების შესახებ გაკეთებულია პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ჯ.კ-ძეს საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი არ წარმოუდგენია. კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია, რატომ არ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ან მხარეთა მოსაზრებებს ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, რითაც დაარღვია სსკ-ის 389-ე მუხლის მოთხოვნა, მისი მოსაზრებით სასამართლოს ამ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა «პრივატიზაციის შესახებ» კანონის მე-11 მუხლი. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტი. კასატორის მოსაზრებით შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 208-ე მუხლის მოთხოვნები. სადავო არ არის, რომ იგი იმავე სახლში ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს და ჯ.კ-ძის მიერ უკანონოდ მითვისებული სარდაფის ნაწილი არის მისი საკუთრებაც, ამ არასაცხოვრებელ 16.42 კვ.მ ჯ.კ-ძეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, შესაბამისად მისი მოთხოვნა ამ ფართის ექსპლუატაციაში მიღების აქტიდან ამორიცხვის შესახებ კანონიერი იყო. კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის მოთხოვნები, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტი, რის გამოც გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჯ. ხ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება ჯ. კ-ძის სარჩელის – ქ.ქუთაისში ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან ჯ. ხ-იას გამოსახლების და ამ ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჯ.კ-ძისათვის ჩაბარების _ დაკმაყოფილების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ 1996წ. 27 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ჯ. კ-ძეს ქ.ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი 137.81 კვ.მ ფართი, რომელიც აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში; სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 137.81 კვ.მ-ში შედის მოპასუხე ჯ.ხ-იას მიერ დაკავებული 4.6 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა ჯ.ხ-იას მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 4.6 კვ.მ ფართი მაღაზიის ხელმძღვანელობამ დაუთმო მას, რადგან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იგი ამ ფართს არ ფლობდა სამართლებრივი საფუძვლით.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯ.კ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებისას სწორად გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინდიკაციური სარჩელის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს იმ მომენტიდან, როცა მოსარჩელემ სადავო გახადა მოპასუხის მიერ კუთვნილი ფართის უკანონოდ მფლობელობა და მოითხოვა ამ ფართის გამოთხოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს ჯ.კ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებისას კანონი არ დაურღვევია და ამ ნაწილში ჯ.ხ-იას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 208-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან იგი იმავე სახლში ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს და ჯ.კ-ძის მიერ უკანონოდ მითვისებული სარდაფის ნაწილი არის მისი საკუთრებაც, ამიტომ კასატორს მიაჩნია, რომ არასაცხოვრებელ 16.42 კვ.მ-ზე ჯ.კ-ძეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ჯერ უნდა დაეზუსტებინა ჯ.ხ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და შემდეგ სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით ჩამოეყალიბებინა თავისი გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრის თაობაზე. ამ ნორმის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-412ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. ხ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება ჯ. კ-ძის სარჩელის _ ქ.ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან ჯ. ხ-იას გამოსახლების და ამ ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჯ.კ-ძისათვის ჩაბარების _ დაკმაყოფილების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.