Facebook Twitter

ბს-202 (კ-22) 29 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს "ს...ის" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს "ს...მ" 31.10.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებოს ბიუროს 17.08.2017წ. N... ქმედების უკანონოდ აღიარება, საინკასო დავალების გაცემის შესახებ აღმასრულებლის 04.09.2017წ. ქმედების უკანონოდ ცნობა და ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნება, ასევე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.09.2017წ. N4673 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2018წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2018წ. გადაწყვეტილებით სს "ს...ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს "ს...ის" მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2021წ. განჩინებით სს "ს...ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოება დაიწყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილებაზე 11.08.2017წ. გაცემული №2/321-16 სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის საფუძველზე. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილებით სს „ს...ს“ მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 1 აგვისტოდან, ყოველთვიური სარჩოს - 800 (რვაასი) ლარის, ასევე ერთჯერადად მიუღებელი სარჩოს - 22 446 ლარის გადახდა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის სს „ს...ის“ მიერ მ. გ-ის სასარგებლოდ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 27 665, 40 ლარი, საიდანაც კრედიტორმა მ. გ-ის დაუკავა საშემოსავლო გადასახადი - 4 666,75 ლარი და 29.06.2017წ. ნებაყოფლობით გადაუხადა 22 998,65 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები და განჩინებები აღსრულებას ექვემდებარება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით (მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 17.7 მუხლის თანახმად აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ბიურომ აღასრულა კრედიტორის მოთხოვნა სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელშიც დაფიქსირებული აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლების შემცირება (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის თვალსაზრისით) არ წარმოადგენდა აღმასრულებლის კომპეტენციას, რამეთუ აღნიშნული საკითხის მოწესრიგება სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით სარჩელის უსაფუძვლობის გამო არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს "ს...ის" მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მ. გ-ისა და სს "ს...ს" შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, სადაც მოსარჩელე მ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საწარმოო ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო სარჩოს გადაანგარიშება როგორც ყოველთვიური, ისე ერთჯერადად, სამი წლის განმავლობაში მიუღებელი, გაზრდილი ოდენობით სხვაობის გაცემა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს "ს...ს" მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 01 აგვისტოდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 800 ლარის ოდენობით, ხოლო მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 22 446 ლარის ოდენობით. მ. გ-იმა 08.06.2017წ. N415 წერილით და 29.05.2017წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლით მიმართა სს "ს...ს" და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. სს "ს...ის" მიერ ნებაყოფლობით 29.06.2017წ. მ. გ-ის ანგარიშზე ჩაირიცხა 22 998.65 ლარი. საგადასახადო დავალებაში მიეთითა, რომ 4 666.75 ლარი წარმოადგენდა საგადასახადო განაკვეთით გათვალისწინებულ საშემოსავლო გადასახადს, რომლის დაბეგვრაც მოხდა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ. გ-იმა 21.07.2017წ. კვლავ წერილით მიმართა სს "ს...ს" და საშემოსავლო გადასახადის - 4 666.75 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც სს "ს...მ" 28.07.2017წ. წერილით განუმარტა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის შესახებ ჩანაწერის არარსებობა არ წარმოადგენდა მ. გ-ის მიმართ თანხის გადახდისას საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლების საფუძველს. აღნიშნულის შემდგომ, მ. გ-იმა კვლავ მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და განმეორებით აიღო სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარადგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროში იძლებითი აღსრულების მიზნით. თბილისის სააღსრულებო ბიურომ სს "ს...ს" მიმართა 17.08.2017წ. წინადადებით და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 11.08.2017წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად მ. გ-ის სასარგებლოდ 4 666.75 ლარის გადახდა. სს "ს...მ" 25.08.2017წ. N4992 წერილითა და თანდართული დოკუმენტებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და აცნობა, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმეორებით აღსრულების საფუძველი. კასატორი თვლის, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 04.09.2017წ. უკანონოდ განხორციელდა საინკასო დავალების წესით სს "ს...ის" ანგარიშიდან თანხის - 4 993.42 ლარის ჩამოჭრა, საიდანაც 4 666.75 ლარი არის საშემოსავლო გადასახადის შედეგად დაბეგრილი თანხა, ხოლო 326.67 ლარი არის სააღსრულებო ბიუროს მომსახურებისათვის განკუთვნილი თანხა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა საქმეზე მხოლოდ ზოგადი მსჯელობით, რის შედეგად არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. კასატორმა სსკ-ის 102 მუხლზე და სასკ-ის მე-17 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სს "ს...ის" მიერ დასაბუთებულია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის შედეგადაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა მესამე პირი მ. გ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს "ს...ის" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილებით სს „ს...ს“ მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით 2016 წლის 1 აგვისტოდან, ასევე მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 22 446 (ოცდაორი ათას ოთხას ორმოცდაექვსი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 21.04.2017წ.. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააღსრულებო ფურცელი გაიცა 29.05.2017წ.. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის სს „ს...ის“ მიერ მ. გ-ის სასარგებლოდ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 27 665, 40 (ოცდაშვიდი ათას ექვსას სამოცდახუთი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი, ხოლო სს „ს...მ“ მ. გ-ის საბანკო ანგარიშზე 29.06.2017წ. ჩარიცხა 22 998, 65 ლარი (ოცდაორი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი), რაც წარმოადგენდა ასანაზღაურებელ თანხას საშემოსავლო გადასახადის - 4 666, 75 (ოთხი ათას ექვსას სამოცდაექვსი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის დაქვითვით. სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ, ამავე სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილებაზე, 11.08.2017წ. გაიცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, რომელიც მ. გ-იმა აღსრულების მიზნით 14.08.2017წ. წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №... წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სს „ს...ს“ გაეგზავნა 17.08.2017წ.. სს „ს...მ“ 25.08.2017წ. მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, კერძოდ მოთხოვნილ იქნა ერთჯერადად გადასახდელი სარჩო - 22 446 ლარს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხის განმარტება. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 25.09.2017წ. განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტებაზე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 01.09.2017წ. №A17093947-007/001 წერილით მიმართა სს „სა...ს“ და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 11.08.2017წ. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით წარადგინა №01/999 საინკასო დავალება 4 993, 42 ლარზე. აღნიშნული თანხა სს „სა...მა“ სს „ს...ის“ სახელით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 04.09.2017წ.. 4 993, 42 ლარიდან 326, 67 ლარი განკუთვნილი იყო ბიუროს მომსახურებისათვის, ხოლო 4 666,75 ლარი დაექვემდებარა კრედიტორისთვის გადარიცხვას. სს „ს...მ“ 20.09.2017წ. საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს ქმედების - 04.09.2017წ. საინკასო დავალების წესით თანხის ჩამოჭრის უკანონოდ ცნობა და უკანონო ქმედების შედეგად ჩამოჭრილი თანხის სს „ს...ისათვის“ დაბრუნება. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.09.2017წ. №4673 ბრძანებით სს „ს...ს“ უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ გასული იყო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 15-დღიანი ვადა.

საკასაციო საამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მოცემულ შემთხვევაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო კანონიერ ძალაში შესული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის საფუძველზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის 17.7 მუხლის თანახმად აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და მიუთითებს, რომ სააღსრულებო ბიურო მოქმედებდა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და იძულებითი აღსრულება განახორციელა მისთვის წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს დიდი პალატის 28.07.09წ. Nბს-1537-1494(კ-08) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად აღსრულების ზოგადი პრინციპია ის, რომ აღსრულება ხორციელდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და მის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსრულების საშუალება და წესი არის ზუსტად ის ქმედება და მექანიზმი, რომლითაც უნდა აღსრულდეს სააღსრულებო ფურცელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას და იგი სრულად უნდა იმეორებდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახულ მონაცემებს. ამდენად, აღმასრულებელს უფლება არ აქვს მოახდინოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების თვითნებური ინტერპრეტაცია, აღმასრულებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს სააღსრულებო ფურცლით და არ გასცდეს მის ფარგლებს, ვალდებულია აღასრულოს იმ სახით და ოდენობით, რაც მასშია მითითებული. მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააღსრულებო ბიუროს მოქმედებები არ იყო კანონიერი. კასატორი არ ეთანხმება იძულებითი აღსრულების გზით მესამე პირისათვის 4 666.75 ლარის ჩარიცხვას და მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა ექვემდებარებოდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, 4666.75 ლარი წარმოადგენდა სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხასა და კრედიტორისთვის ასანაზღაურებელ თანხას შორის სხვაობას. აღსანიშნავია, რომ სს "ს...ს" მიმართული ჰქონდა სამტრედიის რაიონული სასამართლოსათვის ამავე სასამართლოს 28.07.2016წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მოთხოვნით, კერძოდ მოთხოვნილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი, ერთჯერადად გადასახდელი სარჩოს - 22 446 ლარის საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრის საკითხის განმარტება, რაც არ დაკმაყოფილდა, ხოლო განმარტებაზე უარი კანონმდებლობით დადგენილი წესით კასატორს არ გაუსაჩივრებია. ამასთან, კასატორს სადავოდ არ გაუხდია სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის მართლზომიერების საკითხი.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ კრედიტორის მოთხოვნა აღასრულა სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის და მასში დაფიქსირებული აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. იგი მოქმედებდა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას. ამასთან, აღნიშნული სამართალწარმოების ფარგლებში შეუძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კანონიერების შემოწმება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს "ს...ის" საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს "ს...ის" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2021წ. განჩინება;

3. სს "ს...ს" (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.01.2022წ. N45218 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი