#ბს-1217 (კს-22) 29 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს "ე..." (შპს "მ...ს" უფლებამონაცვლე)
მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2022წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს "მ...მ" 07.11.2016წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების თანახმად შპს ,,მ...ში’’ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების 01.06.2016წ. N03 აქტის (სრულად, გარდა 5.2-5.2.9, 5.2.11-5.2.19, 5.2.21-5.2.23, 5.4,5.5 (5.5.1-5.5.8_, 5.7.3 და 5.9-5.9.2 პუნქტებისა) ბათილად ცნობა, ასევე შპს ,,მ...ს" 30.06.2016წ. N991/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კომისიის 22.08.2016წ. N19 საოქმო გადაწყვეტილების (სრულად, გარდა სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუქნტის ,,ა’’
და ,,გ’’ ქვეპუნქტებისა) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.07.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს "მ...ს" მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2019წ. განჩინებით შპს "მ...ს" უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს "ე...".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2022წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. #487 დადგენილების 1.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგნოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე მუხლის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ "ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 17.08.2020წ. N509 დადგენილების 2.2. მუხლის შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული
სააგენტო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.08.2020წ. №01-92/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სააგენტოს მიზნიდან ამოღებულ იქნა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ფუნქციებიდან ამოღებულ იქნა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით არსებული ფუნქციები და უფლება-მოვალეობები სრულად გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში უნდა დაგენილიყო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2022წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. #487 დადგენილების პირველ მუხლის "გ" ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე მუხლის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (დღეის მდგომარეობით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სამართალმემკვიდრე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით) უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით), რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გულისხმობს არა საქმეზე რაიმე სახით რეგულირების სააგენტოს მხარედ ჩაბმას, არამედ რეგულირების სააგენტოს ჩართულობას სპეციალისტის მონაწილეობით.
კერძო საჩივრის ავტორი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (დღეის მდგომარეობით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) წარმოადგენდა და წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განმახორციელებელს და იგი უფლებამოსილია განკარგოს აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი თანხები, რეგულირების სააგენტოს არ ჰქონია და არ აქვს წვდომა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსახორციელებელ ასიგნებებზე.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. #487 დადგენილებით რეგულირების სააგენტოს გადაეცა ადმინისტრირების მხოლოდ ერთი ნაწილი, რაც ამ დადგენილების ძალაში შევლიდან განხორციელებულ კონტროლის ფუნქციას გულისხმობს და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადრე განხორციელებული კონტროლის შედეგად შედგენილ აქტებთან მიმართებაში ადმინისტრაციული და სასარჩელო წარმოებაში უფლებამონაცვლეობას. მოცემულ შემთხვევაში საუბარია წარსულში არსებული საქმეების დასრულებაზე და არა დღეის მდგომარეობით განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ კონტროლის ღონისძიებებზე. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისად, მანვე უნდა შეასრულოს და აღასრულოს სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, რეგულირების სააგენტო ვერ იქნება პასუხისმგებელი სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივ შედეგებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 17.08.2020წ. #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
მოხმობილი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცათ, რაც საქმეში სათანადო უფლებამონაცვლეების დადგენის წინაპირობებს ქმნის. ნორმატიული აქტებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა.
განსახილველ შემთხვევაში, შპს "მ...ს სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შერჩევითი შემოწმების აქტისა და მასთან დაკავშირებით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. შესაბამისად, მოცემული დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგების კანონიერებას. ამ მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ამდენად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება მოცემულ დავაში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხოლოდ სპეციალისტის მონაწილეობით ჩართულობასთან დაკავშირებით და სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივ შედეგებზე რეგულირების სააგენტოს პასუხისმგებლობის გამორიცხვასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (იხ. 22.02.2023წ. Nბს-1343(კს-22); 06.07.2023წ. Nბს-311(2კ-კს-23); 16.12.2022წ. Nბს-1211(კს-22); 25.11.2021წ. Nბს-593(კს-21); 04.02.2021წ. #ბს-1122(კ-20); 26.01.21წ. Nბს-648(კ-19); 07.06.2021წ. Nბს-407(კ-21); 17.06.2021წ. Nბს-271(კს-21); 06.07.2021წ. Nბს-487(კს-21) სუსგ). ამდენად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2022წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი