Facebook Twitter

ას-758-1055-05 31 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ახალაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: გაკოტრების ტაბულაში თანხის შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით სს „ქ.-ს“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. ამავე განჩინებით „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალაუვალი მოვალის ყველა კრედიტორს დაევალა დადგენილ ვადაში, 2002წ. 30 ოქტომბრამდე, სასამართლოში თავიანთი მოთხოვნების წარდგენა.

გაკოტრების მმართველად დაინიშნა ლ. ძ.-ი. სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში სააქციო საზოგადოება „ქ.-ს“ პროფკომიტეტის თავმჯდომარემ ც. თ.-მა 2002წ. 28 ოქტომბერს წარადგინა მოთხოვნის განაცხადი 16354,23 ლარზე, რომელიც წარმოშობილი იყო საწევრო ანარიცხების დავალიანების შედეგად.

სს „ქ.-ს“ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე, რომელიც ჩატარდა 2003წ. 6 იანვარს, გაკოტრების მმართველმა არ აღიარა ზემოაღნიშნული მოთხოვნა იმ მოტივით, რომ ც. თ.-ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ იქნა შეტანილი დადგენილ მოთხოვნად გაკოტრების ტაბულაში.

2003წ. 23 აპრილს სს „ქ.-ს“ პროფკომიტეტის თავმჯდომარემ შეიტანა საჩივარი გაკოტრების მმართველის წინააღმდეგ რუსთავის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა პროფკომიტეტის გაკოტრების ტაბულაში 16354,33 ლარის მოთხოვნის მქონე კრედიტორთა შეყვანა და გაკოტრების მმართველ ლ. ძ.-ის განთავისუფლება. საჩივარი დამყარებული იყო იმ გარემოებებზე, რომ მოთხოვნის განაცხადი დროულად იქნა გაკეთებული. კრედიტორთა პირველ კრებაზე წარდგენილ იქნა კრედიტორთა ორგანიზაციის მიერ გაცემული რწმუნებულება, ამიტომ გაკოტრების მმართველის მოქმედება უკანონოა. ასევე უკანონოდ არ შეიყვანა სასამართლომ სს „ქ.-ს“ პროფკომიტეტის მოთხოვნა გაკოტრების ტაბულაში.

ლ. ძ.-ი, როგორც გაკოტრების მმართველი აკმაყოფილებდა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“კანონის მოთხოვნებს – იგი არ არის ვალაუვალი მოვალისა და კრედიტორებისაგან დამოუკიდებელი პირი, რადგანაც წარსულში წარმოადგენდა სს „ქ.-ს“ ინტერესებს სასამართლოში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლიტს 5 მაისის განჩინებით ც. თ.-ის მოთხოვნა სს „ქ.-ს“ პროფკავშირების კომიტეტის კრედიტორად მოთხოვნის დადგენის შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად. არ დაკმაყოფილდა ც. თ.-ის მოთხოვნა ძ.-ის გათავისუფლების შესახებ.

აღნიშნული გასაჩივრებულ იქნა კერძო საჩივრით სს „ქ.-ს“ პროფკომიტეტის თავმჯდომარის ც. თ.-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 30 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ქ.-ს“ პროფკომიტეტის თავმჯდომარის _ ც. თ.-ის კერძო საჩივარი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 5 მაისის განჩინება გაუქმდა სს „ქ.-ს“ პროფკომიტეტის თავმჯდომარის გაკოტრების ტაბულაში დადგენილი მოთხოვნის მქონე კრედიტორად შეყვანის შესახებ მოთხოვნის განუხილველად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელი და ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

2004წ. 11 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ქ.-ს“ პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარიე _ ც. თ.-ის მოთხოვნა სს „ქ.-ს“ მიმართ 163554,33 ლარის შესახებ მოთხოვნის გაკოტრების ტაბულაში შეტანის შესახებ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ქ.-ს“ გაკოტრების მმართველმა შ. გ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმაზე, რომ 2003წ. 6 იანვარს სს „ქ.-ს“ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი სხდომის ოქმში სს „ქ.-ს“ პროფკავშირის დებულების წარდგენის თაობაზე საუბარი დაფიქსირებული არ არის. აპელანტის აზრით, გაკოტრების მმართველმა წერილობით დააფიქსირა, რომ „პროფესიული კავშირის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ფუნქციონირებს რეგისტრირებული პროფკავშირის წესდებისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის – პირველადი ორგანიზაციის დებულების საფუძველზე. ამდენად, მმართველმა მიუთითა, რომ წარმოსადგენი იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი. ც. თ.-ის მიერ მოგვიანებით წარდგენილ იქნა დოკუმენტი, რომლითაც სს „ქ.-ს“ პროფკავშირი არსებობას იწყებს 2003წ. 29 იანვრიდან ანუ 2002წ. 28 ოქტომბრის განაცხადის გაკეთების შემდეგ. ამდენად, განაცხადი გაკეთებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ 2004წ. 10 ივნისის განჩინებით არასწორად განმარტა გადაწყვეტილება, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 20 იანვარს განიხილა სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 2002წ. 28 ოქტომბრის განაცხადი გაკეთებულია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რადგან 2003წ. 6 იანვარს ჩატარებული კრედიტორთა მოთხოვნის შესამოწმებელ კრებაზე სადავოდ არ გამხდარა სს „ქ.-ს“ პროფკავშირების არსებობა. არამედ მხარეს დაევალა, წარედგინა პროფკავშირის მიერ გაცემული რწმუნებულება, რაც მის მიერ შესრულდა.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის განჩინება არ გასაჩივრებულა კერძო საჩივრით, რის გამოც, იგი ვერ იმსჯელებდა ამ განჩინების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ქ.-ს“ გაკოტრების მმართველმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ც. თ.-ზე გაცემული 2004წ. 23 დეკემბრის მინდობილობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კასატორის აზრით, იგი გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, რადგან ქიმიური, სამედიცინო მრეწველობის და სათბობის საწარმოების მშრომელთა დამოუკიდებელმა პროფკავშირის ფედერაციამ მხოლოდ 2003წ. 29 იანვარს დაამტკიცა სს „ქ.-ს“ პროფკავშირის დებულება, რაც ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ 2003წ. 29 იანვრამდე სს „ქ.-ს“ პროფკავშირი არ არსებობდა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გაკოტრების მმართველს სადაოდ არ გაუხდია სს “ქ.-ს“ პროფკავშირების არსებობა, არამედ თითქოს მხარეს დაევალა წარედგინა დარგობრივი პროფკავშირის მიერ გაცემული რწმუნებულება. კასატორი თვლის, რომ გაკოტრების მმართველს არ მოუთხოვია ფედერაციის მიერ რწმუნებულების წარმოდგენა, არამედ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული რწმუნებულება პირველად ორგანიზაციაზე, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მოთხოვნის აღიარება. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და არ შეაფასა აპელანტის მოთხოვნა, უარი ეთქვა სს „ქ.-ს“ პროფკავშირისათვის კრედიტორული მოთხოვნის დადგენილად ცნობაზე და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რწმუნებულების წარდგენის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო მოთხოვნის განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ სს „ქ.-ს“ გაკოტრების მმართველის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოებები, რომ სს „ქ.-ს“ პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნის განაცხადი გაკეთდა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. კერძოდ, 2002წ. 28 ოქტომბერს. 2003წ. 6 იანვარს გაკოტრების სასამართლომ ჩაატარა სს „ქ.-ს“ კრედიტორთა მოთხოვნის შესამოწმებელი სხდომა, სადაც შემოწმებულ იქნა პროფკომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის განაცხადი. მოვალის წარმომადგენელმა დავალიანების არსებობა აღიარა, მაგრამ გაკოტრების მმართველმა სადავოდ გახადა იმის გამო, რომ წარმოდგენილი არ იყო დარგობრივი პროფკავშირის მიერ გაცემული რწმუნებულება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ც. თ.-მა სასამართლოს წარუდგინა ქიმიური მრეწველობის და სათბობის საწარმოების მშრომელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ფედერაციის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც სს „ქ.-ს“ პროფკომიტეტის თავმჯდომარეს განესაზღვრა უფლებამოსილება, მონაწილეობა მიეღო გაკოტრების საქმის წარმოებაში.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის საკასაციო პრეტენზია უკავშირდება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო ფაქტობრივ გარემოებებს ადგენს მტკიცებულებათა შეფასების შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საქმე როგორც სააპელაციო სასამართლოში, ისე _ საკასაციო ინსტანციაში წარმოდგენილია ერთი ტომის სახით. მასში არ არის წარმოდგენილი 2003წ. 6 იანვრის სს „ქ.-ს“ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი სხდომის ოქმი და სხვა მასალები. აღნიშნულის გამო, შეუძლებელია შემოწმდეს როგორც საკასაციო, ასევე _ სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე ყოველი წარდგენილი მოთხოვნა განიხილება ცალ-ცალკე მისი მოცულობისა და რიგის მიხედვით და გაკოტრების ყველა კრედიტორს და გაკოტრების მმართველს ეძლევათ თავისი აზრის გამოხატვისა და დავის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში გაკოტრების მმართველმა სადავოდ გახადა სს „ქ.-ს“ პროფკავშირის მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს სს „ქ.-ს“ პროფკავშირის მოთხოვნის მართებულობა სასარჩელო წესით განხილვის დროს. როგორც კასატორი უთითებს, სს „ქ.-ს“ პროფკავშირული ორგანიზაცია არსებობას იწყებს 2003წ. 29 იანვრიდან და შესაბამისად 2002წ. 28 ოქტომბერს განაცხადი გაკეთებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს აღნიშნული გარემოების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გაკოტრების საქმის დაწყებამდე გაკოტრებულ საზოგადოებაში არ მოქმედებდა პროფკავშირული ორგანიზაცია, შეუძლებელია იგი წარმოადგენდეს ამ საზოგადოების კრედიტორს. წარმოდგენილი მასალებით შეუძლებელია დადგინდეს კასატორის მითითებული არგუმენტის მართებულობა მისი არასრულყოფილების გამო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საბუღალტრო მონაცემები (ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილ საქმის ტომში არ არის), რომელიც ადასტურებს პროფკავშირული კომიტეტის მიმართ დავალიანებას, მაშინ უნდა გაირკვეს, თუ რომელი პროფკავშირია სს „ქ.-ს“ კრედიტორი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გაკოტრების მმართველი არ აღიარებს დავალიანებას მითითებული სუბიექტის მიმართ და მითითებული ოდენობით.

ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს ფუნქციონირებდა თუ არა „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად შექმნილი პროფესიული კავშირი სს „ქ.-ში“. ამასთან, დადგინდეს, საბუღალტრო მონაცემებში ასახული დავალიანების კრედიტორი არის თუ არა სს „ქ.-ს“ პროფკავშირი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, თანახმად სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და უნდა დაბრუნდეს ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ქ.-ს“ გაკოტრების მმართველის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ აგსაჩივრდება.