Facebook Twitter

ბს-1196(კ-23) 29 აპრილი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. მ-მა 21.07.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 22.06.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი ხელფასის - განაცდურის ანაზღაურების და გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება, მოსარჩელისთვის პოლიციის ვიცე პოლკოვნიკის მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.06.2022წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებით, ე. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ორჯერ ალკოტესტის გადამოწმების შემდგომ მძღოლს დაუდგინა ალკოჰოლური თრობა. მიუხედავად ამისა, აპელანტი არ დაელოდა მეწყვილის მიერ გამოძახებულ დამატებით ეკიპაჟს და მძღოლის მიმართ გაფრთხილების ოქმი შეადგინა მხოლოდ ავტომობილის ღვედის გარეშე მართვისთვის. ალკოტესტის გამართულობა/გაუმართაობა გავლენას ვერ მოახდენს იმ გარემოებაზე, რომ ე. მ-მა ყოველგვარი შესაბამისი წინაპირობის გარეშე, მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია მძღოლის სიფხიზლის ფაქტი. რაც შეეხება მოსარჩელისთვის დაკისრებული დისცილინური სახდელის ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან შესაბამისობის საკითხს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გათავისუფლებამდე ე. მ-ს გააჩნდა მოქმედი დისციპლინური სახდელი (სასტიკი საყვედური), რომელიც მის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული და სადავო ბრძანების გამოცემისას იყო ძალაში. აპელანტის (მოსარჩელე) მიერ ჩადენილი გადაცდომის შინაარსის და სიმძიმის, ასევე მის მიმართ მოქმედი დისციპლინური სახდელის (გათავისუფლებამდე მოქმედი) გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აპელანტის (მოსარჩელე) მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა (სამსახურიდან დათხოვნა) ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ადეკვატურია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. მ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის 11.06.2020წ. სამხრე ვიდეო კამერის ჩანაწერით და კასატორის მეწყვილის ლ. მ-ის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ დამატებითი ეკიპაჟის გამოძახების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო არა ე. მ-მა, არამედ პატრულ-ინსპექტორმა ლ. მ-ემ. მან დამატებითი ეკიპაჟი გამოიძახა იმ მიზეზით, რომ ალკოტესტის საკუთარ თავზე გადამოწმებისას დაფიქსირდა წითელი ფერი, ამასთან, ოცეულის მეთაურს ლ. გ-ს კომუნიკაცია ჰქონდა და შესაძლო მითითებებს გასცემდა არა ე. მ-ზე, არამედ ლ. მ-ეზე. სამხრე კამერის ჩანაწერით უდავოდ დგინდება, რომ ლ. მ-ეს არ უცნობებია კასატორისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერისა და მძღოლისთვის გასაჩივრების წესების განმარტების თაობაზე ოცეულის მეთაურის მითითების შესახებ. ჩანაწერის მიხედვით ასევე აშკარაა, რომ მძღოლი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა. მოქმედი კანონმდებლობა და საპატრულო პოლიციაში გავრცელებული პრაქტიკა არ გამორიცხავს პატრულ-ინსპექტორის უფლებას მძღოლი გადაამოწმოს განმეორებით, თუ მას ეჭვი ეპარება ალკოჰოლურ თრობასთან მიმართებით. პატრულ-ინსპექტორი არ უნდა დაისაჯოს უდანაშაულო მძღოლის მესამედ გადამოწმების გამო. არ დასტურდება ე. მ-ის მიერ მესამე პირის ინტერესების გათვალისწინება მძღოლის ი. გ-ის პასუხისმგებლობისგან განრიდების მიზნით. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ოცეულის მეთაურმა ლ. გ-მა ჯავახეთის ხიდებთან ე. მ-ს და ლ. მ-ეს იმავე ცვლაში მორიგეობისას გადასცა ახალი ალკომეტრი და მისცა მითითება, არ ესარგებლათ გაფუჭებული ალკოტესტით, ასევე სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ე. მ-მა და ლ. მ-ემ დისციპლინარული წარმოებისას არსებითად სწორად ინფორმაცია მიაწოდეს FiT №... ალკომეტრის გაუმართაობისა და ოცეულის მეთაურისთვის გადაცემის შესახებ. ორი ალკოტესტის არსებობის ფაქტი დასტურდება ე. მ-ის და ლ. მ-ის შემცვლელი ეკიპაჟის ახსნა-განმარტებებითაც, რომლებმაც ერთ-ერთი ალკოტესტი დაუბრუნეს ათეულის მეთაურს. არ გამოკვლეულა რომელი ალკოტესტი დაუბრუნდა ათეულის მეთაურს. დისციპლინარული წარმოების ფარგლებში არ შესწავლილა FiT №... ალკომეტრის ტექნიკური გამართულობა. FiT №... ალკომეტრის გადამოწმებისას 11.06.2020წ. აღნიშნული ალკოტესტის გამოყენების ფაქტი დასტურდებოდა მხოლოდ 21:15 სთ-ზე და შემდეგ გამოყენებული იქნა მხოლოდ 15 ივნისს, შესაბამისად, დასტურდება ეჭვი ალკოტესტის გაუმართაობის შესახებ და მისი სავარაუდოდ შეკეთების ფაქტი. რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული ალკოტესტი გამოყენებული იყო 11 ივნისის 21:15სთ-ის შემდგომ 12 ივნისის 09.00სთ-მდე არ ყოფილა წარმოდგენილი. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ №528 ბორტში არსებული ალკომეტრით მძღოლი ი. გ-ი ნამდვილად გადამოწმდა და დაუდგინა 0.00% პრომილე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ე. მ-მა გამოწერა გაფრთხილების ოქმი ღვედის გარეშე ავტომანქანის მართვის გამო. ჩანაწერში ისმის ე. მ-ის ხმა: „გახსენი, რა იუზერი, გაფრთხილება დაუწერე“. არ არსებობს მტკიცებულება ლ. მ-ის მიერ ე. მ-ის მითითების შესრულებისა და გაფრთხილების ოქმის შედგენის თაობაზე, ასევე არ არსებობს მტკიცებულება მძღოლის გადამოწმებამდე გაფრთხილების ოქმის შედგენის შესახებ, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მძღოლი გადამოწმდა მესამედ და დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს ის გარემოება, რომ დამატებითი ზომების განხორციელების გზით საქმის ყოველმხრივ და ობიექტურად გამორკვევა, მესამედ სხვა ეკიპაჟის ალკოტესტის გამოყენებით გადამოწმება უფრო აღმატებულ საჯარო ინტერესს წარმოადგენდა, ვიდრე ალკოტესტის შედეგების მიხედვით საჯარიმო ქვითრის შედგენა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი მძღოლისთვის დამატებით გაუმართლებელი ფინანსური ხარჯები, დასვენების უფლებით სარგებლობით შეუძლებლობა და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის დროის დახარჯვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული, შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს ე. მ-ის მიერ დისციპლინარული გადაცდომის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნაკლებად მკაცრი დისციპლინარული ზომის გამოყენების უფლებამოსილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.06.2020წ. ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ე. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლის თანახმად ე. მ-მა მძღოლის სიფხიზლის დადასტურების გარეშე გაფრთხილების ოქმი შეადგინა ღვედის გამოუყენებლობისთვის. 11.06.2020წ. კასატორის ე. მ-ის სამხრე კამერის ჩანაწერით დგინდება, რომ მძღოლი ალკოტესტის მეშვეობით შემოწმდა ორჯერ. ორივე შემოწმების შედეგად მძღოლს დაუდგინდა ეთანოლის დასაშვებ ოდენობაზე მეტი პრომილე, შესაბამისად, დადგინდა სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება მძღოლის მესამედ ალკოტესტის მეშვეობით გადამოწმებისა და სიფხიზლის დადგენის ფაქტი. აღნიშნული გარემოება კასატორის ან მისი მეწყვილის სამხრე კამერის მეშვეობით ასახული არ ყოფილა. დისციპლინური წარმოების ეტაპზე თავის ახსნა-განმარტებაში ე. მ-ი აღნიშნავს, რომ დამხმარე ეკიპაჟის ალკოტესტით მძღოლის მესამედ მას არ შეუმოწმებია, თუმცა ლ. მ-ემ მას მიაწოდა ინფორმაცია მძღოლის სიფხიზლის თაობაზე (ტ. 1, ს.ფ. 235-243). ლ. მ-ის ახსნა-განმარტების მიხედვით, მძღოლი მესამედ მას არ გადაუმოწმებია (ტ. 1, ს.ფ. 245-250). დამხმარე ეკიპაჟის წევრის გ. ლ-ის ახსნა-განმარტებით მძღოლი ალკოტესტით შეამოწმა ლ. მ-ემ (ტ. 1, ს.ფ. 257-258). 08.04.2022წ. სასამართლო სხდომაზე მოწმის ლ. მ-ის განმარტებით, ალკოტესტის მეშვეობით მძღოლი შეამოწმა ე. მ-მა (12:47სთ), ხოლო იმავე სასამართლოს სხდომაზე მოწმის გ. ლ-ის ჩვენებით, ალკოტესტი მიაწოდა ლ. მ-ეს, ხოლო ე. მ-ი (კასატორი) ალკოტესტით მძღოლის შემოწმებისას ავტომანქანაში იმყოფებოდა (13:40სთ). ამდენად, გარდა იმისა, რომ ალკოტესტის მეშვეობით მძღოლის მესამედ გადამოწმება არ დგინდება სამხრე კამერის ჩანაწერით, მძღოლის მესამედ გადამოწმებასთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოებისას მიცემული ახსნა-განმარტებებისა და სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებების წინააღმდეგობრიობა არ ქმნის აღნიშნული გარემოების (მძღოლის მესამედ გადამოწმების) დადგენის საკმარის საფუძველს. საქმის მასალებში დაცული მტკიცებულებები, მათ შორის დისციპლინური წარმოებისას ე. მ-ის და ლ. მ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები, სამხრე კამერის ჩანაწერები მიუთითებს მძღოლის ალკოტესტის მეშვეობით შემოწმების შედეგად სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტზე. სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ მძღოლს ადმინისტრაციული სახდელი არ შეფარდებია სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები ადასტურებს კასატორის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს. რაც შეეხება ალკოტესტის გაუმართაობას, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ე. მ-ი და ლ. მ-ე დისციპლინური წარმოებისას მიცემულ ახსნა-განმარტებებში უთითებენ, რომ ალკოტესტის დაზიანების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს შემდეგ ცვლას, თუმცა მომდევნო ცვლის ეკიპაჟის წევრების გ. ბ-ის და დ. ფ-ას ახსნა-განარტებებით, ე. მ-ს ან/და ლ. მ-ეს მათთვის არ უცნობებიათ ალკოტესტის გაუმართაობის შესახებ. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს კავშირგამბულობისა და კომპიუტერული მომსახურების განყოფილების თანამშრომლების დისციპლინური წარმოებისას მიცემული ახსნა-განმარტებების მიხედვით, ალკოტესტის დაზიანების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები უშუალოდ მიმართავენ მათ დაზიანების აღმოჩენისთანავე, ხოლო ე. მ-ს ან/და ლ. მ-ეს ასეთი მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავთ, ამასთან, მათი განმარტებით ალკოტესტი №... მუშაობს გამართულად და დაკალიბრებული იქნა მიმდინარე წლის მაისში. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 80.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ალკომეტრის სავალდებულო დამოწმებისთვის განსაზღვრულია 6 თვიანი პერიოდულობა. ინსპექტირების ორგანოს 04.05.2020წ. დამოწმების მოწმობისა და დამოწმების შედეგების ოქმის თანახმად, ალკომეტრის FiT 240 №... გარეგნული დათვალიერებისა და მოსინჯვის შედეგი დამაკმაყოფილებელია (ტ. 3, ს.ფ. 35-36), აღნიშნულმა ალკოტესტმა შემდგომი დამოწმება გაიარა 07.09.2020წ. და მიღებული იქნა დამაკმაყოფილებელი შედეგი (ტ. 3, ს.ფ. 37-38). საქმეში დაცულ მასალებს არ შეესაბამება კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ალკოტესტზე №... 11.06.2020წ. შემოწმების ფაქტი ფისქირდება 21:15სთ-ზე. კავშირგამბულობისა და კომპიუტერული მომსახურების განყოფილების თანამშრომლების ახსნა-განმარტებების მიხედვით, 11.06.2020წ. ალკოტესტზე №19030216 შემოწმების ფაქტი დგინდება არა 21:15სთ-ზე, არამედ 21:51სთ-ზე, ანუ მძღოლის ღვედის გამოუყენებლობის გამო შეჩერების შემდგომ. სსკ-ის 102.3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს (კასატორს) არ წარმოუდგენია ალკოტესტის გაუმართაობის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში დაცული მტკიცებულებები მიუთითებენ ალკოტესტის გამართულად ფუნქციონირებასა და კანონით დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე, ხოლო კასატორის მითითება ავტომანქანაში ორი ალკოტესტის არსებობის თაობაზე არ წარმოადგენს ალკოტესტის №... გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნის დასადასტურებლად საკმარის საფუძველს.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მის მეწყვილეს ლ. მ-ეს მისთვის არ უცნობებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის თაობაზე ოცეულის მეთაურის მითითების შესახებ. საქმის მასალებში დაცულ 11.06.2020წ. კასატორის ე. მ-ის სამხრე კამერის ჩანაწერში ასახულია ლ. მ-ის კუთვნილი რადიოგადამცემის მეშვეობით მიცემული შემდეგი მითითება: „თუ არ დაულევია, მიბრძანდეს შესაბამის დაწესებულებაში“ (21:44სთ), შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მისთვის უცნობი იყო ოცეულის მეთაურის მითითება, უსაფუძვლია, ვინაიდან სწორედ კასატორის სამხრე კამერის ჩანაწერშია ასახული რადიოგადამცემის მეშვეობით ოცეულის მეთაურთან მისი მეწყვილის საუბარი (მისი ნაწილი). კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დამატებითი ეკიპაჟის გამოძახების გადაწყვეტილება მიღებული იქნა ალკოტესტის გაუმართაობის გამო, ვინაიდან ალკოტესტზე შემოწმების შედეგად მის მეწყვილესაც ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამხრე კამერის ჩანაწერის მიხედვით, დამატებითი ეკიპაჟი გამოძახებული იქნა 21:42სთ-ზე, ხოლო ლ. მ-ე შემოწმდა ალკოტესტზე 21:48სთ-ზე, ამასთან, ლ. მ-ე ჩანაწერში უთითებს, რომ მას თრობა არ დაუდასტურდა, შესაბამისად, კასატორის აღნიშნული განმარტება და სამხრე კამერის ჩანაწერი ურთიერთშეუსაბამოა. გასაჩივრებული აქტის უკანონობას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ დამატებითი ეკიპაჟის გამოძახების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო არა კასატორმა, არამედ მისმა მეწყვილემ. შსს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ე. მ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი გამოიხატა იმაში, რომ მიუხედავად ავტომანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძვლების არსებობისა, მან მიიღო გადაწყვეტილება უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის გაფრთხილების ოქმის შედგენაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრე კამერის ჩანაწერის მიხედვით მოსარჩელემ დამხმარე ეკიპაჟის მოსვლამდე დაუშვა გაფრთხილების ოქმის შედგენის შესაძლებლობა. კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ არსებობს მძღოლის მიმართ ე. მ-ის მიერ გაფრთხილების ოქმის შედგენის დამადასტურებელი მტკიცებულება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ ე. მ-ის ახსნა-განმარტებაზე, ე. მ-ი განმარტავს, რომ შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეამოწმა მძღოლის მონაცემები და დაადგინა, რომ მძღოლს მანამდე სამართალდარღვევა არ უფიქსირდებოდა, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მძღოლმა გაჩერებისთანავე აღიარა დარღვევა ღვედის გამოუყენებლობის თაობაზე, ამის გამო მის მეწყვილესთან შეთანხმების გარეშე მან მიიღო გადაწყვეტილება გაფრთხილების ოქმის შედგენის თაობაზე (ტ. 1, ს.ფ. 235-243). ამდენად, კასატორი დისციპლინური წარმოების ეტაპზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში დეტალურად აღწერს მის მიერ გაფრთხილების ოქმის შედგენის ფაქტს და საფუძვლებს, ასევე უთითებს ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად, მეწვილესთან შეთანხმების გარეშე, მიღებაზე. კასატორის მითითება მის მიერ ან მისი მეწყვილის მიერ გაფრთხილების ოქმის შედგენის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობაზე არ ადასტურებს გასაჩივრებული აქტის უკანონობას. მძღოლის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181 მუხ.), შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კასატორი, მიუხედავად დისციპლინური წარმოების ეტაპზე მიცემული ახსნა-განმარტებისა, არ ადასტურებს გაფრთხილების ოქმის შედგენის ფაქტს, აღნიშნული ქმნის მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დადასტურების დამატებით საფუძველს.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სხვა ეკიპაჟის ალკოტესტის გამოყენებით მძღოლის მესამედ გადამოწმებაზე, როგორც უფრო აღმატებულ საჯარო ინტერესზე, მესამედ გადამოწმების გარეშე საჯარიმო ქვითრის შედგენის შემთხვევაში მძღოლისთვის დამატებით გაუმართლებელი ფინანსური ხარჯების წარმოშობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის, როგორც სადავო პერიოდში, ასევე ამჟამად მოქმედი რედაქცია კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობის დაუდსტურებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს მძღოლის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებასა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ამდენად, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მძღოლის უფლებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების გზით ამტკიცოს სიმთვრალის ფაქტის არარსებობა და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დასაბუთებული არ არის კასატორის მითითება მძღოლისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯების წარმოშობისა და ამ მხრივ აღმატებული საჯარო ინტერესის თაობაზე. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მძღოლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ სხვა პირთა უსაფრთხოებასაც, შესაბამისად, უფრო აღმატებულ საჯარო ინტერესს სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის პრევენცია და თავიდან აცილება წარმოადგენს.

საფუძველს მოკლებულია ასევე მითითება იმ გარემოებაზე, რომ კამერის ჩანაწერის მეშვეობით, მძღოლი არ იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალების სამართავად დადგენილი მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა შესაძლებელია დადგინდეს ალკომეტრის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება ალკოჰოლის ანალიზისთვის, ასევე კლინიკურ-ლაბორატირიული შემოწმებით, შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მძღოლი არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, წარმოადგენს მის ვარაუდს და არა დადასტურებულ გარემოებას. ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხ.). სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია მიღებული ალკოჰოლის ხარისხსა და რაოდენობაზე (მაგ. სიმთვრალის ხარისხი შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალო, მძიმე). კანონმდებლობით დადგენილ პრომილეზე მეტი ოდენობის გამოვლენის შემთხვევაშიც, სიმთვრალის ხარისხის გათვალისწინებით, მძღოლს შესაძლოა არ აღენიშნებოდეს აშკარა ქცევითი გამოვლინებები, მაგრამ სისხლში აღმოჩენილი ეთინოლის სპირტის ოდენობა სატრანსპორტო საშუალების მართვის მიზნებისთვის იყოს შეუსაბამო, ამდენად, კასატორის მითითება ვიზუალური თვალსაზრისით მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის არარსებობასთან დაკავშირებით არ არის დასაბუთებული და არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მასალებიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.04.2020წ. ბრძანების მიხედვით, ე. მ-ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მითითებული შსს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ე. მ-მა მძღოლს, რომელიც ავტომანქანას მართავდა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, მისცა მოძრაობის გაგრძელების უფლება აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის შედგენის გარეშე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ თანახმად, დისციპლინური სახდელის - სასტიკი საყვედურის მოქმედების ვადა განისაზღვრება 1 წლით (5.1 მუხ., „გ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. ნებისმიერი დარღვევა არ წარმოადგენს პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. შს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ახალი დისციპლინური გადაცდომა ჩადენილი იქნა წინა გადაცდომისათვის გამოყენებული დისციპლინური ზომის მოქმედების პერიოდში. საკასაციო პალატა თვლის, რომ ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და წინა დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებული დისციპლინური ზომის (სასტიკი საყვედურის) მოქმედების პერიოდის გათვალისწინებით გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა მართებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი