Facebook Twitter

ბს-1077(2კ-22) 29 აპრილი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2022წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ...მა“ 12.03.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს მთავარი პროკურატურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, განადგურებული საქონლის ღირებულების 141610 ლარის, აუდიტორული მომსახურების - 5000 ლარის, საექსპერტო მომსახურების - 3730 ლარის, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობის - 19040 ლარის მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრება, ასევე საადვოკატო მომსახურების 5000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოპასუხეებად დაასახელა სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს გენერალური პროკურატურა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2021წ. გადაწყვეტილებით, შპს „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სსიპ შემოსავლების სამსახურს სოლიდარულად დაევალათ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის (განადგურებული და ჩამოწერილი საქონლის - 141610 ლარის, აუდიტორული მომსახურების - 5000 ლარის, საექსპერტო მომსახურების - 3730 ლარის, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობის - 19040 ლარის) 169 380 ლარის ოდენობით ანაზღაურება, მოპასუხეებს სოლიდარულად დაევალათ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ, წარმომადგენლისთვის (საადვოკატო მომსახურებისთვის) გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2022წ. გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2021წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას სსიპ შემოსავლების სამსახურთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით განადგურებული და ჩამოწერილი საქონლის - 141610 ლარის, აუდიტორული მომსახურების - 5000 ლარის, საექსპერტო მომსახურების - 3730 ლარის ანაზღაურება, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „მ...ს“ სარჩელი საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მის მიმართ წარმოებული უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის სახით განადგურებული და ჩამოწერილი საქონლის - 141610 ლარის, აუდიტორული მომსახურების - 5000 ლარის, საექსპერტო მომსახურების - 3730 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.2021წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმების თაობაზე, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურას სსიპ შემოსავლების სამსახურთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა სატრანსპორტო საშუალების ქირავნობის 19040 ლარის და წარმომადგენლისთვის (საადვოკატო მომსახურებისთვის) გაწეული ხარჯის 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურება, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.2021წ. გადაწყვეტილება შპს „მ...ს“ სასარგებლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის სატრანსპორტო საშუალების ქირავნობის 19040 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.2021წ. გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის შპს „მ...ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით განადგურებული და ჩამოწერილი საქონლის - 141610 ლარის, აუდიტორული მომსახურების - 5000 ლარის, საექსპერტო მომსახურების – 3730 ლარის დაკისრების ნაწილში, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.2021წ. გადაწყვეტილება მოსარჩელე შპს „მ...ს“ სასარგებლოდ მის მიერ, წარმომადგენლისთვის (საადვოკატო მომსახურებისთვის) გაწეული ხარჯის 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურების საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. 24.02.2020წ. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ქმნის ზიანის ანაზღურების საფუძველს. მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველად სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „მ...ს“ შორის. სკ-ის 998-ე მუხლის მიხედვით თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის დადგომაში ორივე მოპასუხე თანაბარწილად არ მონაწილეობდა. აღნიშნულის გამო მატერიალური ზიანის კონკრეტული ფაქტები ინდივიდუალურად უნდა იქნეს შეფასებული. მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქირავნობის ხარჯის გაწევა განპირობებული იყო როგორც შემოსავლების სამსახურის, ისე გენერალური პროკურატურის ქმედებებით. საქმის მასალებით დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალება გაჩერდა და დაილუქა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ და დალუქულ მდგომარეობაში იმყოფებოდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „მ...ს“ სწორად ჰქონდა შევსებული საბაჟო დეკლარაცია, ასევე დასტურდება, რომ არ დადგინდა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც ადასტურებს კომპანიის კუთვნილი საქონლის დაყოვნებისა და დალუქვის უსაფუძვლობას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის სახით განადგურებული და ჩამოწერილი საქონლის - 141610 ლარის, აუდიტორული მომსახურების - 5000 ლარის, საექსპერტო მომსახურების - 3730 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა. მოსარჩელის მიერ შემოტანილი საქონელი დაილუქა და განთავსდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ტერმინალში. საქონლის შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შემოსავლების სამსახურს. მართალია, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებამ გამოიწვია საქონლის დაყოვნება საბაჟო ტერმინალში, თუმცა დაყოვნება არ არის უშუალო კავშირში საქონლის გაფუჭებასთან. აუდიტორული და საექსპერტო მომსახურებისთვის გაწევა განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მიზნით, რომელიც გაწეულია მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის აუდიტორული და საექსპერტო მომსახურების თანხის დაკისრება უსაფუძვლოა. საქმეში დაცული მასალებით (მინდობილობები და ადვოკატის მომსახურეობის გადახდის საგადასახადო დავალიანების ქვითარი) დასტურდება, რომ მოსარჩელემ გასწია ადვოკატის მომსახურების ხარჯი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მართებულია მოპასუხეებისთვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების 2 000 ლარის ოდენობით დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

კასატორმა სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მეორადი ტანსაცმლის გაფუჭების გამო დამდგარი ზიანი. სასამართლოს არ შეუფასებია მეორადი ტანსაცმლის სატრანპორტო საშუალებაში ორი თვით დაყოვნების შემთხვევაში ტანსაცმლის გაფუჭების შესაძლებლობა. სასამართლოს უნდა დაედგინა მიზეზობრივი კავშირი ადმინისტრაციულ ორგანოს ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის კანონის ის ნორმა, რომლის მოთხოვნებიც დაარღვია შემოსავლების სამსახურმა. მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის პირობებში შემოსავლების სამსახურისთვის ზიანის დაკისრება უკანონოა. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახური არ არის სისხლისსამართლებრივი საქმის მწარმოებელი ორგანო, შესაბამისად, სკ-ის 1005.3 მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება აღნიშნული ნორმიდან არ გამომდინარეობს. სკ-ის 1005.2 მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზით თავიდან აეცილებინა ზიანი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის, არც წერილობით და არც ზეპირსიტყვიერად, არ უცნობებია საქონლის გაფუჭების რისკის თაობაზე. ტანსაცმელი არ წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, შესაბამისად, რისკის არსებობის შემთხვევაში ამის თაობაზე მოსარჩელეს უნდა ეცნობებინა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა ზიანის თავიდან აცილების შესაძლებლობას. სახეზეა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობა, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

კასატორმა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ნიშნავს პირის მიმართ ბრალის წარდგენას, რის შემდგომ პირი სისხლის სამართლის საქმეში იძენს ბრალდებულის სტატუსს და მის მიმართ იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა. სისხლის სამართლის საქმეში ბრალი შპს „მ...ს“ ან მის უფლებამოსილ პირს წარდგენილი არ ჰქონია. შპს „მ...ს“ დირექტორი საქმეში დაკითხული იქნა მოწმის სტატუსით. მოცემულ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისად, გამოძიება შეწყდა ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ამასთან სასამართლომ მიუთითა იმ პერიოდზე, როდესაც პროკურატურას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია მიმდინარე პროცესებთან. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა გამომდინარეობს მის მიმართ არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტიდან, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა დევნაშეწყვეტილი პირის რეაბილიტაცია და მისი უფლებებში აღდგენა. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 1005.3 მუხლი. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მიმართ შპს „მ...ს“ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და შემდეგ შეწყვეტას, შესაბამისად, სახეზე არაა იმგვარი საპროცესო დოკუმენტი, რომელიც მოსარჩელის რეაბილიტაციას და სკ-ის 1005.3 მუხლის გამოყენებას განაპირობებდა. გამოძიების ფარგლებში საქართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მოწმეთა დაკითხვა და ექსპერტიზის ჩატარება, აღნიშნული უკავშირდებოდა გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს - საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, რაც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც კანონსაწინააღმდეგო. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ არ არსებობდა საპროცესო ხარჯის 2000 ლარის დაკისრების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში დაცული მასალებით 13.12.2019წ. ... „...ს“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 58 782 აშშ დოლარის (187 514,58 ლარის) საბაჟო ღირებულების მქონე შპს „მ...ს“ წინასწარ დეკლარირებული 22 550 კგ მე-3 კატეგორიის მეორადი მოხმარების ტანსაცმელი და თეთრეული. აღნიშნულ დეკლარაციას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რაც გულისხმობდა დეკლარაციის, როგორც კამერალურ შემოწმებას, ასევე საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას. სატრანსპორტო საშუალება, სადაც დეკლარირებული საქონელი ინახებოდა, დაილუქა და განთავსდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ ტერიტორიაზე. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საქონელი შეფასდა მე-2 კატეგორიის ტანსაცმლად და მის მთლიან საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 441 600 ლარი. მითითებული გარემოების გამო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა წერილით მიმართა საგამოძიებო ორგანოს შემდგომი რეაგირების მიზნით. საქმეზე რამდენიმე განსხვავებული შინაარსის მქონე ექსპერტიზის დასკვნის არსებობის გამო დაინიშნა კომისიური სასაქონლო ექსპერტიზა. საბოლოოდ დადგინდა, რომ საქონელი არის მე-3 კატეგორიის და მისი ღირებულება შეესაბამება შპს „მ...ს“ პასუხისმგებელი პირის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. პროკურორის 24.02.2020წ. დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა სსკ-ის გათვალისწინებული ქმედების, მათ შორის სსკ-ის 214-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის, არარსებობის გამო, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიმართ დადგინდა საბაჟო კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის გამოწვევა (ნაქირავები სატრანსპორტო საშუალების დაყოვნება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას იმის გამო, რომ დალუქვის მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს პირის უფლებას სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამო, არამედ აგრეთვე უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების გამო. სსკ-ის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს უკანასკნელი არ არის მოცული რეაბილიტაციის ინსტიტუტით, სახელმწიფოს მიერ იმ პირის უფლების აღდგენით, რომელიც უსაფუძვლოდ დაექვემდებარა სისხლის სამართლის დევნას. მოსარჩელის ან მოსარჩელის უფლებამოსილი პირის მიმართ ადგილი არ ჰქონია უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების ფაქტს, შესაბამისად, სახეზეა არა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული, არამედ ზიანის მიყენებისთვის საერთო საფუძვლით დელიქტური ვალდებულება (სუსგ 16.05.2023წ. საქმე №ბს-1315(კ-20)), შესაბამისად, კასატორის (პროკურატურის) მითითება იმ გარემოებაზე, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და ბრალი მოსარჩელეს ან შპს-ს დირექტორს არ წარდგენია, არ გამორიცხავს საერთო საფუძვლებით ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პროცესუალური ზომის უსაფუძვლო გამოყენების გამო ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტს რეაბილიტაციის ინსტიტუტთან შედარებით შეიძლება გააჩნდეს სხვა იურიდიული და ფაქტობრივი პირობები, საპროცესო ღონისძიება შესაძლოა პირდაპირ არ იყოს დაკავშირებული პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი მარეაბილიტირებელი გადაწყვეტილების მიღებასთან, პირს, რომელსაც მიადგა ზიანი უსაფუძვლო პროცესუალური ღონისძიების გამოყენებით, შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, მოთხოვნას დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და არ აქვს პირდაპირი, ხისტი კავშირი რეაბილიტაციის ინსტიტუტთან, ზიანის ანაზღაურების საფუძველი ამ შემთხვევაში შესაძლოა იყოს არა რეაბილიტაცია, არამედ ზიანის მიმყენებელი პროცესუალური ღონისძიების უსაფუძვლო გამოყენება არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნისას, არამედ საერთოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას. კანონმდებლობა არ შეიცავს წინასწარი გამოძიების ორგანოების მოქმედებების და გადაწყვეტილებების სრულ, ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც იწვევენ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. კანონმდებლობა არ განსაზღვრავს აგრეთვე იმ პირთა ამომწურავ წრეს, რომლებსაც აქვთ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რადგან პროცესუალური იძულების ზომის გამოყენება დაიშვება არა მხოლოდ სისხლის სამართალწარმოების მონაწილეთა მიმართ, არამედ აგრეთვე სხვა იმ პირების მიმართ, რომლებიც არაპირდაპირ ჩაბმული არიან სისხლის სამართლის საპროცესო საქმიანობაში (სუსგ 16.05.2023წ. საქმე №ბს-1315(კ-20)). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შპს „მ...ს“ მიერ სატრანსპორტო საშუალების ქირავნობისთვის ხარჯის გაღების ფაქტი, კერძოდ, დასტურდება ავტომანქანის დაგვიანების გამო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე მოსარჩელის მიერ 150 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება (ტ. 1, ს.ფ. 71). დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება გაჩერდა და დაილუქა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ და დალუქულ მდგომარეობაში იმყოფებოდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტამდე. მართალია, სსიპ შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს, თუმცა სკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებების შეფასება, ამ ქმედებებისა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენა. კასატორის (შემოსავლების სამსახურის) მიერ საქონლის დალუქვისა და საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვის საფუძველი გახდა ამავე სამსახურის შესაბამისი განყოფილების ექსპერტიზის დასკვნა საქონლის კონკრეტული კატეგორიისადმი კუთვნილებისა და მისი ღირებულების განსაზღვრის შესახებ. როგორც უკვე აღინიშნა, საბოლოოდ დადგინდა შპს „მ...ს“ მიერ დეკლარაციის მართებულად შევსება (კატეგორიის მინიჭება, ღირებულების განსაზღვრა), შესაბამისად, ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ გამორიცხავს მის მიერ ზიანის ანაზღაურების საერთო საფუძვლების არსებობას. განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების დაყოვნებისა და დალუქვის საფუძვლიანობის დასაბუთება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 214-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის გამო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში დეკლარირებულ საქონელს წარმოადგენდა არა სატრანსპორტო საშუალება, არამედ მეორადი მოხმარების ტანსაცმელი და თეთრეული, რომელიც აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში იყო განთავსებული, ამასთან, საქმის მასალებში დაცული შპს „მ...ს“ წარმომადგენლების წერილებით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების შეწყვეტა, ასევე საქონლის და ნაქირავები კონტეინერის დაბრუნება, მისი მესაკუთრისთვის დაბრუნების მიზნით, შესაბამისად, მოპასუხისთვის ცნობილი იყო გარემოება იმის შესახებ, რომ სატრანპორტო საშუალება არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და იყო ნაქირავები. თუ ზიანის მიყენებაში რამდენიმე პირი მონაწილეობს, ისინი პასუხს აგებენ სოლიდარულად (სკ-ის 998 მუხ.). ერთობლივად მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პირს, ვინც მონაწილეობდა ზიანის დადგომაში. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა მოპასუხეებზე სატრანპორტო საშუალების ქირავნობის ხარჯის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ სატრანპორტო საშუალება, სადაც დეკლარირებული საქონელი იყო განთავსებული, გამოძიების შეწყვეტამდე იმყოფებოდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე. აღნიშნული ზონა წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონას, სადაც ხდება საქონლის გაფორმება (საბაჟო კოდექსის 6.1 მუხ. „ჰ3“ ქვ.პ., 29-ე მუხ.). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019წ. №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) 1.2 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დეკლარირებული საქონელი განთავსებული იყო შემოსავლების სამსახურის კონტროლის ზონაში, შესაბამისად, საქონლის შენახვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფის ვალდებულება სწორედ კასატორს ეკისრებოდა. შემოსავლების სამსახურის 19.12.2019წ. „№11111/000147 საქონლის ან/და სატრანპორტო საშუალების დათვალიერების აქტის“ მიხედვით, საქონლის დათვალიერება მიმდინარეობდა 2019 წლის 17 დეკემბრიდან 2019 წლის 18 დეკემბრამდე, დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტანსაცმელი ნაცვლად 22 550კგ-ისა არის 22 080კგ და დაინიშნა ექსპერტიზა საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით. აღნიშნული დათვალირების აქტი არ შეიცავს რაიმე მითითებას დაზიანებული საქონლის შესახებ. მოსარჩელის მითითებით საქონელი მიეკუთვნებოდა მე-3 კატეგროიას, ხოლო საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნით საქონელი შეფასდა მე-2 კატეგორიის ტანსაცმლად. მეორე კატეგორია ნიშნავს ფუთაში ან ყუთში განთავსებულ ტანსაცმელს, რომლის ძირითადი ნაწილი არის ახალი ან უხმარი, ანუ შეიცავს ცვეთის ნიშნების მქონე საქონელს, ხოლო მესამე კატეგორია ნიშნავს ფუთებში განთავსებულ ნახმარ საქონელს, რომლის ძირითად ნაწილს აღენიშნება ცვეთის აშკარა კვალი ან/და წუნი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.12.2013წ. №425 ბრძანება „საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლისას გამოსაყენებელი ფასების მონაცემთა სისტემის დამტკიცების თაობაზე“). ამდენად, საქონლის მე-2 ან მე-3 კატეგორიისადმი კუთვნილება გამორიცხავს ტანსაცმლის გაფუჭების ფაქტს, ვინაიდან მე-2 და მე-3 კატეგორიას მიეკუთვნება არა გაფუჭებული ტანსაცმელი, არამედ ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც ცვეთის ნიშნები აღენიშნება. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროისთვის არ დგინდება საქონლის გაფუჭების ფაქტი. აღნიშნული გარემოება დადგინდა გამოძიების შეწყვეტის შემდგომ, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 27.02.2020წ. „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის“ თანახმად, გაფუჭების გამო ჩამოწერას დაექვემდებარა 141 610 ლარის ღირებულების გადასახადის გადამხდელის - შპს „მ...ს“ მეორადი ტანსაცმელი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საქონელი გაფუჭდა შემოსავლების სამსახურის კონტროლის ზონაში ყოფნის პერიოდში. საწინააღმდეგო გარემოების მტკიცება კასატორმა ვერ უზრუნველყო. ამდენად, კასატორის მითითება ადმინისტრაციულ ორგანოს ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობაზე არ არის დასაბუთებული. რაც შეეხება საქონლის გაფუჭების რისკის თაობაზე მოსარჩელის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, შპს „მ...ს“ განკარგულებაში არ იმყოფებოდა საქონელი, რის გამო მოსარჩელეს არ შეეძლო გაეწია სათანადო კონტროლი საქონლის შენახვის პირობებზე, შესაბამისად, მიეწოდებინა ინფორმაცია.

რაც შეეხება აუდიტორული და საექსპერტო ხარჯების სსიპ შემოსავლების სამსახურზე დაკისრებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მითითებულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის შესაბამის დასაბუთებას, სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მიზნით აუდიტორული და საექსპერტო მომსახურებისთვის მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევის ფაქტი, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). რაც შეეხება საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, საქმეში დაცული მასალებით (მინდობილობები, ადვოკატის მომსახურეობის გადახდის ქვითარი) დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული საპროცესო ხარჯის გაწევის ფაქტი, ამდენად, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით მართებულია საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებზე დაკისრება, ამასთან, აღნიშნულ ნაწილში კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2022წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი