Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-7(კს-24) 12 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კერძო საჩივრის ავტორი - კ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 11 ნოემბერს კ. მ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 აგვისტოს №1 მითითებისა და 2022 წლის 22 აგვისტოს ბრძანების, ასევე კ. მ-ის დაჯარიმების და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 11 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - კ. მ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული კერძო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

კ. მ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, თუმცა არ წარმოუდგენია დასაბუთებული კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საკასაციო პალატამ 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ შევსებულად მიიჩნია და კერძო საჩივრის ავტორს 7 დღით გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, რათა მას სრულად შეევსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული კერძო საჩივარი (გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლების (მიზეზების) მითითებით).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამასთან, დასახელებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - კ. მ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით, რათა მას სრულად შეევსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული კერძო საჩივარი (გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლების (მიზეზების) მითითებით).

საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს და 2024 წლის 28 მარტს გადასაცემად ჩაბარდა მის მეუღლეს - ო. მ-ს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2024 წლის 29 მარტიდან დაიწყო და 2024 წლის 4 აპრილს (ხუთშაბათი) ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის. კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით დადგენილი და 2024 წლის 4 მარტის განჩინებით გაგრძელებული ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2024 წლის 11 აპრილს, ამასთან, წარმოდგენილი განცხადების შემცველ საქართველოს ფოსტის კონვერტზე ასახულ თარიღს წარმოადგენდა - 10.04.2024. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება სასამართლოში წარმოდგენილია ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის (04.04.2024) დარღვევით, რაც კ. მ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კ. მ-ს კერძო საჩივარზე 23.02.2024წ. №20691712508 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კ. მ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 23.02.2024წ. №20691712508 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე, 447-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. კ. მ-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 23.02.2024წ. №20691712508 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე