Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-840(კ-22) 16 აპრილი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - ნ.გ-ა, მ.ნ-ი და ა.ნ-ი (ნ.ნ-ის უფლებამონაცვლეები)

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ლ.ნ-ე, გ.ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ნ-მა 2021 წლის 22 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 ივლისის №... და 2020 წლის 18 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ.ნ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ.ჩ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით ნ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.ნ-ის მიერ.

კასატორი მიუთითებდა ადმინისტრაციული წარმოების მნიშვნელობაზე და აღნიშნავდა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონებაზე ისე დარეგისტრირდა მესამე პირის საკუთრების უფლება, რომ მესაკუთრეს არ შეატყობინეს და არ მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება.

ნ.ნ-ის ... საკადასტრო კოდის მქონე 610 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ეკუთვნოდა 2/3 ნაწილი, ხოლო გ.ჩ-ეს, რომელსაც ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული ქონება, ეკუთვნოდა ამ მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილი, რაც ჯამში სრულად მოიცავს მთლიანი მიწის ნაკვეთს 610 კვ.მ-ს. ამდენად, ლ.ნ-ის საკუთრება არ შეიძლება არსებობდეს ნ.ნ-ისა და გ.ჩ-ის საკუთრებაში. ლ.ნ-ემ საკუთრება დაირეგისტრირა ...ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №2-2381) საფუძველზე სადაც მითითებულია, რომ: ,,მართალია აღნიშნულ მისამართზე, მიწის ნაკვეთი და სახლთმფლობელობა აღრიცხულია ს.ნ-ის სახელზე, მაგრამ იქვე მიმდებარედ 1957 წლიდან აშენებულია საცხოვრებელი სახლი ლ.ნ-ის ოჯახის წევრების მიერ, რომელშიც ცხოვრობდნენ ისინი და დღესაც აგრძელებს ცხოვრებას მასში, რომელიც არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული“. კასატორის მითითებით, ასეთი ფართი არ არსებობს, ვინაიდან უძრავი ქონების 1/3 ეკუთვნის გ.ჩ-ეს, ხოლო 2/3 ნ.ნ-ის, რომლებმაც ქონება მიიღეს მემკვიდრეობით და დაირეგისტრირეს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. რაც შეეხება ლ.ნ-ეს და მის ოჯახს, მათ, როგორც უბინაოებმა, ორჯერ მიიღეს სახელმწიფოსგან ბინა თბილისში. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს სამოქალაქო კოდექსის 149-ე და 150-ე მუხლები, რომლის მიხვედით, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი, რომელიც მყარად დგას მიწაზე, არის მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

კასატორი მიუთითებდა, რომ ...ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, ლ.ნ-ის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა ნ-ის და ჩ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიშენებულ ფართზე. 2013 წლის 5 ივნისს ლ.ნ-ემ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უფლების რეგისტრაცია თბილისში, ...ის ქ. №9-შიმდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...). 2013 წლის 11 ივნისს საჯარო რეესტრმა №... გადაწყვეტილებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მოითხოვა სათანადო წესით დამოწმებული თანამესაკუთრის-ნ.ნ-ის თანხმობა განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე უკვე რეგისტრირებულ და დაზუსტებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ლ.ნ-ეს არ წარუდგენია ნ-ის თანხმობა, საჯარო რეესტრის 2013 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილებით ლ.ნ-ე დარეგისტრირდა თანამესაკუთრედ ნ.ნ-ისა და გ.ჩ-ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

კასატორი აღნიშნავდა, რომ ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინება არის გაყალბებული დოკუმენტი, კერძოდ, ვინაიდან განჩინება არის 2002 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის შესწორების თაობაზე, ლ.ნ-ის მიერ დაყენებული მოთხოვნა ითვალისწინებდა სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რაც განხილულ უნდა ყოფილიყო საერთო სასარჩელო წესით და არა უსწორობის შესწორების შესახებ განჩინებით. ასევე განჩინება დამოწმებულია ბეჭდით, რომელზეც აღნიშნულია მცირე სახელმწიფო გერბი, რომელიც 2004 წელს არ ყოფილა გამოყენებაში. მცირე სახელმწიფო გერბმა საბოლოო სახე მიიღო 2005 წლის 3 ივნისს (,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ ორგანული კანონი 27/06/2005წ.) და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენებოდა. ამასთან საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებით 2005 წლის 5 მაისს ლიკვიდირებულ იქნა ...ის რაიონული სასამართლო და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, და მხოლოდ ამის შემდეგ, ე.ი. მას შემდეგ, რაც გაუქმდა ...ის რაიონული სასამართლო, ამოქმედდა მცირე სახელმწიფო გერბი, შესაბამისად, რაიონული სასამართლოს ბეჭედზე არ შეიძლება ასახულიყო მცირე გერბი. 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინება დამოწმებულია ნოტარიუსის ი.ნ-ის მიერ, რომელიც აღნიშნავს, რომ 2013 წლის 27 მაისს ლ.ნ-ემ მას მიუტანა ქ. თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინება - საქმე №2213 (ასლი დედანთან სწორია: შესულია კანონიერ ძალაში-მოსამართლე: ნ.შ-ე ხელმოწერილია, ბეჭედი: ...ის რაიონული სასამართლო) და მოითხოვა აღნიშნული დოკუმენტის ასლის სისწორის დამოწმება. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 59-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსი ასლის შესაბამისობის დამოწმებისას არ ამოწმებს დოკუმენტის კანონიერებას და ნამდვილობას, იგი პასუხს არ აგებს იმის გამო, რომ დოკუმენტის დედანი კანონსაწინააღმდეგოა ან გაყალბებულია. შესაბამისად, საჯარო რეესტრს სარეგისტრაციოდ წარედგინა არა დოკუმენტის დედანი ან დედნის დამოწმებული ასლი, არამედ დამოწმებული ასლის ასლი, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს უფლების დამდგენ დოკუმენტად. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინება არ მოიძებნა საერთო სასამართლოების არქივში, ასევე სასამართლოში.

კასატორი ყურადღებას ამახვილებდა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თავისებურებებზე და აღნიშნავდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა ნ.ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი მხარის მონაწილეობით, ვინაიდან ნ-ის რეგისტრირებულ უფლებაში საჯარო რეესტრმა ისე შეიტანა ცვლილებები, რომ მხარისათვის არ შეუტყობინებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნ.ნ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

2023 წლის 24 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ.გ-ამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ბებია, მოსარჩელე - ნ.ნ-ი 2022 წლის 04 დეკემბერს გარდაიცვალა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით, №ბს-840(კ-22) ადმინისტრაციულ საქმეზე ნ.ნ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.

2024 წლის 16 იანვარს საკასაციო პალატას, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართა ნ.გ-ამ, რომელმაც წარმოადგინა 2023 წლის 27 სექტემბერს გაცემული №231357574, №231357937 და №231357689 სამკვიდრო მოწმობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით №ბს-840(კ-22) ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება და ნ.ნ-ის უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაებნენ ნ.გ-ა, მ.ნ-ი და ა.ნ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.გ-ას, მ.ნ-ის და ა.ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

...ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ლ.ნ-ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ და დადგინდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №9-ში მდებარე „ლიტ-ა“-ზე მიშენებულ ფართზე, „ლიტ-ვ“ და „ლიტ-ს“ ნაგებობებსა და დამხმარე სათავსოებზე საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტი, რომელთა საკუთრებისა და კანონიერების დამადასტურებელი საბუთები ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს არ გააჩნია. ამავე გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საჯარო რეესტრის სამსახურს და ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს დაევალათ აღნიშნული ფართის ლ.ნ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების 2012 წლის 12 დეკემბრის №681 წერილის თანახმად, ...ის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში (განმცხადებელი - ლ.ნ-ე, მოთხოვნის საგანი - იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის საკუთრების უფლებით საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტის დადგენა).

...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ.ნ-ის განცხადება და დადგინდა ...ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 იანვრის №2/36 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებული უსწორობის შემდეგი სახით შესწორება: ,,დაკმაყოფილდეს ლ.ნ-ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ და დადგენილ იქნა მის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ. №9-ში მდებარე „ლიტ-ს-ზე" ფართზე, „ლიტ-ს“ და „ლიტ-კ“ (ნაგებობებზე) და დამხმარე სათავსოების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტი“. განჩინება დამოწმებულია ...ის რაიონული სასამართლოს გერბიანი ბეჭდით, ასლის დედანთან სისწორე დამოწმებულია და განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, 2007 წლის მდგომარეობით ქ. თბილისში, ...ის ქ.№9-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 610.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე (საერთო ფართით - 43.52 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 22.20 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1-ში 199.28 კვ.მ №2, №3) რეგისტრირებული იყო თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, უძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ.ნ-ი.

2013 წლის 5 ივნისს ლ.ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №9-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად თან ერთოდა ...ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების ასლი და ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 25 მაისს დამოწმებული ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინების ასლის ასლი.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, უკვე რეგისტრირებულ და დაზუსტებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სათანადო წესით დამოწმებული თანამესაკუთრის (ნ.ნ-ის) თანხმობის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი სარეგისტრაციო წარმოებაში არ განიხილებოდა და რეგისტრაცია განხორციელდებოდა სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე, რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების გათვალისწინებით. 2013 წლის 8 ივლისს ლ.ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აღნიშნა, რომ თანახმა იყო, სარეგისტრაციო წარმოებისას მარეგისტრირებელ ორგანოს არ ეხელმძღვანელა წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზითა და ელ. ვერსიით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.ნ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ქ. თბილისში, ...ის ქ. №9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, კერძოდ, შენობა-ნაგებობები: ,,ლიტ ს“ და ,,ლიტ კ“ შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთით დარეგისტრირდა ლ.ნ-ის საკუთრების უფლებით. რეგისტრაციის საფუძვლად მიეთითა ...ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №2-2381) და ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინება (საქმე №2213).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. ამ უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ლ.ნ-ემ მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა ...ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების ასლი და ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 25 მაისს დამოწმებული ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინების ასლის ასლი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია კონკრეტული პირის მიერ უძრავი ქონების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტი და, ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საჯარო რეესტრის სამსახურს და ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს დაევალათ აღნიშნული ფართის ამ პირის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა, წარმოადგენს უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილ ერთ-ერთ დოკუმენტს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში (იხ.სუსგ №ბს-585-572(4კ-14), 30.04.2015წ.; №ბს-30-30(2კ-15), 02.05.2015წ.; №ბს-193-189(2კ-15), 29.09.2015წ.). საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სათანადოდ წესით სადავოდ არ გაუხდია რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ...ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება და ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინება. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების 2012 წლის 12 დეკემბრის №681 წერილით დასტურდება, რომ ...ის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინების სიყალბესთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სიყალბე უნდა დასტურდებოდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოს განაჩენით ან ექსპერტიზის დასკვნით, რაც განსახილველ შემთხვევაში არ წარმოდგენილია.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად მიუთითებს ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ 2004 წლის 1 ოქტომბრის ორგანულ კანონზე (ამოქმედდა 2004 წლის 12), რომლის შესაბამისად, დამტკიცებული სახელმწიფო გერბი არის გამოსახული მხარის მიერ მითითებულ ...ის რაიონული სასამართლოს ბეჭედზე და არა ის გერბი, რაც დამტკიცდა, 2004 წლის 1 ოქტომბრის ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ ორგანულ კანონში, 2005 წლის 3 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ განჩინებაზე დატანილ ...ის რაიონული სასამართლოს ბეჭედზე გამოსახულია ამ სასამართლოს ლიკვიდაციამდე (2005 წლის 5 მაისი) მოქმედი და არა 2005 წელს შეცვლილი საქართველოს სახელმწიფო გერბი, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს აპელანტის არგუმენტაციის მართებულობას, 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინების სიყალბესთან დაკავშირებით მის მიერ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 დეკემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მართალია, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან მიმართებით სასამართლოს კომპეტენციის არსებობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წესით აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 ივლისის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოსარჩელის ინტერესზე გავლენას ვერ იქონიებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო განაცხადი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ-ას, მ.ნ-ის და ა.ნ-ის (ნ.ნ-ის უფლებამონაცვლეები) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა