საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-1411(კ-22) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ჟ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 2 სექტემბერს ა. ჟ-ამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, მას 2021 წლის 2 ივნისს ...ის გამშვებ საბაჟო პუნქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, ჯარიმის სახით დაეკისრა 1000 ლარი. სამართალდარღვევის ოქმით განისაზღვრა, რომ 2021 წლის 2 ივნისს ... „...ში“ თურქეთის დანიშნულებით შემოვიდა ...ს მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით .... საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შემოვიდა 2020 წლის 7 თებერვალს და საქართველოში ყოფნის ვადა განესაზღვრა 90 კალენდარული დღე, ამასთან, ...ში გამოცხადების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 6 მაისი.
მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმზე შეიტანა საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა შეზღუდვები, რომელთა გათვალისწინებით, საქართველოს სახმელეთო საზღვრებში, ავტომობილების გადაადგილება თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან იყო აკრძალული, რის გამოც მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეცვა მისთვის განსაზღვრული 90-დღიანი ვადა. მოსარჩელის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №23573 ბრძანებით, მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივნისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა (სერია №...) და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №23573 ბრძანების ბათილად ცნობა მითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ჟ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 2 ივნისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №23573 ბრძანება. ა. ჟ-ა გათავისუფლდა ადმინისტრაციული სახდელისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 2 ივნისს, ... „...ის“ კონტროლის ზონაში თურქეთის დანიშნულებით შემოვიდა ...ს მარკის სატრანსპორტო საშუალება რუსული სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა. ჟ-ა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2020 წლის 7 თებერვალს და საქართველოში ყოფნის ვადად განესაზღვრა 90 კალენდარული დღე. ამასთან, ... „...ში“ გამოცხადების ვადად დადგინდა 2020 წლის 6 მაისი. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა დაგვიანებით, რის გამოც ა. ჟ-ა დაჯარიმდა სსკ-ს 165-ე მუხლით და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით 2020 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 1 ივნისამდე ყველა სახეობის მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის ჩაკეტილი იყო სახმელეთო საზღვრები. ხოლო, ა. ჟ-ა სახელმწიფო საზღვარზე გამოცხადდა ერთი დღის დაგვიანებით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჟ-ამ ადმინისტრაციულ საჩივრით ითხოვა 2021 წლის 2 ივნისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ა. ჟ-ას საჩივარი, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასტურდებოდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების და დეკლარირების ვადის დარღვევაში. ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის კი პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი. ამასთან, სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე, 237-ე, 264-ე და 278-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსი არ შეიცავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას და მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობაზე სრულად ვრცელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე და 34-ე მუხლების დანაწესი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ჟ-ას მიერ ჩადენილი ქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც მცირე მნიშვნელოვანი გადაცდომა და ის უნდა გათავისუფლებულიყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით, ვინაიდან ქმედებას არ გამოუწვევია ისეთი ზიანი ან/და სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ისეთი დარღვევა, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიზანია დარღვევის პრევენცია და არა რეპრესიული ღონისძიებების გატარება, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში კანონის მიზნების და ამოცანების მიღწევა სავსებით შესაძლებელი იყო სიტყვიერი შენიშვნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ჟ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის - ჯარიმის დაკისრების ნაწილში და მოსარჩელე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლებულიყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო სიტყვიერი შენიშვნა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა ისინი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული და იგი იძლეოდა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებს გაეგოთ, თუ რატომ გაიზიარა ნაწილობრივ სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია და რატომ უარყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება ამ ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ იყო ა. ჟ-ას მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ა. ჟ-ას სახელმწიფო საზღვარზე 1 დღის დაგვიანებით გამოცხადება და შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა მხარეთა მიერ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ჩადენილი სამართალდარღვევის გამო, ა. ჟ-ასათვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების კანონიერება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამართალდამრღვევის დასჯა არ უნდა ატარებდეს მხოლოდ რეპრესიულ ხასიათს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, როგორიცაა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. ამასთან, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო ურთიერთობაზე სრულად ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე და 34-ე მუხლების დანაწესი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ ა. ჟ-ას მიერ ჩადენილი ქმედება მართებულად შეაფასა როგორც მცირემნიშვნელოვანი გადაცდომა და გაათავისუფლა სახდელისაგან, სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით, ვინაიდან, მის ამ ქმედებას არ გამოუწვევია ისეთი ზიანი ან/და სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ისეთი დარღვევა, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას, გარდა ამისა, დარღვევის პრევენციის საკანონმდებლო მიზნების მიღწევა, განსახილველ შემთხვევაში სიტყვიერი შენიშვნის მიცემითაც შესაძლებელი იყო. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის გამო, საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის არსებობის შესახებ, ასევე, ის გარემოება, რომ ა. ჟ-ა სახელმწიფო საზღვარზე გამოცხადდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღის დაგვიანებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, გამოიყენა ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება მთლიანად დააფუძნა მას. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები, კერძოდ 22-ე მუხლი. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი არ ვრცელდება საბაჟო სამართალდარღვევის საქმეებზე, ვინაიდან აღნიშნული საქმეების წარმოება რეგულირებულია საქართველოს საბაჟო კოდექსით, რომელიც არ ითვალისწინებს სამართალდამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესაძლებლობას.
კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი უკავშირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და არა საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულ სანქციებს. თავის მხრივ ადმინისტრაციული სახდელი განმარტებულია ზემოაღნიშნული კოდექსის 23-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლში ჩამოთვლილია ადმინისტრაციული სახდელის სახეობანი. მეორე მხრივ საბაჟო სამართალდარღვევისა და საბაჟო სანქციის ცნებები განმარტებულია საბაჟო კოდექსით, რომლის თანახმადაც საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო საბაჟო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის. ამასთან, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლით გაწერილია საგადასახადო სანქციის სახეები. ამდენად, კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელიც და საბაჟო სანქციაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას, თუმცა, ვინაიდან განსხვავდება მათი მიზნები, რეგულირების სფერო და სახეები, აღნიშნული ცნებები არ არის იდენტური, არამედ ისინი წარმოადგენენ განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი ეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სახდელს (და არა საბაჟო სანქციას), შესაბამისად, აღნიშნული მუხლი ვერ იქნება გამოყენებული საბაჟო სანქციის შემთხვევაში.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე და 34-ე მუხლების გამოყენების შესახებ და აღნიშნა, რომ სადავო ურთიერთობა რეგულირებულია სპეციალური კანონით - საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, სპეციალური და უფრო ახალი კანონის გამოყენების ვალდებულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივნისის საბაჟო სამართალდარღვევის №... ოქმის ნაწილობრივ (ჯარიმის სახით 1000 ლარის დაკისრების ნაწილში) ბათილად ცნობის და ა. ჟ-ას ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებისა და მისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჟ-ას სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ (ჯარიმის სახით 1000 ლარის დაკისრების ნაწილში) ბათილად იქნება ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივნისის საბაჟო სამართალდარღვევის №... ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალება აღნიშნულ ნაწილში საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №23573 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ა. ჟ-ასათვის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების კანონიერება. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, ისევე როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა შეაფასოს სარჩელის მხოლოდ დაკმაყოფილებული ნაწილის - ა. ჟ-ასათვის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების - კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2021 წლის 2 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „...ის“ კონტროლის ზონაში თურქეთის დანიშნულებით შემოვიდა „...“-ის მარკის სატრანსპორტო საშუალება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა. ჟ-ა, რომელიც ასევე წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეს. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2020 წლის 7 თებერვალს და ქვეყანაში ყოფნის ვადად განესაზღვრა 90 კალენდარული დღე, ამდენად, ავტომანქანის საბაჟო გამშვებ პუნქტ „...ში“ გამოცხადების თარიღი იყო 2020 წლის 6 მაისი.
დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით 2021 წლის 1 ივნისამდე ყველა სახეობის მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის ჩაკეტილი იყო სახმელეთო საზღვარი. ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადდა დაგვიანებით. კერძოდ, ა. ჟ-ა სახელმწიფო საზღვარზე გამოცხადდა ერთი დღის დაგვიანებით - 2021 წლის 2 ივნისს. ამდენად, მოსარჩელე 2021 წლის 2 ივნისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა და მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ა. ჟ-ამ 2021 წლის 2 ივნისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე წარადგინა საჩივარი, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №23573 ბრძანებით მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებულ წესებსა და საბაჟო ფორმალობებს, საბაჟო დავის გადაწყვეტის წესს, საბაჟო სამართალდარღვევის სახეებს და ამ სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლი შეიცავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ზუსტ ჩამონათვალს და მათ იერარქიას. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა შედგება საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კოდექსისგან და მის შესაბამისად მიღებული ან გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომელიც განსაზღვრავს, რომ საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი საბაჟო სანქციების სახეებად ჩამოთვლის გაფრთხილებას, ჯარიმას, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლი, მათ შორის, შეიცავს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი და შემამსუბუქებელი ღონისძიებების გამოყენების წინაპირობებსაც. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-11 ნაწილი ითვალისწინებს საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლებას, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. ხოლო, ზემოაღნიშნული მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით. გარდა ამისა, საქმის განხილვის პერიოდში, 2023 წლის 5 აპრილის №2767 საქართველოს კანონით ცვლილება შევიდა დასახელებული მუხლის მე-15 ნაწილში, რომლითაც დადგინდა ამავე კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაზე, რომლის მე-5 მუხლის (გარდამავალი დებულებები) 1-ლი პუნქტის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, რაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას და აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა დაუძლეველ ძალად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდში შემოყვანილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) ..., ..., ..., ..., ... და ... სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3- ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრული საურავისაგან, თუ იგი 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოფს ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან რეექსპორტში მის დეკლარირებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა).
ამდენად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების როგორც აღკვეთის, ასევე დაფიქსირებულ შემთხვევებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ იქნა იმგვარი ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, არ გამოიწვევდა ადამიანების უფლებების მომეტებულ შეზღუდვას. აღნიშნულის ერთ-ერთ გამოვლინებას კი სწორედ საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან პირების გათავისუფლება და მათი მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების თარიღის 2021 წლის 1 ივნისამდე გადაწევა წარმოადგენდა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის შემდეგ, ა. ჟ-ას უნდა უზრუნველეყო ...ის საბაჟო გამშვებ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გამოცხადება, რაც მან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით - 2021 წლის 2 ივნისს განახორციელა. ამდენად, სადავო არ არის მოსარჩელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ა. ჟ-ასათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების მართლზომიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსი მართალია არ შეიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების პირდაპირ აკრძალვას, თუმცა აღსანიშნავია, რომ საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე−249-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამდენად, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსი პირდაპირ აკეთებს დათქმას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლების გამოყენების შესაძლებლობაზე, ამავე კოდექსის სხვა მუხლებში კი ასეთი მითითება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ხელმძღვანელობის შესაძლებლობა არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსი მიღებულია 2019 წლის 28 ივნისს (გამოქვეყნების თარიღი: 04/07/2019), ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მიღებულია 1984 წლის 15 დეკემბერს (გამოქვეყნების თარიღი: 31/12/1984). ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან მიმართებით წარმოადგენს როგორც უფრო ახალ მიღებულ, ასევე საბაჟო სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ, სპეციალურ კანონს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება საბაჟო სამართალდარღვევას, ჩადენილი ქმედებისთვის შესაბამისი სანქციის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუ იკვეთება შემამსუბუქებელი გარემოების არსებობა, მოსარჩელისთვის უკვე განსაზღვრულ სანქციაზე (ამ შემთხვევაში - ჯარიმა) მსუბუქი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც საკანონმდებლო ცვლილების შედეგად თავად საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმაზე მსუბუქი სანქციის გამოყენების შესაძლებლობას, ვერ იქნება მიჩნეული საქმის გარემოებების სწორ სამართლებრივ შეფასებად. ამდენად, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები უკავშირდება საბაჟო ურთიერთობას, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლოებმა უნდა იხელმძღვანელონ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით, არამედ საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაწესების გამოყენება შესაძლებელი არის იმ შემთხვევაში, თუ იგი სპეციალური კანონით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული ან საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტი არ შეიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაწესების დაუშვებლობაზე მითითებას. აღნიშნულის მაგალითს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება... განსახილველი შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობები არ არის სხვაგვარად დარეგულირებული სპეციალურ, კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით“ (სუსგ №ბს-320(2კ-21), 10.11.2022წ; №ბს-638-634(2კ-17), 20.12.2019წ). ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო სამართალდარღვევაზე მსჯელობისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობის და საბაჟო კოდექსში პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის ფაქტის გათვალისწინებით, არ არსებობს საბაჟო სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გავრცელების იმგვარი წინაპირობები, რაც სამშენებლო სამართალდარღვევის შემთხვევაშია მოცემული.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გაფრთხილება, როგორც საქართველოს საბაჟო კოდექსის, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად წარმოადგენს სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირისთვის დასაკისრებელი სანქციის/სახდელის ერთ-ერთ სახეს, ამდენად იგი წარმოადგენს სამართალდამრღვევის მიმართ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის ზომას. ხოლო ასკ-ის 22-ე მუხლი ითვალისწინებს მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შენიშვნის გამოცხადების გზით პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. მართალია გაფრთხილება და სიტყვიერი შენიშვნა, თავიანთი ბუნებით წარმოადგენენ სამართალდამრღვევი პირის მიმართ გამოყენებულ სხვადასხვა ღონისძიებას, თუმცა ორივე მათგანის გამოყენების შემთხვევაში, პირი ითვლება სამართალდამრღვევად. ამასთან, როგორც სიტყვიერი შენიშვნის, ასევე გაფრთხილების გამოყენების პირობებში, პირს არ ეკისრება ფულადი თანხის (ჯარიმის) გადახდის ვალდებულება, მაშასადამე, მას არ ეკისრება ფინანსური ტვირთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ფიზიკური პირისთვის ფინანსური ტვირთის - 1000 ლარის ოდენობით დაკისრებული ჯარიმის თავიდან არიდების და მის მიმართ უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების მიზნის მიღწევა შეიძლება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გაფრთხილების შეფარდებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების გარეშე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა“ (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას ამოწმებს არა ფაქტობრივი, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგენილ იქნეს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამოკვლევის შესაძლებლობა საკასაციო სასამართლოს არ აქვს. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის განხილვისას განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილი ამავე კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენებას ითვალისწინებს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით. ამასთან, დასახელებული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №23573 სადავო ბრძანებაში ა. ჟ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთებისას, მათ შორის მითითებულია, რომ მოსარჩელე წარსულში დაჯარიმებული იყო ანალოგიური სამართალდარღვევის ჩადენის გამო და მისთვის ცნობილი იყო საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების თაობაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებიდან არ დასტურდება ა. ჟ-ას მიმართ წარსულში ჯარიმის დაკისრების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ გამოკვლეულა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ხელახალი განხილვის ფარგლებში, უნდა გამოიკვლიოს და მხედველობაში მიიღოს პანდემიასთან დაკავშირებული როგორც რეგულაციები, ასევე ის სირთულეები, რომლებმაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პერიოდში იჩინა თავი და დააბრკოლა ფიზიკური პირების მიერ მთელი რიგი მოქმედებების განხორციელება. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მოსარჩელის პიროვნებისა და ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შეფასებულ უნდა იქნეს რამდენად გონივრული იქნება მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის მის მიმართ ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც იგი საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადდა მხოლოდ ერთი დღის დაგვიანებით - 2021 წლის 2 ივნისს. გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობის შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული სამართალდარღვევა იყო თუ არა ჩადენილი განმეორებით, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა დაადგინოს სადავო სამართალდარღვევის ჩადენამდე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ 12 თვიან ვადაში ა. ჟ-ას მიერ ჩადენილი იყო თუ არა იგივე ქმედება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან, დამატებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების აუცილებლობა, რაც ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივნისის საბაჟო სამართალდარღვევის №... ოქმის ნაწილობრივ (ჯარიმის სახით 1000 ლარის დაკისრების ნაწილში) ბათილად ცნობის საფუძველი, თანამდევი შედეგის სახით ბათილია მასზე საჩივრის წარდგენის შედეგად, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №23573 ბრძანებაც და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივნისის საბაჟო სამართალდარღვევის №... ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ა. ჟ-ას ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებისა და მისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ჟ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივნისის საბაჟო სამართალდარღვევის №... ოქმი ა. ჟ-ასათვის ჯარიმის სახით 1000 ლარის დაკისრების თაობაზე და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს აღნიშნულ ნაწილში საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №23573 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
6. სსიპ შემოსავლების სამსახურს ა. ჟ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე