Facebook Twitter

ბს-261 (2კ-22) 29 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-ემ 20.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.06.2015წ. N000083 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.09.2015წ. N612 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2016წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2017წ. გადაწყვეტილებით გ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.06.2015წ. N000083 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.09.2015წ. N612 ბრძანება ქ. თბილისში, ...ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსის სახურავზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის ნაწილში, სარჩელი, ქ. თბილისში, ...ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსის სახურავზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2014წ. N1539735 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.06.2015წ. N000083 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.09.2015წ. N612 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2021წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2022წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2017წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2014წ. №1539735 გადაწყვეტილებით გ. ს-ეის მოთხოვნის საფუძველზე დადასტურდა სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად თბილისში, ...ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსში, გ. ს-ეის საკუთრებაში არსებულ სხვენში პირველი კლასის სამერცხლულების და სადარბაზოდან სხვენში ასასვლელი კიბის მოწყობის შესაძლებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.06.2015წ. №000083 დადგენილებით გ. ს-ე დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსის სახურავზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2014წ. №1539735 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის. ამავე დადგენილებით გ. ს-ეს დაევალა მითითებულ მისამართზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს სადავო ფართის (სხვენის) სამართლებრივი მდგომარეობა. სააპელაციო პალატის მითითებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სადავო 11.06.2015წ. №000083 დადგენილების გამოცემის მომენტისათვის, თბილისში, ...ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსში მდებარე 73.48 კვ.მ. ფართის (სხვენის) (ს/კ ...) მესაკუთრეს აღარ წარმოადგენდა მოსარჩელე და საჯარო რეესტრში აღნიშნულ ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო გ. გ-ის საკუთრების უფლება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (ამჟამად მოქმედი 19.1 მუხლი), საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან გ. გ-ის საკუთრების უფლება სადავო ფართზე (სხვენი) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ასეთი ობიექტის დემონტაჟის დავალება ხელყოფს და გაუმართლებელ ჩარევას გამოიწვევს ფიზიკური პირის საკუთრების უფლებაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გ. ს-ეის წარმომადგენლმა წარადგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 24.11.2017წ. N3700052 ბრძანება, რომლითაც ქ. თბილისში, ...ი, კვარტალი ..., კორპუსი ..., მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე (საკადასტრო კოდი: ...) დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები დადასტურებულია და ობიექტი მიღებულია ექსპლოატაციაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დემონტაჟის დავალების ნაწილში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 14.2 მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონი თანმიმდევრულად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, ვისმა ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამართალდარღვევა. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გ. ს-ეს სადავოდ არ გაუხდია მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სამუშაოების ნაწილის გ. ს-ეის მიერ განხორციელების ფაქტი დაადასტურა ასევე მისმა წარმომადგენელმა ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად 8000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია. კასატორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია სადავო დადგენილება გ. ს-ეის 8 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში, დემონტაჟის ნაწილში კი აქტი ბათილად ცნო. სასამართლოს განმარტებით, დადგენილების გამოცემის მომენტისათვის სხვენის მესაკუთრეს აღარ წარმოადგენდა მოსარჩელე და აღნიშნულ ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო გ. გ-ის საკუთრების უფლება. კასატორი აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 26.4 მუხლის თანახმად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს. ამდენად, სამართალდარღვევის/ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოფხვრა/არ აღმოფხვრის საკითხის შესწავლა ხდება დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რასთან დაკავშირებითაც გამოიცემა დამოუკიდებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი. მსგავსი ქმედების განუხორციელებლობის შემთხვევაში, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იხილავს თავდაპირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით დაკისრების საკითხს და აღნიშნული წარმოების ფარგლებში "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 26.5 მუხლის გათვალისწინებით განსაზღვრავს/ახდენს შესაბამისი სამართალდამრღვევი სუბიექტის იდენტიფიცირებას. კასატორის განმარტებით ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული თავდაპირველი დადგენილება და არა ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა ობიექტის მესაკუთრის ცვლილების შესწავლა დავის საგანთან კავშირის არქონის გამო.

კასატორმა აღნიშნა, რომ როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე. მიუხედავად მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილებისა, მოსარჩელე არ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მოსარჩელეს არ მიუთითებია იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღნიშნულ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძელი.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 14.2 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა გ. ს-ეის მიერ უნებართვო მშენებლობის წარმოების და შესაბამისად მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც ქმნიდა როგორც დაჯარიმების, ასევე დემონტაჟის დავალების საფუძველს. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მიერ ერთის მხრივ, ჯარიმის დაკისრების თაობაზე დადგენილების კანონიერად ცნობა და მეორეს მხრივ, დემონტაჟის დავალების შესახებ დადგენილების უკანონოდ მიჩნევა ეწინააღმდეგება კანონით რეგლამენტირებულ სამართლებრივ საფუძვლებს. ზედამხედველობის სამსახურის მიერ პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემის მიზანი არ უნდა იყოს ჯარიმის დაკისრება, არამედ უმთავრესი მიზანი უნდა იყოს სამართალდარღვევის აღმოფხვრა. კასატორმა "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 26.5 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა უძრავი ქონების გასხვისების გამო პასუხისმგებლობის გამორიცხვის თაობაზე, რადგან დადგენილება დემონტაჟის დავალების ნაწილში აღსრულდება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით დადგენილი წესით. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება. ამდენად, სახეზეა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2014წ. N1539735 გადაწყვეტილებით გ. ს-ეის მოთხოვნის საფუძველზე დადასტურდა სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად თბილისში, ...ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსში გ. ს-ეის საკუთრებაში არსებულ სხვენში პირველი კლასის სამერცხლულების და სადარბაზოდან სხვენში ასასვლელი კიბის მოწყობის შესაძლებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 19.03.2015წ. შეადგინა №000083 მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გ. ს-ეის მიერ თბილისში, ...ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსის სახურავზე განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ, სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2014წ. №1539735 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების (სახურავზე კეხის სიმაღლის და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულების მოწყობა) დარღვევით. აღნიშნული მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, გ. ს-ეს დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2014წ. №1539735 გადაწყვეტილებით დადასტურებულ ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში მოყვანა. დარღვევის გამოსასწორებლად გ. ს-ეს განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.04.2015წ. №000083 შემოწმების აქტის თანახმად გ. ს-ემ არ შეასრულა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 19.03.2015წ. №000083 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო აღნიშნული შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.06.2015წ. №000083 დადგენილებით გ. ს-ე დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსის სახურავზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.09.2015წ. N612 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ. ს-ეის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.06.2015წ. №000083 დადგენილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი), სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, ხოლო თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გ. ს-ეის მიერ თბილისში, ...ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსის სახურავზე განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2014წ. N1539735 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით, რაც სადავო პერიოდში მოქმედი "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 66.10 მუხლის თანახმად უნებართვო მშენებლობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას გ. ს-ეის მიერ წარმოდგენილ იქნა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 24.11.2017წ. N3700052 ბრძანება, რომლის თანახმად თბილისში, ...ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსის სახურავზე დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები დადასტურებულია "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცვევის კოდექსის" 1032 მუხლის თანახმად. ამავე ბრძანების თანახმად მშენებლობის დადასტურება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცვევის კოდექსის" 1032 მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელმაც 2007 წლის 1 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ განახორციელა მშენებლობადამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები (შენობა-ნაგებობის, მზიდი კონსტრუქციების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) ან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტურის დარღვევით განახორციელა შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები (შენობა-ნაგებობის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლის მოწყობა და ქანობზე ღიობის/ღიობების გამოჭრა), რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს ან/და რომლებიც არ ცვლის შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდისაგან და ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის გამოსწორებულია ან თუ ეს სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორდება ან მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შენობის დემონტაჟის, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის, გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა. მშენებლობის ნებართვის გარეშე განხორციელებული მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით შესაძლოა იყოს ლეგალური მიუხედავად ფორმალური კანონიერების კრიტერიუმის დარღვევისა. თუ წარმოებულია უნებართვო მშენებელობა, რომელიც შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადებისა და აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების საფუძველზე განიხილოს განხორციელებული მშენებლობის კანონმდებლობის მატერიალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი (სუსგ 29.12.2021წ. Nბს160(კ-19)). განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 24.11.2017წ. N3700052 ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა შენობა-ნაგებობის (ობიექტის) დარღვევით ნაწარმოები მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა და განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა, რის შემდეგაც არქიტექტურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის დადასტურების თაობაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივად უარი თქვა მისი დემონტაჟის განხორციელებაზე, შესაბამისად არ არსებობს სადავო აქტებით გათვალისწინებული დემონტაჟის დავალების ძალაში დატოვების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა