საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-131(კ-24) 10 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ს-იმა 2022 წლის 11 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 ოქტომბრის N1000826953/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ს-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ე. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. კანონის მე-15 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად კი, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. პალატამ მიუთითა აგრეთვე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2022 წლის 11 ოქტომბერს SSG 9 22 00190567 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა ახლადაღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ე. ს-ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შეწყვეტა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 ოქტომბრის N1000826953/5 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 06 ოქტომბრის N1000826953 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. ს-ის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.
პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის SSG 9 22 00190567 წერილი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპეტენტური ორგანოს დასკვნას, ვინაიდან მითითებულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომელიც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე სრულად აღნიშნულ დოკუმენტში ვერ აისახებოდა. აღნიშნული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამავე ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა შეცდომა დისკრეციაში. სააგენტომ აღნიშნული უფლებამოსილება, კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის პირობებში, განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ს-ის მიერ.
კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილი, მისი შინაარსით, წარმოადგენს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტებით მიღებულ დოკუმენტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებაში ვლინდება და მას არ აქვს კანონით მინიჭებული უფლება სააგენტოსგან მოითხოვოს ამ თუ იმ ბინადრობის ნებართვის მოქმედების შეწყვეტა ან გაცემა. ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილზე, საკასაციო პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის Nბს-830(კ-21) საქმეზე და აღნიშნავს, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე გამოიცა ფორმალური გადაწყვეტილება, მოპასუხე სააგენტომ საქმის შესწავლის გარეშე გამოსცა უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, სააგენტომ არ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება იმ მიზნით, რა მიზნითაც ჰქონდა მინიჭებული კანონმდებლის მიერ. სააგენტომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ე. ს-ის საქართველოში ჰქონდა უძრავი ქონება, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ჰყავდა მეგობრები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. ამ გარემოებების მიუხედავად, სააგენტომ, მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნა აღასრულა, რაც, კასატორის მოსაზრებით, დაუშვებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ს-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას იმ უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
დადგენილია, რომ 2022 წლის 26 სექტემბერს ე. ს-იმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 06 ოქტომბრის N1000826953 გადაწყვეტილებით ე. ს-ის სახელზე გაიცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 6 ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ოქტომბრამდე.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი ადგენს უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის მე-17 მუხ. მე-10 პუნქტ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-15 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2022 წლის 11 ოქტომბერს SSG 9 22 00190567 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა, ახლადაღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ე. ს-ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შეწყვეტა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 ოქტომბრის 3 N1000826953/5 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 06 ოქტომბრის N1000826953 გადაწყვეტილება ე. ს-ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფაა. კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები. ამასთანავე, კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის მინიჭებული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ დასკვნის გაკეთებისას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დაეყრდნო სწორედ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ შესაბამის ინფორმაციას. საკასაციო სასამართლო გაეცნო ზემოაღნიშნულ ინფორმაციას და თვლის, რომ დასტურდება მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის მიზანშეწონილობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მისი შინაარსი მხარეებს გააცნოს და სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახოს.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით. ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც შეუძლებელს ხდის აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაქტობრივად სადავო აქტის დასაბუთება მოიაზრებს გამოთხოვილ საიდუმლო დოკუმენტაციაში არსებულ გარემოებებსა და მოტივაციას. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის დაცვით.
ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებზე სასამართლო კონტროლის სათანადოდ განხორციელების პირობებში, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩართულა, რის გამო მან ვერ უზრუნველყო თავისი უფლებების სათანადოდ დაცვა, არ არის დასაბუთებული. მართალია, კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვება არ ხდება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები დაექვემდებარა სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლომ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. ასეთ დროს პირის მიერ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სათანადო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების გათვალისწინებით სათანადო დასაბუთების ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება (სუსგ 2023 წლის 05 ოქტომბრის საქმე Nბს-67(კ-22)).
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზით ჩატარების პირობებშიც, ხსენებული დარღვევა არ არის აბსოლუტური ხასიათის და უპირობოდ არ ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აღნიშნული კი მოცემულ საქმეში არ დასტურდება.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი წარმოადგენდა ორგანოს მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის/შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკვლევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემები და დასკვნები იმთავითვე ქმნის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საფუძველს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთებულობის, აღწერილი საფრთხის რეალიზების საკმარისი ალბათობის, განვითარებული მსჯელობის გონივრულობისა და სარწმუნოობის გამო. ამასთანავე, მაშინაც კი, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია პირზე ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის მიზანშეწონილობას სათანადოდ ასაბუთებს, არ გამოირიცხება კერძო და საჯარო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საჭიროება, თუმცა ასეთ დროს კერძო ინტერესი უკან იხევს, რადგან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სათანადოდ დასაბუთებული დასკვნა ცხადს ხდის საჯარო ინტერესის პრიორიტეტულობას (სუსგ 2023 წლის 05 ოქტომბრის საქმე Nბს-67(კ-22)). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაცია ალბათობის საკმარისი ხარისხით ადასტურებს ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის სათანადო საფუძვლების არსებობას. ამასთან, კასატორის მითითება ე. ს-ის მიერ საქართველოში უძრავი ქონების ფლობის, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების, მეგობრების ყოლის თაობაზე, არ ადასტურებს მისთვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის არამართლზომიერ ხასიათს. ხოლო დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის წერილში ასახული სიტყვათა წყობა („გთხოვთ, შეუწყვიტოთ...“) არ წარმოადგენს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებას, რამეთუ სადავო აქტი მიღებულია დეპარტამენტის წერილის გათვალისწინებით, უფლებამოსილი ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. ს-ის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 16 იანვრის №20204968745 საგადახდო დავალებით გ. ჟ-ის (პ/ნ: ...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. ს-ის (დაბადებული: ...წ. რუსეთში, E. S-V, პასპორტის №...) უნდა დაუბრუნდეს 2024 წლის 16 იანვრის №20204968745 საგადახდო დავალებით გ. ჟ-იის (პ/ნ: ...) მიერ ე. ს-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. ე. ს-ის (დაბადებული: ...წ. რუსეთში, E. S-V, პასპორტის №...) დაუბრუნდეს 2024 წლის 16 იანვრის №20204968745 საგადახდო დავალებით გ. ჟ-იის (პ/ნ: ...) მიერ ე. ს-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე