საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-680(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი - სს „...ა“
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - შპს „...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 27 სექტემბერს სს „...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „...ის“ ინდივიდუალური ელ. მრიცხველი ენერგოკომპანიის უფლებამოსილი პირების მიერ იქნა შემოწმებული 2021 წლის 17 მარტს და შედგენილ იქნა №... აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ მრიცხველს მიეწოდებოდა არასტანდარტული ძაბვა, რის გამოც რეალურად მოხმარებული ელ. ენერგია სრულად არ აღირიცხებოდა. შედეგად, ენერგოკომპანიამ 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2020 წლის 27 აპრილამდე მოახდინა დაკვირვება, გამოიყვანა საშუალო დღიური ხარჯი და დასარიცხ პერიოდად განსაზღვრა 17.12.2020-დან 06.04.2021-მდე პერიოდი, ამასთან, დარიცხულ კვტ/სთ-ს გამოაკლო იმავე პერიოდში მრიცხველის მიერ აღრიცხული თანხა.
მოსარჩელის მითითებით, აბონენტი არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულ დარიცხვის ოდენობას და მოითხოვა მისი გადაანგარიშება/დაკორექტირება, რაზეც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი), 2021 წლის 30 ივნისის №... წერილით მას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ენერგოკომპანიის ქმედება შეესაბამებოდა მოქმედ ნორმატიულ აქტს და დარიცხვის ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2021 წლის 5 ივლისს განცხადებით მიმართა სემეკს, რომლითაც არ დაეთანხმა მის წერილში დაფიქსირებულ პოზიციას იმ მოტივით, რომ ე.წ. შეთანხმებას, რომლითაც მრიცხველის დაზიანება და გადასახადის ოდენობა იქნა დადგენილი, ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერდა, ვინაიდან ხელმოწერის უფლებამოსილება მხოლოდ საზოგადოების დირექტორს გააჩნდა. შედეგად, ენერგოკომპანიის უფლებამოსილი პირების მიერ საკითხი განხილულ იქნა თავიდან, აბონენტს ჩამოეწერა 2021 წლის 19 მაისის აქტით დარიცხული თანხა და კვტ/სთ, ხოლო აღურიცხავი ელ. ენერგიის დარიცხვა მოხდა აბონენტის ბარათზე. აღნიშნულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაკვირვების პერიოდად განსაზღვრა 30.12.2020-დან 28.03.2020-მდე პერიოდი, გამოიყვანა საშუალო დღიური ხარჯი და დასარიცხ პერიოდად განსაზღვრა 31.12.2020-დან 06.04.2021-მდე პერიოდი, სადაც დასარიცხი დღეების რაოდენობამ შეადგინა 93 დღე. აღნიშნული კი, დაუსაბუთებლად, კანონისა და დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, სემეკის მიერ არ იქნა გაზიარებული.
მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №01/11-299 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით №3/5980-21 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „...ა“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №01/11-299 გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 17 მარტს კომპანიის - სს „...ა“-ს უფლებამოსილმა პირებმა შეამოწმეს ქ. ბათუმში, ...ის შენ. №4-ში მდებარე შპს „...ი“-ს აღრიცხვის კვანძი და შეადგინეს აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი №..., რომლის თანახმად აღმოჩნდა, რომ მრიცხველი იყო დაზიანებული, რის გამოც მას მიეწოდებოდა არასტანდარტული ძაბვები და იწვევდა ელექტროენერგიის არასრულ აღრიცხვას. აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის 6 აპრილს, კომპანიის უფლებამოსილმა პირებმა აღადგინეს შპს „...ი“-ს აღრიცხვის კვანძი, ხოლო 2021 წლის 19 მაისს კომპანიის უფლებამოსილმა პირებმა შეადგინეს დარიცხვის აქტი №..., რომლითაც აბონენტს - შპს „...ს“ აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის სახით დაერიცხა 31546,71 ლარი.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „...ი“-ს დირექტორმა თ. ბ-ემ 2021 წლის 6 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას, რომელშიც აღნიშნა, რომ 2021 წლის 17 მარტის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების №... აქტის აბონენტის გრაფაში დირექტორის თანაშემწედ მითითებული იყო გ. ბ-ე და იყო გარკვეული ხელმოწერა, თუმცა იგი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული და არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 30 ივნისს კომპანიის უფლებამოსილმა პირებმა შეადგინეს დარიცხვის აქტი №ა..., რომლითაც აბონენტს - შპს „...ს“ აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის სახით გაეზარდა თანხის ოდენობა და დაერიცხა 41653.25 ლარი, კერძოდ, 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2020 წლის 28 მარტამდე (89 დღე) მოახდინეს დაკვირვება, დაზიანების ანუ აღურიცხავი ელექტროენერგიის პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 31 დეკემბრიდან (დაზიანების დასაწყისი) 2021 წლის 6 აპრილამდე (დაზიანების დასასრული) პერიოდი (93 დღე), რის შემდგომ კომპანიამ აბონენტს - შპს „...ს“ ხარჯი აღურიცხავ პერიოდზე, ნაცვლად 31546,71 ლარისა (109469,13 კვტ/სთ), დაარიცხა 41653,25 ლარის ოდენობით (146505,47 კვტ/სთ). ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კომისიაში განცხადების წარდგენის დროს შპს „...ი“-ს დირექტორისათვის - თ. ბ-ისათვის უცნობი იყო 2021 წლის 30 ივნისის №ა... დარიცხვის აქტის არსებობის თაობაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №01/11-299 გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კომისიამ განიხილა შპს „...ი“-სა და სს „...ა“-ს შორის არსებული დავა და შპს „...ი“-ს დირექტორის - თ. ბ-ის განცხადება დააკმაყოფილა. შპს „...იზე“ სს „...ა“-ს 2021 წლის 30 ივნისის №ა... დარიცხვის აქტით განხორციელებული 41653,25 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და სს „...ა“-ს დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება, 2021 წლის 17 მარტიდან 2021 წლის 20 მარტამდე პერიოდში შპს „...ი“-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის განხორციელება წესების მე-11 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად და ცვლილების შეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, საკითხი გადაწყდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის შინაარსი ცხადყოფდა, რომ მოპასუხეს სადავო საკითხი არ შეუსწავლია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც შპს „...ი“ წარმოადგენდა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს და 2021 წლის 17 მარტს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოხმარებული ელექტროენერგიის მრიცხველით საერთო აღურიცხაობის ფაქტს (სახეზე იყო ელექტროენერგიის ნაწილობრივი აღრიცხვა), მოპასუხეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ დაუსაბუთებია იმავე წესების მე-11 მუხლის მე-15 პუნქტის მოსარჩელის მიერ გამოყენების აუცილებლობის საფუძველი.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტით მოპასუხეს სრულად არ შეუფასებია შპს „...ი“-ს დირექტორის მიერ 2021 წლის 6 ივლისს წარდგენილი განცხადებით განსაზღვრული არსებითი ხასიათის არგუმენტები, კერძოდ, 2021 წლის 30 ივნისის დარიცხვის აქტით 41653,25 ლარის დარიცხვის მართლზომიერება და მისი ოდენობის სისწორე. ამასთან, დარიცხვის აქტით განსაზღვრული დაკვირვების პერიოდი (30.12.2019-28.03.2020) ემთხვეოდა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას, ხოლო მოპასუხეს ყურადღების მიღმა დარჩა აგრეთვე, მესამე პირის მიერ 2021 წლის 6 ივლისის განცხადებაში გაკეთებული მითითება პანდემიური ვითარების გამო შეზღუდვებისა და ელექტროენერგიის ხარჯის შემცირების თაობაზე, რომლის შეფასება აბონენტის ბარათის გამოყენებით, გავლენას ახდენდა თანხის სწორად დარიცხვის საკითხზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთებოდა გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის და გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობის მხედველობაში მიღებისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობების არსებობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და შპს „...მა“, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ასევე დაკმაყოფილდა შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შპს „...ის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა წარმოებდა დაზიანებული მრიცხველით - რაც იწვევდა ელექტროენერგიის არასრულ აღრიცხვას, 2021 წლის 6 აპრილის შემდგომ კი, დაზიანება მოწესრიგდა და ელექტროენერგიის აღრიცხვა წარმოებდა გამართულად. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „...ამ“ შეადგინა დარიცხვის აქტი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-15 პუნქტზე და ამავე წესის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით.
სააპელაციო პალატამ ასევე ხაზი გაუსვა წინამდებარე საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2021 წლის 17 მარტის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების №... აქტზე დაფიქსირებული იყო გ. ბ-ის (შპს „...ის“ დირექტორის თანაშემწის) ხელმოწერა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, მომხმარებელი თანახმა იყო აღრიცხვის კვანძის მოწესრიგებამდე, ერთი თვის განმავლობაში, მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გაანგარიშება მომხდარიყო მოწესრიგებულ პერიოდში სეზონურობის გათვალისწინებით მოხმარებული საშუალო ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტის შედგენის დროისათვის მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „...ის“ დირექტორი იყო არა შემოწმება-მიღების აქტზე ხელმომწერი - გ. ბ-ე, არამედ, თ. ბ-ე. უფლებამოსილების სათანადო წესით დელეგირების შესახებ მასალა კი საქმეში არ იყო წარმოდგენილი, ხოლო საქმეში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, შპს „...ის“ დირექტორს - თ. ბ-ესა და გ. ბ-ეს შორის 2021 წლის 3 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით არ დგინდებოდა, რომ გ. ბ-ეს შპს „...ის" მიერ მინიჭებული ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომ ხელმოწერა დაეფიქსირებინა აქტზე, რომელიც წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც წერილობით, ასევე საქმის ზეპირი მოსმენისას სს „...ას“ წარმომადგენლის მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ სს „...ამ“ სადავოდ არ გახადა შემოწმება-მიღების აქტზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების არ არსებობის არგუმენტი და დაეთანხმა ამ გარემოებასთან დაკავშირებით შპს „...ის“ პოზიციას. ამდენად პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წინაპირობა - მომხმარებლის წერილობითი თანხმობა.
სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დასკვნა, განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის გამოყენების წინაპირობების არ არსებობასთან დაკავშირებით, ასევე ყურადღება გაამახვილა შპს „...ის“ არგუმენტზე კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში შემცირებული მოხმარების მაჩვენებლის თაობაზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ წარმოდგენილი არ იყო უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რომელიც 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობის პერიოდზე დარიცხვის გამოყენებისათვის წინაპირობად სწორედ ასეთი წერილობითი თანხმობის არსებობას ადგენდა, მეორე მხრივ კი არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდსა და დარიცხვის პერიოდს შორის გამოვლენილი თანხობრივი სხვაობა დაკავშირებული იყო სწორედ პანდემიიდან გამომდინარე მოხმარების შემცირებასთან, რაც, საფუძველს აცლიდა და დაუსაბუთებელს ხდიდა სს „...ას“ არგუმენტაციას დარიცხვის პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობის გამოყენებასთან დაკავშირებით. დასახელებული გარემოებების საფუძველზე კი, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული აქტი მიიჩნია კანონიერად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას ენერგოკომპანიის მიერ ელ. ენერგიის საფასურის გამოთვლისა და აბონენტისთვის დარიცხვასთან, ასევე პანდემიასთან დაკავშირებული გარემოებების საფუძველზე მესამე პირის მხრიდან შემცირებული მოხმარებისა და შემცირებული შემოსავლის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ეს იყო სწორედ ის გარემოებები რომელთა კვლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა კასატორს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გარემოებებზე თავად იმსჯელა, მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების საქმის მასალებში არსებობის გარეშე.
კასატორი ასევე არ იზიარებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას მრიცხველის დაზიანებისა და გადასახადის ოდენობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების თაობაზე. ენერგოკომპანია აღნიშნავს, რომ მას გ. ბ-ესთან ხშირად ჰქონდა კონტაქტი და არაერთ დოკუმენტზე ფიქსირდებოდა მისი ხელმოწერა, რომელიც აქამდე სადავოდ არ გამხდარა, ამასთან აღნიშნული პირი სწორედ ობიექტის ტერიტორიაზე, საკუთარ კომერციულ ფართში იქნა გამოყოფილი ენერგოკომპანიასთან ურთიერთობისთვის და თუ დასახელებული პირის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ფიქსირდებოდა, აღნიშნული უნდა გამხდარიყო მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კასატორმა სადავოდ არ გახადა ხელმოწერის ნამდვილობა და დააკორექტირა დარიცხვის აქტი, მათივე მითითებისა და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, თავად მრიცხველის დაზიანების ფაქტი კი სადავო არ გამხდარა. ხოლო სააპელაციო სასამართლომ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-15 ნაწილი არასწორად განმარტა, ვინაიდან ენერგოკომპანიამ მრიცხველი 3 დღეზე მეტ ვადაში შეცვალა, რის გამოც კასატორმა დააკორექტირა დარიცხვის აქტი, სადაც მრიცხველის გამოსწორებიდან შემდგომი პერიოდი მხოლოდ 3 დღით იქნა შემოსაზღვრული, რის უფლებასაც მას კანონი ანიჭებდა. კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავდა, რომ თუ 3 სამუშაო დღის ვადაში მოხდებოდა მრიცხველის შეცვლა/დამონტაჟება, მაშინ მომხმარებლის თანხმობის საჭიროება აღარ არსებობდა.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთისგან არ გამიჯნა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-15 პუნქტი და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლებიც სრულიად განსხვავებულ შემთხვევებს არეგულირებდნენ და აღნიშნული ნორმების შეპირისპირება წარმოადგენდა სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს ერთ-ერთ დავალებას სემეკის მიმართ, სააპელაციო სასამართლო კი მტკიცებულებების გარეშე, საკითხის შეფასებისას, მხოლოდ მხარეების განცხადებებს დაეყრდნო.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შპს „...ი“ განსაკუთრებულ პირობებში იქნა ჩაყენებული და ფაქტობრივად ენერგოკომპანიას დაევალა გარკვეულ პერიოდში მისი ელ. ენერგიით უფასოდ მომარაგება, რაც ვერ იქნება მიჩნეული სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ას“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ა“-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ მოთხოვნაზე, რომელიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №01/11-299 გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...ი“ მდებარეობს ქ. ბათუმში, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება - შენობა-ნაგებობები, სადაც განლაგებულია კომერციული ფართები (...ი, ...ო, ...ი და სხვა მომსახურების ობიექტები) და არის სს „...ა“-ს მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელიდან მიწოდებული ელექტროენერგიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი (აბონენტი).
ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 17 მარტს კომპანიის - სს „...ა“-ს უფლებამოსილმა პირებმა შეამოწმეს ქ. ბათუმში, ...ის შენ. №4-ში მდებარე შპს „...ი“-ს აღრიცხვის კვანძი და შეადგინეს აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი №..., რომლის თანახმად აღმოჩნდა, რომ მრიცხველი იყო დაზიანებული, რის გამოც მას მიეწოდებოდა არასტანდარტული ძაბვა, რაც იწვევდა ელექტროენერგიის არასრულ აღრიცხვას. აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის 6 აპრილს, კომპანიის უფლებამოსილმა პირებმა აღადგინეს შპს „...ი“-ს აღრიცხვის კვანძი, ხოლო 2021 წლის 19 მაისს კომპანიის უფლებამოსილმა პირებმა შეადგინეს დარიცხვის აქტი №..., რომლითაც აბონენტს - შპს „...ს“ აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის სახით დაერიცხა 31546,71 ლარი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „...ი“-ს დირექტორმა თ. ბ-ემ 2021 წლის 9 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მიუთითა კოვიდპანდემიის პერიოდში მიღებული რეგულაციების პირობებში კომპანიის საქმიანობის შეზღუდვიდან გამომდინარე ელექტროენერგიის განსხვავებულ ხარჯზე, ასევე ელექტროკომპანიის მიერ დაზიანების საწყისი და ბოლო პერიოდის დადგენის ბუნდოვანებაზე და თანხის დარიცხვის გაუქმება ან კორექტირება მოითხოვა, რაზეც მას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 ივნისის N... წერილით ეცნობა, რომ კომპანიამ დარიცხვა განახორციელა კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-15 პუნქტებისა და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
საქმის მასალებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „...ი“-ს დირექტორმა თ. ბ-ემ 2021 წლის 6 ივლისს ხელმეორედ მიმართა განცხადებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას, რომელშიც აღნიშნა, რომ 2021 წლის 17 მარტის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების №... აქტის აბონენტის გრაფაში დირექტორის თანაშემწედ მითითებული იყო გ. ბ-ე და ფიქსირდებოდა გარკვეული ხელმოწერა. ასევე განიმარტა, რომ გ. ბ-ეს არანაირი უფლებამოსილება არ ჰქონდა ხელი მოეწერა შპს „...ი“-ს ნაცვლად რაიმე დოკუმენტზე, მათ შორის აღრიცხვის აქტზე, ვინაიდან კომპანიაში არსებულ დოკუმენტებზე ხელს აწერდა მხოლოდ შპს „...ი“-ს დირექტორი - თ. ბ-ე. შესაბამისად, შპს „...მა“ აღნიშნა, რომ მინდობილობის წარდგენის გარეშე აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღება №... აქტზე გ. ბ-ის ხელმოწერა არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერად ითვლებოდა და არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს. მითითებული განცხადებით, დირექტორმა კვლავ მიუთითა პანდემიური პერიოდისა და თანხის არამართლზომიერად დარიცხვის თაობაზე, რის გამოც მოითხოვა №... დარიცხვის აქტში მითითებული დამატებითი დარიცხვის 109469.13 კვტ-ის, 31546.7 ლარის, ასევე, №... აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტის გაუქმება.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2021 წლის 30 ივნისს კომპანიის უფლებამოსილმა პირებმა შეადგინეს დარიცხვის აქტი №ა..., რომლითაც აბონენტს - შპს „...ს“ აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის სახით გაეზარდა თანხის ოდენობა და დაერიცხა 41653.25 ლარი, კერძოდ, 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2020 წლის 28 მარტამდე (89 დღე) მოახდინეს დაკვირვება, დაზიანების ანუ აღურიცხავი ელექტროენერგიის პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 31 დეკემბრიდან (დაზიანების დასაწყისი) 2021 წლის 6 აპრილამდე (დაზიანების დასასრული) პერიოდი (93 დღე), რის შემდგომ კომპანიამ აბონენტს - შპს „...ს“ ხარჯი აღურიცხავ პერიოდზე, ნაცვლად 31546,71 ლარისა (109469,13 კვტ/სთ), დაარიცხა 41653,25 ლარის ოდენობით (146505,47 კვტ/სთ).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №01/11-299 გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კომისიამ განიხილა შპს „...ი“-სა და სს „...ა“-ს შორის არსებული დავა და შპს „...ი“-ს დირექტორის - თ. ბ-ის განცხადება დააკმაყოფილა. შპს „...იზე“ სს „...ა“-ს 2021 წლის 30 ივნისის №ა... დარიცხვის აქტით განხორციელებული 41653,25 ლარის დარიცხვა და სს „...ას“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება, ასევე დაევალა, რომ 2021 წლის 17 მარტიდან 2021 წლის 20 მარტამდე პერიოდში შპს „...ის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა განეხორციელებინა წესების მე-11 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად და შეეტანა ცვლილება მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სს „...ას“ მიერ დარიცხვის აქტის შედგენის მომენტისთვის მოქმედ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (ძალის დაკარგვის თარიღი: 01/07/2021) მე-11 მუხლის მე-15 პუნქტზე, რომლის თანახმად ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა არ წარმოებს ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტის შედგენის დროისათვის მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 02/08/2021წ. №875 კანონით, ძალის დაკარგვის თარიღი: 01/01/2022) მე-9 მუხის პირველ და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება კი გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმის მასალებში არსებული 2020 წლის 22 ივლისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „...ის“ დირექტორს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებით, წარმოადგენდა - თ. ბ-ე. გარდა ამისა, საქმის მასალებში არსებული შპს „...სა“ (წარმოდგენილი მისი დირექტორის - თ. ბ-ით) და გ. ბ-ეს შორის დადებული 2021 წლის 3 იანვრის შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილი იყო დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებამოვალეობების ჩამონათვალი, მათ შორის არ მოიცავდა გ. ბ-ისთვის შპს „...ის“ წარმომადგენლობითი ან სამართლებრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებამოსილებების დაკისრების საკითხს, ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება შპს „...ის“ დირექტორის მიერ, დასახელებული უფლებამოსილებების გ. ბ-ისთვის დელეგირების შესახებ სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2021 წლის 17 მარტის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების №... აქტზე დაფიქსირებული გ. ბ-ის (შპს „...ის“ დირექტორის თანაშემწის) ხელმოწერა, ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-11 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული - მომხმარებლის წერილობითი თანხმობის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-11 მუხლის მე-15 პუნქტი, მომხმარებლის წერილობითი თანხმობის აუცილებლობას არ ითვალისწინებს მხოლოდ კონკრეტულ საგამონაკლისო შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მრიცხველის დაზიანების ფაქტი გამოვლინდა 2021 წლის 17 მარტს, ამასთან დარიცხვის პერიოდის დასაწყისად კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა 2021 წლის 17 მარტი (აღრიცხვის კვანძის დაზიანების გამოვლენის თარიღი), დასასრულად კი - 2021 წლის 20 მარტი, ამასთან, კომპანიის უფლებამოსილმა პირებმა აღადგინეს 2021 წლის 6 აპრილის შპს „...ი“-ს აღრიცხვის კვანძი აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების №... აქტით, განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა, რაც გამორიცხავს დარიცხვის გამოყენების წინაპირობების არსებობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სს „...ა“-ს საკასაციო საჩივარზე 18.05.2023წ. №112299001 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ა“-ს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ა“-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სს „...ა“-ს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.05.2023წ. №112299001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე