¹ას-781-1062-05 12 დეკემბერი 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. ახალაძე
დავის საგანი: საკუთრებად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და სადავო ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სპს “მ. ხ-ამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ფ-ასა და ზ. ს-ას მიმართ, სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე, წალენჯიხის რ-ნში სოფ. ....... მდებარე მაღაზიების საკუთრებად ცნობის, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მოპასუხეთა გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ცეკავშირის საპრივატიზაციო კომისიის დადგენილების საფუძველზე 1993 წელს მოსარჩელის მიერ 6300000 კუპონად პრივატიზებული სასურსათო და სამრეწველო მაღაზიები ჩაბარებულ იქნა სპს “მ. ხ-ას” მიერ. სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოსარჩელემ მოახდინა მიწის პრივატიზიცია და დოკუმენტები ჩააბარა მ. ქ-ეს. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გ. ფ-ასა და ზ. ს-ას მ. ქ-თვის, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ჩამოურმევიათ მაღაზიის მასალები, დოკუმენტები და უკანონოდ დაუფლებიან სპს “მ. ხ-ას” საკუთრებაში არსებულ მაღაზიას.
გ. ფ-ამ და ზ. ს-ამ სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: სადავო ობიექტები აღრიცხულია მოპასუხის, როგორც რაიკავშირის თავმჯდომარის, ბალანსზე და პრივატიზება მოხდა კანონდარღვევით, საზოგადოების ნებართვის გარეშე. ზ. ს-ა რაიკავშირის სისტემაში მუშაობდა 1975 წლიდან. იგი მაღაზიას საკუთარი სახლივით ფლობდა და უვლიდა. 1994 წელს სწორედ მასზე დაიწერა ბრძანება, მაგრამ აღნიშნულ პერიოდში იგი მუშაობდა ......... მაღაზიაში, ხოლო ხსენებულ სადავო ობიექტზე უპირატესი შესყიდვის უფლება გააჩნდა, რომლის გამოყენებასაც აპირებდა. არ არსებობს რაიკავშირის დადგენილება სადავო ობიექტების პრივატიზაციის შესახებ, რის გამოც მის მიერ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სოფ. ......... სასურსათო და სამრეწველო მაღაზიები ცნობილ იქნა სპს “მ. ხ-ას” საკუთრებად. ნივთი გამოთხოვილ იქნა უკანონო მფლობელობიდან და მოპასუხეები გამოასახლეს სპს “მ. ხ-ას” საკუთრებაში არსებული სასურსათო და სამრეწველო მაღაზიიდან, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ფ-ამ და ზ. ს-ამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, სპს “მ. ხ-ას” საკუთრებაში აღირიცხა 480 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სადავო ობიექტების პრივატიზაციის უკანონობისა და უწყებრივი დებულებების შეუსაბამობის შესახებ, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ამ საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლებლია. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ სპს “მ. ხ-ას” საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე იქნა აგებული სადავო კაპიტალური სასურსათო და სამრეწველო მაღაზიის შენობები. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რადგანაც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია არც მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა და არც საჯარო რეესტრის ჩანაწერები, შენობა-ნაგებობის საკუთრებაზე შედავების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ფ-ამ და ზ. ს-ამ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2001წ. 21 იანვრის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც სააპელაციო პალატამ სპს “მ. ხ-ას” საკუთრებაში არსებული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების საფუძვლად მიიჩნია, 2004წ. 24 დეკემბერს თვით მ. ხ-ას ინიციატივით იქნა გაუქმებული. კასატორთა განმარტებით, სადავო ობიექტები დღესაც მათ ბალანსზე ირიცხება და ისინი არავის გაუყიდია. მიწის მართვის სამმართველო დაეყრდნო მაღაზიების ყიდვის ყალბ დოკუმენტებს, მ. ხ-ას მიწა გადაუფორმა კანონის დარღვევით, რადგან როგორც მაღაზიების, ისე მიწის შესყიდვისათვის საჭირო ნებართვა და გამგეობის დადგენილება მ. ხ-ას არ გააჩნდა, ასევე ცეკავშირის საბჭოს კრების გადაწყვეტილება და მაღაზიების პრივატიზებისთვის საჭირო ყველა სხვა დოკუმენტი.
სპს “მ. ხ-ამ” საკასაციო საჩივარი არ ცნო შემდეგი მოტივებით: კასატორთა მიერ წარმოდგენილ იქნა ყალბი დოკუმენტები, რომელთაც, მ. ხ-ას მოსაზრებით, მტკიცებულებითი ძალა არ უნდა მიენიჭოს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე მ. ხ-ას გააჩნდა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმადაც საკუთრებაში ერიცხებოდა 480 კვ.მ სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც დგას მის მიერვე პრივატიზებული კაპიტალური სასურსათო და სამრეწველო მაღაზიები, ხოლო მეორე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი პრივატიზებულ იქნა 2001 წელს. 1992-93 წლებში არსებობდა ცეკავშირის საპრივატიზაციო კომისია და არა რაიონული კომისია. სადავო სამეურნეო და სასურსათო მაღაზიათა კარზე გაკრული იყო განცხადება ამ მაღაზიების გაყიდვის შესახებ, რის საფუძველზეც შეისყიდა მ. ხ-ამ ხსენებული ობიექტები. 1993წ. 10 ოქტომბერს მოახდინა ........+ მომხმარებელთა საზოგადოების სალაროში თანხის გადაანგარიშება და შეტანა, ხოლო შემდეგ _ ქონების მიღება-ჩაბარება. მაღაზიებზე რემონტის ჩატარებისას კასატორებმა განცხადებით მიმართეს რაიონის გამგებელს, რომელსაც სადავოდ არ გაუხდია პრივატიზების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ დარღვეული არ არის მითითებული კანონი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ სპს “მ. ხ-ას” კერძო საკუთრებაში ირიცხება 480 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს “მ. ხ-ას” სახელზე რეგისტრირებულია 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა სკ-ის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ძალითაც, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და და სიზუსტის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში რეესტრის მონაცემებით დადგენილია რა სადავო ნივთზე _ მიწის ნაკვეთზე შპს “მ. ხ-ას” საკუთრება, სკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებამოსილება ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული ამავე მიწასთან და მის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის უკანონო შესყიდვაზე და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოეტანა აღნიშნულთან დაკავშირებით. სსკ-ის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტიელბას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს არც სადავო მიწის ნაკვეთის შესყიდვის საფუძვლები და არც საჯარო რეესტრის ის ჩანაწერი, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის ვინაობა დგინდება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, აღნიშნულ საკითხებზე ემსჯელა.
ასევე, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება ცეკავშირის ობიექტების გასხვისების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნივთის გასხვისება დავის საგანს არ წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, ვინაიდან, სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელბს მხარის ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ფ-ასა და ზ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.