ბს-956 (კ-23) 29 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ქ-ამ 30.01.2020წ. სარჩელით, ხოლო ვ. ქ-ამ და ა. ს-ამ 11.02.2020წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.11.2019წ. N04/59232 და 20.01.2020წ. N03/775 ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.10.2020წ. განჩინებით დაზუსტდა მოსარჩელე მხარე და მოსარჩელედ მიეთითა ვ. ქ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.01.2020წ. N03/775 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2022წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. ს-ა და ა. ქ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2022წ. გადაწყვეტილებით ვ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.11.2019წ. N04/59232 გადაწყვეტილება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2023წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 4.1 მუხლის "ო" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმის მასალების მიხედვით ვ. ქ-ა არის დევნილი. მას ჰყავს არადევნილი მეუღლე ა. ს-ა და არასრულწლოვანი შვილი ა. ქ-ა. ვ. ქ-ამ, როგორც ავარიულ ობიექტში მცხოვრებმა, მოითხოვა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება. 05.09.2019წ. ვ. ქ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე იმყოფებოდა პოლონეთში, სამუშაო ვიზიტით. ვ. ქ-ამ აღნიშნა, რომ მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რამოდენიმეჯერ ჩატარდა მონიტორინგი, მისი მეუღლე ა. ს-ა მუშაობს რაიონში, სადაც იმყოფება არასრულწლოვან შვილთან ერთად, მონიტორინგის სამსახურს მისი ოჯახის წევრები არ დახვდნენ თბილისში არსებულ საცხოვრებელ ოთახში. აღნიშნული ოთახი, მისი საზღვარგარეთ გამგზავრების დროს, დროებით დაუთმო მეზობლებს - გ. ბ-ას ოჯახს. მოსარჩელე მხარემ აღნიშნული განცხადებით საცხოვრებელი ფართის მიღების საკითხთან დაკავშირებით მოითხოვა მისი მდგომარეობის გათვალისწინება და არსებული გარემოებების გადამოწმება. ვ. ქ-ამ დამატებითი განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ 1997 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ს ქუჩა ...-ში, ყოფილი ...ის შენობაში, სადაც დევნილთა კომპაქტური დასახლებაა. ამავე შენობაში, მე-... სართულზე მას გააჩნია საცხოვრებელი ფართი. 2019 წლის მონიტორინგის პერიოდში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რის გამოც მისი დაფიქსირება კუთვნილ ბინაში ვერ განხორციელდა. ამჟამად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე. განცხადების შინაარსი დაუდასტურეს ქ. თბილისში, ...ს ქუჩა ...-ში მცხოვრებმა დევნილებმა ხელმოწერებითა და პირადი ნომრების მითითებით. 17.10.2019წ. გ. ბ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში ზემოაღნიშნულმა პირმა მიუთითა, რომ ქმარ-შვილთან და მამასთან ერთად ცხოვრობს
ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში. ძმისშვილის ავადმყოფობის გამო, იგი იძულებული გახდა მის მფლობელობაში არსებული ბინა დაეგირავებინა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვა, ხოლო თავად მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დროებით საცხოვრებლად გადავიდა ვ. ქ-ას ბინაში, რომელიც სამუშაოდ გაემზგავრა პოლონეთში. 28.08.2019წ. ვ. ქ-ა დაბრუნდა საქართველოში და გ. ბ-ამ გაათავისუფლა ზემოაღნიშნული ბინა. მან მონიტორინგის წევრებს მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რომ ბინა, სადაც იგი დროებით ცხოვრობდა, წარმოადგენდა ვ. ქ-ას საცხოვრებელ ფართს, ხოლო მისი ბინა იყო დაგირავებული. გ. ბ-ა ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ვ. ქ-ა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა ...-ში 1997 წლიდან ცხოვრობდა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.11.2019წ. ადმინისტრაციული აქტით ვ. ქ-ას ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. N39 სხომის ოქმის შესაბამისად განხორციელდა ...ს ქუჩა ...-ში მდებარე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა აღნიშნული ობიექტის აღწერა. მოპოვებული ინფორმაციით ვ. ქ-ას ოჯახი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივ მაცხოვრებლად არ დაფიქსირდა და მისი ოჯახის ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას არ უმსჯელია. შესაბამისად, ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანების შესაბამისად შევსებული განაცხადისა და მინიჭებული ქულების გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვ. ქ-ას დროებით მისამართზე არ ყოფნის ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ოჯახი არ ფლობს სხვა საკუთრებას და არსებული ფართის - ...ს ქუჩა ...-ში მდებარე სამსართულიანი შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ოჯახის განსახლების საკითხი არ უნდა იქნეს განხილული კრიტერიუმების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააგენტოს მოსარჩელისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი არ უთქვამს. სადავო წერილით მხარეს განემარტა, რომ ვინაიდან მისი ცხოვრების ფაქტი მითითებულ შენობაში არ დადასტურდა, სააგენტოს მოსარჩელის საკითხი საერთოდ არ განუხილავს, შესაბამისად მისი განსახლების შესახებ საკითხს განიხილავს საერთო წესების დაცვით. ამასთან, კასატორის მოსაზრებით სააგენტოს არ დაურღვევია კანონმდებლობა. უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ ვ. ქ-ა ქვეყნის გარეთ ცხოვრობდა, ხოლო მისი ოჯახის წევრები სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ცხოვრობდნენ. ზემოაღნიშნული საკმარისი გარემოებაა იმისათვის, რომ განმცხადებლის დაუყოვნებლივ, კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი დადებითად არ იქნეს გადაწყვეტილი, თუმცა იგი კანონის შესაბამისად ექვემდებარება განსახლების საკითხის განხილვას შევსებული განაცხადისა და მინიჭებული ქულების გათვალისწინებით. კასატორის მითითებით სასამართლოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ სადავო ფართში მოსარჩელე არ ცხოვრობდა და ამ ფართით ფაქტობრივად სარგებლობდა მისი მეზობელი, რაც მხარემ თავადაც დაადასტურა სასამართლო პროცესზე. კასატორმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ფართის მოკავება ან/და რეგისტრაცია არ არის საკმარისი საფუძველი დევნილი ოჯახის დაუყოვნებლივ განსასახლებლად. ასეთ შემთხვევაში არსებითია დევნილი ოჯახის სადავო ფართში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააგენტოს 14.11.2019წ. წერილით მხარეს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. ...-ში მდებარე "...ის" ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებეული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. სხდომაზე არ განხილულა მოსარჩელის ოჯახის ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. კასატორის განმარტებით, ფაქტობრივად მცხოვრებთა სიის დადგენის დროს, მეზობლებს არ მიუწოდებიათ ინფორმაცია ვ. ქ-ას შესახებ. რაც შეეხება გ. ბ-ას, ვისზეც მოსარჩელე მოუთითებს, რომ თავის ოთახში აცხოვრებდა, მონიტორინგის თანამშრომლებს გ. ბ-ა დახვდა ...ის შენობის მე-... სართულზე მდებარე N... ოთახში. მისი განმარტებით N... ფართი ეკუთვნოდა ვინმე ბ. ქ-ას, მისი შვილის ნათლიას. ბ. ქ-ას ფართი მოკავებული ჰქონდა 1993 წლიდან. გ. ბ-ამ განმარტა, რომ საკუთარი ფართი გაგირავებული ჰქონდა. ამასთან, გ. ბ-ამ მიუთითა, რომ ბ. ქ-ა ცხოვრობდა პოლონეთში, ხოლო მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდა ზუგდიდში. ამდენად, სააგენტომ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიჩნია, რომ ვ. ქ-ა ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში, შესაბამისად მისი ნგრევადი ობიექტიდან განსახლების საკითხი კომისიის მიერ არ განხილულა. კასატორი მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე" მითითებით აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სადავო წერილით სააგენტომ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომისიაზე მისი საკითხი არ განხილულა, შესაბამისად მხარის მიმართ არ გამოცემულა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკითხის დაკმაყოფილებაზე თანხმობის ან უარის თქმის თაობაზე, ამდენად, მხარის მოთხოვნა აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია. კასატორის მითითებით მოცემულ საქმეზე არ იკვეთება სზაკ-ის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით სხდომის ჩატარება, ასევე არ იკვეთება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალების მიხედვით ვ. ქ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას ჰყავს არადევნილი მეუღლე - ა. ს-ა და არასრულწლოვანი, დევნილის სტატუსის მქონე შვილი - ა. ქ-ა. დევნილის მოწმობებში მოსარჩელის და მისი შვილის დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილად მითითებულია თბილისი, ...ს ქ. ..., "...ი". საქმეში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.10.2017წ. N005992217 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ. ...-ში მდებარე სამსართულიანი შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა, დაზიანებები ძირითადად მეორე ხარისხისაა, პირველ სართულზე ცალკეული ბზარების გახსნილობა მესამე ხარისხის დაზიანების ფარგლებშია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.11.2019წ. ადმინისტრაციული აქტით ვ. ქ-ას ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. N39 სხომის ოქმის შესაბამისად განხორციელდა ...ს ქუჩა ...-ში მდებარე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა აღნიშნული ობიექტის აღწერა. მოპოვებული ინფორმაციით ვ. ქ-ას ოჯახი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივ მაცხოვრებლად არ დაფიქსირდა და მისი ოჯახის ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას არ უმსჯელია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილი იყო პრიორიტეტი მიენიჭებინა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე და მისი ოჯახი ადგილზე არ იმყოფებოდა, არ გამორიცხავს მათ უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნენ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი და აღარ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს, შესაბამისად, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. საქმის მასალებში დაცულია ვ. ქ-ას მეზობლის გ. ბ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც იგი მიუთითებს, რომ ძმიშვილის ავადმყოფობის გამო, მან თავის მფლობელობაში არსებული ბინა დააგირავა და დროებით ქმარ-შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ვ. ქ-ას ბინაში, ვინაიდან ვ. ქ-ა სამუშაოდ იმყოფებოდა პოლონიეთში, ხოლო ვ. ქ-ას დაბრუნების შემდეგ, ბინა გამოათავისუფლა და დაუთმო მოსარჩელეს. ვ. ქ-ას ბინაში დროებით ცხოვრების ფაქტი გ. ბ-ამ დაადასტურა აგრეთვე 24.03.2022წ. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხვის დროს. აღსანიშნავია, რომ ვ. ქ-ას მიერ 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2019 წლის 01 სექტემბრამდე საქართველოს დროებით დატოვება დადასტურებულია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 04.02.2020წ. ცნობით. სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ აღნიშნული ობიექტი შეფასდა, როგორც საფრთხის შემცველი ნაგებობა, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ვ. ქ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მისი შვილი - ა. ქ-ა არის არასრულწლოვანი, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული მათი განსაკუთრებული საჭიროებები. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო წერილი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და მას მხარისათვის შედეგი არ წამოუშვია, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული წერილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოსცა ვ. ქ-ას 05.09.2019წ. განცხადების პასუხად. ვ. ქ-ა 05.09.2019წ. განცხადებაში მიუთითებდა, რომ ცხოვრობს ...ს ქ. ...-ში, თუმცა სამუშაოდ საზღვარგარეთ ყოფნის გამო მონიტორინგის თანამშრომლებს ვერ დახვდა მითითებულ მისამართზე და კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ითხოვდა მისი მდგომარეობის გათვალისწინებასა და გარემოებების გადამოწმებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო 14.11.2019წ. წერილით ვ. ქ-ას განემარტა, რომ ნგრევად ობიექტში მისი ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას არ უმსჯელია კრიტერიუმების გარეშე მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და რომ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანების შესაბამისად შევსებული განაცხადისა და მინიჭებული ქულების გათვალისწინებით. ამდენად, სწორედ აღნიშნულმა წარმოშვა განმცხადებლისათვის ის სამართლებრივი შედეგი, რომ მისი საკითხის განხილვა კრიტერიუმების გარეშე არ მომხდარა და არც მომავალში განხორციელდებოდა, რაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მხარის ინტერესზე უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებლით კრიტერიუმების გარეშე და არა საერთო წესის მიხედვით. ამასთან, კასატორის მსჯელობა არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია, ერთ შემთხვევაში უთითებს, რომ სახეზე არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო მეორე შემთხვევაში მსჯელობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცულია ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის საჭირო წესები, იგი მიღებულია საქმის გარემოებების გამოკლვლევის შედეგად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი