საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1004(2კ-23) 10 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (მოპასუხეები) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ჩ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 8 აპრილს გ. ჩ-ამ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2018 წლის 30 აპრილის №5 საოქმო გადაწყვეტილებისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების რიგი მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის №210 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, იმ ნაწილებში, რომელთა საფუძველზეც გ. ჩ-ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ოროთახიანი ბინა - 52.76 კვ.მ., მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, გ. ჩ-ას ოთხსულიანი ოჯახის სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის №210 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, არასათანადო მოპასუხის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად, საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2018 წლის 30 აპრილის სხდომის №05 საოქმო გადაწყვეტილება; ასევე ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის №210 ბრძანება - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების რიგი მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ გ. ჩ-ას ნაწილში, რომლითაც გ. ჩ-ას უსასყიდლოდ გადაეცა საცხოვრებელი 2 ოთახიანი ბინა, ფართით 52.76 კვ.მ ს.კ. ..., მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა გ. ჩ-ას ოჯახისათვის სამოთახიანი ბინის გადაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ პირველ, მე-2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, გ. ჩ-ას ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან, კერძოდ: გ. ჩ-ა; ი. ჩ-ა; ჯ. ჩ-ა და მ ჩ-ა. 2017 წელს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, გ. ჩ-ას ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გამოყენება და მასში ცხოვრება სიცოცხლისათვის სახიფათოა. აღნიშნულის გამო, გ. ჩ-ამ დასახმარებლად მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის მიერ 2018 წელს განხილული იქნა გ. ჩ-ას, როგორც ეკომიგრანტის განცხადება ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად. აღნიშნული კომისიის მიერ წარმოდგენილი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, გ. ჩ-ას ოჯახი მიეკუთვნა პირველ კატეგორიას და მიენიჭა 16 ქულა, დანართი №3-ის მიხედვით. ამის შემდგომ, დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილმა კომისიამ 2018 წლის 30 აპრილის №05 ოქმით კატეგორიამინიჭებულ ოჯახებზე გაანაწილა საცხოვრებელი ფართები, რომლის მიხედვითაც, გ. ჩ-ას ოჯახს გამოეყო 2 ოთახიანი საცხოვრებელი ფართი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პირველ მუხლზე, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 06 აპრილის N355 ბრძანებით შექმნილი კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N43 განკარგულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, შემდგომში ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით. აღნიშნულის განსახორციელებლად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 თებერვლის N05/329 კორესპონდენციით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარედგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის სხდომის ოქმები, მათ შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2018 წლის 30 აპრილის N5 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ჩ-ას ოჯახის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2021 წლის 15 თებერვლის N01-01-10/531 წერილით წარმოდგენილი იქნა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების რიგი მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების პროექტი, რის საფუძველზეც გამოცემული იქნა მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება და მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ფართები.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მისი ოჯახი შედგებოდა 4 წევრისაგან და მას, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირს, კანონის თანახმად ეკუთვნოდა 3 ოთახიანი ბინის ფართი, ნაცვლად 2 ოთახიანი ბინის ფართისა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ მე-2 მუხლის მე-13 პუნქტზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოსარჩელის ოჯახი შედგებოდა 4 წევრისაგან, შესაბამისად, მას, როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულს, უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაცემოდა 3 ოთახიანი საცხოვრებელი ფართი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო გასაჩივრებული აქტები ბათილად და ასევე მართებულად დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოებს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა, გ. ჩ-ას ოჯახისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელ ფართში სამოთახიანი ბინის გადაცემის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.
კასატორი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის მიერ 2018 წელს განხილული იქნა გ. ჩ-ას, როგორც ეკომიგრანტის განცხადება ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად. აღნიშნული კომისიის მიერ წარმოდგენილი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, გ. ჩ-ას ოჯახი მიეკუთვნა პირველ კატეგორიას და მიენიჭა 16 ქულა, დანართი №3-ის მიხედვით. ამის შემდგომ, დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილმა კომისიამ 2018 წლის 30 აპრილის №05 ოქმით კატეგორიამინიჭებულ ოჯახებზე მოახდინა საცხოვრებელი ფართების განაწილება დანართის შესაბამისად (ოქმი N05-ის დანართი), რომლის მიხედვითაც, გ. ჩ-ას ოჯახს გამოეყო 2 ოთახიანი საცხოვრებელი ფართი. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გ. ჩ-ა ინფორმირებული იყო აღნიშნული 2 ოთახიანი ფართის გადაცემაზე, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ ფართის გამოყოფა ხდებოდა სოციალური ქულების შეფასების შედეგად, მერია ვერ ახდენს ზიანის კომპენსირებას, მერია შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სტიქიის შედეგად დაზარალებული, ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფას. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და გ. ჩ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიუთითებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3 და მე-5 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა/მთავრობის თავმჯდომარე მოქმედებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 06 აპრილის N355 ბრძანებით შექმნილი კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N43 განკარგულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, შემდგომში ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით. აღნიშნულის განსახორციელებლად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 თებერვლის N05/329 კორესპონდენციით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარედგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის სხდომის ოქმები, მათ შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2018 წლის 30 აპრილის N5 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ჩ-ას ოჯახის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2021 წლის 15 თებერვლის N01-01-10/531 წერილით წარმოდგენილი იქნა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების რიგი მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების პროექტი, რის საფუძველზეც გამოცემული იქნა მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება და მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ფართები. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვის უფლებამოსილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ანიჭებს. შესაბამისად, მესაკუთრის დავალდებულება განკარგოს კონკრეტული ქონება, ეწინააღმდეგება საკუთრების შინაარსს და დისკრეციის არსს, მხოლოდ მესაკუთრეა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს. მხარეთა შორის არსებითად სადავოა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2018 წლის 30 აპრილის №5 საოქმო გადაწყვეტილებისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების რიგი მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის №210 ბრძანების საფუძველზე, გ. ჩ-ას 4 სულიანი, ეკომიგრანტი ოჯახისთვის 2 ოთახიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემის კანონიერების საკითხი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, უსახლკარობის თავიდან აცილებასა და შემცირებას თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით. რაც შეეხება „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, მითითებულია, რომ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ (დანართი N1) მე-2 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დაზარალებულს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ იმ დაზარალებულებს შორის, რომელთა საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდა, ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის განაწილება განხორციელდება კომისიის მიერ დაზარალებული ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, კერძოდ, ოჯახი, რომელიც შედგება 4-დან 7-მდე წევრისაგან საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ბინა, რომლის საცხოვრებელი ფართი შედგება 3 ოთახისგან.
ამდენად, მითითებული ნორმა პირდაპირ ადგენს, რომ მათ შორის 4 წევრისგან შემდგარ ეკომიგრანტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა 3 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა. კასატორის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მითითების მიუხედავად, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ გ. ჩ-ა ინფორმირებული იყო მისი ოჯახისთვის 2 ოთახიანი ფართის გადაცემაზე და აღნიშნულზე აცხადებდა თანხმობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამგვარი დოკუმენტის არსებობის პირობებშიც კი, უდავოა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (გასაჩივრებული ნაწილი) საფუძველზე, გ. ჩ-ას 4 სულიანი ოჯახი დაკმაყოფილებული იქნა 2 ოთახიანი საცხოვრებელი ფართით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლი შეეხება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირთა თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, არც ერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ ეთქვას უარი ისეთივე დაცვაზე, რითიც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. თანასწორობის მოთხოვნა უპირობოდ ირღვევა, თუ პირთა შორის არსებული თუნდაც მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას, ისევე როგორც აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა შეუთავსებელია თანასწორობის პრინციპთან.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2018 წლის 30 აპრილის №5 საოქმო გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი) დანართი, გ. ჩ-ას ოჯახის შესახებ მონაცემებისა (სულადობა - 4 სული, ქულა - 16) და მიღებული გადაწყვეტილების (ოთახების რაოდენობა - 2 ოთახი) გარდა მოიცავს კომისიის მიერ სხვა ეკომიგრანტი ოჯახების შესახებ მონაცემებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. აღნიშნული დანართით დგინდება, რომ ყველა სხვა 4 სულიანი ეკომიგრანტი ოჯახი (მათ შორის, უფრო ნაკლები ქულის მქონე, კერძოდ, 11, 12, 12.5, 13.5, 15 ქულა), კომისიის მიერ დაკმაყოფილებულია 3 ოთახიანი საცხოვრებელი ფართით, 2 ოთახიანი საცხოვრებელი ფართი კი 4 სულიანი ოჯახებიდან გადაეცა მხოლოდ გ. ჩ-ას ოჯახს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ცალსახად დაარღვია თანასწორობის პრინციპი გ. ჩ-ას მიმართ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ამ კანონით დადგენილი წესით ქონებას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემს ფიზიკურ პირებს, ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისი(ებ)ის რეკომენდაციის საფუძველზე, სოციალური პირობების გაუმჯობესების ან/და ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად.
ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება ქონების განკარგვის თაობაზე ეფუძნება კანონით დადგენილ შესაბამის რეგულაციებს. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხორციელდება ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისი(ებ)ის რეკომენდაციების საფუძველზე და მიმართულია სოციალური პირობების გაუმჯობესების ან/და ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დაკმაყოფილებისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების რიგი მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის №210 ბრძანება გ. ჩ-ას ნაწილში დაეფუძნა სადავო საოქმო გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით. შესაბამისად, აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების (გასაჩივრებულ ნაწილში) საფუძველზე გამოცემული ბრძანებაც (გასაჩივრებულ ნაწილში) ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (გასაჩივრებულ ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის პირობებში კი არსებობდა მოპასუხეთათვის გ. ჩ-ას ოთხსულიანი ოჯახის სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების თაობაზე მათი თანმდევი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე