საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-567(2კ-22) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ჩ-ა
თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 7 მარტს ვ. ჩ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით 2016 წლის 14 იანვარს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა მისი, როგორც საცხოვრებლის გარეშე მყოფი პირის რეგისტრაცია, რაზეც 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 ბრძანებით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული უსახლკარო პირად რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და არსებულ მოპასუხეებთან ერთად, მოპასუხედ დასახელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური.
2018 წლის 20 მარტს, ვ. ჩ-ამ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ 225/ნ ბრძანების მე-11 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის ბათილად ცნობა; „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა, კერძოდ სიტყვა „მუდმივის“ ამოღება და ხელახლა ფორმულირება ისე, რომ არ დარღვეულიყო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ პუნქტის ბათილად ცნობა, კერძოდ სიტყვების „განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ“ ამოღება ან მისი ხელახლა ფორმულირება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 დეკემბრის №569/9 ბრძანების ბათილად ცნობა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 25 მაისის №1-1215 ბრძანების ბათილად ცნობა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, მოსარჩელის უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის მოსარჩელე ვ. ჩ-ას უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის მოსარჩელე ვ. ჩ-ას თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის სხდომაზე, მოსარჩელემ მესამე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოპასუხედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მიუთითა საქართველოს მთავრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებით №3/1673-17 ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ №225/ნ ბრძანების მე-11 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის; „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალურად დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე წესის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, ვ. ჩ-ას სარჩელზე საბოლოო მოპასუხე პირებად განისაზღვრნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. საბოლოო სასარჩელო მოთხოვნებად კი ჩამოყალიბდა შემდეგი: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ვ. ჩ-ას უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 ბრძანებისა და „ვ. ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1215 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ვ. ჩ-ას უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისთვის საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის იმავე წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა, რა წესითაც იყო გამოქვეყნებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ვ. ჩ-ას უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 და „ვ. ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1215 ბრძანებები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 14 იანვარს მოსარჩელე ვ. ჩ-ამ თავშესაფრის (საცხოვრებელი ბინის) მიღების მიზნით, მისი უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. აღნიშნულ განცხადებაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ... წლიდან ... წლამდე ცხოვრობდა ...ის ბავშვთა სახლში, ხოლო ბავშვთა სახლის დახურვის შემდგომ მას საცხოვრებელი ბინა არ გააჩნდა. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ვ. ჩ-ას რეგისტრირებული მისამართი არ გააჩნია.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2016 წლის 15 ნოემბრის №9 ოქმის მიხედვით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა მოსარჩელე ვ. ჩ-ას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ პუნქტის (ფულადი შემოსავლის არსებობა) დაუკმაყოფილებლობის გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ხსენებული დადგენილებით დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 ბრძანებით, მოსარჩელე ვ. ჩ-ას უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 5 იანვარს მოსარჩელე ვ. ჩ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და „ვ. ჩ-ას უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე უსახლკარო პირად რეგისტრაცია მოითხოვა. თუმცა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1215 ბრძანებით, მოსარჩელე ვ. ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მას ჰქონდა შემოსავალი, რაც საკმარისი იყო ოჯახის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის, რაც დასტურდებოდა საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება გულისხმობს, მათ შორის პირის უფლებას თავისუფლად აირჩიოს მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს მისთვის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები ისე, რომ რეგისტრაციის არ ქონამ არ დააბრკოლოს აღნიშნულ უფლებათა რეალიზაცია.
საქალაქო სასამართლომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ პირის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და შესაბამისად, ასეთი პირის ბინით (თავშესაფრით) უზრუნველყოფის აუცილებელ პირობად, სადავო ნორმატიული აქტი, პირის შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციას ითვალისწინებს, რაც ეწინააღმდეგება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნულ მუხლს. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ უსახლკარო პირი თავისი შინაარსით გულისხმობს პირს, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა და შესაბამისად მისთვის რეგისტრაციის პირობის დადგენა ფაქტობრივადაც მოკლებულია საფუძველს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ჩ-ას სარჩელი, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში იყო საფუძვლიანი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური უფლების, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას. გასაჩივრებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ იმ ბავშვების, რომლებიც ოჯახის მზრუნველობა მოკლებულ პირობებში აღიზარდნენ, სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდგომ საცხოვრებლით და სხვა სოციალური პირობებით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს (თვითმმართველობის ორგანოს) განსაკუთრებულ ვალდებულებას წარმოადგენს, მათი ღირსეული სოციალური ინტეგრაციის მიზნით, რადგან ასეთი პირები მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად საჭიროებენ სათანადო პირობების შექმნას მათი ჯეროვანი სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“ ოჯახის მზრუნველობა მოკლებულ პირობებში, შესაბამის დაწესებულებაში აღზრდილი ბავშვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობებს, ბავშვის ასაკის დასრულების შემდგომ, ცალკე არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მოცემული კატეგორიის პირებზე ვრცელდება უსახლკარო პირად რეგისტრაციის ზოგადი წესები, რაც დადგენილია აღნიშნული წესით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე უარი ეფუძნებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შემოსავალი, რაც საკმარისი იყო საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის და განიმარტა, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს მოთხოვნათა იმპერატიულ ჩამონათვალს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ფიზიკური პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს. ხსენებულ შემთხვევაში კანონმდებლის განზრახულობის გათვალისწინებით პირის შემოსავლად არ შეიძლებოდა განხილულ ყოფილიყო სოციალური დახმარების სახით მიღებული თანხები, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის ქირავნობისა და საარსებო მინიმუმისთვის განკუთვნილი თანხა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ისე გამოსცეს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევიათ საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას არ შეუსწავლიათ მოსარჩელე ვ. ჩ-ას ოჯახის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში აღზრდის საკითხი და შესაბამისად არ უმსჯელია საკითხის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტის თაობაზე. ამასთან, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ გამოუკვლევიათ, არ უმსჯელიათ და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ გადმოუციათ მსჯელობა იმის თაობაზე, საკმარისი იყო, თუ არა მოსარჩელე ვ. ჩ-ას დადასტურებული შემოსავლები საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და მისი ღირსეული ყოფისათვის.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისთვის, საკუთრებაში საცხოვრებელი ბინის (თავშესაფრის) გადაცემის დავალების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, ფიზიკური პირი (შემდგომში – პირი) უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს, მათ შორის, 2015 წლის 27 ნოემბრამდე რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი დაიბადა 2015 წლის 27 ნოემბრის შემდეგ).
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ იმ ბავშვების, რომლებიც ოჯახის მზრუნველობა მოკლებულ პირობებში აღიზარდნენ, სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდგომ საცხოვრებლით და სხვა სოციალური პირობებით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს (თვითმმართველობის ორგანოს) განსაკუთრებულ ვალდებულებას წარმოადგენს, მათი ღირსეული სოციალური ინტეგრაციის მიზნით, რადგან ასეთი პირები მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად საჭიროებენ სათანადო პირობების შექმნას მათი ჯეროვანი სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვის ასაკის დასრულების შემდგომ, პირის სოციალური ინტეგრაციის მიზნით, მინიმალური, მათ შორის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს (თვითმმართველობის ორგანოს) აკისრია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი იყო საფუძვლიანი, ვინაიდან მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას ექმნებოდა სამართლებრივი დაბრკოლება და ზიანი ადგებოდა მის კანონიერ უფლებას.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი არ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 27 ნოემბრამდე რეგისტრაციის ფაქტის არსებობა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ თავიდან ყოფილიყო არიდებული სხვა თვითმმართველი ერთეულებიდან მოქალაქეთა მიგრაციის საკითხი, თუმცა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმის აღნიშნული სახით ფორმულირება იწვევს იმ მოქალაქეთა კონსტიტუციითა და ზემოაღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ რეგისტრაციის ადგილი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს მოთხოვნათა იმპერატიულ ჩამონათვალს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ფიზიკური პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს. პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებულ შემთხვევაში კანონმდებლის განზრახულობის გათვალისწინებით პირის შემოსავლად არ შეიძლებოდა განხილულ ყოფილიყო სოციალური დახმარების სახით მიღებული თანხები, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის ქირავნობისა და საარსებო მინიმუმისთვის განკუთვნილი თანხა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უარი პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე ეფუძნებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ვ. ჩ-ას მიღებული ჰქონდა შემოსავალი, რაც საკმარისი იყო საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესზე“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის დებულებაზე“ მითითებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ მოთხოვნათა იმპერატიულ ჩამონათვალს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ფიზიკური პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისად, არსებულ მოთხოვნათაგან თუნდაც ერთ-ერთის არ არსებობა გამოიწვევს განმცხადებლისთვის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმას. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, სწორედ ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო რომელიც უსახლკარო პირის ცნებას უკავშირებს პირის შემოსავლის არ არსებობის ფაქტს და უსახლკაროდ პირთა რეგისტრაციისა და საცხოვრისით დაკმაყოფილების მექანიზმიდან ბლანკეტურად გამორიცხავს პირთა იმ წრეს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმს.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებული სს „ლ...ს“ 2016 წლის 5 ივლისის ანგარიშის ამონაწერებში ასახული იყო 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ივლისამდე ვ. ჩ-ას სრული საშემოსავლო ინფორმაცია. ამასთან საქმეში წარმოდგენილი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2016 წლის 15 ნოემბრის №9 ოქმი, რომლის თანახმად ვ. ჩ-ას დებეტს შეადგენდა - 6633.48 ლარი, კრედიტს - 6701.25 ლარი, ხოლო ნაშთს - 379.73 ლარი. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მოსარჩელემ თავად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღნიშნა, რომ დასაქმებული იყო თბილისის ...ში და ...ში, შესაბამისად იღებდა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას. მერიის მოსაზრებით, აღნიშნული მონაცემების ერთობლიობა იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ვ. ჩ-ას შემოსავალი ერთობლიობაში საკმარისი იყო საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის.
გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოების მხრიდან არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიიჩნევს, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვეს ის საკითხი, თუ რა ზიანი ადგებოდა მოსარჩელეს საკრებულოს მიერ გამოცემული ნორმატიულ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით, რომელმაც რეალურად დაარეგულირა უსახლკარო პირად რეგისტრაციის პროცედურები ქალაქ თბილისში და არ მიუყენებია ზიანი ვ. ჩ-ას ინტერესებისთვის.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოებმა გვერდი აუარეს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ხელისუფლების უკეთ მართვისთვის იგი დაყოფილია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებად. ადგილობრივი ხელისუფლება მართავს კონკრეტულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიას, არეგულირებს იქ მცხოვრებ პირებთან ურთიერთობებს და კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებით. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული აქტი არის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში და იქ მცხოვრებ პირებთან მიმართებაში. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს იმ გარემოებაზე, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიეყვანა კონკრეტული ადგილობრივი ხელისუფლება, სადავო ნორმის ბათილად ცნობას.
კასატორმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა გასაჩივრებული ნორმატიული აქტის სადავოდ გამხდარი პუნქტი, არამედ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობა, აღნიშნული ქვეპუნქტი კი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ჩ-ას სარჩელი ზემოაღნიშნულ ნაწილში არ დაკმაყოფილდება. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის იმავე წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა, რა წესითაც იყო გამოქვეყნებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ვ. ჩ-ას უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 და „ვ. ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1215 ბრძანებები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. მოწინააღმდეგე მხარეს - ვ. ჩ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობისა და მისი გამოქვეყნების, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად „ვ. ჩ-ას უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 და „ვ. ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1215 ბრძანებების ბათილად ცნობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების კანონიერების ნაწილში.
დადგენილია, რომ 2016 წლის 14 იანვარს მოსარჩელე ვ. ჩ-ამ თავშესაფრის (საცხოვრებელი ბინის) მიღების მიზნით, მისი უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და მიუთითა, რომ იგი ... წლიდან, ... წლამდე ცხოვრობდა ...ში, ხოლო ბავშვთა სახლის დახურვის შემდგომ მას საცხოვრებელი ბინა არ გააჩნდა. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. ჩ-ას რეგისტრირებული მისამართი არ გააჩნია.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2016 წლის 15 ნოემბრის №9 ოქმის მიხედვით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა მოსარჩელე ვ. ჩ-ას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ პუნქტის (ფულადი შემოსავლის არსებობა) დაუკმაყოფილებლობის გამო. ხოლო, აღნიშნული ოქმის საფუძველზე ხსენებული დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 ბრძანებით, მოსარჩელე ვ. ჩ-ას უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 5 იანვარს ვ. ჩ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და „ვ. ჩ-ას უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 ბრძანების ბათილად ცნობა და უსახლკარო პირად რეგისტრაცია მოითხოვა. თუმცა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1215 ბრძანებით, მოსარჩელე ვ. ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მას ჰქონდა შემოსავალი, რაც საკმარისი იყო ოჯახის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის, რაც დასტურდებოდა საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომლებიც საქართველოს განსაზღვრავს სოციალურ სახელმწიფოდ, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ასევე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. სოციალური სახელმწიფოს პრინციპის შემცველ დანაწესს კი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაში მოყვანილ შემდეგ სამართლებრივ მსჯელობაზე: „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის. ... საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი წინადადება არის სახელმწიფოს მიზნის დამდგენი ნორმა, რომელიც არ არის მოვალეობა, მაგრამ ამავდროულად, არ არის მხოლოდ დეკლარაციული და პროგრამული დანაწესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ყველა ადამიანის უფლებას ცხოვრების სტანდარტზე, რომელიც ადეკვატურია მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, საცხოვრისის ჩათვლით. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პაქტის ხელშემკვრელი სახელმწიფოები აღიარებენ ყველა ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების ადეკვატური დონე, მათ შორის, საცხოვრისის ჩათვლით. ამ უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ ყველა შესაბამისი ღონისძიება, აღიარებენ რა, ამ მხრივ, თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნული რეგულაციები ხაზს უსვამს სახელმწიფოს როლს საკუთარი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის პროცესში და მას გარკვეულწილად ავალებს შესაბამისი რესურსის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლი). ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 22-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ამავე კოდექსის 601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. (მსგავსი შინაარსის სამართლებრივი ნორმა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით). საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები კი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებლობის დაცვით თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან, ამავე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები კი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების ორ სახეს - საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს (მსგავსი შინაარსის სამართლებრივი ნორმები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 1012 მუხლით).
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი კი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფასა და რეგისტრაციას.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ფიზიკური პირის უსახლკაროდ რეგისტრირების ერთ-ერთ კრიტერიუმად განსაზღვრავს მისი 2015 წლის 27 ნოემბრამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი დაიბადა 2015 წლის 27 ნოემბრის შემდეგ). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების მე-2 მუხლით ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირის უსახლკარო პირად დარეგისტრირებისთვის გათვალისწინებული კრიტერიუმი შეიცვალა და განისაზღვრა, რომ რეგისტრაციის მსურველი პირი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში და უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის უწყვეტად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ შორის, ისეთი პირი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის №25-28 დადგენილების მე-2 მუხლით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილება. ხოლო №25-28 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის პირი რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 601 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება განსხვავებული წინაპირობების საფუძველზე და წარმოშობს განსხვავებულ შედეგებს, ამასთან განსხვავებული შეიძლება იყოს აქტის მოქმედების შეწყვეტის თარიღებიც. კერძოდ, დასახელებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამავე კოდექსის 601-ე მუხლის მე-7 ნაწილი კი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის შესაძლებლობას მისი ძალაში შესვლის დღიდან, მისი ბათილად ცნობის დღიდან ან მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილების ძალადაკარგულად ცნობა არ გამორიცხავს აღნიშნული დადგენილების ან მისი რომელიმე ნაწილის (ამ შემთხვევაში №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) ბათილად ცნობის მიმართ ფიზიკური პირის ინტერესს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ძალადაკარგულ დადგენილებაში მოცემული სადავო მოწესრიგების მსგავსი ნორმა ამჟამად ძალაში მყოფი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის №25-28 დადგენილებითაც არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადგილობრივი საკითხების უფრო სწრაფი და ეფექტური მოწესრიგების მიზნით მუნიციპალიტეტებს განსაზღვრული აქვთ როგორც საკუთარი უფლებამოსილებები, ასევე გარკვეულ შემთხვევებში, შესაბამისი საჭიროების გამოკვეთისას, სახელმწიფო მათზე დამატებით ახდენს მატერიალური რესურსის გადაცემის შედეგად უფლებამოსილებების დელეგირებას, რაც მუნიციპალიტეტებს აძლევს გარკვეულ დამოუკიდებლობას და მის ქვემდებარედ არსებული საკითხების მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე მოწესრიგების შესაძლებლობას. სწორედ ერთ-ერთ ასეთ მოწესრიგებას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით (აღნიშნულ საკითხს ამჟამად არეგულირებს 2023 წლის 19 მაისის №25-28 დადგენილება) დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“.
ზემოაღნიშნული წესი, უსახლკაროდ პირის რეგისტრაციისთვის გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილებას, მათ შორის ქალაქ თბილისში დარეგისტრირების აუცილებლობას ითვალისწინებს, რაც არ შეიძლება იქნეს მიჩნეული უკანონო დანაწესად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის მოწესრიგების ფარგლებში მიღებული რეგულაცია ბათილად შესაძლოა იქნეს ცნობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი არ არის კანონიერი და ფიზიკურ პირს აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ასეთი ზიანის მიყენების ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტები არ არიან შეზღუდულნი მათი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში იმსჯელონ დაინტერესებული პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე და თითოეულმა პირმა, რომელსაც შესაბამისი რეგისტრაციის სურვილი აქვს უნდა მიმართოს სწორედ იმ მუნიციპალიტეტს რომლის ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული. უსახლკარო პირად რეგისტრაციის შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, იგი შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული საცხოვრისით/თავშესაფრით. ამდენად, მუნიციპალიტეტების რესურსების სწორად გადანაწილების და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის ინტერესების დაცვის, ასევე ერთი თვითმმართველი ერთეულიდან სხვა თვითმმართველ ერთეულში მოსახლეობის გადინების თავიდან არიდების მიზნით, საკითხის სამართლიან გადაწყვეტას წარმოადგენს შესაბამისი სტატუსის მოპოვების საკითხის დაკავშირება იმ ტერიტორიასთან სადაც ფიზიკური პირი არის რეგისტრირებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის ფართოდ განმარტებას საჭიროებს ისეთი შემთხვევა, როდესაც უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირი არ არის რეგისტრირებული არცერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის არმქონე პირს უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე შესაძლოა უარი უთხრას ყველა მუნიციპალიტეტმა და პირს წაერთვას საკუთარი უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს მიაყენებს დაინტერესებულ პირს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში (მე-4 მუხლი). სწორედ ხელისუფლების დანაწილება უზრუნველყოფს სახელმწიფო ფუნქციების გონივრულ დიფერენციაციასა და ინსტიტუციურ გამიჯვნას. ადმინისტრაციული ორგანოები მოქმედებენ მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მათთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, რაც, როგორც წესი, გულისხმობს სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნასა და ინდივიდუალიზაციას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება მმართველობითი ფუნქციის განხორციელების პროცესში, მაგრამ სასამართლო ვერ დაავალებს იმ ქმედების განხორციელებას, რომელიც არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და არ წარმოადგენს ამ ორგანოს კანონისმიერ ვალდებულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სადავო დადგენილებით (აღნიშნული საკითხი ამჟამად რეგულირდება 2023 წლის 19 მაისის №25-28 დადგენილებით) გათვალისწინებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის მოთხოვნით რეგისტრაციის არ მქონე პირის მოთხოვნა იქნება წარდგენილი, საკითხის განმხილველმა კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოიკვლიოს და მხედველობაში მიიღოს არარეგისტრირებული პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, მისი კავშირი ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილთან, ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობა, წარსულში რეგისტრაციის არსებობის და რეგისტრაციის გაუქმების ფაქტები, ასევე დაადგინოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნის არარეგისტრირებული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ რეგისტრაციის არ მქონე დაინტერესებული პირის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და იგი აკმაყოფილებს დადგენილებით განსაზღვრულ სხვა კრიტერიუმებს, მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის არ ქონის გამო, დაინტერესებულ პირს არ უნდა ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტთან წინააღმდეგობრიობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული კანონის მუხლის თანახმად, რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვის საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მქონე პირთათვის, უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის დაკავშირება მათი რეგისტრაციის ადგილმდებარეობასთან, გამომდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციის ეფექტურად განხორციელების აუცილებლობიდან, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღნიშნული პირის უფლებებში არათანაზომიერ ჩარევად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე... აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას... საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა“ (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
ვ. ჩ-ას უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 და ვ. ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1215 ბრძანებების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბათილად ცნობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ფიზიკური პირის უსახლკაროდ დარეგისტრირების ერთ-ერთ კრიტერიუმად განსაზღვრულია შემდეგი: „არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან არსებული შემოსავალი არ აღემატება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ჩ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ პუნქტის (ფულადი შემოსავლის არსებობა) დაუკმაყოფილებლობის გამო. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს მოთხოვნათა იმპერატიულ ჩამონათვალს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ფიზიკური პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე ეფუძნებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას მიღებული ჰქონდა შემოსავალი, რაც საკმარისი იყო საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის, ისე რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ ყოფილა შესწავლილი და გამოკვლეული საქმის გარემოებები, მათ შორის მოსარჩელე ვ. ჩ-ას ოჯახის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში აღზრდის საკითხი, ამასთან ორგანოს არ უმსჯელია თუ რამდენად საკმარისი იყო ვ. ჩ-ას დადასტურებული შემოსავლები საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და მისი ღირსეული ყოფისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებობს ვ. ჩ-ას უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, თანამდევი შედეგის სახით ბათილია მასზე საჩივრის წარდგენის შედეგად, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1215 ბრძანება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 25 ნოემბრის №569/9 და ვ. ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1215 ბრძანებების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბათილად ცნობის ნაწილში და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ჩ-ას სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე