Facebook Twitter

საქმე №ბს-129(კს-24) 16 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ჩ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - მ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჩ-ემ 2019 წლის 22 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №1, ბინა №95) ¼ ნაწილზე საფასურის გარეშე რეგისტრაციის უფლების აღდგენის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 05 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ხ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აგვისტოს განჩინებით, მ. ჩ-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი; კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით, დაევალა საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, ვინაიდან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებისთვის საკმარისი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის მოტივით, დატოვებული იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. ჩ-ის მიერ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო პალატისთვის საქმის განხილვის დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, სადაც მითითებული იყო მოქმედი სარეიტინგო ქულა, რომელიც შეადგენს - 60220, რაც მისი მოსაზრებით, იძლეოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობდა არც ხარვეზის დადგენისა და, შემდგომ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით მ. ჩ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით (ამ შინაარსით ამოქმედდა 28.12.2007 წლის №5669 კანონით).

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე (ამ შინაარსით ამოქმედდა 6.07.2010 წლის №3371 კანონით).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი სამოქალაქო საპროცესო კოდექსისაგან ნაწილობრივ განსხვავებულ წესს ადგენს; კერძოდ, მითითებული კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გასათავისუფლებლად არ ითხოვს საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენას. ამდენად, ეს ორი კანონი განსხვავებულად აწესრიგებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული კანონები თანაბარი იურიდიული ძალის მქონე აქტებია, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, კერძოდ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონს (სუსგ №ას-747-747-2018, 27.09.2018 წ.).

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2006 წლის №145 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 120 001 (ას ოცი ათას ერთი).

სააპელაციო საჩივარზე დართული 2023 წლის 17 ივლისს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ მ. ჩ-ის ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 60220.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მ. ჩ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა ნაკლებია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით განსაზღვრულ ოდენობაზე, იგი განთავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად მ. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმე მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმე მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა