საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-139(კ-24) 24 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ.ჭ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 13 აპრილს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დ.ჭ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დ.ჭ-ისთვის ჯარიმის 5 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე, 432.45 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო დ.ჭ-ის სახელზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას სასარჩელო მოთხოვნის - 5 432.45 ლარის ფარგლებში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ.ჭ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის - 2 000 ლარის, აგრეთვე, ზედმეტად დარიცხული წოდებრივი სარგოს - 432.45 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებზე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ.ჭ-ეს შორის გაფორმდა კონტრაქტი N1311. 2021 წლის 19 აგვისტოს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის N MOD 9 21 00000624 ბრძანებით, დ.ჭ-ე 2021 წლის 20 აგვისტოდან ჩაითვალა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულად და მოიხსნა ყველა კმაყოფიდან. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 08 აპრილის N 8 22 00001441 ბრძანებით დ.ჭ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი პატაკის საფუძველზე და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელის გამო) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების საფუძველზე. N1311 კონტრაქტის მე-6 მუხლით განისაზღვრა კონტაქტის შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემთხვევები და ოდენობა. კონტრაქტის 6.1.7 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურესთან კონტრაქტი შეწყდება თუ სამხედრო მოსამსახურეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა/ან და ჩაიდინა წვრილმან ხულიგნობასთან, პროსტიტუციასთან, ცეცხლსასროლ იარაღთან, საბრძოლო მასალასთან ან ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული გადაცდომები. კონტრაქტის 6.2 პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, დაეკისრება ჯარიმა 28000 ლარის ოდენობით. პალატის მითითებით, ვინაიდან, დ.ჭ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 4 წელს, 06 თვეს და 24 დღეს, იგი მოექცა მე-6 მუხლის რეგულირების სფეროში (მეოთხე კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევა), რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით, თუმცა პალატამ მხედველობაში მიიღო დ.ჭ-ის ნამსახურობის ვადა, ვალდებულების დარღვევის ხასიათი და მიიჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა (5 000 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესი სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულად შემცირდა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე - 2000 ლარამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი მიუთითებს აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესი, ვინაიდან თანხა, რომელსაც სამინისტრო ითხოვს მოპასუხისთვის დაკისრებას, არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს სახეს, ხოლო საკასაციო პალატის დადგენილი პრაქტიკით ერთმანეთისაგან გამიჯნულია სახელშეკრულებო და კანონისმიერი ჯარიმა. კასატორის მითითებით, მოპასუხესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული კონტრაქტის გაფორმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. ამავე პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის N264 დადგენილებით ცვლილება შევიდა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებაში, რომლის XIX თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდა 5000 ლარამდე – IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში („დ“ ქვ.პ.). ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სახეზეა კანონისმიერი ჯარიმა, რომლის ოდენობაც პირდაპირ არის დადგენილი ნორმატიული აქტით, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ჯარიმის სასამართლოს მიერ შემცირება არ არის მართლზომიერი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ.ჭ-ეს შორის გაფორმდა კონტრაქტი N1311.
2021 წლის 19 აგვისტოს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის N MOD 9 21 00000624 ბრძანებით 2021 წლის 20 აგვისტოდან ჩაითვალა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულად და მოიხსნა ყველა კმაყოფიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით რიგით დ.ჭ-ეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერს 2021 წლის 20 აგვისტოდან მიენიჭა ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 01 სექტემბრის N MOD 6 21 00002278 ბრძანებით ლეიტენანტი დ.ჭ-ე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ...ის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელად 2021 წლის 20 აგვისტოდან.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 08 აპრილის N8 22 00001441 ბრძანებით დ.ჭ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი პატაკის საფუძველზე და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელის გამო) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების საფუძველზე.
„ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ“ 2022 წლის 21 აპრილის №MOD 9 22 00461307 ცნობით დასტურდება, რომ დ.ჭ-ის ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 4 წელს 6 თვეს და 10 დღეს.
N1311 კონტრაქტის მე-6 მუხლით განისაზღვრა კონტაქტის შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემთხვევები და ოდენობანი, კერძოდ, კონტრაქტის 6.1.7 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურესთან კონტრაქტი შეწყდება თუ ,სამხედრო მოსამსახურეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა ან/და ჩაიდინა წვრილმან ხულიგნობასთან, პროსტიტუციასთან, ცეცხლსასროლ იარაღთან, საბრძოლო მასალასთან ან ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული გადაცდომები. კონტრაქტის 6.2 პუნქტით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, დაეკისრება ჯარიმა 28000 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის N264 დადგენილებით „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებაში შესული ცვლილების შესაბამისად (XIX თავი, მე-7 პუნქტი, „დ“ ქვ.პ.), 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შემცირდა 5000 ლარამდე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 03 აპრილის №MOD 5 23 00369611 წერილით დასტურდება, რომ დ.ჭ-ეს კონტრაქტის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხა 5 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში არ ჩაურიცხავს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხ.).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს მოპასუხის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, მისთვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებითი საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული №1311 კონტრაქტი, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
საკასაციო პალატა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის №1ბს-740-734(2კ-11) განჩინება).
საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელებაზე. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს. 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
გასათვალისწინებელია მოპასუხის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა, ვალდებულების სახე და დარღვევის ხარისხი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში კი, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 2 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ შემთხვევაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (სუს 2024 წლის 13 მარტის განჩინება Nბს-44(კ-24), სუს 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება Nბს-1255(კ-23), სუს 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-947(კ-19) განჩინება, 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-908(კ-19) განჩინება, 2020 წლის 5 მარტის №ბს-936(კ-19) განჩინება, სუს 2019 წლის 16 მაისის №ბს-230(კ-19 განჩინება და სხვ.).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე